სიმამრის გატაცებისთვის სიძემ სიდედრს 10 ათასი გამოსძალა
ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით 42 წლის ფრიდონ ხ. ციხეში 14 წელს გაატარებს. მან არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი სიმამრი, 67 წლის ხვიჩა ს. გაიტაცა, რაშიც გატაცებულის ცოლს, ანუ სიდედრს, 10 ათასი დოლარი გამოსძალა. თავდაპირველი ვერსიით, ბრალდებულის ხელისშემწყობი მისი ცოლი, ნანა ს-ც იყო, მაგრამ არაოფიციალური ვერსია კატეგორიულად გამოირიცხა.
42 წლის ბრალდებული ციხეში მესამედ მოხვდა. თავდაპირველად, ის მანქანის გატაცებისთვის, შემდეგ კი ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის იხდიდა სასჯელს. პირველად 2, მეორედ კი – 5 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში დრო ტყუილად არ დაუკარგავს – ტელეფონით გოგონა გაიცნო, რომელსაც თვეების განმავლობაში ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. გათავისუფლების შემდეგ კი, ცოლად მოიყვანა. მოკლედ, როგორც ბრალდებულის დამ ჩვენებაში განაცხადა, მისი კრიმინალი ძმა ციხიდან „ქერის ორმოში” აღმოჩნდა – არაჩვეულებრივი ცოლი შეხვდა, რომლის ოჯახიც ყველანაირად უწყობდა ხელს, მაგრამ არაფერმა უშველმა, დანაშაულისკენ მიდრეკილებამ ისევ ციხის კარამდე მიიყვანა.
ციხეში დაწყებული რომანი
როგორ ჩაიგდო ხელში ფრიდონ ხ-მ საკანში ყოფნისას მობილური ტელეფონი, ეს ცალკე სასაუბრო თემაა. თუმცა, ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ციხეში ნარკოტიკებიც კი შეჰქონდათ. როგორც ხდებოდა ხოლმე, ფროდონ ხ-მ უცნობ ნომერზე დარეკა და მისთვის სრულიად უცნობ გოგონას სატელეფონო ანგარიშზე თანხა ჩაარიცხვინა. პატიმარს გაუმართლა, უცნობი გოგონა ანკესს წამოეგო, რის შემდეგაც ის მას დროგამოშვებით ურეკავდა. ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ისე დაახლოვდნენ, სრულიად უცნობები სასიყვარულო თემებზე გადავიდნენ. მართალია, ფრიდონ ხ-ს ერთი ცოლი უკვე გამოცვლილი ჰყავდა, მაგრამ გოგონას ეს დაუმალა და ციხიდან სიყვარულის მტკიცება დაუწყო, რასაც ნანა ს-ს საპასუხო რეაქცია მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მთელი თვეების განმავლობაში ერთთმანეთთან მიმოწერაში ღამეებს ათენებდნენ. ამას ემატებოდა საჩუქრებიც – ფრიდონ ხ. ციხიდან გასულ მეგობრებს ნანასთან საჩუქრებს ატანდა.
არანაკლებ საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ნანა პატიმრის სანახავად ციხეში თავადაც მივიდა და მათი ბედი საბოლოოდ იქ გადაწყდა. ერთმანეთი მოეწონათ და ფრიდონის გათავისუფლების შემდეგ გაპარვა გადაწყვიტეს.
სატელეფონო რომანიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, ფრიდონ ხ-მ ციხე დატოვა. ის ჯერ მშობლიურ რაიონში ჩავიდა, შემდეგ კი ისევ თბილისში დაბრუნდა და ნანა ცოლად მოიყვანა. უფრო ზუსტად, საქმროზე 11 წლით უმცროსი გოგონა მშობლების უკითხავად ციხიდან ახლადგამოსულს ზღვაზე გაჰყვა. ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, ნანას მშობლებმა შვილი ქობულეთში აღმოაჩინეს. უნდოდათ, ყოფილი პატიმრისთვის დაეცილებინათ, მაგრამ არაფერმა გაჭრა, გოგონა ქმართან დარჩა, რის გამოც, მშობლები იძულებულები გახდნენ, სიძე არა მხოლოდ მიეღოთ, უმუშევარი და არაფრისმქონე საკუთარ სახლშიც ჩაესახლებინათ.
როგორ გაიტაცა სიძემ სიმამრი
მიუხედავად უსაქმურობისა, ნანა ს-ს შეძლებული ოჯახი სიძეს ყველაფერს უკეთებდა – ბიზნესის დასაწყებად ფული მისცეს, სწავლაც შესთავაზეს, მაგრამ ფრიდონ ხ-მ თავი ვერაფერს მოაბა. როგორც დაზარალებულთა ჩვენებებიდან ირკვევა, მათ სიძისთვის არაფერი ენანებოდათ, მაგრამ იმას ვერ ეგუებოდნენ, რომ ციხის ძმაკაცები აკითხავდნენ, ის კი სიდედრ-სიმამრს იძულებულს ხდიდა, სათანადოდ დახვედროდნენ მათ. საბოლოოდ, უმუშევრობისა და მრავალი სხვა მსგავსი მიზეზის გამო, სიძე-სიმამრს გაუთავებელი კონფლიქტი ჰქონდათ. ყველაფრის მიუხედავად, სიძე დარწმუნებული იყო, რომ მის სიმამრს ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ მისთვის არ ემეტებოდა – ამცირებდა, მის პირად ცხოვრებაში უხეშად ერეოდა, პატარა ბიჭივით კაპიკებს აძლევდა.
საბოლოოდ, ნანას მშობლები ისე შეწუხდნენ, გადაწყვიტეს, ფიქრის გორაზე მდებარე სამოთახიანი ბინა გაეყიდათ და გარეუბანში ორი ბინა ეყიდათ. მათ უნდოდათ, ერთ ბინაში საცხოვრებლად შვილი და სიძე შეეშვათ, მეორე კი გაექირავებინათ, რაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის შემოსავლის წყარო იქნებოდა. სიძე არ მუშაობდა, მათ ქალიშვილს კი მიზერული ხელფასი ჰქონდა.
სწორედ გაყიდული ბინის თანხა გამოსძალა სიძემ სიდედრს ისე, რომ ერთი თეთრიც არ დაუტოვა. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ცოლ-ქმარმა ფიქრის გორაზე ბინა მართლა გაყიდა, ორი ბინაც იყიდა, მაგრამ შვილმა და სიძემ ეს ამბავი მაშინ გაიგეს, როცა ყველაფერი დასრულებული იყო და საქმე რემონტზე მიდგა.
საინტერესო დეტალი: ბრალდებულის სიდედრ-სიმამრს გაყიდული ბინიდან 10 ათასი დოლარი დარჩათ, რომელიც სიძე-ქალიშვილისა და გასაქირავებელი ბინის რემონტისთვის გადადეს.
სიძემ მათ სწორედ ეს არ აპატია და გეგმა შეიმუშავა. გადაწყვიტა, სიდედრ-სიმამრისთვის ფული გამოეძალა და უცხოეთში წასულიყო, რადგან გრძნობდა, რომ უსაქმურობისა და ლოთობის გამო, ცოლს აღარ უყვარდა და ადრე თუ გვიან, სახლიდან აუცილებლად გააგდებდა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ფრიდონ ხ-მ სიმამრისთვის ფულის გამოძალვა დაგეგმა და საქმეში თანასაკნელი – კახა ე. ჩართო. გეგმის სისრულეში მოყვანამდე კი, ხერხს მიმართა. სიმამრს მოაჩვენა, რომ მისადმი კარგად განეწყო, ახალი ბინისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა, ვინაიდან ახალ ბინაში მასა და მის ცოლს უნდა ეცხოვრათ, ერთად გაერემონტებინათ, ამ საქმის მცოდნე კი მისი მეგობარი იყო. სიმამრმა ჩათვალა, რომ სიძე გამოსწორდა და მის ნებას დაჰყვა. კერძოდ, დაუჯერა და იმ ბინის სანახავად წავიდა, რომელიც ფრიდონ ხ-ს თქმით, მისმა მეგობარმა გაარემონტა.
ბინის სანახავად ხვიჩა ს. 25 მაისს, დილის 10 საათზე წავიდა. ცოლს გულიკო ს-ს დაუბარა სადაც მიდოდა და დაჰპირდა, მალე დავბრუნდებიო, მაგრამ კაცი დაიკარგა. ბინაში რემონტის დაწყების გამო გატაცებულის ქალიშვილი დასასვენებლად იყო წასული. სიძის ნასამართლეობის გამო კი, სიდედრს მოერიდა მისთვის ქმრის დაკარგვის ამბავი ეთქვა. გულიკო ს. ადგილს ვერ პოულობდა, აღარ იცოდა, რა ეფიქრა. მაგრამ, გვიან ღამით უცნობმა დაურეკა და განუცხადა, რომ მისი ქმარი გატაცებულია და გამოსასყიდის სახით 10 ათას დოლარი უნდა გადაიხადოს. თან, გააფრთხილეს, ჭკუით იყავი, გაკონტროლებთ და პოლიციაში დარეკვა არ გაბედოო.
ამ ამბის გამო ქალი შოკში ჩავარდა, მაგრამ გონზე ისევ ტელეფონის ზარმა მოიყვანა. მოსაკითხად სიძე რეკავდა. ქალს სხვა გზა არ ჰქონდა და მომხდარის შესახებ უამბო. სიძე დაჰპირდა, რომ მალე მივიდოდა, მაგრამ საუბრის დასრულებისთანავე, ისევ ტელეფონმა დარეკა. კვლავ გამტაცებლები რეკავდნენ. ქალს დავალება მისცეს – ფული თქვენი ჭიშკრის გვერდზე მდებარე სათავსოში დადეთ და ისევ სასწრაფოდ სახლში შედით, ზარებს კი აღარ უპასუხოთ და არც ვინმე მიიყვანოთ სახლშიო. გაფრთხილების მიუხედავად, სიდედრმა სიძეს მაინც დაურეკა და კატეგორიულად გააფრთხილა, მასთან აღარ მისულიყო, რაზეც „ძლივს დაიყოლია“.
რეალურად, გატაცებულის ცოლს, ფრიდონ ხ-ს დავალებით, დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილე ურეკავდა, რადგან სიძეს სიდედრისთვის ჯერ არ ეცალა და მასთან მისვლა უგვიანდებოდა. თუმცა, მოვლენები ისევ შეიცვალა. ის იყო ქალმა ფული წასაღებად გაამზადა, კვლავ ტელეფონმა დარეკა. გულიკო ს. დიდხანს არ პასუხობდა, მაგრამ რომ არ გაჩერდა, იძულებული გახდა ეპასუხა. კვლავ გამტაცებლები რეკავდნენ, რომელთაც ქალს ახალი დავალება მისცეს – ფული თქვენმა სიძემ გადმოგვცესო...
საბოლოოდ, გამტაცებლებთან ფული სიძემ წაიღო, რის შემდეგაც მისი სიმამრი გაათავისუფლეს, მაგრამ 67 წლის კაცმა ინფარქტი მიიღო და ერთ კვირაში გარდაიცვალა...
გატაცებულის სიძე პოლიციამ გასვენების შემდეგ აიყვანა, რომელიც სატელეფონო „ზარებით“ გააბეს. მან თავი იმით იმართლა, თითქოს აშანტაჟებდნენ, ფულის შოვნის სხვა გზა არ ჰქონდა და ამიტომ წავიდა ასეთ რისკზე. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა, განაცხადა თითქოს ეს გეგმა მან და მისმა ცოლმა მოიფიქრეს, მაგრამ არ დადასტურდა.
საბოლოოდ, ისიც გაირკვა, რომ გატაცებული ხვიჩა ს. თავდამსხმელებმა გლდანულას ტყეში აიყვანეს, სადაც არა მხოლოდ სასტიკად სცემდნენ, „დახვრეტის სცენებს“ უწყობდნენ – იარაღს შუბლზე ადებდნენ, თითქოს მის მოკვლას აპირებდნენ, მაგრამ იარაღში ტყვია არ იყო. გათავისუფლებული ხვიჩა ს-ს თქმით, ის მუდმივად სტრესის ქვეშ იმყოფებოდა და დასცინოდნენ...
საბოლოოდ დამტკიცდა, რომ სიძემ სიმამრი ორ მეგობარს გაატაცებინა, რის გამოც ფრიდონ ხ-ს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება მის მეგობრებს, გამოძიებამ მხოლოდ ერთის ვინაობის დადგენა შეძლო და რადგან მისი დაკავება მოგვიანებით მოხერხდა, მისი საქმე ცალკე განიხილეს.