კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ მოაჭრა თავი „კაგებეს“ ქართველ ოფიცერს შერემეტიევოს ტყეში

თეთრი ფერის „ვოლგა“ შერემეტიევოს ტყეში შევიდა და უზარმაზარ ფიჭვთან დაამუხრუჭა. იქიდან სამი მამაკაცი გადმოვიდა და ტყის სიღრმისკენ აიღეს გეზი.

– აქ გაჩერდი, – თქვა წვერმოშვებულმა კაცმა, რომელსაც მარცხენა ლოყაზე იარა ეტყობოდა და თავის მეგზურებს შეავლო მზერა. შემდეგ მან კიდევ ორმოცდაათიოდე მეტრი გაიარა და ბუჩქებში გაუჩინარდა.

– სად წავიდა? – იკითხა ორმოცდაათიოდე წლის მელოტმა კაცმა, რომელიც შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.

– ახლა ნახავ, თუ რა დღეში ვაგდებთ იმათ, ვინც ჩვენ გვეურჩება, – უთხრა მელოტს ცალთვალა კაცმა და გადააფურთხა, – თუ არ დაგვიჯერებ, შენც ამ დღეში ჩავარდები.

ამასობაში, სახენაიარევმა ტყის სიღრმიდან საშუალო სიმაღლის, მდიდრულად ჩაცმული ქერათმიანი კაცი გამოიყვანა. მას ხელები ჰქონდა გაკოჭილი, პირი კი – საიზოლაციო ლენტით აკრული. სახენაიარევმა ის გადაჭრილ ხის კუნძთან მიიყვანა და მოულოდნელად მუშტი ჩასცხო კეფაში. ქერათმიანი მიწაზე დაენარცხა და გონება დაკარგა. სახენაიარევმა ქერათმიანს კუნძზე თავი დაადებინა, შემდეგ „ვოლგის“ საბარგულიდან უზარმაზარი, სამართებელივით ალესილი ნაჯახი ამოიღო და კუნძისკენ გაემართა. მელოტი დაძაბული ადევნებდა თვალყურს სახენაიარევის ყოველ მოძრაობას.

– აქეთ გამოახედე ეგ რქიანი, ახმად, – დაუძახა ცალთვალას სახენაიარევმა და ნაჯახი აღმართა. შემდეგ სწრაფად დაუშვა ძირს და ქერათმიანს თავი მოაჭრა...

ამ სანახაობის გამო მელოტს თვალთ დაუბნელდა, წაბარბაცდა და ცალთვალას რომ ხელი არ შეეშველებინა, წაიქცეოდა.

– ახლა ხომ ნამდვილად დარწმუნდი, რომ ჩვენ ხუმრობა არ გვიყვარს, – გაეცინა სახენაიარევს და ნაჯახი კუნძზე დაარჭო. შემდეგ მოჭრილი თავი მარჯვენა ხელით ასწია, მარცხენით კი უსულო სხეულს დასწვდა და ბუჩქებისკენ წაათრია.

 – ესეც შენსავით ჯიუტობდა და ხომ ნახე, როგორ მოაჭრა თავი ზორბეგმა? – უთხრა ცალთვალამ მელოტს, – ასე რომ, თუ სამ დღეში 500 ათასი მანეთი არ მოგიტანია, ჯერ შენი ოჯახის წევრებს წავაცლით თავებს და ამანათით გამოგიგზავნით, ბოლოს კი შენც ამ კუნძზე დაგადებინებთ თავს, გასაგებია?

– გასაგებია, – თავი დაუქნია მელოტმა და ტყიდან გასვლა დააპირა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და უგონოდ დაეცა ძირს.

– მანქანაში ჩავაგდოთ და გზაში აზრზე მოვა, – უთხრა ზორბეგმა ახმადს. შემდეგ მათ მელოტი „ვოლგის“ უკანა სავარძელზე დააწვინეს და მანქანა ადგილიდან დაძრეს.

თხუთმეტი წუთის შემდეგ მოსულიერებული მელოტი ახმადმა და ზორბეგმა სადოვოე კოლცოსთან ჩამოსვეს და წავიდნენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგული

– თავმჯდომარე გელოდებათ, მობრძანდით, – თქვა ახალგაზრდა კაპიტანმა და „კაგებეს“ თავმჯდომარის კაბინეტის კარი შეაღო.

 – მობრძანდით, დაბრძანდით, ამხანაგო ვასილიევ, – შეიპატიჟა თავის კაბინეტში იური ანდროპოვმა მაიორი ვასილიევი, რომელიც ოპერაცია „კაქტუსზე“ იყო პასუხისმგებელი, –  რა ისმის ლეიტენანტ გეგეშიძის თაობაზე, ახალი არაფერია?

– არა, იური ვლადიმიროვიჩ, – თავი გააქნია ვასილიევმა, – მას მერე, რაც შოთა გეგეშიძე მისმა მეწყვილემ შეცვალა და ის სადარბაზოში შევიდა, სათადარიგო გასასვლელით რომ ესარგებლა და კონსპირაციულ ბინაში დაესვენა, ის გაქრა.

– ესე იგი, გეგეშიძე კონსპირაციულ ბინაში მიმავალ გზაზე გაქრა. რა მანძილია სამუშაო ადგილიდან ბინამდე და აკონტროლებდით თუ არა აგენტების მოძრაობას მათი მორიგეობის შემდეგ?

– მარჯვენა სანაპიროდან, სადაც სათვალთვალო პუნქტი გვაქვს, ჩკალოვის ქუჩამდე 5 წუთის სავალია ფეხით. მორიგეობის შემდეგ აგენტები ჩვენი თვალთახედვის არედან გადიან და მათ ვეღარ ვაკონტროლებთ.

– ნეტავ, სად უნდა გამქრალიყო გეგეშიძე და თუ ვინმემ მოიტაცა, საინტერესოა, რატომ? ლეიტენანტი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ. ფეხზე დააყენეთ საუკეთესო ძალები. ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებშიც კი მოძებნეთ და აუცილებლად იპოვეთ. არ შეიძლება, ადამიანი ასე უკვალოდ გაქრეს, მით უმეტეს, ჩვენი თანამშრომელი.

– არის, იური ვლადიმეროვიჩ! – გამოეჯგიმა ვასილიევი ანდროპოვს და კაბინეტიდან გავიდა.

ანდროპოვის ბრძანების შესაბამისად, „კაგებემ“ გეგეშიძის ძებნა გააძლიერა და გაუჩინარებული ლეიტენანტი შერემეტიევოს ტყის ფიჭვნარში იპოვეს. „კაგებეს“ თანამშრომლებმა, ჯერ გადაჭრილ კუნძზე აღმოაჩინეს სისხლის კვალი, შემდეგ მას გაჰყვნენ და ბუჩქებში ახალთახალი მიწაყრილი იპოვეს. ორმო გათხარეს და შიგ ლეიტენანტ გეგეშიძის თავი და სხეული აღმოაჩინეს. გეგეშიძე თბილისში ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. თუმცა, მისი ახლობლებისთვის არ უთქვამთ, რომ თავი ჰქონდა მოკვეთილი და განაცხადეს, გმირულად დაიღუპაო.

ლეიტენანტი შოთა გეგეშიძე „კაგებეს“ ოპერატიული თანამშრომელი იყო. ის თბილისიდან სპეციალურად გამოიძახეს მოსკოვში ოპერაცია „კაქტუსში“ მონაწილეობის მისაღებად. მაწანწალას ტანსაცმელში გამოწყობილი გეგეშიძე ერთ-ერთ საბჭოთა მაღალჩინოსანს უთვალთვალებდა, რომელიც ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი და „კაქტუსი“ მის გამოსააშკარავებლად ტარდებოდა...

ფარული ექსჰუმაცია

შოთა გეგეშიძის უფროსი ძმა ნოდარი თბილისის მილიციის სამმართველოში მუშაობდა ოპერად. დაკრძალვიდან მესამე დღეს მან და მისმა უახლოესმა ორმა მეგობარმა შუაღამეს კუკიის სასაფლაოზე მძლავრი პროჟექტორები მიიტანეს და საფლავი გათხარეს. შემდეგ ცინკის კუბო გახსნეს და აღმოაჩინეს, რომ შოთას თავი მოკვეთილი ჰქონდა.

– უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა და ჩემი ძმის მკვლელს სამაგიერო გადავუხადო, – თქვა ნოდარმა. შემდეგ მან და მისმა მეგობრებმა ცხედარი ისევ დაკრძალეს.

მეორე დღეს ნოდარ გეგეშიძემ შვებულება აიღო და მოსკოვში გაემგზავრა.

მას შემდეგ, რაც ლეიტენანტ გეგეშიძის ცხედარი აღმოაჩინეს, უშიშროებამ ახალგაზრდა ლეიტენანტის მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელსაც მაიორი პავლე ხურცილავა აწარმოებდა და პირადად ანდროპოვი კურირებდა.

ხურცილავამ, „კაგებეს“ საუკეთესო გამომძიებლები შეკრიბა და გეგეშიძის მკვლელობის ვერსიების შემუშავებას შეუდგნენ.

 – ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შოთა გეგეშიძე მაწანწალასავით იყო ჩაცმული, როდესაც ის, სავარაუდოდ, მოიტაცეს, – თქვა ხურცილავამ, – მისი გვამის აღმოჩენისას კი „პიერ კარდენის“ ძვირად ღირებულ სამოსში იყო გამოწყობილი. აშკარაა, მისი ასეთი სახეცვლილება ვიღაცას აწყობდა. მაგრამ, რატომ? აი, ესაა გასარკვევი.

– ამხანაგო მაიორო, – სიტყვა ითხოვა ანზორ გაგუამ, რომელიც ხურცილავას ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდა იყო, – როგორც ეტყობა, გეგეშიძე საჩვენებლად მოკლეს.

– საჩვენებლად?

– დიახ, ამხანაგო მაიორო. მისმა გამტაცებლებმა არ იცოდნენ, თუ ვის იტაცებდნენ. მათ ეგონათ, რომ მაწანწალას, „ბომჟს“. შემდეგ ის ძვირფას სამოსში გამოაწყვეს და ჩემი აზრით, იმიტომ მოკლეს, რომ ვიღაცაზე შთაბეჭდილება მოეხდინათ. მას ხომ თავი მოაჭრეს და ეს, ალბათ, ვიღაცის თვალწინ გააკეთეს.

 – ლოგიკურია, – გაეცინა ხურცილავას, – როგორც ეტყობა, საქმე ფულის გამოძალვასთან გვაქვს. ამიტომ, ყველა იატაკქვეშა საქმოსანი შეკრიბეთ და იქნებ მათთან საუბარმა გაგვარკვიოს რამეში.

ძმები ბასილაევები

პავლე ხურცილავას მეორე დღესვე მოსკოვის 80 იატაკქვეშა საქმოსანი მიუყვანეს, რომლებსაც ოპერატიული მონაცემების მიხედვით, ქალაქში ყველაზე დიდი ბიზნესი ჰქონდათ. მაიორი მათ სათითაოდ იძახებდა კაბინეტში და ეკითხებოდა, თუ ვინ გამოსძალა მათ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დიდი თანხა. თან, ჰპირდებოდა, რომ გამხელის შემთხვევაში, ციხეს ააცილებდა.

თითქმის ყველა საქმოსანი გამოჰკითხა ხურცილავამ და დადებით შედეგს ვერ მიაღწია. რომან როიტმანზე რომ მიდგა ჯერი, რომელიც 75-ე იყო, მან მაიორს უთხრა, რომ ზუსტად ერთი თვის წინ 500 ათასი მანეთი გამოსძალეს.

– სრული სიმართლე თქვით და როგორც შეგპირდით, ხელს არ გახლებთ, – შეახსენა ხურცილავამ როიტმანს.

– თვე-ნახევრის წინ მანქანაში ცალთვალა კაცი ჩამიჯდა და 500 ათასი მანეთის მიტანა მომთხოვა სამ დღეში. მე მისთვის სერიოზული ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ სამი დღის შემდეგ მან და მეორე სახენაიარევმა კაცმა ძალით წამიყვანეს ტყეში, შემდეგ ვიღაც მდიდარ კაცს თავი მოაჭრეს და ასე მაიძულეს ფულის გადახდა. მე ოჯახი მაქვს, ამხანაგო მაიორო და ფულიც ამის გამო გადავუხადე მათ, – უთხრა როიტმანმა ხურცილავას. შემდეგ სურათებზე გეგეშიძეც ამოიცნო...

უშიშროებამ მთელი მოსკოვის კრიმინალური სამყარო ფეხზე დააყენა. გაარკვიეს, რომ ქალაქში სულ რაღაც ორი თვის წინ გამოჩნდა ერთი ცალთვალა და ერთიც სახენაიარევი ახალგაზრდა. ცალთვალას ახმადი ერქვა, სახენაიარევს კი – ზორბეგი. ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ჩამოსულები გვარად ბასილაევები იყვნენ. ძმები ბასილაევების ადგილსამყოფლის დადგენა „კაგებეს“ არ გასჭირვებია და როდესაც სპეცჯგუფი დასახლება „ჩერიომუშკებში“ მივიდა მათ ასაყვანად, ბასილაევები იქ აღარ დახვდნენ.

– ნუთუ იყნოსეს, რომ ვეძებთ და გაუჩინარდნენ? – ამბობდა მაიორი ხურცილავა, როდესაც კოლეგებთან ერთად უკან ბრუნდებოდა, – არა, აქ სხვა რაღაცაშია საქმე!

იმავე დღეს, ბასილაევებზე საკავშირო ძიება გამოცხადდა.

შურისძიება

პავლე ხურცილავამ ივარაუდა, რომ ძმები ბასილაევები შემთხვევით არ გაუჩინარდნენ და მის გონებაში შურისძიების ვერსია ამოტივტივდა. მან დაადგინა, რომ შოთა გეგეშიძის უფროსი ძმა – ნოდარი შვებულებაში იმყოფებოდა და თბილისიდან სადღაც გაემგზავრა.

– ნამდვილად აქაა, მოსკოვში და თავისი ძმის მკვლელებზე ნადირობს, – ჩაილაპარაკა ხურცილავამ. შემდეგ ის კრიმინალურ ავტორიტეტთან, სანდრო „ტბილისსკისთან“ გაემართა.

– მოდი, მაიორო, – მიიპატიჟა ტბილისსკიმ ხურცილავა, – მართალია, ერთ საქმეს არ ვემსახურებით, მაგრამ ძველ უბნელთან შეხვედრა მიხარია.

 – უნდა დამეხმარო, სანდრიკ. ძმები ბასილაევების ასავალ-დასავალი უნდა მითხრა, ან გამიგო. მათ სრულიად უდანაშაულო კოლეგა მოგვიკლეს და პასუხი თუ არ ვაგებინეთ, არც თქვენს სამყაროს დაადგება კარგი დღე მათგან და მათნაირებისგან.

– მათ უკვე აგეს პასუხი, –  მიუგო ხურცილავას ტბილისსკიმ. შემდეგ ისინი შერემეტიევოს ტყეში გაემგზავრნენ და სანდრომ ხურცილავას ბუჩქებში ჩაყრილი ბასილაევების უთავო ცხედრები და მათი თავები უჩვენა, რომლებსაც ჭიანჭველები ესეოდნენ.

– ნოდარ გეგეშიძემ გააკეთა ეს? – ჰკითხა ხურცილავამ სანდროს.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ის გაკეთდა, რაც თქვენც გაწყობდათ და ჩვენც. 

ძიებამ დაადგინა, რომ შოთა გეგეშიძე ძმების მიერ იყო მოკლული, ხოლო თავად ბასილაევების მკვლელის დადგენა არ მოხერხდა...

скачать dle 11.3