კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოუწია ნიკო ნერგაძეს ოჯახის მიტოვება და რით განსხვავდება მისი „ფლეიბოური“ და პარლამენტარული ცხოვრება

ნიკო ნერგაძეს კარგად იცნობს ჟურნალისტური საზოგადოება, ხოლო ხალხმა ის „ჯეოსტარის“ მეშვეობით გაიცნო. იმასაც ხუმრობენ, რომ ნიკო ნერგაძე „ჯეოსტარმა“ სთარი გახადაო. უფრო ადრე ის ჟურნალ „ფლეიბოის“ ქართული ვერსიის რედაქტორი იყო და საერთოდ, წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა: გახლდათ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, ბლოგერი და მუსიკის კრიტიკოსი. დღემდე კითხულობს ლექციებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. გთავაზობთ მის პირველ ვრცელ ინტერვიუს აღნიშნული თანამდებობის დაკავების შემდეგ.

– ნიკო, გილოცავთ ახალ თანამდებობას. თქვენი პირველი ინტერვიუ „ჯეოსტარის“ ჟიურის წევრობის დროს, ჩვენთან გქონდათ და დღესაც – როცა სიახლეა თქვენს კარიერაში. როგორ შეეგუეთ ახალ საქმიანობას?

– შეგუების პროცესში ვარ. თითქმის ერთი თვეა, დავინიშნე პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

– რა კრიტერიუმებით მოხდა თქვენი შერჩევა აღნიშნულ თანამდებობაზე?

– არ ვიცი. მე უკვე შერჩევის პროცესის შემდეგ დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს. ჩემი და კიდევ რამდენიმე თანამდებობა არის პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეცია. ანუ, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია, პირდაპირი წესით დანიშნოს ნებისმიერი პირი აღნიშნულ თანამდებობებზე. შესაბამისად, მის მიერ მოხდა შემოთავაზება, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.

– არ გაგიჭირდათ ძველი სამსახურისა და პროფესიის მიტოვება?

– ადრე უფრო ხშირად ვიცვლიდი სამსახურებს და ეს არ ყოფილა ჩემთვის პრობლემა. სულ სიახლის ძიებაში ვარ, მაგრამ ბოლო მუდმივი სამსახური რადიო „თავისუფლება“ იყო, სადაც 6 წელი ვიმუშავე და მას ვუთავსებდი სხვა საქმიანობებს. ამიტომ, თავისთავად ცხადია, ძალიან გამიჭირდა რადიოს მიტოვება. ის უბრალოდ სამსახური კი არა, ჩემი მეორე სახლი იყო. ზოგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მედიასაშუალებაა და ჩემთვის ერთადერთი.

– რამ დაგაინტერესათ ყველაზე მეტად?

– საბოლოო ჯამში, მაინც ცნობისმოყვარეობამ მძლია. სანამ წინადადებას დავთანხმდებოდი, ჯერ გავეცანი აღნიშნული თანამდებობის მოვალეობებს, თუ რა პასუხისმგებლობები მეკისრებოდა და რა უნდა შემესრულებინა. კარგად გავიაზრე, რის გაკეთებას შევძლებდი, ან, საერთოდ, მეყოფოდა თუ არა რესურსი ამ საქმის წარმატებით განსახორციელებლად და ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. ჩათვალე, რომ შევძლებდი ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელიც გამოადგება სახელმწიფოს.

– საინტერესო აღმოჩნდა პარლამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელობა?

– სამუშაო ბევრად საინტერესოა, ვიდრე თავიდან მეგონა. პროცესში აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საინტერესო საქმეა მათ შორის, რაც აქამდე მიკეთებია. საყვარელ საქმიანობად მაინც ის რჩება, რასაც აქამდე ვაკეთებდი, როგორც ჟურნალისტი და მუსიკის კრიტიკოსი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ასაწყობია სტრუქტურები და სრული ჩართულობაა საჭირო. ერთი სიტყვით, კრეატიული საქმეა და მომწონს ასეთი აქტიური საქმიანობები.

– ახლა თბილისში რატომ ხართ?

– როცა სასესიო კვირაა, მაშინ ყველა პარლამენტში ვართ და როცა არა, მაშინ საჭიროების მიხედვით, ჩემი დეპარტამენტიდან და პროტოკოლიდან რამდენიმე ყოველთვის იქ არის, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეა, ან სადაც მოვლენებია. აქაც და იქაც, ერთნაირი დატვირთვით ვმუშაობ, იმ განსხვავებით, რომ სამსახურის შემდეგ სახლში ცოლ-შვილი მხვდება.

– მსგავსი თანამდებობა თქვენთვის პირველია?

– საჯარო სამსახურში მუშაობა – კი. კომუნიკაციის მხრივ, აქამდეც მქონდა გამოცდილება, მაგრამ უფრო მარკეტინგისა და რეკლამირების კუთხით. თუმცა, ფიარზე არასოდეს მიმუშავია. საერთოდ, მაგისტრატურა მარკეტინგის განხრით მაქვს დამთავრებული და „ჯიპაშიც“ ვასწავლიდი. მართალია, ფიარი და მარკეტინგი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მონათესავე პროფესიებია.

– აქამდე როგორი იყო თქვენი გრაფიკი?

– ძირითადი ჩემი საქმიანობა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტობა იყო. ვაკეთებდი ერთ გადაცემას, ასევე, დილის ეთერს ვუძღვებოდი, ვიყავი ბლოგერი, როგორც უკვე გითხარით, „ჯიპაში“ ვკითხულობდი ლექციებს და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა.

– „ფლეიბოიდან“ – პარლამენტარის პრესცენტრამდე...

– „ფლეიბოიმდეც“ ბევრი საინტერესო საქმე მაქვს გაკეთებული. 15-წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს და აქედან „ფლეიბოის“ მხოლოდ ერთი წელი ეთმობა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო ერთი წელი იყო, სადაც ახალი რაღაცეები აღმოვაჩინე, ვისწავლე და შევიძინე. ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრინციპებს, საინტერესოა. მთავარია, შენ რას იღებ შენი ქმედებიდან. 

– ის ფაქტი, რომ პარლამენტი ქუთაისშია, დისკომფორტს არ გიქმნით?

– ზოგადად, ეს ყველას უქმნის დისკომფორტს. ძალიან ძნელია წინ და უკან სიარული და ოჯახის გარკვეული პერიოდით მიტოვება. ისეც არ ხდება, რომ ოჯახთან ერთად გადაბარგდე ქუთაისში, რადგან ვიღაცის მეუღლე, შესაძლოა, თბილისში მუშაობს, ვიღაცის შვილი სწავლობს და ასე...

– ამბობენ, რომ პარლამენტის წევრები და თანამშრომლები „სადიას“ ქათმებივით იხარშებიან მინის ქვაბში.

– (იცინის) როგორ გითხრა? მე სადაც ვარ, კონდიცირება არის, მაგრამ სერიოზული უჰაერობაა, ფანჯრები არ იხსნება და საკმარისია, რამდენიმე წუთით გაითიშოს კონდიციონერი, შესაძლოა უჟანგბადობით მოკვდე ან მოიხარშო.

– ნიკო, ჟურნალისტები, ზოგადად, უჩივიან პრესსამსახურების უფროსებთან კონტაქტს. ამას წინათ, სოციალურ ქსელში ჩემი კოლეგების მოსაზრებებს ვკითხულობდი, სადაც წერდნენ, რომ ბევრ მათგანს მინისტრი ჰგონია თავი, რადგან თვით მინისტრები გაცილებით კონტაქტურები არიან, ვიდრე მათი პრესსამსახურის უფროსები. რა იქნება თქვენი პრიორიტეტები და თქვენთანაც ხომ არ გაჭირდება დაკონტაქტება რაღაც პერიოდის შემდეგ?

– სამინისტროებისგან განსხვავებით, პარლამენტი ცოტა სხვა სისტემაა საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია, ვინ, სად, როგორ და რა ფუნქციებს გადავინაწილებთ. ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის ნახვა რომ გინდოდეთ, უნდა მიმართოთ იმ ფრაქციის ან კომიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელიც დაგეხმარებათ. თუმცა, ესეც ამ ეტაპზე ძალიან პირობითია და, როგორც უკვე გითხარით, დამუშავების პროცესშია. კონკრეტულად ჩემი საქმე ამ ეტაპზე ის არის, რომ პარლამენტის მუშაობა იყოს უფრო გამჭვირვალე, ანუ ჩანდეს, ერთი მხრივ, კანონპროექტი ნებისმიერ მომენტში რა ეტაპზეა; მეორე მხრივ, იმ საქმიანობის გადმობარება, რასაც ამ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ და ცოტა ხანში, ჩვენი გასაკეთებელი იქნება. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ამ დროისთვის სისტემა მოუქნელია, იგივე ვებ-გვერდი, რომელიც ძალიან სასარგებლოა მედიისთვის, ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობის მხრივ ან თუნდაც, საგანაცხადო აპლიკაციის მარტივად შევსების თვალსაზრისით.

скачать dle 11.3