კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის დამორჩილდა უსიტყვოდ თეონა თავართქილაძე და ვინ ულამაზებს მას ცხოვრებას

მას შემდეგ, რაც თბილისში მოდის კვირეულები ტრადიციად იქცა, ცნობილი დიზაინერების შესახებ აჟიოტაჟიც მიწყნარდა, თუმცა მათი ბომონდური ცხოვრება საზოგადოების ინტერესის საგნად მაინც რჩება. ასეთ დიზაინერთა შორისაა თეონა თავართქილაძეც, რომელიც უკვე თხუთმეტი წელია, ქართული მოდის სამყაროს  ერთ-ერთი ცნობილი სახეა.   

თეონა თავართქილაძე: მას შემდეგ, რაც ქართული მოდის კვირეულები იმართება,  დიზაინერებს აღარ გვიწევს დამოუკიდებლად ჩვენებების მოწყობა, როცა აჟიოტაჟი ცალკეული სახელების ირგვლივ იყო ხოლმე ატეხილი.  იმ პერიოდში, როცა მიმდინარეობს მოდის კვირეულები, ჩვენ ყველა ვართ ჩართული სამუშაო პროცესში. ეს კვირეულები ხელს უწყობს ახალი სახეების გამოჩენას, რომლებსაც დამოუკიდებლად არ ჰქონდათ იმის რესურსი, ჩვენებები მოეწყოთ, რადგან პერსონალურად ჩვენების გამართვა ძალიან ბევრ ტექნიკურ პრობლემასთან, შრომასთან და ფინანსებთან  არის დაკავშირებული. თუ ადრე სამი-ოთხი დიზაინერი ვმუშაობდით, ახლა უკვე ისე გაიზარდა დიზაინერთა რიცხვი, მათ ჩამოსათვლელად თითები აღარ გეყოფა,  შესაბამისად, ეს კვირეულები ქართული მოდის  განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, კვირეულების პერიოდში დიზაინერები აქტიურად არ ვჩანვართ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვმუშაობთ. პირიქით, მაგალითად, ახლა, როცა ბანკეტების პერიოდია, ძალიან ბევრი ინდივიდუალური შეკვეთა გვაქვს და ხშირად ღამეების გათენებაც კი გვიწევს. 

 – დრო მოდის ყველაზე დიდი „მეგობარია,” შესაბამისად, იცვლება  დიზაინერი, მომხმარებელი, სტანდარტი. როგორ შეიცვალა თქვენი ხელწერა წლებთან ერთად?  

 – წლებთან ერთად, რა თქმა უნდა, იცვლება ქართული მოთხოვნა, რაც დღეს ბევრად უფრო თამამია. თბილისი უფრო აჭრელდა და ეს ძალიან კარგია. შავი ფერის სამოსი ყველას გარდერობში დომინირებს, მაგრამ, უკვე განსხვავებული მოთხოვნები გაუჩნდათ ადამიანებს.  ათი-თხუთმეტი წლის წინ, როცა ეს საქმიანობა დავიწყე და ჩემ მიერ შექმნილი მოდელები მახსენდება, ვრწმუნდები, რომ ყოველი დღე და ყოველი ახალი მოდელის შექმნა,  დიზაინერისთვის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა. როცა ყოველდღე ახალ მოდელს ქმნი,  ეს დიდი  მრავალფეროვნების საშუალებას გაძლევს. ადამიანი  დიზაინერთან ხომ იმიტომ მიდის, რომ ინდივიდუალურად მისთვის შექმნილი სამოსი ჩაიცვას?! თბილისში თავშეყრის ადგილებში ერთი და იგივე ხალხი დადის და, ერთ ადამიანს კაბა, მეორეს კი ქვედაბოლო რომ ეცვას, რომლებიც   ერთი და იმავე ნაჭრისგან არის შეკერილი, დამეთანხმეთ, ლამაზი არ იქნება. ამიტომაც, როცა იტალიაში მივდივარ ნაჭრების შესარჩევად, საიდანაც შავი ფერის ნაჭერი ულევი რაოდენობით ჩამომაქვს, განსაკუთრებული სიფრთხილით ვირჩევ   ჭრელ  ქსოვილს.  ბევრს ვფიქრობ იმაზეც, რომ იგივე ქსოვილი სხვა დიზაინერესაც არ ჰქონდეს გამოყენებული. 

– ალბათ, ყველას თქვენი „ტოჩკები” გაქვთ, ერთმანეთისგან კონფიდენციალური.

– დიახ, ეს მართლაც ასეა, სხვანაირად, დამთხვევებს თავიდან ვერ აირიდებ (იცინის). „სტოკები,” სადაც  ნაჭრებს ვყიდულობთ, უზარმაზარი ქალაქივით ტერიტორიაა, სადაც იმდენი ნაჭერია სართულებად დაწყობილი, კიბეებით  აძრომაც ხშირად  გვიწევს. ეს ისეთი მძიმე შრომაა, ბოლოს უკვე თვალები გიჭრელდება და ნაჭერსაც კი ვეღარ ხედავ. მერე იწყებ იმაზე ფიქრს, როგორ წავა ეს ნაჭერი შენი საზოგადოების მოთხოვნაზე.  ბევრი დეტალია გასათვლელი. წლების გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ, ადამიანს, რომელიც შენთან მოდის ექსკლუზიური სამოსის შესაკერად, დიდი დოზით არ უნდა მოახვიო თავს საკუთარი აზრი.  რა თქმა უნდა, ის შენთან იმიტომ მოდის, რომ გენდობა, მაგრამ, მისი მოთხოვნები დიზაინერმაც უნდა გაითვალისწინოს, თუნდაც ის სრულიად არაადეკვატური და „ამოვარდნილი” იყოს. ჩვენს საქმიანობაში ადამიანის ფსიქოლოგიაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე, საერთოდ, ძალიან მშვიდი ხასიათი მაქვს, საბედნიეროდ, თითქმის არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ჩემი წყობიდან გამოყვანა გამოსვლოდეს. ვერ წარმოიდგენთ, როგორი  სიამოვნებაა დიზაინერისთვის, როდესაც სადმე მიდის და ხედავს ადამიანს, რომელსაც მის მიერ შექმნილი სამოსი აცვია. პირადად ჩემთვის, ეს ყველაზე დიდი აპლოდისმენტებია. 

– საკუთარ თავს ძირითადად ვის ანდობთ?

– ისევ საკუთარ თავს (იცინის). სიმართლე  გითხრათ, ჩემს გარდერობში ჩემ მიერ  გაკეთებული სამოსი არ ჭარბობს. მე ხშირად მიწევს უცხოეთში სიარული და, შესაბამისად, მირჩევნია, იქ ვიყიდო ის, რაც მომეწონება, თუმცა, როცა კონკრეტულად რამე მჭირდება, საკუთარ თავზეც ვიწყებ ზრუნვას და ამისთვის დროსაც ვპოულობ. გარედან, შესაძლოა, ისე ჩანს, რომ დიზაინერებს  ლამაზი და მარტივი ცხოვრება გვაქვს, არ ვართ დატვირთული, მაგრამ, ეს ასე არ არის. ისე არ გამიგოთ, რომ ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო ვიყო, პირიქით, ბედნიერი ვარ  ჩემი ცხოვრებით და საქმით. მე, ალბათ, ვერასდროს ვიმუშავებდი ისეთ სამსახურში, სადაც განსაზღვრული რეჟიმი და გრაფიკია და ყოველდღიურად ერთი და იგივე რამ უნდა აკეთო. როცა მინდა, მაშინ იწყება ჩემი სამუშაო  დღე და, როცა მინდა, მაშინ მთავრდება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავისუფალი რეჟიმის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა. 

– წლებთან ერთად, თქვენი საქმიანობა იქცა თქვენთვის  კომერციის წყაროდ...           

– არა, მუდმივად მჭირდება მეუღლის დაფინანსება (იცინის). ჩემგან ბიზნესვუმენი ვერასდროს  დადგება – მე და კალკულატორი ვერ ვმეგობრობთ. ეს, ალბათ,  ჩემი ხასიათის თვისებაა – მე სიამოვნებას მანიჭებს, როცა ახლობელ ადამიანს საჩუქრად ვუკეთებ რამეს.  აბსოლუტურად უცხო ადამიანსაც კი ვერ ველაპარაკები ფასზე, ფულზე – ამ თემას სხვა აგვარებს.  ვიღაცისთვის, შეიძლება, არის ეს საქმიანობა შემოსავლის დიდი წყარო, ჩემთვის ასე არაა. იმაზეც მიფიქრია, რომ, მე და ჩემი შვილები ჩემს საქმიანობაზე რომ ვიყოთ დამოკიდებულნი, შესაძლოა, სხვაგვარად მივდგომოდი ამ საქმეს.  ეს თემა პერიოდულად იყო ხოლმე ჩემი მეუღლის ხუმრობის საგანი, თუმცა, წლებთან ერთად  ეს  საკითხი დღის წესრიგიდან უკვე მოიხსნა.

– როგორია საქმიანი ცხოვრების მიღმა  თქვენი ცხოვრების სტილი?       

– საქმის მიღმა ჩემთვის მთავარია  ჩემი ოჯახი და მეგობრები, ვისაც ეკუთვნის ჩემი თავისუფალი დრო.  მართალია, ჩემი შვილები უკვე იმ ასაკში არიან, როცა მათ თავიანთი წრე აქვთ, თუმცა, მათ ცხოვრებაში აქტიურად ვარ ჩართული.  უფროსი ბიჭი, ნიკა, 18 წლისაა და ლონდონში სწავლობს.  ვატო აქ არის და ფეხბურთითაა დაკავებული. რა თქმა უნდა, ხმას არ ვიღებ და ვემორჩილები მამაკაცების ნებას, მაგრამ,  ფეხბურთი, მუდმივი ვარჯიში და „ზბორები”  ძალიან მიშლის ხელს, რომ ვატოს კარგი განათლება მივცე, რაც, ჩემი აზრით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, იმას მაინც ვახერხებ, რომ თავისუფალ დროს გაკვეთილები შევუთავსო და, ხან სად „ვტენი,” ხან – სად (იცინის). მართალია, ფეხბურთმა ბევრი კარგი რამ მოუტანა ჩვენს ოჯახს და იმასაც მივხვდი, რომ შვილის პროფესიულ არჩევანში უხეშად არ უნდა ჩაერიო, მაგრამ, დედისთვის შვილის განათლება ისეთი მნიშვნელოვანია, თუ როგორ გვიშლის ხელს სპორტი, ამაზე ხშირად ვწუწუნებ (იცინის). ის, რის გარეშეც ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა, არის ჩემი მეგობრები, მოგზაურობა, სპორტი. როცა თბილისში ვარ, მთელი ჩემი თავისუფალი დრო ეთმობა ან მეგობრებს, ან სახლში ყოფნას – სახლში მარტოც  არ  ვიწყენ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, რასაც არ ველევი, არის ვარჯიში. ერთფეროვნებამ რომ არ შემაწუხოს, სპორტული აქტივობის  სახეობებს ვცვლი ხოლმე. ვარჯიში ძალიან მიწყობს ხელს სულიერი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. როცა სავარჯიშო დარბაზიდან გამოვდივარ, მგონია, რომ ყველაფერი შემიძლია. უცხოეთში დიდხანს თუ მომიწია ყოფნა, მაშინვე სპორტულ დარბაზს ვეძებ ხოლმე, უფრო სწორად, წინასწარ მაქვს მოძებნილი და შეთვალიერებული.  ცეკვაზე მანამდე დავდიოდი, სანამ ცეკვა თბილისში ცხოვრების მოდური სტილი გახდებოდა (იცინის). თბილისური ცხოვრება, რაც არ უნდა გამოიგონო,  მაინც ერთფეროვანია, ამიტომაც, ყველაზე მეტად მშველის ორი-სამი დღე თბილისიდან გასვლა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ესთეტიკის აღქმა გამძაფრებული მაქვს, ეს ძალიან მეხმარება ცხოვრების ლამაზად დანახვაში, საკუთარი ცხოვრების გალამაზებაში. ნებისმიერ ქვეყანაში, შემიძლია, საათობით ვიჯდე კაფეში და არ მომბეზრდეს  საინტერესო მიქსების თვალიერება და პოვნა; მხიბლავს ლამაზი ბუნება, ხედები. სადაც არ უნდა ვიყო, ვესწრები საინტერესო  კულტურულ ღონისძიებებს, დავდივარ კინოში, თეატრში და, ვცდილობ, მივიღო რაც შეიძლება  ბევრი   დადებითი  ენერგია,   რაც თბილისში დიდხანს გამყვება.    

скачать dle 11.3