კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეშინოდათ თანაწამყვანებს შალვა რამიშვილის და რატომ არ მოსწონს მას ვანო ჯავახიშვილი და ოთარ ტატიშვილი

 „მეცხრე არხის“ „შუადღემ“ ქართულ, ბოლო დროს ასე პოპულარულ დღის ეთერებს შორის, ყველასგან განსხვავებული და საინტერესო ადგილი დაიკავა. „ცხელი შუადღე“ განსაკუთრებით მიმზიდველი, უნდა ვაღიაროთ, რომ შალვა რამიშვილის გამოა – ეს გადაცემის მთავარი, როგორც უწოდებენ, „იზიუმინკაა“. მძიმე და სერიოზული პოლიტიკური თემები შალვას დახმარებით ადვილად ხდება მსუბუქად მოსასმენი და ყველასთვის გასაგები. ნატა მაღალაშვილი და ქეთი კეკელია კი დღის ეთერის მაყურებელს ყოველდღე საინტერესო რჩევებით ხვდებიან. 

– ყველა ტელეარხმა გააკეთა შუადღის გადაცემები, დიდი ბრძოლები მიმდინარეობს რეიტინგებში და, როგორ ფიქრობთ, „ცხელმა შუადღემ“ იპოვა თუ არა მათ შორის თავისი ადგილი?

შალვა რამიშვილი: სიმართლე გითხრათ, არსებული შუადღის გადაცემების კონკურენტად არ მიგვაჩნია თავი, რადგან, უფრო განსხვავებულ გადაცემას ვაკეთებთ. განვსხვავდებით წაყვანის სტილით. შუადღის სხვა გადაცემების წამყვანებისგან განსხვავებით, გაცილებით გამოცდილი სატელევიზიო სახეები ვართ როგორც ასაკით, ისე სტაჟით. ჩვენს შუადღეში არის პოლიტიკური ნაწილი, სადაც ძალიან მწვავე თემებზე ვსაუბრობთ. ვართ უფრო თავისუფლები და, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლოა, რაღაც არასტანდარტული მოხდეს – სტუმარი იყოს ან კითხვა დაისვას ისეთი, რომელსაც სხვა გადაცემაში ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ. 

– კი მაგრამ, მაყურებელი ხომ მაინც ერთი გყავთ?

ქეთი კეკელია: შეიძლება, მაგრამ, ჩვენს გადაცემას მაინც უყურებენ ისინი, ვისაც პოლიტიკა აინტერესებთ. მოგვიანებით, ჩემი და ნატას რუბრიკები იწყება, სადაც, ის მაყურებელი, რომელმაც პოლიტიკური ინფორმაცია საკმაო დოზით მიიღო, საჭირო რჩევებს ისმენს. 

– როგორია შალვასთან მუშაობა, ანუ, რამდენად იოლია, მისი არაპროგნოზირებადობიდან გამომდინარე?

ნატა მაღალაშვილი: შალვამ ისაუბრა ჩვენს გამოცდილებაზე, მაგრამ, ჩემთვის პირდაპირ ეთერში მუშაობის პირველი ნაბიჯებია. მქონდა პატარ-პატარა ჩართვები, რუბრიკა სხვა არხზე, მაგრამ, სტუდიიდან პირდაპირ ეთერში არასდროს მიმუშავია. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი რთული იქნებოდა, მაგრამ, შეიძლება, გაგიკვირდეთ და, ეს ყველაფერი შალვამ ძალიან გამიადვილა. 

ქეთი: შალვა არის ადამიანი, რომელთანაც დაძაბული ვერ იქნები, უპრობლემო თანაწამყვანია. პირდაპირ ეთერში თუ პირდაპირ გითხრა რაღაც ისეთი, რაც, შესაძლოა, ეთერისთვის უცნაურია, შენც უპასუხებ და არაფერი პრობლემა ამაში არ არის. 

ნატა: მესმის, რასაც მეკითხებით, რადგან, არა მხოლოდ თქვენ, არამედ, თითქმის ყველამ, ვინც გაიგო, რომ შალვასთან ერთად ვიწყებდი გადაცემის წაყვანას, მეკითხებოდა „არ გეშინია?“ – ამან ცოტა მართლა შემაშინა და დამაფრთხო, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ აღმოჩნდა – საოცრად კოლეგიალურია.

ქეთი: როდესაც შალვასთან ერთად ზიხარ ეთერში, უნდა იცოდე, რომ ხუთოსანი მოსწავლე არ უნდა იყო...

– ოროსანი უნდა იყო?

შალვა: ოროსანი არა, რამდენოსანიც ხარ, იმდენოსანი. (იცინიან). 

ქეთი: არ უნდა იყო არც ზედმეტად თავშეკავებული არც ზედმეტად და არაბუნებრივად აქტიური, უნდა იყო ჩვეულებრივი. თან, ყოველდღიურ გადაცემაში ამდენს ვერ ითამაშებ, შენ თვითონ დაიღლები, რომ დღეში ორი საათი მაყურებელს თავი სხვა ადამიანად მოაჩვენო. 

შალვა: ჩემთან მუშაობას რაც შეეხება, მე და ქეთი 1996 წლიდან ვმუშაობთ ერთად. ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. 

– თანაწამყვანებს როგორ ეგუები? 

– დავიწყოთ იმით, რომ გენდერული ბალანსი აუცილებელი იყო და, საერთოდ, მომწონს ის ფაქტი, რომ ეს ორი ქალბატონი ჩემი თანაწამყვანია. მამაკაცი და ქალი ეთერში – ეს უკვე არის გარკვეული ინტრიგა. მათ აბსოლუტურად სხვა შეხედულება აქვთ სამყაროზე, მე – სრულიად სხვა, ანუ, ჩვენი აზრები ხშირად საპირისპიროა, ზოგჯერ თანხვედრაც არის, მაგრამ, ინტრიგას შეიცავს – ეს ერთი; მეორე – ორივე ქალბატონი ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანია. ურთიერთობა არ მაქვს ბავშვებთან, რითაც ხაზი მინდა გავუსვა სამწუხარო ტენდენციას, თუ რამდენი ბავშვი ზის ეთერში. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. პირდაპირი ეთერი, სატელევიზიო პროფესიონალიზმის, ოსტატობის რანგის მიხედვით, უმაღლესი მწვერვალია. რეპორტიორის, ჟურნალისტის, პროდიუსერის ასისტენტისა და მსგავსი საფეხურები არ აქვთ გავლილი. ამასთან, ჩემს თანაწამყვანებს აქვთ ძალიან მდიდარი შინაგანი სამყარო და მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

– კომფორტულად ხარ, ესე იგი.

– კომფორტულად რომ არ ვიყო, საერთოდ ვერ ვიმუშავებდი. პირდაპირი ეთერი ისეთი ვირული სამუშაოა, თუ კომფორტულად არ ხარ და, რაღაცნაირად, წამყვანი არ გევასება, ვერ გაძლებ ფიზიკურად. თუ გასევდიანებს თანაწამყვანი, მაშინ, გადაცემაც არ გამოდის.

– თემებზე ერთად მუშაობთ?

– არანაირ თემაზე არ ვმუშაობ.

ქეთი: შალვა პირველს რომ ხუთი წუთი აკლია, მაშინ იგებს, ვინ ჰყავს სტუმრად. ძალიან კარგი პროდიუსერები გვყავს, რომლებიც თემებზე მუშაობენ. მაგრამ, ზოგადად, როგორი იყოს გადაცემა – როგორი შინაარსისა და ფორმატის, ამაზე ყველა ერთად ვიკრიბებით, სადაც ყველა თავის გენერალურ აზრს გამოთქვამს. რაც შეეხება კონკრეტულ ეთერებს ამაზე პროდიუსერები მუშაობენ.

– კიდევ რა გადაცემებს უნდა ელოდოს მაყურებელი შალვა რამიშვილისგან?

– ერთი კარგი „ნაით შოუს“ გაკეთება მინდა, რომელიც არ იქნება მხოლოდ იუმორისტული. მიმაჩნია, რომ ის „ნაით შოუები“, რომლებიც ახლა გვაქვს, არ ვარგა, წამყვანები არ უვარგა. ვანომაც მაპატიოს და ოთარმაც, მაგრამ, ეს მათი პროფესია არ არის. ვანო ჯავახიშვილი ისეთი ტიპია, „დურაჩოკს“ რომ თამაშობს და ძალიან ბევრი თამაშიც არ სჭირდება. ნაკლებად განათლებული ტიპია, უბრალოდ, კარგად დაიჭირა ეს სახე, ეს ნიშა, მაგრამ... ტატიშვილი კარგი ბიჭია, განათლებული, მის შოუში ვიყავი და გავილაღე, მომეწონა, მაგრამ, ეს მისი საქმე არ არის – არ არის შოუმენი. ამიტომაც მინდა, გავაკეთო „ნაით შოუ“, რომ ხალხმა ნახოს, რას წარმოადგენს ნამდვილი, კარგი „ნაით შოუ“ – ეს ხალხმა ნამდვილად დაიმსახურა. ამის გაკეთებას ვაპირებ ახალი სეზონიდან.

– თქვენ რამდენად თავისუფალი ხართ სტუმრების, თემების შერჩევის დროს?

ქეთი: აბსოლუტურად თავისუფლები ვართ. ჩვენ ჩვენი ბლოკები გვაქვს და თავად ვწყვეტთ, რაზე და როგორ უნდა ვისაუბროთ თუნდაც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში.

– მეგობრობა თანამშრომლობაში ხელს არ გიშლით?

–  ჩვენი ამდენწლიანი ურთიერთობა გვეხმარება ეთერის დროს. როცა არ იცნობ ადამიანს, შეიძლება მასთან გქონდეს ნიადაგის მოსინჯვის ეტაპი, როდესაც არ იცი რა თემაზე რა რეაქცია ექნება – ასეთი გამოცდილება სხვა გადაცემებში მქონდა კიდეც. როდესაც პირდაპირ დაგვსვეს ეთერში და თან გვთხოვდნენ, რომ ერთმანეთთან ძალიან თავისუფლად  და გახსნილად ვყოფილიყავით, ეს ხელოვნური ჩანდა და სხვანაირად ვერც იქნებოდა. ამ შემთხვევაში კი სრულიად თავისუფლები და ლაღები ვართ და, მგონია, რომ ეს გადაცემასაც ეტყობა. მიხარია აქ მოსვლა. 

ნატა: ძალიან კარგად ვგრძნობ თავს – დიდ მხარდაჭერას პირველი დღიდან. ყველა გვერდში დამიდგა, მით უფრო, რომ ეს ჩემთვის სრულიად ახალი ამპლუა იყო. 

– ახალი სეზონიდან „გაგრძელდებით“?

შალვა: აუცილებლად. შეიძლება სეზონი გვიან დავხუროთ – შვებულება ან მოგვიწევს ან არა, იმის მიხედვით, თუ როდის დაინიშნება არჩევნები. თუ არჩევნები 1 ოქტომბერს დაინიშნება, აგვისტო უკვე კამპანიის თვეა და ნამდვილად ძალიან ცხელი იქნება.

ქეთი: ჩვენი გადაცემა კიდევ უფრო გაცხელდება. 

– ახლა რა ტემპერატურა გაქვთ?

შალვა: ოცდათექვსმეტი და ექვსი, გენაცვალე, ჯანმრთელი ადამიანები ვართ. ჯანმრთელები და ჯანსაღები ყველა გაგებით! 

скачать dle 11.3