რა კაპრიზების დაკმაყოფილება უნდა მაკა ცინცაძეს და რისთვის არ ჰყოფნის მას ფინანსები
მაკა ცინცაძე ქართული საინფორმაციო გამოშვებების კონკურენტულ ბაზარზე საკმკაოდ მძიმეწონიან ფიგურად ჩამოყალიბდა. „მაესტროს“, მისი საინფორმაციო გამოშვებებისა და თავად მაკას მიმართ ხალხის ნდობა მაყურებლებში აშკარად იგრძნობა. არჩევნების მერე არხებს შორის დიდი გადათამაშებები დაიწყო, დარწმუნებული ვარ, მაკამაც ბევრი შემოთავაზება, მიიღო მათ შორის – საავტორო გადაცემების წამყვანობაც, მაგრამ, ის „მაესტროს“ ერთგული რჩება, თუმცა, მომავალ პროექტებზეც ინტენსიურად ფიქრობს.
მაკა ცინცაძე: ზაფხულს ცოტა არაზაფხულური საფიქრალებითა და პრობლემებით შევხვდი. თბილისი გაირუჯა, ჯანმრთელი ფერი მიიღო, მაგრამ, ამისთვის ვერ ვიცლი. თან, ასაკიდან გამომდინარეც, დიდი დოზით მზის სხივები, მით უმეტეს სოლარიუმი, არც მიყვარს და არც მიხდება – კანი მიშრება, მიჩნდება ნაოჭები, ლაქები და სხვა. ამიტომ, ზაფხულის უფრო ცხელ და თავისუფალ დღეებს დაველოდები, რომ გარუჯვაზე მოგვიანებით ვიფიქრო.
– როდიდან დაიწყე ნაოჭებზე ფიქრი?
– საკმაოდ ადრეული ასაკიდან, ვინაიდან, სატელევიზიო გრიმი აზიანებს კანს; ნაოჭებზე ფიქრი და მისი გაჩენის პრევენცია კი, ალბათ, უკვე სამი წელია რაც დავიწყე.
– ბოტოქსის მომხრე ხარ?
– ჯერჯერობით არ გამომიყენებია, მაგრამ, მომხრე ერთმნიშვნელოვნად ვარ. რაღაც ასაკში აუცილებლად ჩნდება ნაოჭები და, რატომაც არ უნდა გაიკეთო, თუ გინდა, რომ ახალგაზრდულად და კარგად გამოიყურებოდე?! თანამედროვე მედიცინა ამის საშუალებებს იძლევა და, რატომ უნდა თქვა ამაზე უარი, არ მესმის. ჩემი გარეგნობა ჩემთვის უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. თუ აქტიური ქალი ხარ, თუ გინდა, მამაკაცების ყურადღების ქვეშ მოექცე, აუცილებლად უნდა მიხედო თავს.
– ინტერვიუს დაწყებამდე მომსწრე გავხდი, როგორ მოვიდა შენთან უცნობი ბიჭი და კომპლიმენტებით აგავსო. ასეთი რამ ხშირად ხდება?
– არა, თითქმის არასდროს. კომპლიმენტებს, რა თქმა უნდა, ვიღებ, მაგრამ, ასე უცხოებისგან – იშვიათად. იცით, ეს არ მსიამოვნებს და, „ვიძიწე ლი,“ მაწუხებენ – ეს სისულელეა. რა თქმა უნდა, მსიამოვნებს და მომწონს, მაგრამ, ჩემი პატარა შვილის გადამკიდე, ძალიან იშვიათად მხედავენ ქუჩაში ფეხით მოსიარულეს. სამწუხაროდ, მანქანით თუ არ გადავადგილდი, საერთოდ ვერაფერს მოვასწრებ. არადა, ფეხით სიარული ძალიან მიყვარს.
– წამყვანის ამპლუა არაჩვეულებრივად მოირგე. აპირებ ამ საქმის ათწლეულების განმავლობაში კეთებას, როგორც ამას სხვა არხებზე ვართ მიჩვეული, თუ, ფიქრობ, სხვა რამ გააკეთო?
– არა, რა სისულელეა, რა ათწლეულები! რასაკვირველია, მინდა, რაღაც გავაკეთო, მაგრამ, ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსები არ მომიძიებია, ვარ ასე. თუ, რა თქმა უნდა, გამოჩნდა საჭირო ფული, ახდება ჩემი დიდი ხნის ოცნება. არხის სერიოზული რეორგანიზება მიმდინარეობს, ბევრი სიახლე გვექნება, მაგრამ, ჯერ ყველაფრისთვის საჭირო ფული არ არის; თან, გააჩნია, რას შევადარებთ. თუ შევადარებთ იმ პერიოდს, როდესაც დიდი ეროსი ღობეზე გადმოძვრა, მას შემდეგ არხის წინსვლა ყველასთვის შესამჩნევია. ჯერჯერობით არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ არის. შეიძლება, სექტემბრიდან უფრო დეტალური საუბრები დაიწყოს ახალ ამპლუაში ჩემს წარდგენასთან დაკავშირებით.
– პოლიტიკურ გადაცემაზე ფიქრობ?
– დიახ, ვფიქრობ, პოლიტიკური იქნება. სხვათა შორის, იგივე „ფეისბუქზე,“ იგივე სხვადასხვა გამოკითხვაზე დაყრდნობით, სულ ამბობენ, რომ ამდენი პოლიტიკა ყველას მობეზრდა და ბევრს გასართობი გადაცემის ნახვა ურჩევნია, ხალხს უნდა, რომ დაისვენოს; მაგრამ, რეალურად, იმის ფონზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ცხელი ზაფხული და შემოდგომა გველის, არა მგონია, პოლიტიკამ აქტუალობა დაკარგოს. პოლიტიკური პროცესები ისე ვითარდება, რომ, არ მგონია, მაყურებელს მობეზრდეს, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
– პოლიტიკური გადაცემების დეფიციტი იყო, თუმცა არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი ახალი გადაცემა გამოჩნდა. ამ ფონზე, როგორ ფიქრობ, რა შეიძლება, შესთავაზო მაყურებელს ახალი და საინტერესო?
– ჩემთვის ძალიან საკვირველია ამდენი პოლიტიკური თოქ-შოუს გაჩენა, იმის მიზეზები კი, თუ რატომ არ იყო, ალბათ, ყველამ კარგად იცის – მედიას ლაგამი მოეხსნა. საბედნიეროდ, ჩვენთან ლაგამის პრობლემა არასდროს ყოფილა. ამ ფონზე არხის და თუნდაც მაყურებლის მხრიდან ჩემი, პიროვნული ნდობა ისეთი ფაქიზი ფაქტორია, რომელიც აუცილებლად დადებითად იმუშავებს იმ გადაცემაზე, რომელიც, შესაძლოა, გავაკეთო. ძალიან კონკრეტული საუბარი გამომდის, თუმცა, ახლა მართლა არ მიმდინარეობს არაფერ კონკრეტულზე ლაპარაკი, მაგრამ, სურვილი ნამდვილად დიდი მაქვს.
– დიდი „მიქცევ-მოქცევაა“ ტელეკომპანიებს შორის – ვგულისხმობ, ჟურნალისტებს, წამყვანებს, პროდიუსერებს... დარწმუნებული ვარ, შენც გექნებოდა საინტერესო შემოთავაზებები.
– რა გინდა, რომ ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ?!
– გასაგებია. ერთგულება რას ნიშნავს შენთვის? – ვგულისხმობ, კაპიტალიზმის ეპოქაში რას ნიშნავს დარჩე სამსახურის საქმის ერთგული? უკეთეს პირობებში გადასვლა თითქოს ღალატს უდრის.
– თუ ნორმალურად აუხსნი, „მაესტროში“ ასეთი პრობლემები ნამდვილად არ იქმნება. თუ შემომთავაზეს გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამსახური და მექნება იგივე გარანტიები, რაც „მაესტროში“ სულ მქონდა...
– რა გარანტიები?
– თავისუფლება. არ მახსოვს, მამუკა ღლონტი ან ნებისმიერი დამფუძნებელი ოდესმე ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში. ამაზე უკვე ძალიან ბევრჯერ ვთქვით „მაესტროს“ ყველა თანამშრომელმა, მაგრამ, მაინც უკვირთ. ბევრჯერ უკითხავთ: მამუკამ იცოდა, ეს რომ გავიდაო? – და, ძალიან უკვირთ, როდესაც ვპასუხობ: რა შუაშია მამუკა, დამფუძნებელი, თუ რა გავა საინფორმაციო გადაცემაში? ანუ, გარანტიებია: თავისუფლება, სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება. ეს სამი კომპონენტი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ახლა რომ სადმე გადავიდე, ძალიან დიდი განსხვავება უნდა იყოს თანხაში და, თან, უნდა მიღირდეს. აქაურ გარემოს ძალიან ვარ შეჩვეული. აქ შინაურული სიტუაციაა, ყველა მეგობარია და ყველას ოთახში წერილების, სამ და ოთხდღიანი ლოდინის გარეშე შემიძლია შესვლა და ეს ყველაფერი უნდა გადაწონოს რაღაცამ.
– განვითარების საფეხურებს რომ შევეხოთ, „პირველი რადიოდან“ დღემდე, განვითარების რა ეტაპზე იმყოფები – მოსავლის აღების პერიოდი გაქვს თუ ჯერ ისევ ძიებაში ხარ?
– არა, რა დროს მოსავალია?! თუ იმას გულისხმობ, რაც ჩემს პროფესიაში ჩავდე – დრო ენერგია, რესურსი – იმას ვიღებ თუ არა უკან, ჯერჯერობით არა და, მგონი, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა. ცამეტი წელია, ამ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ, უტრირებულად კი არა, ფაქტობრივ რეალობას ვამბობ, რომ ყოველდღიურად რაღაცას ვსწავლობ. ვერც ხვდები, ისე იზრდები. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. მოსავლის აღება, იცი, როდის იქნება?! როდესაც გექნება ძალიან მაგარი ხელფასი – აი, ისეთი ხელფასი, რამდენიმე ნული რომ ექნება. როდესაც იქნები იმ დონეზე გაზრდილი და განვითარებული, როცა, შენ კი არ გიყენებენ პირობებს, პირიქით, შენ აყენებ, თან, აყენებ ძალიან მაღალ პირობებს, კაპრიზების დონეზე და, ამ კაპრიზებს ამა თუ იმ ტელევიზიის დამფუძნებელი სრულად, განხილვის გარეშე აკმაყოფილებს, ეს ნიშნავს, რომ შემდგარი ხარ. „უცნობის“ შემდეგ მქონდა ჩემი პირობები, ამა თუ იმ ადამიანთან მოლაპარაკება, რომელთაც განიხილავთ, ვიღაც რაღაცას თმობს, კომპრომისზე მიდიხარ. აი, როდესაც ეს აღარ მოხდება, ვიტყვი, მოსავალს ვიღებ-მეთქი.