რა შეუთვალა საერთო მეგობრის პირით ვანო მერაბიშვილმა მიხეილ ხუბუტიას და რატომ ვერ შეახვედრა საქართველოს პატრიარქმა ის ბიძინა ივანიშვილს
რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციაში საკუთარი სამსახური შესთავაზა როგორც მორალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. წერილი უპასუხოდ დარჩა, ამიტომაც ბ-ნმა ხუბუტიამ პრემიერს მეორე წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ბ-ნი ივანიშვილის პასიურობაში მისი გარემოცვის კვალზე მიანიშნა. ჩვენ დავუკავშირდით მიხეილ ხუბუტიას, რომ უშუალოდ მისგან შეგვეტყო, რას სთავაზობდა საქართველოს ხელისუფლებას და როგორია მისი სამომავლო გეგმები ისტორიულ სამშობლოსთან მიმართებაში.
– წერილში აღწერილია, რატომ დაწერეთ, მაგრამ იქნებ ჩვენი მკითხველისთვის კიდევ ერთხელ დააზუსტოთ, რამ გადაგაწყვეტინათ ამ ფორმით დაკავშირება?
– მოვლენები შემდეგ აღარ განვითარებულა, მე, როგორც ნამდვილი პატრიოტ ქართველს მიმაჩნია, რომ საქართველოს განვითარებაში რაღაც წვლილი უნდა შევიტანო. ჩვენ, რამდენიმე ქართველი, გუშინაც შევიკრიბეთ აქ და მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, თითქმის 100-100 მილიონი დოლარი დაედოთ.
– ინვესტიციის თუ დახმარების სახით?
– მე თვითონ ბიზნესმენი ვარ რუსეთში, ვიცი, სად ჩავდო კაპიტალი, როგორ დავაბანდო და რა მოგება უნდა მქონდეს, მაგრამ ეს ხომ ჩვენი სამშობლოა?! დიდი გამოცდილება მაქვს და უპირველესად, მინდა, დიდი სამონადირეო მეურნეობა გავაკეთო საქართველოში. სადაც იქნება საშუალება, დავპატიჟოთ მაღალი დონის სტუმრები. ამისთვის დამჭირდება 25 მილიონი დოლარი და ისიც მესმის, რომ ეს ფული შესაძლოა, 100 წელიწადში ამოვიღო. მეორე – მე ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე და მინდა, ზუგდიდს ვაჩუქო უფასო სპორტული სკოლა. ჩემი ძმა უამრავ წერილს წერს ამ თხოვნით, მაგრამ არავინ პასუხობს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არავის არაფერი აინტერესებს.
რაც შეეხება ჩემს წერილს: ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდათ, რომ ალტერნატიული რაღაც გააკეთონ, ვიღაცეები გაიცნონ, რომ საჭირო კაბინეტებში მოხვდნენ, მაგრამ ჩვენ, ვისაც შეგვიძლია, მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება, სრულ იგნორირებას გვიკეთებენ. მივწერე პირველი წერილი ბიძინა ივანიშვილს, ავუხსენი როგორი სიტუაცია იყო და, თუ დაგვთანხმდებოდა, შეხვედროდა მის მიერ დათქმულ დროს დიასპორას. გარდა ამისა, რუსულ ინტელიგენციასაც ძალიან აინტერესებს, შეხვდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაუსვან შეკითხვები.
– ეს შეხვედრა უნდა გამართულიყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე?
– რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ მაქვს იმის გაჭირვება, რომ ვერ ვიქირაო თვითმფრინავი და ადამიანები სხვა ქვეყანაში ჩავიყვანო პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად, მაგრამ რატომ?! ქართული დიასპორა ეპატიჟება თავის ხელისუფალს და ხომ უნდა გასცე მაინც პასუხი, არ შემიძლია, არ მინდა.
– ან თქვენ ჩამოდითო?
– დიასპორის დღეები გაკეთდა საქართველოში, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება: ჩაიყვანეს ხომერიკი, რომელიც ამბობს, რომ ქართველებს აქვთ ოკუპირებული რუსეთიო. აი, ასეთი მეგობრები ჰყავთ რუსეთში და ასეთ ხალხთან ურთიერთობენ. როდესაც არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს წერილის შემდეგ, გული დამწყდა და შევიკრიბეთ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ამბიციები მაწუხებს: მე არც ბიძინა მჭირდება და არც მიშა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და საქართველო არ მაინტერესებს, ბიზნესის მხრივ, მხოლოდ პატრიოტული მოტივი მამოძრავებს. მე კარგად ვიცი, სად რა გავაკეთო და ბევრად უკეთ ვიცი, როგორ გავაკეთო, ვიდრე ბიძინამ თუ ვინმე სხვამ. როდესაც არ გვიპასუხა, მე მივწერე გულდაწყვეტილი წერილი. მან ბევრი კარგი გააკეთა, ტირანიისგან გაათავისუფლა საქართველო, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება?! რადგან ბატონი ბიძინა ასე თავშეკავებულია, ესე იგი, სხვა მინისტრებსაც ეშინიათ.
– თქვენ მეორე წერილში ამბობთ, რომ პრემიერ-მინისტრის გარემოცვა უშლის ხელს თქვენს შეხვედრას. ვინ მიგაჩნიათ მთავარ „დამნაშავედ“ გარემოცვაში, ვის გამოც ვერ ხერხდება კომუნიკაცია?
– მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ძალიან ჯიუტი ადამიანია, მაგრამ მას, ასევე, ხელს უწყობენ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, დამოუკიდებლად გააკეთებენ რაღაცას და იმის ტვინი კი არ ჰყოფნით, რომ რუსეთში ქართველების დიასპორას დახმარება სჭირდება. ხომ უნდა გავითვალისწინოთ, ვის რის გაკეთება შეუძლია? ვის შეუძლია, შეკრიბოს რუსული ინტელიგენცია, ქართული დიასპორა? ვის მიესვლება რუსეთის პირველ პირებთან? როდესაც ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს, ხდება უხეში გამოხდომები და საზღვრის გადმოწევა.
– პირადად მე, ეს აღვიქვი რუსეთის მხრიდან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის დამატებითი დისკომფორტის შექმნად?
– დავუშვათ, ჩემთვის არაფერს ნიშნავს 100 დოლარი, მაგრამ ვინმემ რომ წამართვას, ხომ ვეჩხუბები, ესე იგი, დიალოგია საჭირო, რასაც მე ვერ ვხედავ. ზურაბ აბაშიძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, უპირველესად, იმიტომ რომ ირაკლი აბაშიძის შვილია, მაგრამ ზურაბ აბაშიძემ რა უნდა გააკეთოს, როდესაც ვერავის ხვდება და ვერ ნახულობს?! წინა ხელისუფლება მუდმივად გვაგინებდა, მაგრამ აქ სულითა და გულით ქართველი ადამიანები ცხოვრობენ. გაოგნებულები ვართ, რატომ გვიკეთებს ახალი ხელისუფლება იგნორირებას?!
რადგან მე მქონდა ჩემი აზრი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ამიტომაც გახდა ვანო მერაბიშვილი ჩემი მტერი, თორემ 2008 წლის აგვისტოში ჩემი ძმა დაიჭირეს, იარაღი ჩაუდეს, მაგრამ შემდეგ გაირკვა ყველაფერი და გამოუშვეს. შემდეგ მე მინდოდა აქაური ადმინისტრაციის უფროსის, ნარირკინის ჩაყვანა და ვანომ ჩვენი საერთო მეგობრის პირით შემომითვალა, როგორც კი თვითმფრინავიდან ნაბიჯს გადმოდგამს, მაშინვე ციხეში გაგაქანებთო.
– რატომ? რა დანაშაულისთვის?
– არ ვიცი, რატომ. გამორიცხულია, დანაშაული ჩავიდინო, ალბათ, პოლიტიკური მოტივით, რადგან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჩამოყვანა მინდოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმ ადამიანმა გამაფრთხილა, არ ჩამოხვიდეო.
– არაოფიციალურად გაგაფრთხილათ?
– დიახ, ვაჟკაცურად მითხრა, შენი მტერი ვარ და ნუ ჩამოხვალო. მას ძალიან ბევრი კარგი რეფორმა აქვს გატარებული. დღეს კაციშვილს არ მოსწონს მთელ მსოფლიოში, რომ ვანო მერაბიშვილი დაჭერილია.
– საქართველოში მოსწონს ბევრს, სამაგიეროდ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის?
– მე ერთი ძალიან დიდი ქალაქის მერს შევხვდი, იმ ქალაქში სახლი უნდა ამეშენებინა. მან მითხრა, ახლომდებარე სახლში მცხოვრები ადამიანები წინააღმდეგნი არიან და არჩევნებისას ჩემ წინააღმდეგ გამოვლენო. მე ვკითხე, რამდენი ადამიანია-მეთქი. 20-30-ო. ჩემს ობიექტზე 5 000-მა ადგილობრივმა უნდა იმუშაოს და ამ 20-30 ადამიანის უკმაყოფილება გადაწონის 5 000-ს, ის 5 000 ხომ თქვენ მხარეს იქნება-მეთქი. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოსწონთ და რა არა საქართველოში, ჯერ ხალხს ის უნდა ვუთხრათ, რომ მან ბევრი რამ დააშავა. ჩემი ახლო მეგობარია უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი. ჩემს კაბინეტში, საიდანაც გელაპარაკებით, არაერთხელ მჯდარა. როდესაც ტიმოშენკოს იჭერდა, ვუთხარი, ეს არ გააკეთო, რადგან მსოფლიოში დიდი პრობლემები შეგექმნება-მეთქი. მე არ ვერევი საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ ხომ შეიძლება, გაიგონ, როგორი აზრი აქვთ უცხოეთის ქართველებს?! ქართველების ყველაზე ძლიერი დიასპორა რუსეთშია, თუ ამ პოტენციალს არ გამოვიყენებთ, დღეს 300 მეტრით გადაიწევა საზღვარი, ხვალ – 300 მეტრით. არც ბიძინამ და არც ქართველმა ხალხმა არ იცის ჩვენი როლის შესახებ 2008 წლის ომის დროს.
– რადგან ვანო მერაბიშვილზე ჩამოვარდა სიტყვა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს არ მიეღოთ მონაწილეობა ოქტომბრის არჩევნებში.
– ძალიან ცუდია, რომ არ მიგვაღებინეს მონაწილეობა! მოკვეთილი ვყავდით და ახლაც ასე გრძელდება. თინა კანდელაკს სულ აგინებენ, რით დაიმსახურა?! არ ჯობია, ის ადამიანები, ვისაც შეუძლია ამინდის შექმნა, გამოვიყენოთ?! სოსო პავლიაშვილზეც ბევრი ცუდი რამ ითქვა.
– თუმცა პროკურატურამ გააკეთა განმარტება, რომ მას არაფერს ედავებიან.
– წულუკიანმა თქვა, შეიძლება სოსო პავლიაშვილის მიმართ იყოს შეკითხვებიო, რატომ უფუჭებენ ასეთ კარგ ბიჭს სახელს?! უწესიერესი ადამიანია, საქართველოთი ცხოვრობს, თქვენ რა გგონიათ, აქცენტის შეცვლა არ შეეძლო?! მაგრამ მას უნდა, ყოველთვის გამოხატოს, რომ ქართველია. ასეთები ბევრნი არიან. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი ვარ, როდესაც კარგ საქმეს ვაკეთებ, რათა ყველა დავარწმუნოთ, რომ ქართველთან შეიძლება საუბარი, დიალოგი, მეგობრობა, საქმის გაკეთება. მხოლოდ ხელისუფალს შეუძლია, შეგვკრიბოს და გვითხრას, აბა, ბიჭებო, მოგვეხმარეთ, საქმე გავაკეთოთო, მაგრამ არ აკეთებენ, იმიტომ რომ არ იციან, სად წავიდნენ და ვის მიმართონ. ხელში აიღეს ხელისუფლება, მაგრამ, საითაც უნდა წახვიდე, ჩიხია.
– ბიძინა ივანიშვილი არის პრემიერ-მინისტრი, როგორ წარმოგიდგენიათ, მხოლოდ დიასპორის მიწვევით რუსეთის ფედერაციაში ჩასვლა, რომელთანაც ჩვენ ძალიან რთული ურთიერთობა გვაქვს, ამას ემატება ჩახლართული გეოპოლიტიკური კონტექსტი, იქნებ ამ უხერხულობის გამო შეიკავა თავი?
– ძალიან ხომ ცდილობდა, რომ ფორუმის დროს შეხვედროდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს?!
– დავოსის ფორუმს გულისხმობთ?
– დიახ, ხელი ჩამოართვა და ორიოდ სიტყვა გაცვალეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასე კეთდება საქმე, ცდება. ან თუ იმას ფიქრობთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საქმის გაკეთება – წაიკითხეთ კრემლის საიტები, მე ხშირად ვხვდები აქაურ პრეზიდენტს, საბჭოს წევრი ვარ და მაქვს იმის უფლება, ხშირად შევხვდე პრეზიდენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც.
– სწორედ მაგას ვამბობ, შეიძლება არ არის მზად რუსეთის ხელისუფლებასთან შესახვედრად, თუნდაც, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით?
– თქვენ, ალბათ, ჩემი წერილი არ წაგიკითხავთ. მე მას მივწერე, თუ თქვენ დაინტერესდებით, მე ჩამოვალ, მოვილაპარაკოთ და, როდესაც დავბრუნდები მოსკოვში, აქ შევათანხმებ საკითხებს-მეთქი. სხვათა შორის, საქართველოს პატრიარქმა დამიბარა, ბიძინას შეგახვედრებო. მე ჩამოვედი, ორ-სამ დღეს ვიყავი, მაგრამ პატრიარქმაც თავი შეიკავა.
– ეს როდის მოხდა?
– მარტში. სპეციალურად ამისთვის ჩამოვედი. შეიძლება, ბიძინას ჩემზე მეტი ფული აქვს, მაგრამ თუ იმის ამბიციაც აქვს, ხუბუტიას არ შევხვდებიო, არც ეს არის პრობლემა, თქვას, ვისთან უნდა შეხვედრა და იმ კაცს მივუყვან. ეს თვითონ მინდოდა, ჯერ მისთვის მეკითხა. გვინდა, რომ ყრილობა მოვიწვიოთ და ორივე ქვეყნის ხელისუფალს დავუსვათ შეკითხვები. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, მაგრამ დიდი პრობლემები გვაქვს დიასპორას: აქ არის უამრავი დევნილი, რომლებსაც არ აქვთ საბუთები და უამრავი პრობლემა ექმნებათ. 19-20 წლის ყმაწვილები ვერც ექიმთან მიდიან, ვერც ინსტიტუტში აბარებენ და ბაზრებში იმალებიან. ჩემს ბავშვობაში ციგნები იმალებოდნენ ასე. უპირველესად, მინდა, რომ ეს პრობლემები გადავწყვიტო.
– ბიძინა ივანიშვილსაც რუსეთში ჰქონდა ბიზნესი, გვქონდათ მასთან რამე ტიპის საქმიანი შეხება, იცნობთ?
– მე არასდროს შევხვედრივარ, ნანახიც არ მყავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. მაგალითად, „ალფა ბანკის“ მფლობელი პეტრე აველი, ასევე, იური შებლერი. ორივენი მილიარდერები არიან. იური შებლერი ლონდონში ცხოვრობს, ისინი ბიძინას ახლო მეგობრები არიან და ჩემი ძმაკაცები. მე ბატონმა ავენმა დამირეკა რამდენიმე თვის წინათ, სხვათა შორის, მან იყიდა „ბორჯომი“, მაგრამ მე არ მინდა ბიძინა ივანიშვილთან მეგობრის დარეკვით შეხვედრა.
– ისევ ელით, რომ გიპასუხებთ თუ როგორი სამოქმედო გეგმა გაქვთ?
– მე ორჯერ უკვე გადავდექი დიასპორის პრეზიდენტობიდან, უკვე 50 წლის ვარ და ჩემი საქმეები მინდა, მოვაგვარო. იმას, რის გაკეთებასაც საქართველოში ვაპირებდი, ახლა აქ ვაკეთებ. მე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს სიტყვა მივეცი.
– პუტინს?
– დიახ, მე რუსეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ, თუ მე ჩემი ისტორიული სამშობლო არ მიყვარს, რუსეთს როგორ შევიყვარებ?! პრეზიდენტს სიტყვა მივეცი, რომ ღარიბი ვუნდერკინდი ბავშვებისთვის გავაკეთებ სკოლას, რომელიც 50-დან 100 მილიონ დოლარამდე დამიჯდება. მე ძალიან ვაფასებ და ძალიან მიყვარს პუტინი. როგორიც უნდათ, ისეთი ინტერპრეტაცია გაუკეთონ, მაგრამ მე მას ძალიან ვაფასებ და თანაც, დარწმუნებული ვარ, სანამ ეს პრეზიდენტია, რუსეთი ფეხზე დადგება. თუმცა რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს, მიუხედავად სააკაშვილის განცხადებებისა, რუსეთი ჩამოიშლებაო. პირიქით, რუსეთი ვითარდება.
ჩემი უახლოესი გეგმა კი ასეთია: ვაპირებ, ახალგაზრდები ორი კვირით ჩამოვიყვანო ბათუმში და დავასვენო.
– წინა ხელისუფლების დროს ვერ ჩამოდიოდით საქართველოში, ესე იგი, დღეს ეს პრობლემა აღარ არის?
– ექვსი წლის შემდეგ პირველად, ახალ წელს ჩამოვედი და, უპირველესად, საქართველოს მიწას ვაკოცე. 90 წლის მამა 6 წელი არ მყავდა ნანახი. მაგრამ ჩემი, ერთი კაცის, ჩამოსვლას რა აზრი აქვს?! ხომ გაგიგიათ, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. მთავარია, ხალხმა იცხოვროს კარგად, თორემ ჩემს ჩამოსვლას მათთვის რა აზრი აქვს. თუმცა ძალიან მიხარია, რომ ჩამოსვლის შესაძლებლობა მაქვს, იმიტომაც ვეფერები ბიძინას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა ვნახოთ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.