მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-23(649)
ეს, ერთი შეხედვით უბრალო სპეცოპერაცია ჩემთვის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოდ დარჩა, რადგან, ის თასიც გაქრა და ნივთი საქართველოს მუზეუმისთვის არ დაუბრუნებიათ და, ის ორი კაციც, ვინც ეს ნივთი გაიტაცა და ვინც მის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, ამ რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტში სრულიად შემთხვევით წავაწყდი ერთი კრიმინალური შემთხვევის ამსახველ სურათებს, მათზე მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში დახოცილი მამაკაცები ჩანდნენ. ამ სურათებში მე ოქროს ბარძიმის გამტაცებელი და ლონდონელი სექტანტი ამოვიცანი... ისინი სხვა გვარებით იყვნენ იქ წარმოდგენილები, მაგრამ ეჭვს არ იწვევდა, რომ ეს ის ორი მამაკაცი იყო, რომლებიც მე ოქროს ბარძიმთან ერთად მოსკოვში ჩამოვიყვანე მრავალი წლის წინ... იმ კრიმინალური ისტორიის აღწერაში ნათქვამი იყო, რომ ორივე მკვლელობა ძარცვის მიზნით გახლდათ ჩადენილი და იქვე იყო გაძარცული ნივთების სიაც, რომელშიც ოქროს თასის ხსენებაც არ იყო... ამ ამბიდან ოთხი დღის შემდეგ შჩუკინმა მოსკოვიდან შემატყობინა, რომ სოჭში შევხვედროდი და, როდესაც მივედი, მითხრა:
– კოკი, გახსოვს, ლონდონიდან რომ თბილისის მუზეუმიდან გატაცებული ისტორიული ნივთი ჩამოიტანე და მას ორი კაციც მოაყოლე?
– დიახ, მახსოვს. ის კაცები დახოცილები არიან, ხოლო გატაცებული ნივთების ნუსხაში გრაალი ნახსენებიც კი არაა, – მივუგე შჩუკინს.
– ალბათ, ინტერნეტიდან შეიტყვე, ხომ?
– დიახ.
– კოკი, უნდა დაგვეხმარო. აი ფოტო, – შჩუკინმა ერთი პირქუში კაცის სურათი მაჩვენა, – სავარაუდოდ, ეს თასი ან უკვე აქვს ამ კაცს, ან სულ მალე ჩაიგდებს ხელში. შენი ამოცანაა, ის უკან დაიბრუნო.
– ამხანაგო გენერალო, უფრო მეტი კონკრეტიკა არ შეიძლება?
– კოკი, ხომ იცი, როგორ გენდობი. ნუ იფიქრებ, რომ რაღაცას გიმალავ. ეს ნივთი, აუცილებლად ჩვენთან უნდა ინახებოდეს და, შენი წმიდათა წმინდა ვალია, ის უკან დააბრუნო.
– გასაგებია.
მეორე დღეს იმ კაცის კვალს დავადექი და ჯერ სტამბულში ჩავედი, რა თქმა უნდა, კონსპირაციულად და შენიღბული, შემდეგ კი მთელი ევროპა გავიარე და ბოლოს კვლავ ლონდონში აღმოვჩნდი.
ოქროს თასი იმ კაცს იმ დროს ავართვი, როდესაც მან ეს უძვირფასესი ნივთი ვიღაც პირქუში ქალისგან ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში მიიღო. მეც იქვე ვიმყოფებოდი. ისინი ჯერ გავთიშე, შემდეგ თასი პალტოს ჯიბეში ჩავიდე და საზღვაო გზით ჯერ ბრიტანეთის კუნძულებს გამოვერიდე და, ყოველი შემთხვევისთვის, სადაზღვევო მანევრი გავაკეთე, შემდეგ კი მოსკოვში ჩავედი და ბარძიმი შჩუკინს ჩავაბარე. ვიქტორ იაკოვლევიჩმა ის მაღლა ასწია და სახეგაბრწყინებულმა მითხრა:
– ამას ამიერიდან ვერავინ გაგვტაცებს, დღეიდან საიმედოდ იქნება დაცული, – მერე პაუზა გააკეთა, თასი ძირს დაუშვა და დაამატა: – მოვა დრო, ჩემო კოკი, და ეს ბარძიმი კვლავ საქართველოში დაბრუნდება, რადგან, მისი ადგილი იქაა. ახლა კი დროებით აქ იქნება...
ამ თემას იმით დავხურავ, რომ შჩუკინს სჯერა – ეს ბარძიმი ძლევამოსილების წყაროა. ნათქვამია: „ნეტარ არიან მორწმუნენი“. ღმერთმა ქნას, რომ ეს მართლაც ასე მოხდეს და საქართველოში დამკვიდრდეს ისეთი ძლევამოსილების წყარო, რომელიც ჩემს სამშობლოს ყოველგვარი უბედურებისგან იხსნის და დაიცავს...
შჩუკინისგან განსხვავებით, მე უფრო მატერიალისტი ვარ და, მართალია, ირაციონალურს არ უარვყოფ, მაგრამ, არც გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ნივთებს, თუნდაც ძალიან ძველსა და ისტორიულს, რადგან მათ ჩემთვის უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნივთს ძლევამოსილების დანიშნულება არ გააჩნია. მაგალითად, საკმარისოდ ძლევამოსილად ვგრძნობ თავს, როდესაც ხელში ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი მიპყრია...
იარაღი, თავისთავად ვერ მოგანიჭებს ძლევამოსილებას, თუ მისი გამოყენება არ იცი. ტრაბახში ნურავინ ჩამომართმევს, მაგრამ, ჩემ ხელთ არსებული ბრიტვა „სპუტნიკი,“ შეიძლება, ბევრად უფრო საშიში და მრისხანე იარაღი აღმოჩნდეს, ვიდრე სხვის ხელში – პისტოლეტი ან ავტომატი...
კოჯორში, სპეცმომზადების დროს, მაღალი კლასის ინსტრუქტორებმა კარგად და საფუძვლიანად შემასწავლეს ნებისმიერი, ერთი შეხედვით უწყინარი ნივთის სასიკვდილო იარაღად გამოყენება. ბრიტვა „სპუტნიკი“ შემთხვევით არ მიხსენებია – ჩემს პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, როდესაც მისი მეშვეობით გამძვინვარებული, ავტომატმომარჯვებული ადამიანი მომიგერიებია.
ერთ ზაფხულს, ცოლ-შვილთან ერთად სოჭში, ერთ-ერთ ცნობილ ფეშენებელურ სანატორიუმში ვისვენებდი. ერთ დილას ვერანდაზე გავედი, რომ წვერი გამეპარსა და ხელში სწორედ „სპუტნიკი“ მეჭირა, რომელიც საპარსში უნდა ჩამედო და სახეზე ჩამომესვა. მერიკო და ბავშვებიც იქვე იმყოფებოდნენ და ლაჟვარდოვან ზღვას გაჰყურებდნენ. უცებ, ვერანდის მარცხენა მხრიდან, ანუ, ჩვენი მეზობლის კუთხოვანი აივნიდან, ავტომატმომარჯვებული, ოფიცრის სამოსში გამოწყობილი, სახეშეშლილი მამაკაცი გადმოძვრა. მან იარაღი ჩემს ცოლ-შვილს მიუშვირა, მე კი მიბრძანა:
– ზედმეტი მოძრაობა, რომ გააკეთო, ამათ ტყვიებით მოვცელავ.
ალესილი ბრიტვა მარცხენა ხელში მეჭირა, თითებშუა და ავტომატმომარჯვებული მამაკაცი მას ვერ ხედავდა. მე ნელა ამოვისუნთქე და მივუგე:
– არანაირ ზედმეტ მოძრაობას არ გავაკეთებ, მხოლოდ გთხოვ, ავტომატი ძირს დაუშვი, შემთხვევით არ გავარდეს.
– ეი, მუჟიკ! – ზიზღით მითხრა თავდამსხმელმა, – ახლა შენ წინ გამიძღვები და მანქანით იქ წამიყვან, სადაც გეტყვი, შენი ცოლ-შვილი კი მძევლად მეყოლება. იცოდე, ხუმრობა არ მიყვარს!
– მანქანა რომ არ მყავს? – ვუთხარი უცნობს.
– არა უშავს, გარეთ ბევრი მანქანა დგას და ერთ-ერთით წავალთ. აბა, წინ! – კბილებში გამოცრა და მერიკოსკენ გაიწია, რომ მისთვის მხარში ჩაევლო ხელი და წინ აეფარებინა. ამ მომენტში მოძალადემ ავტომატი ძირს დაუშვა, რითაც მე ვისარგებლე: თითებშუა მოქცეული ბრიტვა ტყვიასავით ვტყორცნე ავტომატიანს, მარჯვენა საძილე არტერიაში გავარტყი და გადავუჭერი...
ეს ილეთი კოჯორში დამამუღამებინეს. ზუსტად ვიცოდი, რომ მოძალადეს ავტომატი ხელიდან გაუვარდებოდა და ძალადობას ვეღარ შეძლებდა და მართლაც ასეც მოხდა – მან ორივე ხელი მარჯვენა საძილე არტერიაზე მოიჭირა, საიდანაც შადრევანივით იფეთქა სისხლმა, თან საზარლად აკივლდა და შველას ითხოვდა... მე მას მივვარდი და იატაკზე დავაწვინე, მერიკოს კი ვუთხარი:
– ჩქარა, ბავშვები გაარიდე აქაურობას, მე კი ამას გადავარჩენ. თან, მილიციას დაუძახე, რომელიც, ალბათ, სანატორიუმის ეზოში იქნება.
მერიკომ ბავშვები ოთახში შეიყვანა, მე კი აღრიალებულ მოძალადეს ჭრილობაზე დავაჭირე სამი თითი და ვუყვირე:
– ნუ ცქმუტავ, საშუალება მომეცი, გადაგარჩინო, თორემ, სული გაგძვრება!
მოძალადე გაირინდა. ამასობაში ვერანდაზე ფორმიანი მილიციელები და სამხედროები გამოჩნდნენ და მათთან ერთად ის ოფიცერი სასწრაფოდ საავადმყოფოში მივიყვანეთ, სადაც ის ექიმებმა სიკვდილს გამოჰგლიჯეს ხელიდან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდამსხმელი ოფიცერი სოჭის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მსახურობდა და თავის კოლეგებთან დაპირისპირება მოსვლია, რის გამოც ორი კაცი მძიმედ დაუჭრია, ავტომატი გაუტაცებია, გაქცეულა და ჩემს ვერანდაზე ამგვარად მოხვდა...
ყველაფერი რომ დასრულდა და რამდენიმე საათში უკან დავბრუნდით, მერიკო ჩამეხუტა და მითხრა:
– კოკი, საყვარელო, შენ რომ არა, ახლა, ალბათ ცოცხლებიც არ ვიქნებოდით.
– დაივიწყე, საყვარელო, რაც მოხდა.
– საყვარელო, ბოლომდე ვერც მე ვიაზრებ, რა მოხდა და იქნებ გამარკვიო.
– მოდი, დავივიწყოთ. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა – ყველანი ცოცხლები და ერთად ვართ. ახლა კი სხვაგან გადავიდეთ, რომ ამ უსიამოვნო ადგილს მოვშორდეთ.
საცხოვრებელი ადგილი იმავე დღეს შევიცვალეთ, რომ ჩვენს შვილებს სტრესული გარემო არ შეჰქმნოდათ და სხვა სანატორიუმში გადავედით, თუმცა, ბავშვებისგან განსხვავებით, მერიკო ძალიან დაძაბული იყო შინაგანად და ფარულად მაკვირდებოდა. ის გრძნობდა, რომ რაღაცას ვუმალავდი და ამის გამო მოსვენება ჰქონდა დაკარგული. ერთი საღამოს, როდესაც მერიკომ ბავშვები დააძინა, მომიახლოვდა, ჩამეხუტა და მითხრა:
– კოკი, საყვარელო, ზოგჯერ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ლამის ჭკუიდან შევიშალო.
– რა გრძნობა?
– გაუცხოების. ზოგჯერ მგონია, რომ ის კოკი არ ხარ, რომელსაც მე ვიცნობ, რომელიც მე მიყვარს და ამის გამო სასოწარკვეთილება მიპყრობს.
მერიკო აბსოლუტურად მართალი იყო. ის გრძნობდა, რომ ორმაგი ცხოვრება მქონდა და აინტერესებდა, ვინ ვიყავი სინამდვილეში, მაგრამ, მე ამის გამხელის არც უფლება მქონდა და არც სურვილი. ამიტომ, მერიკოს მივუალერსე და ვუთხარი:
– მერიკო, საყვარელო, მესმის შენი, იმ შეიარაღებულმა ოფიცერმა აგაფორიაქა, მაგრამ, ყველაფერი დასრულდა. ხომ შევთანხმდით, რომ დავივიწყოთ ეს ამბავი და, მოდი, ნუღარ გავიხსენებთ.
მართალია, მერიკოს მეტი აღარაფერი უთქვამს სოჭის ინციდენტზე და თბილისში ერთი კვირის მერე დავბრუნდით, მაგრამ, ის დიდი ხნის განმავლობაში იყო შთაბეჭდილების ქვეშ და ზოგჯერ, ღამღამობით, ძილში აბოდებდა. ერთ ღამეს მერიკოს ხმამ გამომაღვიძა. მივაყურადე და ასეთ ფრაზას მოვკარი ყური: „კოკი, კოკი, საყვარელო ნურავის მოკლავ, გევედრები, ნურავის. ეს ღმერთის ნებაა და უფალს ნუ შეეწინააღმდეგები...“
რაც არ უნდა სუპერმომზადებული იყო, როდესაც ადამიანის გვერდით დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობ, თითქმის შეუძლებელია, ბოლომდე დაუმალო შენი ორმაგი ცხოვრება – ეს საიდუმლო რაღაც ფორმით ერთხელ მაინც იჩენს თავს. ასე დამემართა მეც და, მართალია, მერიკოსთვის არასდროს მითქვამს, რომ „კაგებეს“ საიდუმლო აგენტი ვიყავი, მაგრამ, ჩემი ცოლი გრძნობდა ამას და, სანამ გარდაიცვლებოდა, მითხრა:
– მაპატიე, საყვარელო, რომ გღალატობ და გტოვებ. თავს გაუფრთხილდი, ხიფათს ერიდე და ნურავის ნურაფერს დაუშავებ...
სიმართლე რომ ვთქვა, მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს არავისთვის, არაფერი დამიშავებია და ჭიანჭველისთვისაც კი არ დამიბიჯებია ფეხი. ჩემი საქმიანობა ვინმესთვის რაიმეს დაშავება კი არა, საკადრისის მიზღვაა და მეტი არაფერი.
დაშავება მავნებლობაა და ის კანონით ისჯება, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები. საკადრისის მიზღვა კი კანონიერების აღდგენაა. თუმცა, ზოგჯერ კანონიერების აღდგენაც უმკაცრესად ისჯება უსამართლო კანონმდებლობით და, ის, რაც ერთისთვის კანონიერია, მეორისთვის, შეიძლება, უკანონო იყოს. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, იმ ქვეყნის კანონები შევასრულო, სადაც ვიმყოფები და ხშირ შემთხვევაში, ეს კარგად გამომდის. მაგრამ, თუკი საჭიროება მოითხოვს კანონის დარღვევას, რაც უმაღლესი მართლმსაჯულებითაა გამოწვეული, მე კანონს ვარღვევ და უმაღლეს მართლმსაჯულებას ვახორციელებ. უმაღლესი მართლმსაჯულება ღვთიური სფეროა და ასეთ დროს ღმერთის მახვილის როლს ვასრულებ. მავანს, შეიძლება, სასაცილოდაც არ ეყოს ჩემი სიტყვები და შეშლილად ჩამთვალოს, მაგრამ ეს მართლაც ასეა და ვისაც რა უნდა, ის იფიქროს.
რამდენიმე წლის წინ თბილისში ერთი საზარელი დანაშაული მოხდა. ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ უცნობმა ბოროტმოქმედებმა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ბიზნესმენის 20 წლის ვაჟი გაიტაცეს და გამოსასყიდად, 2 მილიონი დოლარი მოითხოვეს. ერთი სიტყვით, ისე მოხდა, რომ გამტაცებლები შეშინდნენ, გატაცებულის მამასთან, რომელსაც 2 მილიონი დოლარი გამზადებული ჰქონდა, კონტაქტზე აღარ გავიდნენ და ბიჭი მოკლეს, მისი ცხედარი კი ცხრა თვის მერე მტკვარმა გამორიყა. სამი თვის შემდეგ, პოლონეთში ერთი ქართველი კრიმინალი დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს, რომელიც ბიზნესმენის შვილის გატაცებასა და მკვლელობაში სრულიად შემთხვევით გამოტყდა და დანარჩენი სამი თანამზრახველიც დაასახელა, რომლებიც აგრეთვე დააპატიმრეს. ბიზნესმენის დიდი აქტიურობის წყალობით, გამოძიება კომპეტენტურად წარიმართა, დანაშაული ოთხივეს დაუმტკიცდა, სასამართლომ მათ უვადო პატიმრობა შეუფარდა და ოთხივე გამოამწყვდიეს ციხეში. თუმცა, სულ მალე ხელისუფლება შეიცვალა და ახლად გამოჩეკილმა, ფსევდოუფლებადამცველებმა იმდენი მოახერხეს, რომ ოთხივე ბოროტმოქმედის საქმე ჯერ ხელახლა განიხილა სასამართლომ, შემდეგ კი ისინი გაამართლეს და გარეთ გამოუშვეს. ამ ამბით ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო დაინტერესებული, რომელსაც ახალ ხელისუფლებაში დიდი პოსტი ეკავა და ერთ-ერთი ბოროტმოქმედი მისი უახლოესი ნათესავი იყო. იმავე მაღალჩინოსნის ძალისხმევით, ციხიდან გამოშვებულ ბოროტმოქმედებს სახელმწიფომ საკმაოდ სოლიდური ფულადი ანაზღაურება გამოუყო მორალური ზიანის მიყენებისთვის და ისინი ქვეყნიდან აორთქლდნენ... სულ მალე, დაზარალებული ბიზნესმენიც აიძულეს, რომ პირში წყალი ჩაეგუბებინა და ისიც საქართველოდან წავიდა. საქართველოს მოსახლეობამ მშვენივრად იცოდა, რომ უკანონობა მოხდა, მაგრამ, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა და ეს საქმე მაშინ ჩაიფარცხა. იმ ამბიდან ერთი წლის მერე, შემკვეთმა მოსკოვში დამიბარა, სადაც, რა თქმა უნდა, შენიღბული ჩავედი. რესტორან „არაგვში“ რომ მივედი, შემკვეთში ის ბიზნესმენი შევიცანი, ვისაც შვილი მოუკლეს, თვითონ კი, ფაქტობრივად, ქვეყნიდან გააძევეს. მას, რატომღაც, რუსი ვეგონე და რუსულად მითხრა:
– თქვენზე მითხრეს, საუკეთესოაო, ამიტომ, გადავწყვიტე, პირადად შეგხვედროდით და დაგლაპარაკებოდით.
– გისმენთ, ბატონო, ბრძანეთ, რა გნებავთ.
წვერმოშვებული ბიზნესმენის ჰაბიტუსი და ჩაცმულობა გაფიქრებინებდათ, რომ ის რელიგიის მსახური იყო. მან ღრმად ამოისუნთქა და მითხრა:
– რამდენიმე წლის წინ ოთხმა ბოროტმოქმედმა 20 წლის შვილი მომტაცა და მომიკლა. ისინი დააპატიმრეს და დასაჯეს, თუმცა, შემდეგ ოთხივე გაათავისუფლეს და გაამართლეს, თანაც, ბიუჯეტიდან ფულიც გადაუხადეს და უცხოეთში გაუშვეს. ამას ისიც დაემატა, რომ მე და ჩემი ცოლი და მეორე ვაჟი სამშობლოდან იძულებით განგვდევნეს და იქ ჩასვლის საშუალება მოგვისპეს. აი, ეს ხუთი ადამიანია დასასჯელი, – შემკვეთმა ხუთი ფოტო დამიდო წინ, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო საქართველოს მთავრობის სწორედ ის მაღალჩინოსანი, რომელიც ბოროტმოქმედებს მფარველობდა, – თითოეულის სიცოცხლის მოსპობაში 400 ათას დოლარს ვიხდი, რაც ჯამში 2 მილიონია. ეს ის ფულია, რაც ჩემი შვილის გამოსასყიდად მომთხოვეს და, მიუხედავად იმისა, რომ ვიხდიდი, მაინც არ აცოცხლეს.
– ობიექტების სავარაუდო ადგილსამყოფელზე ინფორმაციას ფლობთ?
– აი, ყველაფერი ამ კონვერტშია მოთავსებული, – შემკვეთმა პატარა კონვერტი დამიდო წინ და დაამატა: – თქვენ ახლა უფლის მახვილის როლი უნდა იკისროთ. მე ეს საქმე არ მესმის, თორემ, პირადად მოვუსპობდი მათ სიცოცხლეს. სამაგიეროდ, თქვენთვის ვილოცებ და როგორც კი სამართალი აღსრულდება, ბერად აღვიკვეცები.
ბიზნესდამკვეთმა თავისი სიტყვა შეასრულა: მან თავისი ბიზნესი შვილს დაუტოვა და, როგორც კი მისი შეკვეთა შევასრულე, თვითონ ბერად აღიკვეცა, მისი მეუღლე კი – მონაზვნად...
ხუთივე გარეწარი ევროპის ერთ-ერთი ფეშენებელური კურორტის საპრეზიდენტო აპარტამენტებში მოვიხელთე და დავხოცე, შეკვეთაში აღებული 2 მილიონი დოლარის ლომის წილი კი ერთ ძალიან პატიოსან ბერს მივეცი, რომელმაც ეს თანხა პატიოსან საქმეს მოახმარა და ბევრ გაჭირვებულ ქართველს გაუმართა ხელი. ამგვარად, ღვთიური საქმე გაკეთდა, დასანანი მხოლოდ ისაა, რომ ბიზნესმენის უდანაშაულო ვაჟს ვერაფერი ეშველა.
ნათქვამია: „სანთელ-საკმეველი თავის გზას მაინც გაიკვლევს“ და „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“, მაგრამ, სამწუხარო ისაა, რომ სიკეთის ქმნას, ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლი, პიროვნული ტრაგედია სჭირდება და მრავალ ადამიანს მხოლოდ მაშინ აეხილება თვალი, როდესაც სიკვდილი მის ოჯახშიც შეაბიჯებს და მის ახლობლებს შეეხება... ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში მასწავლიდა ცხონებული დედაჩემი, რომ სიკეთე ყოველგვარი ანგარების გარეშე უნდა აკეთო და ყოველთვის მომიწოდებდა, ამ გზიდან არასდროს გადამეხვია.
– კოკი, შვილო, არასოდეს მიატოვო განსაცდელში მოყვასი და დაჩაგრული დაიცავი, მშიერი დააპურე, ავადმყოფს უწამლე და ნურასოდეს იფიქრებ ანგარებაზე. ყოველთვის ღვთიური საქმე აკეთე და ღმერთი დაგიფარავს, – მმოძღვრავდა დედა.
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება უანგაროდ ვასრულებ ღვთიურ საქმეს, მაგრამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყოველთვის ვცდილობ დედაჩემის შეგონების შესრულებას და არც მოყვასი მიმიტოვებია განსაცდელში. მშიერიც ხშირად დამიპურებია, არც უწამლოდ დამიტოვებია ავადმყოფი, როდესაც მასთან მქონია შეხება და, საერთოდაც, მინდა ვთქვა, რომ ჩემი ქონებისა და შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებას – გაჭირვებული და ნიჭიერი ქართველების დახმარებას ხმარდება და ნაწილობრივ მაინც ვახერხებ დედაჩემის შეგონების განხორციელებას.
ღვთის გადმოსახედიდან, უცოდველი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ, სამწუხარო ისაა, რომ, არცთუ იშვიათად, საშინელი ცოდვის მორევში ის ეშვება, ვისაც უამრავი ადამიანის ბედი აბარია და, იმის ნაცვლად, რომ ხალხი ცოდვას განარიდოს, მათ ჯოჯოხეთისკენ უბიძგებს. აბა, რა ვაჟკაცობის მაგალითი უნდა აიღოს რიგითმა ჯარისკაცმა იმ სამხედრო მეთაურისგან, რომელიც შიშისგან მიწაზე ფორთხავს; ან, რა ზნეობრივი მაგალითი უნდა გადმოვიღოთ უზნეო, მრუში და გულბოროტი მმართველისგან, რომელსაც, სიყვარულის ნაცვლად, სძულს საკუთარი ხალხი და, კალიგულასი არ იყოს, მზადაა, ხმლის ერთი მოქნევით ყველას თავი წააცალოს?! ახლა ხშირად გაიგონებთ: გაფუჭდა ხალხი, უზნეობა ზეობს და კომუნისტების დროს ასე არ იყოო... უზნეობა და სხვა მანკიერებანი ყოველთვის იყო და მეტ-ნაკლებად იქნება კიდეც, მაგრამ, განსხვავება ისაა, რომ ეს ყველაფერი კომუნისტების დროს არ ფიარდებოდა, რადგან, სირცხვილად ითვლებოდა; არც თანამდებობის პირები ფორთხიალობდნენ მიწაზე შიშისგან და არც სახალხოდ მრუშობდნენ. თუმცა, მაშინაც იყვნენ, რბილად, რომ ვთქვათ, ცუდი ყოფაქცევის ადამიანები, რომელთა მოთოკვასაც, თუკი ამის საჭიროება შეიქნებოდა, ყოველთვის ახერხებდნენ... სწორედ ჩვენი, „კაგებეს“ ერთ-ერთი დანიშნულება იყო ასეთი კატეგორიის ადამიანების განეიტრალება და, აშკარად თუ ფარულად, ამას ყოველთვის ვახერხებდით.
ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:
– კოკი, შენთან ერთი დელიკატური და შეიძლება ითქვას, საკმაოდ სახიფათო დავალება მაქვს.
ვიქტორ იაკოვლევიჩისგან მსგავსი განცხადება, ცოტა არ იყოს, უცნაურად მომეჩვენა, რადგან, სწორედ რთული და სახიფათო დავალებების შესრულება იყო ჩემი პირდაპირი მოვალეობა. ამიტომ, გენერალს ღიმილით ვუთხარი:
– ამხანაგო გენერალო, განა რომელიმე ჩემი დავალება უხიფათო და არადელიკატური იყო ოდესმე?
– დაჯექი და მომისმინე, – მითხრა შჩუკინმა და, როცა დავჯექი, განაგრძო, – ეს დავალება იმითაა დელიკატური და სახიფათო, რომ საქმე ეხება არა რომელიმე უცხოელ ჯაშუშს ან დასავლეთში გაქცეულ ჩვენს ყოფილ კოლეგას, არამედ, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პარტიულ მუშაკს, რომელსაც პირადად ლეონიდ ბრეჟნევი მფარველობს და სწორედ ეს ართულებს ჩვენს მისიას.
– მაინც, ვინაა, რა დააშავა და რა ზომებია მისაღები? – ვკითხე შჩუკინს.
– აი, ამ კაცის ძმისშვილია, – ვიქტორ იაკოვლევიჩმა ერთ-ერთი შუააზიური რესპუბლიკის მეთაურის ფოტო მაჩვენა, რომელზეც ის ძმისშვილთან ერთად იყო გადაღებული, – ამ ნაძირალას საკუთარი საემირო აქვს შექმნილი და ისე იქცევა, როგორც განუსაზღვრელი მბრძანებელი. აქვს უზარმაზარი ჰარამხანა, საკუთარი ციხე და, ვინც არ მოეწონება, ციხეში სვამს და საშინელი წამებით ხდის სულს, მოწონებულ ქალს კი ძალით იმორჩილებს და თავისი ჰარამხანის ტყვედ აქცევს. ერთი სიტყვით, იქ სრული განუკითხაობა სუფევს, რაც საბჭოთა მორალისთვის მიუღებელია. ეს უმსგავსობა უნდა აღვკვეთოთ და ეს შენ უნდა გააკეთო, რადგან, ჯერ ერთი, საუკეთესო ხარ, თანაც, სანდო და, არავინ არ უნდა გაიგოს, რომ ეს აქცია „კაგებემ“ ჩაატარა. უფრო სწორად, არანაირი ხელჩასაჭიდი და ფაქტობრივი მტკიცებულება არ უნდა გაჩნდეს ჩვენი უწყების წინააღმდეგ, თორემ, ბავშვიც კი მიხვდება, რომ ჩვენი მოწყობილია.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას კანონიერი გზა არ ჯობია?
– ამ შემთხვევაში ეს გზა არ გაამართლებს. ჩვენ ვცადეთ ამის გაკეთება და გამოცდილი მუშაკი შევგზავნეთ იქ, რომ სამხილი მოეპოვებინა და საქმე კანონიერად აღგვეძრა. მაგრამ, ის გაშიფრეს და იმ ნაძირალა ძმისშვილმა, რომელიც სურათზეა გამოსახული, ჯერ საკუთარი ხელით აწამა ჩვენი კოლეგა, შემდეგ კი მოკლა და მისი სხეული მშიერ მგლებს შეაჭამა. ამიტომ, ძალას ძალა უნდა დავუპირისპიროთ და, ერთი მხრივ, შური ვიძიოთ, მეორე მხრივ კი, ბოროტების ეს ბუდე მიწასთან უნდა გავასწოროთ.
შჩუკინის სიტყვებიდან ნათელი იყო, რომ დავალება პირადად ანდროპოვისგან მომდინარეობდა. ის საკუთარი უწყების შეურაცხყოფას არავის აპატიებდა, „კაგებეს“ პოლკოვნიკის წამებით მოკვლა და მგლებისთვის შესაჭმელად მიგდება, მიუტევებელი ცოდვა იყო. ამიტომ, ჩემი მისია, გარდა იმისა, რომ ღირსების საკითხი იყო, იდეოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა და ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
მოქმედების გეგმის შემუშავებასა და დახვეწას ხუთი დღე დასჭირდა, რომელსაც ტექნიკური მომზადებისთვის კიდევ ორი დღე დაემატა. ერთი კვირის მერე კი, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვიყავი. გამგზავრების წინ მუხინთან ერთად ვიქტორ იაკოვლევიჩს ვეახელი კაბინეტში, ჩემი სრული მზადყოფნა ვუპატაკე და ვუთხარი:
– ამხანაგო გენერალო, ნება მიბოძეთ, დავალების შესასრულებლად გავემგზავრო!
– მიდი, იმოქმედე! – მითხრა შჩუკინმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში