როგორი ურთიერთობა ჰქონდა თინათინ წულაძეს ბაბუასთან, მიხეილ კოზაკოვთან და რა ამბავი ატყდა მის გამო დანიაში
მანანა კოზაკოვასა და ლევან წულაძის (ჭოლას)‚ 18 წლის შვილი, თინათინ წულაძე ერთი შეხედვით, საუბრის მანერითა თუ მიმიკებით, დედასაც ძალიან ჰგავს და მამასაც. რაც მთავარია‚ მისგან, ისევე, როგორც მისი მშობლებისგან, ბევრი დადებითი ემოცია მოდის და‚ შესაბამისად‚ მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.
თინათინ წულაძე: ამ ეტაპზე ვცეკვავ‚ მთელი დღის განმავლობაში. თითქმის ერთი წელია‚ ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი – ვარ სუხიშვილების ანსამბლის სტაჟიორი. ორი გადასარევი პედაგოგი მყავს: ტატა გომელაური და დავით უგრეხელიძე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მიყვარს ეს საქმე და, ვფიქრობ‚ ჩემს მშობლებსაც ეამაყებათ. ჩემი არჩევანია და დიდი ხელშეწყობა მაქვს. მათთანაც ახლოს არის ჩემი პროფესია – ორივე სცენაზე დგას, ესმით ჩემი და სერიოზულად უდგებიან ჩემს გადაწყვეტილებას.
– არასდროს გდომებია მსახიობობა ან რეჟისორობა?
– რომ დავიბადე, უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა მაშველობა და მსახიობობა. ახლაც ძალიან მინდა მსახიობობა, თან‚ ამ სამყაროში ვარ გაზრდილი და არც ამ საქმეს ვუდგები მეორეხარისხოვნად, ორივე წინა პლანზე დგას. მინდა‚ ჯერ ერთი საქმე შევისწავლო კარგად და მერე – მეორე. მშობლები დიდ თავისუფლებას მაძლევენ, რასაც მე ავირჩევ, ყველაფერზე მომყვებიან. რა თქმა უნდა‚ თუ რაღაც სასწაულს არ გადავწყვეტ‚ მაგალითად‚ კვანტურ ფიზიკას, თუმცა‚ დარწმუნებული ვარ‚ მამაჩემი ძალიან ამაყი იქნება. ზუსტად ვიცი, გულის სიღრმეში ორივეს მოსწონს ის ფაქტი, რომ მე მსახიობობა მინდა. ხუთი წუთიც რომ მქონდეს დრო, მაშინვე თეატრში მივდივარ – ვერ ვძლებ ამ გარემოს გარეშე, ჩემი სახლია. თეატრი ჩემი წამალი და ყველაზე დიდი სიმშვიდეა. შეიძლება, სპექტაკლი არ იყოს და მაინც მივიდე. დედაჩემი ფეხმძიმედ იყო, როცა „სარდაფის“ მშენებლობა მიდიოდა და იჯდა გაჯში. კარგად მახსოვს‚ მთელი გულით ვოცნებობდი, ყველას გაეგო‚ რომ დედაჩემი იდგა სცენაზე და სპექტაკლის დროს ვეძახდი: „დედა!“ მინდოდა, რომ ხალხს დაენახა‚ ვინ იყო დედაჩემი. ყველა სპექტაკლის შემდეგ ავრბოდი სცენაზე და მათთან ერთად მეც გამოვდიოდი „პაკლონზე“. ერთხელ დედას მარჯანიშვილის თეატრში ჰქონდა სპექტაკლი და ჩემი თავი სცენის დამხმარე მუშას ჩააბარა. მოვკიდე ფარდას ხელი (მე რომ ვერ ვხედავდი ხალხს, მეგონა‚ ისინიც ვერ მხედავდნენ), გავედი სცენაზე‚ ოღონდ‚ მაყურებლისკენ ზურგით ვიდექი. მიდიოდა დედა და მეც მივყვებოდი, თან‚ ფარდა მეჭირა ხელში. ხალხი იხოცებოდა სიცილით. დედაჩემი ვერ მხედავდა და‚ შესაბამისად‚ ვერაფერს ხვდებოდა: ფიქრობდა, რამე ხომ არ მჭირსო.
– ალბათ‚ მამას სპექტაკლებზეც სულ დადიხარ.
– მახსოვს‚ „სამგროშიანი ოპერა“ იყო პირველი, სადაც პატარა როლი მქონდა – ვიღვიძებდი და დავდიოდი, მეტს არაფერს ვაკეთებდი და, მახსოვს‚ ამ გაღვიძებას როგორ გულიანად ვაკეთებდი... მერე იყო მარჯანიშვილის თეატრში „დაუსრულებელი სიზმარი“. დედაჩემს მივყავდი თეატრში და მეუბნებოდა: იცოდე‚ ახლა რასაც გეტყვის მამა, ყველაფერი დაუჯერეო. ისე ვნერვიულობდი, მაკანკალებდა და ვეღარ ვუჯერებდი. სულს ვთამაშობდი და ერთ სიტყვას ვამბობდი: „მამა.“ ამის გამო ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. საოცრად მეამაყებოდა.
– როგორი ურთიერთობა გქონდა ბაბუასთან, მიხეილ კოზაკოვთან?
– გადასარევი, მაგრამ, ხშირი ურთიერთობა არ მქონია. მე მყავს ბაბუა, დედაჩემის დედის მეორე მეუღლე, რომელიც ჩემთვის არის შეუცვლელი ადამიანი, ძალიან მიყვარს და, დარწმუნებული ვარ‚ მასაც ასევე ძალიან ვუყვარვართ მეც და დედაჩემიც. მას უფრო მივიჩნევ ბაბუად, რადგან, მასთან უფრო ხშირი ურთიერთობა მქონდა ბავშვობიდან. მიშასთან‚ სამწუხაროდ‚ არ მქონია ხშირი ურთიერთობა, მაგრამ‚ როცა ჩამოსულა ან მე ჩავსულვარ, მასთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოდ მამახსოვრდებოდა. თითოეული მისი სიტყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე თქვენობით ველაპარაკებოდი და ამაზე სულ ჩხუბობდა. მახსოვს‚ საქართველოში იყო ჩამოსული, „თოლიას“ დგამდა. მარტო ვიყავი სახლში. სასმელი მომატანინა, სვამდა და მთელი საღამო მიყვებოდა თავის ამბებს. რა თქმა უნდა‚ მე ხმა არ ამომიღია, რადგან, მისი ყოველი სიტყვა მაინტერესებდა. ბევრი ცოლი ჰყავდა და მათზეც მესაუბრებოდა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ძალიან აღფრთოვანებული იყო ბებიაჩემით, თუმცა, სხვა ცოლებზეც აღფრთოვანებული საუბრობდა. მაგრამ‚ ის ფაქტი, რომ ჩემს ბებიას ასე იხსენიებდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
– რომ გიყურებ და გისმენ, აშკარად დედასაც ძალიან ჰგავხარ და მამასაც.
– მგონი‚ ორივეს ერთნაირად ვგავარ, თუმცა‚ მე მაინც სხვანაირი ადამიანი ვარ. დედაჩემი ჩემზე ბევრად ძლიერია, ჩემთვის მაგალითია ყველაფერში, ისევე‚ როგორც მამა. ვერ ვხვდები‚ რომლისკენ ვარ, ორივესი რაღაც მაქვს, მაგრამ, მაინც ინდივიდუალური ვარ, ჩემი ხასიათით. დედას ყველაფერს ვუყვები, თუმცა‚ როგორც წესი, როცა ყველაფერი ჩაივლის – მერე, რადგან, მუდმივად სწორ რჩევას მაძლევს და, ზოგჯერ არ მინდა, გავითვალისწინო, მინდა, არასწორად მოვიქცე. როცა რჩევას მაძლევს, მერე მიჭირს სხვანაირად მოქცევა. დედა იმდენად მეგობრულია, სულ გვერდში მიდგას, არასდროს არაფერში შეუშლია ხელი. მამასთან‚ ალბათ‚ ასე ხშირად ვერ ვილაპარაკებ, რადგან, მაინც მამაა და მის მიმართ უფრო მეტი სენტიმენტები მაქვს. თუმცა‚ როცა დედაჩემი არ ყოფილა, მამა ბევრჯერ დამხმარებია, ძალიან კარგი რჩევები მოუცია.
– როგორი მამაა?
– ზუსტად ისეთები არიან დედაც და მამაც, როგორებიც ეკრანიდან ჩანან. ძალიან საინტერესო ურთიერთობა აქვთ. ჯერ ადრეა ჩემთვის ოჯახის შექმნა, მაგრამ, როცა შევქმნი, მინდა‚ მეც ასეთი ურთიერთობა მქონდეს მეუღლესთან. სულ საინტერესოდ ატარებენ დილას, საღამოს – საუბრობენ, კამათობენ. მუშაობის პროცესში მამა ძალიან მკაცრია, განსაკუთრებით – დედას მიმართ. დედა თავგანწირულია, დილიდან დაღამებამდე კითხულობს სცენარს, მუშაობს, მერე ნერვიულობს იმაზე‚ რას ეტყვის მამა. მამას სხვისი რამეც თუ არ მოსწონს‚ დედას ეუბნება. დედა ამას უკვე შეეჩვია და იცის, როდის ეხება ეს მას და როდის – სხვას. თუმცა‚ რაღაც მომენტში მაინც სწყინს, მაგრამ‚ როგორც წესი‚ ეს წყენაც მალე გადაუვლის ხოლმე.
– მამებისთვის ძნელია იმის გაცნობიერება, რომ მათი გოგონა ოდესმე გათხოვდება, განსაკუთრებით‚ თუ ის ჯერ პატარაა.
– ამ საკითხთან დაკავშირებით მამა იუმორის ყველანაირ გრძნობას კარგავს. ძალიან მძიმედ იტანს ამ ამბავს. ბაღში რომ დავდიოდი‚ ერთმა ბიჭმა გამომიგზავნა წერილი – ისარგაყრილი გული ეხატა. ბაბუა და მამა მთელი დღე განიხილავდნენ, თან‚ მთელი სერიოზულობით: როგორი საზიზღარია ის ბიჭი, რას ჰქვია, გული გამოუგზავნაო.
– არ მიჰყავდი მშობლებს გასტროლებზე?
– რამდენჯერაც მომინდა წასვლა, ყოველთვის რაღაც ხდება: ან რეპეტიცია მქონდა, ან გამოცდა და ვერ ვაცდენდი. თუმცა‚ ახლახან მე და მამა ვიყავით ლიტვაში, მანამდე კი მე და დედა – დანიაში. დედა უფრო ორგანიზებულია, მე ძალიან დაბნეული ვარ, მამა კი – ჩემზე უარესი.
– თქვენს ოჯახში‚ ალბათ‚ ხშირად არის ხალხმრავლობა – საინტერესო ხალხი იყრის თავს...
– ადრე უფრო იყო, რადგან, ახლა ბევრად დაკავებულები არიან. ჩემთან უფრო მოდიან სტუმრები, ყველაფერი ჩემთან ხდება. ადრე‚ დედას და მამას მეგობრები რომ მოდიოდნენ, ისე მიყვარდა, არ ვიძინებდი და სულ მათთან ერთად ვიყავი. ბეთანიაში გვაქვს აგარაკი და ძალიან მიყვარს იქ ყოფნა. არის პერიოდი‚ როდესაც ჩვენ სამნი მარტოები ვართ, ვუყურებთ ფილმებს, ვსაუბრობთ, სულ ერთად ვატარებთ დროს და ურთიერთობის მეტი საშუალება გვაქვს. ასევე‚ ყოველ წელს ტარდება თეატრალური ფესტივალი და მთელი თვე სამოთხეში ვარ, საოცარ დასებს ვნახულობ და მერე არის განხილვები.
– მახსოვს‚ ცეკვის განხრით უცხოეთში აპირებდი სწავლის გაგრძელებას.
– დანიაში ჩავაბარე ქორეოგრაფიულ სკოლაში ერთწლიან მოსამზადებელ კურსზე და მერე სხვა სკოლაში უნდა გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ, ვიზა არ მომცეს. მიზეზი – კერძო სკოლააო. ამაზე სკოლის დირექცია ძალიან გაბრაზდა – ეს ჩვენს ავტორიტეტზე მოქმედებსო. ამიტომ, დანიის გაზეთისთვის დამაწერინეს სტატია: მე, საწყალ გოგონას, როგორ არ მომცეს ვიზა. მოკლედ‚ დიდი ამბავი ატყდა. ახლა ჯერ აქ ჩავაბარებ და მერე კიდევ ვცდი, არსად მეჩქარება.