კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-23(649) 

მერაბ ინწკირველი ტელეფონით საუბრობდა. ზურაბის კაბინეტში შესვლისას თანამოსაუბრეს სწრაფად გადაულაპარაკა – მოგვიანებით გადმოგირეკავო, მერე მობილური გათიშა და სტუმარს დაძაბულად გახედა.  

– გამარჯობა, ბატონო მერაბ, – მიესალმა ზურაბი, – დამითმობთ რამდენიმე წუთს?

– რა თქმა უნდა... დაბრძანდით, – აჩქარდა მასპინძელი. ინწკირველი პირადად არ იცნობდა ზურაბს, თუმცა, კარგად იცოდა, რომ ის რაიონის კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა.

– რით შემიძლია, გემსახუროთ? – განაგრძო ინწკირველმა, როგორც კი ზურაბი მაგიდას მიუჯდა.

– თქვენი ახლობლის, დიმიტრი გაბისონიას შესახებ მსურს თქვენთან საუბარი.

– დიმიტრი გაბისონია? – გაიკვირვა ინწკირველმა, – რაღაც გეშლებათ, ასეთ პიროვნებას არ ვიცნობ.

– არ იცნობთ?! – მოიღრუბლა ზურაბი, – მე უფრო გონიერი ადამიანი მეგონეთ!

– უგუნური რა ვთქვი? – ბრაზი მოერია ინწკირველს.

– ბატონო მერაბ, მე არ ვარ დამწყები გამომძიებელი, რომელიც ყურმოკრული მონაცემებით იწყებს საუბარს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ: საუბარს და არა დაკითხვას. მე თქვენი გონიერების იმედი მქონდა და ამიტომაც მოვედი აქ სასაუბროდ. როგორც ჩანს, დრო ფუჭად დავკარგე. ხვალ ჩემი გამომძიებელი დაგიკავშირდებათ და დაკითხვის დროს შეგითანხმებთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მის საქმეში არ ჩავერევი. დაველოდები იმ მომენტს, როდესაც ის თქვენს ჩვენებაში ოფიციალურად დააფიქსირებს, გაბისონიას არ იცნობთ, შემდეგ კი დაგაპირისპირებთ პიროვნებებთან, რომლებიც თქვენს ნაცნობობას დაადასტურებენ! – თქვა ზურაბმა და ასადგომად წამოიწია.

– ერთი წუთით, – სწრაფად თქვა ინწკირველმა, – თუ არ ვცდები, მართლაც უნდა ვიცნობდე ასეთ პიროვნებას.

ზურაბი სკამს დაუბრუნდა:

– უბრალოდ, იცნობდით თუ ახლო ურთიერთობა გქონდათ?

– სწორად გამიგეთ, – ყრუ ხმით წამოიწყო ინწკირველმა, – დიმასთან ურთიერთობას უსიამოვნებების მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის. მე საერთოდ არ მსურს მის შესახებ საუბარი, მით უმეტეს – პოლიციელთან.

– მე მგონი, ხვდებით, რომ ამას ვერ გაექცევით, – შენიშნა ზურაბმა.

– ვხვდები, – ამოიოხრა ინწკირველმა.

– რა ურთიერთობა გქონდათ დიმასთან? – კითხვა გაუმეორა ზურაბმა.

– ჩემი შორეული ნათესავია. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ჩემთან ცხოვრობდა. პირველი სამი წელი ჩვეულებრივად სწავლობდა, როგორც ყველა სტუდენტი კონსპექტებით დადიოდა, შემდეგ კი სწავლაზე გული აიცრუა – ინსტიტუტში იშვიათად მიდიოდა. დღეების განმავლობაში სადღაც იკარგებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, თავის ნივთებს თავი მოუყარა და მითხრა, რომ მეგობართან ერთად ბინა იქირავა და იქ აპირებდა ცხოვრებას, ორიოდ თვეში კი ის ბინის ქურდობისას დააკავეს. პირველ ჯერზე სასამართლომ სამი წელი მიუსაჯა. მაგრამ, ციხეში ორ წელზე მეტი არ გაუტარებია – „სანიმუშო” ყოფაქცევისთვის საპატიმრო ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლეს, – ირონიით წარმოთქვა ინწკირველმა, – გათავისუფლების შემდეგ, ისევ მე მომაკითხა: არც წასასვლელი მაქვს, არც ბინა და არც – ფული. დამეხმარე, ფეხზე წამოვდგე და ვალში არ დაგრჩებიო. შემეცოდა. ფულიც მივეცი და სამსახურიც მოვუძებნე, მაგრამ, ამაოდ – ორი თვეც არ უმუშავია, ისევ წამოუარა ძველმა ხუშტურებმა და საბრალდებო სკამზე ყაჩაღობის გამო მოხვდა – მან და მისმა მეგობრებმა...

– ვიცი ეგ საქმე. დიმა მე ავიყვანე, – შეაწყვეტინა ზურაბმა, – როგორც ჩემთვისაა ცნობილი გათავისუფლების შემდეგ ისევ თქვენთან მოვიდა.

– დიახ, ჩემთან მოვიდა და იგივე ტექსტი გამიმეორა: არც წასასვლელი მაქვს, არც ბინა და არც – ფული. დამეხმარე, ფეხზე წამოვდგე და ვალში არ დაგრჩებიო...

– დაეხმარეთ? – ჰკითხა ზურაბმა.

– ნაწილობრივ – ფული მივეცი, თუმცა, კომპანიაში მისი დასაქმება არც ისე მარტივი იყო. რომ მომენდომებინა, ამასაც მოვახერხებდი, მაგრამ, აღარ ვენდობოდი. დარწმუნებული ვიყავი, ის ისევ ძველ გზას დაადგებოდა, კომპანიის ხელმძღვანელობა კი მე მომთხოვდა პასუხს ჩამოყალიბებული კრიმინალის სამსახურში მიღებისთვის. მოგვიანებით, მაინც მომეცა მისთვის სამსახურის გამონახვის შესაძლებლობა, რაშიც ერთი ჩემი თანამშრომელი დამეხმარა – მისი რეკომენდაციით, დიმამ იპოდრომზე დაიწყო მუშაობა.

– ვინაა ის თანამშრომელი?

– კომპანიის მენეჯერია, დოდო კასრაძე, – ინწკირველმა მზერა გაუსწორა ზურაბს და დაამატა: – გთხოვთ, მას ნუ გარევთ ამ საქმეში. გარწმუნებთ, დოდოს სხვა არაფერი აკავშირებდა დიმასთან, ეს მხოლოდ ჩემი თხოვნით გააკეთა.

– სხვა რა გაკავშირებდათ მასთან?

– არაფერი. ნათესაობის გარდა, სხვა რა კავშირი უნდა მქონოდა ორჯერ ნასამართლევ მეჯინიბესთან?! – გაიკვირვა ინწკირველმა.

– ჩემთვის ცნობილია, რომ გაბისონია ხშირად მოდიოდა ოფისში, – განაგრძო ზურაბმა.

– მოდიოდა, მაგრამ, არა ჩემთან.

– ვისთან მოდიოდა?

– გოგონებთან... დიმა ძალიან კომუნიკაბელური ბიჭი იყო, თანაც, განსაკუთრებით იზიდავდა სუსტი სქესი. ჩემთან სიარულის პერიოდში ოფისის რამდენიმე თანამშრომელ ქალს დაუახლოვდა და შემდეგ პერიოდულად აკითხავდა მათ, – უპასუხა ინწკირველმა.

– კასრაძესაც?

– არა, არა... – თავი გააქნია ინწკირველმა, – დოდო სხვა კატეგორიის ქალია და დიმა ვერაფრით მოხიბლავდა – მას არც შესაბამისი ინტელექტი გააჩნდა და არც გემოვნება. მოკლედ რომ ვთქვა, ისინი სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. თანაც, დოდო პროკურატურის ყოფილი გამომძიებელია. რა უნდა ჰქონოდა მას საერთო ორჯერ ნასამართლევ კრიმინალთან?!

– მაგრამ, ის მაინც დაეხმარა სამსახურის მოძებნაში, – თქვა ზურაბმა.

– ხომ გითხარით, ეს მხოლოდ ჩემი თხოვნით გააკეთა.

– თქვენთვის ცნობილია, რომ დიმიტრი დაიღუპა? – ჰკითხა ზურაბმა.

– რა თქმა უნდა. საშინელებაა. არ მეგონა, თუ ასე დაასრულებდა სიცოცხლეს. ბოლო ხანებში მართლაც დავიჯერე, რომ გამოსწორების გზას დაადგა: მუშაობდა, იპოდრომის ხელმძღვანელობა კმაყოფილი იყო მისით. თან, არც ისე დაბალი ანაზღაურება ჰქონდა, ფულს მოუყარა თავი და მანქანა იყიდა. ბოლო შეხვედრისას მითხრა, რომ ბინის შეძენასაც აპირებდა. წინ იყურებოდა, მომავალზე ფიქრობდა და ასეთი უბედურება შეემთხვა.

– ვინმესთან უსიამოვნება ხომ არ ჰქონია?

– ვერაფერს გეტყვით. თბილისში ჩემ გარდა სხვა ნათესავი არ ჰყავდა, მაგრამ, მე პრაქტიკულად, არაფერი ვიცოდი მისი საქმიანობის შესახებ. ის განსაკუთრებული გულწრფელობით არ გამოირჩეოდა. მით უმეტეს, არაფერს მეტყოდა თავისი კრიმინალური საქმეების შესახებ.

– თქვენი აზრით, რას უნდა უკავშირდებოდეს მისი მკვლელობა? – განაგრძო ზურაბმა.

– ზუსტად ვერაფერს გეტყვით. მგონია, რომ მის წარსულს. კრიმინალური საქმიანობა და ციხე თავისთავად აახლოებს ადამიანს მსგავსი შეხედულებების მქონე პიროვნებებთან. ისინი კი, ჩვენგან განსხვავებით, სრულიად სხვა კანონებით ხელმძღვანელობენ.

– კეთილი... – ზურაბი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ განაგრძო: – ერთი საკითხიც მაინტერესებს – რა იცით დიმიტრის საპატიმროდან გათავისუფლების შესახებ?

– ვერაფერს გეტყვით, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. სასამართლომ დიმას ცხრა წელი მიუსაჯა. ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად ვურიცხავდი ფულს – თვეში ორმოცდაათ-სამოც ლარს. რამდენჯერმე პაემანზეც შევხვდი, მაგრამ, მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთხელაც არ უთქვამს, რომ რამეს ჩალიჩობდა ზონიდან გამოსასვლელად. ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემი კაბინეტის კარი მშვიდად შემოაღო. სიმართლე გითხრათ, მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ შოკში ჩამაგდო. მეგონა, ზონიდან გამოიქცა და მაშინვე წასვლა ვუბრძანე. მაგრამ, დამამშვიდა – მითხრა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს საპატიმროდან და შესაბამისი დოკუმენტიც მაჩვენა.

– როგორ გამოიყურებოდა?

– ჩვეულებრივად. უფრო სწორად, იმაზე კარგად, ვიდრე უნდა გამოიყურებოდეს პიროვნება, რომელმაც საპატიმროში ხუთი წელი გაატარა, – უპასუხა ინწკირველმა.

– პირდაპირ გეტყვით: მე არ მჯერა თქვენი! – ცივად თქვა ზურაბმა.

– არ გჯერათ?! – დაიძაბა ინწკირველი, – რატომ?

ამ დროს ზურაბის ტელეფონმა დაიწკრიალა და ეკრანზე შეტყობინების ნიშანი აციმციმდა. ზურაბმა სწრაფად გადაიკითხა ტექსტი. შეტყობინებას ნიკა უგზავნიდა:

„დოდომ უარი მითხრა რაზმაძის ხელშეკრულების ჩვენებაზე. ინწკირველი უნდა დაითანხმო”.

ზურაბმა მობილური ჯიბეში ჩააბრუნა და ისევ  თანამოსაუბრეს მიუბრუნდა:

– დიმიტრის აშკარად ვიღაც მფარველობდა – სხვანაირად ის ვერაფრით გათავისუფლდებოდა საპატიმროდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით. მაგრამ ამას ზონიდან ვერ მოახერხებდა, მას უნდა დახმარებოდა თავისუფლებაზე მყოფი პიროვნება, ის, ვინც ამ საქმისთვის საჭირო თანამდებობის პირებთან დაამყარებდა კავშირს. უფრო მარტივად რომ ვთქვა, პიროვნება, რომელიც მოისყიდიდა სამედიცინო კომისიას და დიმიტრისთვის მიიღებდა ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადების დამადასტურებელ დასკვნას. მე ვფიქრობ ის პიროვნება თქვენ ხართ!

– თქვენი საქმისა თქვენ იცით. მე კი ერთ რჩევას მოგცემთ: ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს ამ ვერსიის დასამტკიცებლად. მე დიმასთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა და ასეთ არასერიოზულ საქციელს არასდროს ჩავიდენდი, – მშვიდად უპასუხა ინწკირველმა.

– ისე, თქვენს კომპანიაში საქმისადმი ასეთი მიდგომა უცხო ხილი არ უნდა იყოს, – ირონიით შენიშნა ზურაბმა.

– კომპანიის საქმეები თქვენ არ გეხებათ! – ბრაზით უპასუხა ინწკირველმა.

– სამწუხაროდ, მეხება!

– რას გულისხმობთ?

– რომელი ერთი გითხრათ, მაგრამ, ახლა მხოლოდ ერთი საქმე მაინტერესებს: მგონი, იცნობთ აკაკი რაზმაძეს, – თქვა ზურაბმა.

– რა თქმა უნდა, – მშვიდად დაუდასტურა ინწკირველმა.

– მასთან ურთიერთობაზე რას მეტყვით?

– განსაკუთრებულს ვერაფერს. კაკოს „ინტელგრუპჯორჯიაში” მოსვლამდეც ვიცნობდი. კომპანიაში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, როდესაც აკაკი დამიკავშირდა. ჯერ დაწვრილებით გამომკითხა კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, მეორე დღეს ოფისშიც მეწვია და დეტალურად გაეცნო მისთვის საინტერესო დოკუმენტაციას, შემდეგ კი კომპანიაში ფულის ჩადება გადაწყვიტა.

– რამდენი ჩადო რაზმაძემ კომპანიაში?

– ნახევარი მილიონი.

– ლარი?

– დიახ, – დაუდასტურა ინწკირველმა.

– და, რა მიიღო იმ ხელშეკრულებიდან?

– მაპატიეთ, მაგრამ, მე არ შემიძლია ამ საკითხზე თქვენთან საუბარი. ნებისმიერი ხელშეკრულება კომპანიის კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს და ეს ყოველივე არაფრით უკავშირდება დიმას მკვლელობას! – გაუბედავად ჩაილაპარაკა ინწკირველმა.

– მე გადავწყვეტ, რა უკავშირდება გაბისონიას მკვლელობას და რა – არა! – მკაცრად თქვა ზურაბმა.

– თქვენ რა, დიმას მკვლელობას რაზმაძეს უკავშირებთ?! – დაიბნა ინწკირველი, – ეს, უბრალოდ, აბსურდია! აკაკი არასდროს წავიდოდა ასეთ საქმეზე. თანაც, რა პრეტენზია უნდა ჰქონოდა დიმასთან? ისინი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ!

– ბოლოს როდის შეხვდით რაზმაძეს? – ჰკითხა ზურაბმა, – თუ, ესეც კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა?!

– ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით ერთი თვის წინ მომინახულა.

– რა მიზეზით?

– არ დაგიმალავთ. ის ძალიან გაღიზიანებული იყო. ფულის დაბრუნებას ითხოვდა. შევეცადე, ყველაფერი მშვიდად ამეხსნა მისთვის. ამჟამად კომპანიას გარკვეული სირთულეები შეექმნა, მაგრამ ჩვენ უკვე შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და ერთი წლის განმავლობაში ყველა აქციონერს ავუნაზღაურებთ ზარალს. აკაკიმ არც კი მომისმინა. დამემუქრა, რომ ერთი კვირის განმავლობაში თუ არ დავუბრუნებდი ფულს, მომკლავდა. მერე კი კარი გაიბრახუნა და წავიდა. მას შემდეგ აღარ მინახავს.

– მოგკლავდათ?!

– ნუ მიაქცევთ ყურადღებას. აკაკი ცნობილი იყო ფიცხი ხასიათით. მაგრამ, როგორც წესი, მის მუქარას არავინ აქცევდა ყურადღებას, – უპასუხა ინწკირველმა.

– მე რაზმაძესა და „ინტელგრუპჯორჯიას” შორის დადებული ხელშეკრულების ასლი მჭირდება!

– ვერაფრით დაგეხმარებით, – თავი გაიქნია ინწკირველმა, – რომც მინდოდეს, არ მაქვს ამის უფლება.

– ვის შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა?

– სასამართლოს მიმართეთ, – ურჩია ინწკირველმა, – მისი დადგენილება თუ მივიღე, უპრობლემოდ გადმოგცემთ ხელშეკრულების ასლს.

* * *

ნიკა მანქანის ფრთაზე ჩამომჯდარი ეწეოდა სიგარეტს. ზურაბის მიახლოებისას ნამწვავი შორს მოისროლა და ჰკითხა:

– როგორაა საქმე?

– სახარბიელოს ვერაფერს გეტყვი. უარზეა. სასამართლოზე მიმითითა, – უპასუხა ზურაბმა, – იქნებ, დოდო დაითანხმო.

– გამორიცხულია, – თავი გაიქნია ნიკამ, – ხელშეკრულების ასლის გადაღებაში ხელს ვერავინ შეუშლის, მაგრამ, საერთოდ აღარ სურს რაზმაძეზე საუბარი – მისთვის ეს პრინციპის საკითხია. ისევ სასამართლო გზით უნდა ვცადოთ მისი მიღება.

– დაივიწყე, – ხელი ჩაიქნია ზურაბმა, – ამას შეიძლება მთელი თვე დასჭირდეს. თანაც, სასამართლოს თუ მივმართეთ,  დოდოს ხსენებაც მოგვიწევს, შენ კი ეს არ გინდა.

– მე პირობა მივეცი დოდოს, – სწრაფად თქვა ნიკამ.

– მახსოვს... – ზურაბმა პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა: – ის ხელშეკრულება განსაკუთრებით არც გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ნინუასა და სირაძესთან დადებული ხელშეკრულებების ასლი იქნება. უბრალოდ, საქმისადმი ინწკირველის დამოკიდებულების გარკვევა მსურდა.

– გაარკვიე? – ჰკითხა ნიკამ.

– სიმართლე რომ გითხრა, ვერა. ერთი შეხედვით, გულწრფელი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ, ვგრძნობ, რომ რაღაცას მიმალავს.

– ახლა როგორ მოვიქცეთ? – ჰკითხა ნიკამ.

– არ მომწონს რაზმაძის მოულოდნელი გაუჩინარება. უპირველესად, მისი ადგილსამყოფლის დადგენა უნდა ვცადო, შენ კი ბანკის საქმეს მიხედე – სასამართლოსთვის ბანკის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღების მოთხოვნა მოამზადე, – თქვა ზურაბმა და მანქანას მიუბრუნდა.

* * *

გურამი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შენობასთან შეეგება ზურაბს.

– გამარჯობა, – მანქანიდან გადმოსვლისთანავე მიესალმა ზურაბი.

– გაგიმარჯოს, – უპასუხა გურამმა, – რამ შეგაწუხა?

– ერთ საქმეზე შენი კონსულტაცია მჭირდება.

– რა საქმეზე? – დაინტერესდა გურამი.

– სამი დღის წინ ფონიჭალის მიდამოებში, მტკვრის ნაპირას, მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

– ჰო, ვიცი, – დაუდასტურა გურამმა, – ოპერატიულ ცნობაში ამოვიკითხე ამის შესახებ.

– გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. მე დაწვრილებით შევისწავლე ბოლო ხანებში დაკარგულ მოქალაქეთა სია, მაგრამ, აღმოჩენილ ცხედართან მიახლოებული ვერავინ აღმოვაჩინე, – თქვა ზურაბმა.

– ესე იგი, მისი დაკარგვის შესახებ არავის განუცხადებია. შეიძლება, მარტოხელაა, ან, სულაც, უსახლკარო მაწანწალა, ან კიდევ, ოჯახის წევრებს სხვაგან ეგულებათ და არ ღელავენ. მოკლედ, არ გესწავლება, ასეთი რამ ხშირად ხდება.

– ამიტომაც მჭირდება შენი კონსულტაცია. ამჟამად ცხედარი ექსპერტიზის პროზექტურაშია.

– კარგი, წამოდი, ვნახოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, – უპასუხა გურამმა და შენობის შესასვლელს მიაშურა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანამშრომლებს ცხედრის გამოკვლევა უკვე დაესრულებინათ. ყველა მონაცემი ცალკე საქაღალდეში ინახებოდა, რომელიც გასაცნობად მისცეს გურამსა და ზურაბს.

ამ მონაცემების თანახმად, გარდაცვლილი მამაკაცი მტკვრის პირას მეთევზეებმა აღმოაჩინეს. შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო. გვამის ვიზუალური დათვალიერებისას გაირკვა მისი დაღუპვის მიზეზი – სამი ნატყვიარი: ორი – მკერდში და ერთი – კეფაში. გარდაცვლილს არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა. ამიტომაც, მისი ვინაობა ვერ დაადგინეს. სავარაუდოდ, ცხედარი არანაკლებ ათი-თორმეტი დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, შემდეგ კი ის მდინარემ ნაპირზე გამორიყა. ზაფხულის ცხელმა ამინდმა და მწერებმა ისე დაამახინჯა ცხედარი, რომ მისი ვიზუალურად ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ცხედარს ტანსაცმლიდან შარვალი და ქამარი შემორჩენოდა – მხოლოდ ამ ელემენტებით იყო გარდაცვლილის იდენტიფიკაცია შესაძლებელი. მაგრამ, საქმეს ერთი გარემოება ართულებდა: პოლიციისთვის არავის მიუმართავს მსგავსი ან თუნდაც მიახლოებული მონაცემების მქონე პიროვნების დაკარგვის განცხადებით. მომხდარის შესახებ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ, ჯერჯერობით გამოძიებას ახალი მონაცემები არ გააჩნდა.

– გასაგებია, – ჩაილაპარაკა გურამმა და საქმის მასალებზე დართული ფოტოსურათები ზურაბს გაუწოდა, – დამწყები გამომძიებელიც მიხვდება, რომ განზრახ მკვლელობასთან გვაქვს საქმე. გარდაცვლილი სამი გასროლით მოკლეს. კეფაში მიყენებული ჭრილობა აშკარად საკონტროლოა. მკვლელობის შემდეგ გვამი მტკვარში გადააგდეს. გარკვეული დროის შემდეგ კი ის მდინარემ გამორიყა.

ზურაბი მის საუბარს უსმენდა და თან შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებს ათვალიერებდა. მათზე სხვადასხვა რაკურსით იყო აღბეჭდილი მტკვრის პირას აღმოჩენილი ცხედარი.

– ერთ გარემოებას მიაქციე ყურადღება, – განაგრძო გურამმა, – შარვალი და ქამარი. გვამის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ შარვალი „არმანის” წარმოებისაა, ნიანგის ტყავის ქამარი კი – „გუჩის.” რიგითი ადამიანი ასეთ ტანსაცმელს არ ყიდულობს. აშკარაა, რომ ეს პიროვნება ფულის ნაკლებობას არ განიცდიდა და ისიც კარგად იცოდა, რაში უნდა დაეხარჯა ის ფული. კიდევ ერთი დეტალი, – ამ სიტყვებთან ერთად გურამმა ფოტოსურათი გამოართვა ზურაბს და ცხედრის მუცელზე მიანიშნა, – გვამს აშკარად ეტყობა ძველი ნაიარევი. ამ ნაიარევის უკეთ დათვალიერება თავად გვამზეც შეიძლება, მაგრამ, შემიძლია, ახლავე გითხრა, რომ გარდაცვლილს კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული. დასაწყისისთვის არც ისე ცოტაა. გაქვს რამე მოსაზრება გარდაცვლილის ვინაობის შესახებ?

– მაქვს, – ამოიოხრა ზურაბმა, – მაგრამ, ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე.

– ვინ გგონია?

– აკაკი რაზმაძე!

– ოჰო!.. – გაოცებით ჩაილაპარაკა გურამმა, – რა გაძლევს ასეთი ეჭვის საბაბს?

– რაზმაძე ორი კვირის წინ გაუჩინარდა. ექსპერტის დასკვნით, ეს პიროვნება დაახლოებით ამ დროს დაიღუპა. უფულობას ისიც არ უჩიოდა, გემოვნებაც კარგი ჰქონდა და, რაც ყველაზე ძალიან მაეჭვებს, მასაც იგივე ურთიერთობა ჰქონდა „ინტელგრუპჯორჯიასთან”, რაც ნინუასა და სირაძეს. ემთხვევა ასაკიც – 35-დან 40 წლამდე. შეუძლებელია, ყოველივე ეს ბანალური დამთხვევა იყოს... – ზურაბმა ფოტოსურათები კონვერტში დააბრუნა და დაამატა: – ამ საქმის გადადება არ შეიძლება, ვერსია დღესვე უნდა შემოწმდეს!..

* * *

მაკამ კარი გააღო და გაოცებულმა შეხედა ზურაბს. მისი სტუმრობიდან ერთი დღე-ღამეც არ იყო გასული და ქალი არ ელოდა მასთან ასე მალე შეხვედრას.

– გამარჯობა, თქვენთან სასწრაფო საქმე მაქვს, – წამოიწყო ზურაბმა.

– უკვე ძალიან მომაბეზრეთ თავი. აღარ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას, – დაუფარავი უკმაყოფილებით უპასუხა მაკამ, – თანაც, ახლა სტუმრები მყავს.

– მაპატიეთ, მაგრამ, ამ საქმეს ვერ გადავდებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მაკამ ეჭვით გახედა და შემდეგ ყოყმანით თქვა;

– კარგი, ათ წუთს დაგითმობთ. მობრძანდით.

დიასახლისმა ჩაუარა სასტუმრო ოთახს, საიდანაც რამდენიმე ქალის საუბარი ისმოდა და ზურაბი სამზარეულოში მიიწვია.

– რა საქმე გაქვთ ჩემთან? – მაკამ სამზარეულოს კარი მიხურა და ზურაბს მიუბრუნდა.

– თქვენი მეუღლის შესახებ რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ.

– ესე იგი, ჯერაც ვერ გაარკვიეთ მისი ადგილსამყოფელი? – ირონიით წარმოთქვა მაკამ.

– სამწუხაროდ, ვერ გავარკვიეთ.

– კონკრეტულად რა გაინტერესებთ?

– როგორ იქცეოდა აკაკი გაუჩინარებამდე? რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ მის საქციელში... მაგალითად, ხომ არ ღელავდა, ან, რამე ხომ არ უთქვამს თქვენთვის თავისი საქმეების შესახებ?

– უხასიათოდ იყო. მეჩვენებოდა, რომ ღელავდა. საათების განმავლობაში ჩაფიქრებული იჯდა და ერთ წერტილს იყო მიშტერებული.

– მიზეზი არ უთქვამს?

– არა. მას საერთოდ არ უყვარდა თავის საქმეებზე ჩემთან საუბარი.

– შეგიძლიათ, ზუსტად გაიხსენოთ როდის ნახეთ უკანასკნელად თქვენი მეუღლე? – ჰკითხა ზურაბმა.

– ის ზუსტად თექვსმეტი დღის წინ გავიდა სახლიდან.

– მისმა მობილურმა იმ დღესვე შეწყვიტა მუშაობა?

– დიახ... ზუსტ დროს ვერ გეტყვით. შუადღემდე ორჯერ ვესაუბრე. საღამოსაც ვცადე დარეკვა, მაგრამ, იმ დროისთვის ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა, – უპასუხა მაკამ.

– რა ეცვა სახლიდან გასვლისას აკაკის? – განაგრძო ზურაბმა.

– ზუსტად არ მახსოვს, – თავი გააქნია მაკამ.

– გთხოვთ, გაიხსენოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მაკა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– შავი შარვალი და თეთრი პერანგი.

– შარვალი „არმანის” ფირმის იყო?

– დიახ, ეს კაკოს საყვარელი ფირმაა.

– ფირმა „გუჩის” ნიანგის ტყავის ქამარს ატარებდა?

– დიახ... – დაიძაბა მაკა, – რაღაცას ბოლომდე არ მეუბნებით, ბატონო პოლიციელო!

– თქვენს მეუღლეს მუცლის მიდამოებში ნაიარევი ჰქონდა? – ჰკითხა ზურაბმა.

– დიახ... ოთხი წლის წინ კუჭის ოპერაცია გაიკეთა... რამე იცით მის შესახებ?

– ვინ გყავთ სტუმრად? – კარს გახედა ზურაბმა.

– ჩემი მეგობრები არიან... ბოლოს და ბოლოს, მეტყვით თუ არა, რისთვის მოხვედით?

– მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ, რა აზრი აქვს დამალვას... სამი დღის წინ ფონიჭალის მიდამოებში, მტკვრის ნაპირზე, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გარდაცვლილს ტანსაცმლიდან მხოლოდ შავი ფერის „არმანის” შარვალი და ნიანგის ტყავის „გუჩის” წარმოების ქამარი შერჩა. მუცელზე კი ნაიარევი აქვს და, ექსპერტის აზრით, ეს ქირურგიული ოპერაციის შედეგი უნდა იყოს.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ის აკაკია?! – გაჭირვებით წარმოთქვა მაკამ.

– მე ვსაუბრობ ოპერატიულ მონაცემებზე, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია. ამოცნობის პროცედურის ჩატარებამდე ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, – თქვა ზურაბმა.

– არა... არა... არ მჯერა!.. – მოულოდნელად წამოიყვირა მაკამ და სახე ხელებში ჩარგო.

მისი ყვირილის გაგონებაზე სასტუმრო ოთახში მყოფმა ქალებმა საუბარი შეწყვიტეს და სამზარეულოს მოაწყდნენ.

– რა ხდება აქ?... ვინ ხართ?! – ერთხმად მიაყარეს ზურაბს ნანახი სურათით გაოცებულმა ქალებმა.

– დამშვიდდით, მე პოლიციიდან ვარ, – უპასუხა ზურაბმა.

მაკა ერთ-ერთ ქალს მკერდში ჩაეკრა და ტირილით თქვა:

– მან მითხრა, რომ კაკო დაიღუპა!...

– დაიღუპა?! – ქალებმა შიშით აღსავსე მზერა მიაბჯინეს ზურაბს.

– ეს მხოლოდ ვარაუდია. საჭიროა ამოცნობა.

– ახლავე წავიდეთ. სად არის კაკო?! – ტირილით ჩაილაპარაკა მაკამ.

– მარტოს ვერ წაგიყვანთ. უნდა იცოდეთ, რომ იქ საკმაოდ მძიმე სანახაობა გელით, – თქვა ზურაბმა.

– არა... მაინც წამოგყვებით. უნდა დავრწმუნდე, რომ ის არ არის. ჰო... ის არ არის!

– თქვენც გამოჰყვებით? – მაკას მეგობრებს მიმართა ზურაბმა.

– რა თქმა უნდა, – უპასუხეს მათ.

– კეთილი. მე სადარბაზოსთან დაგელოდებით, – თქვა ზურაბმა და გასასვლელ კარს მიაშურა. 

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3