რა შემთხვევაში აჭრიდნენ საქართველოში დამნაშავეს სხეულის რამდენიმე ნაწილს და რატომ სჯიდა საერო სამართალი ცხვირის მოკვეთით მხოლოდ მოღალატე ცოლებს
კარგა ხანია, არსებობდა მითოლოგიური მოსაზრება, რომ ქართველები, ზოგადად, არაკანონმორჩილი ხალხია, თუმცა გასულმა 9 წელმა დაგვარწმუნა, რომ ქართველობა და კანონმორჩილება საკმაოდ ჰარმონიულად უთავსდებიან ერთმანეთს. ერთი ისაა საკითხავი, კანონმორჩილებას რეპრესიების შიში იწვევს თუ საკითხის ჯეროვანი გაცნობიერება. მეორე მხრივ, არანაკლები პრობლემაა საკუთრივ ქართულ ხასიათზე მორგებული კანონები (რაც მათდამი მორჩილების აუცილებელი პირობაა) – ჯერჯერობით კანონთა უმეტესობა გადმოწერილი გვაქვს. ამიტომაც დავინტერესდით, ისტორიულად, როგორ რეგულირდებოდა სამართლებრივი საკითხები მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფო ძლიერიც იყო და ჭეშმარიტად დამოუკიდებელიც – ვგულისხმობ თამარის ეპოქას. საკითხზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი გვესაუბრება.
– როგორი სამართლებრივი ველი არსებობდა თამარის დროინდელ საქართველოში?
– სამართლის წყაროების თვალსაზრისით, ძალიან ძნელია, რომ თამარ მეფის პერიოდი ცალკე გამოვყოთ. ბუნებრივია, თამარის პერიოდში არსებობდა სამართლებრივი შინაარსის მქონე ძეგლები, მაგრამ ეს არ იყო სამართლის წიგნთა კრებულების სახით.
– აბა, რას ეფუძნებოდა სამართალი?
– შეგვიძლია, ვისაუბროთ ჩვეულებით სამართალზე, რაც ზოგადად ყველა სახელმწიფოსთვის იყო დამახასიათებელი და წინასახელმწიფოებრივი მდგომარეობისთვისაც. მეტიც, ჩვეულებითი სამართალი თავის მოქმედებას საქართველოში, მათ შორის, მეოცე საუკუნეშიც კი ავლენს. და, რა თქმა უნდა, არსებობდა საეკლესიო სამართალი.
– საეკლესიო სამართალი, ალბათ, დაწერილი სახით არსებობდა.
– დიახ და ქართულადაც იყო თარგმნილი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლებიც ითარგმნა, არის მცირე სჯულის კანონი და მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის მიჯნაზე – დიდი სჯულის კანონი, რომელიც ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში სავალდებულო ძეგლად ითვლება, საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით. ასევე, არსებობდა მეფის მიერ გაცემული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური ხასიათის აქტები.
– ჩვეულებითი სამართალი ახსენეთ, როგორც მივხვდი, ის დაუწერელი სახით არსებობდა. რას გულისხმობდა?
– ჩვეულებითი სამართალი ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა სფეროს ეხებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებითი სამართალი სახელმწიფოებრიობამდელ მდგომარეობაში ჩამოყალიბდა, შემდგომში სახელმწიფო, თავისი და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ზღუდავდა კიდეც ჩვეულებითი სამართლის მოქმედებას. თუმცა დაბეჯითებით შეიძლება, ითქვას, რომ ჩვეეულებით სამართალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაწერილი სახით სამართლის ძეგლების ჩამოყალიბებაში. ბუნებრივიც არის, რადგან ჩვეულებითი სამართალი მისაღები იყო მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ თვითონ ხალხის მიერ ყალიბდებოდა და უფრო ადვილად გასაგები იყო.
– ყველამ იცოდა, რა ქცევა იყო დასაშვები და რომელი – არა?
– მაგალითად, იყო ნორმები, დაკავშირებული მიწის საკუთრებასთან, დანაშაულთან და სასჯელთან მიმართებაში. ეს შეიძლებოდა, შეხებოდა სამართალწარმოების წესს, როგორ განიხილავდნენ სადავო საკითხებს და ასე შემდეგ.
– ვინ განიხილავდა სადავო საკითხებს?
– ჩვეულებითი სამართალი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა, ამიტომ საკმარისი ცნობებია. გააჩნია დანაშაულს, თუ ეს იყო თემის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ის შეიძლებოდა, განეხილა თემის ან ხევის კრებასაც. თუ ეს იყო უფრო კერძო ინტერესების შემლახველი დანაშაული, მაგალითად, მკვლელობა, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა, საქმე მედიატორებს ან ხევისთავს გაერჩია. მაგალითად, ვიცით, რომ სვანეთში მედიატორები არჩევდნენ და მხარეები თვითონ ირჩევდნენ მათ.
– ძალიან დემოკრატიული სისტემა ყოფილა.
– საკმაოდ დახვეწილი სისტემა იყო.
– რა ტიპის სასჯელები მოქმედებდა, რა იყო ყველაზე მკაცრი და მსუბუქი სასჯელი და რა ქმედებებისთვის?
– ალბათ, სიკვდილით დასჯა.
– მართალია, თამარის ეპოქას ეს არ ეხება, მაგრამ ვიცით, რომ დემნა ბატონიშვილს თვალები დასთხარეს. ხშირად იყენებდნენ სასჯელის ასეთ ფორმას?
– დემნა ბატონიშვილი მხოლოდ თვალების დაწვით, რაც წყაროებში მბნებელობად მოიხსენიება, არ დაუსჯიათ. თუმცა სასჯელის ზოგადი სახელწოდება, რაც დემნა ბატონიშვილს შეეფარდა, არის განპატიჟება, რაშიც იგულისხმებოდა სამი ტიპის სასჯელი: თვალების დაწვა, ასოთმიღება, ანუ სხეულის რომელიმე ნაწილის მოკვეთა და დასაჭურისება. დასაჭურისება იყო სპეციფიკური სასჯელი, რომელიც შეეფარდებოდა სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელს და დემნა ბატონიშვილს, გარდა თვალების დაწვისა, შეუფარდეს დასაჭურისებაც, რასაც, საბოლოოდ გადაჰყვა.
– დასაჭურისების მიზანი იყო, რომ შთამომავლობა აღარ ჰყოლოდა და პრეტენზია ვერ განეცხადებინათ ტახტზე?
– დასაჭურისება ორ მიზანს ისახავდა, ერთი, რომ შთამომავლობა აღარ ჰყოლოდა და, მეორე, საქართველოში საჭურისი არ შეიძლებოდა, გამეფებულიყო. რაც შეეხება ასოთმიღებას: ის გულისხმობდა ცხვირის, ენის, ხელის, ყურის, ფეხის მოკვეთას. ამასთან, არ იყო აუცილებელი, რომ ერთდროულად მოეკვეთათ რამდენიმე ორგანო.
– რამდენიმე ორგანო შეიძლებოდა, მოეკვეთათ?
– დიახ. ორივე ფეხი მოეკვეთათ ან ორივე ხელი, გააჩნდა დანაშაულის სიმძიმეს. მაგალითად, თუ ადამიანი ხელმეორედ ჩაიდენდა ქურდობას და, თუ პირველ შემთხვევაში ქონებრივი სასჯელი ეკისრებოდა, მეორე შემთხვევაში ხელს ან ფეხს მოჰკვეთდნენ.
– იმდროინდელი გაუტკივარების გარეშე ტარდებოდა ეს პროცედურა?
– პირდაპირ არ არის გადმოცემული, როგორ სრულდებოდა სასჯელი, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ხდებოდა გავარვარებული ხმლით, რომ ერთი დაკვრით დასრულებულიყო.
– ცხვირს რა შემთხვევაში კვეთდნენ?
– თუ ცოლი უღალატებდა ქმარს და შემდეგ აბრუნებდნენ სახლში.
– მოღალატე ქმარს როგორ სჯიდნენ?
– ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან საეკლესიო და საერო სამართლის მიდგომა. საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით, მრუშობისთვის კაციც და ქალიც ერთნაირად ისჯებოდნენ, საერო სამართალში კი, ფაქტობრივად, ვერ ვხვდებით შემთხვევას, რომ მამაკაცი დასჯილიყოს ღალატისთვის. გარდა ამისა, აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ჩვენამდე მოღწეული წყაროების უმეტესობა აღწერს მეფეთა და დიდებულთა ცხოვრებას, ამდენად, ძნელად წარმომიდგენია, დედოფალს ამ საფუძვლით მოეთხოვა მეფის დასჯა.
– დიდებულთა წრეში ყოფილა ცოლის ღალატისთვის დასჯის შემთხვევა ცხვირის მოკვეთით?
– მე არ მახსენდება, თუ არ ჩავთვლით ძველ პერიოდში შუშანიკის შემთხვევას, რომელიც ქმრის დაუმორჩილებლობის გამო დასაჯეს.
– განსაზღვრული იყო, რომელი დანაშაულისთვის რომელი ორგანო უნდა მოეკვეთათ თუ ეს საქმის გამრჩევის პრეროგატივა იყო?
– დანაშაულის სიმძიმეზეც იყო დამოკიდებული, ოღონდ გააჩნია, რას ვუწოდებთ დანაშაულის სიმძიმეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯა, სხეულის ნაწილების მოკვეთაც. იგივე ხდებოდა საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულზეც. ასევე, მოქმედებდა სხვა ტიპის სასჯელების, მაგალითად, შეურაცხყოფისთვის, დაჭრისთვის, მკვლელობისთვის, ძირითადად, გამოიყენებოდა ანაზღაურება. ანუ სისხლის ფასის გადახდა.
– რამდენი – რაზე?
– დიახ, დაწესებული იყო, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენლის მკვლელობაში რამდენი უნდა გადახდილიყო. ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა გლეხის სისხლს, რაც უთანაბრდებოდა 12 თუმანს, 60 ძროხის ეკვივალენტს.
– არც ისე იაფი ღირებულა გლეხის სისხლი.
– დიახ, ეს ძალიან დიდი ფასი იყო, თუმცა დიდგვაროვნის სისხლი 128-ჯერ მეტი ღირდა, ვიდრე გლეხის სისხლი. ეს საკმაოდ ეფექტიანი შემაკავებელი მექანიზმი იყო, ჯერ ერთი, მკვლელს გაუჭიდებოდა სისხლის აღებისგან თავის დაცვა იმ რეგიონებში, სადაც ჩვეულებითი სამართალი ძლიერად იყო შემორჩენილი და, რომც დაეღწია კიდეც თავი, გადასახადი იმდენად დიდი იყო, რომ ოჯახის ეკონომიკურ განადგურებას იწვევდა. სხვა კატეგორიის სასჯელებიდან ვხვდებით თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ თავისუფლების აკვეთა ფართოდ გამოიყენებოდა.
– იყო საქართველოში საპატიმრო ადგილები?
– ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ „შუშანიკის წამებაში“ მოგვეპოვება ეს ცნობები. შემდგომი პერიოდის წყაროებიც გვაქვს, მაგალითად, ლიპარიტ ბაღვაში ორჯერ დააპატიმრა დავით აღმაშენებელმა.
ამასთან, არსებობდა გვემითი სასჯელები, ცემა-კრვა, რაც საეკლესიო სასჯელადაც გამოიყენებოდა, როდესაც მათრახით სცემდნენ დამნაშავეს. მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 60 დარტყმა იყო, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპეციალური მათრახიც შეიძლებოდა, გამოეყენებინათ და ასე დასჯილი ადამიანი ხშირად ორი-სამი კვირა ფეხზე ვერ დგებოდა. ასევე, რიგი დანაშაულის გამო შესაძლოა, გარკვეული უფლებები ჩამოერთმიათ: მაგალითად, არ შეეშვათ ლაშქარში.
– როგორი მენტალური ცვლილებაა: მაშინ შეზღუდვა იყო ლაშქარში არშეშვება, დღეს ეს – ბედნიერებაა.
– დიახ. ასევე, სასჯელის ფორმა იყო ქონებრივი საზღაური და, ასევე, მოქმედებდა საეკლესიო სასჯელებიც.
– საეკლესიო და საერო სასჯელები ჰარმონიულად უთავსდებოდა, ავსებდნენ ერთმანეთს?
– შეიძლებოდა, ერთი და იმავე დანაშაულისთვის ადამიანს მარტო საეკლესიო სასჯელი შეფარდებოდა, ან მხოლოდ საერო ან ორივე ერთად.
– ასეთ ვთქვათ, სასჯელის შეკრებითობას ემოქმედა?
– დიახ. მაგალითად, მკვლელობისთვის შესაძლებელია, საერო სამართლით, ადამიანს სისხლის ფასის გადახდა დაკისრებოდა, საეკლესიო სამართლით კი, როგორც ვიცით, განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით უზიარებლობას აწესებდა ეკლესია და ეს უზიარებლობა ძალიან მძიმე სასჯელი იყო, რადგან სხვა გარემოებებთანაც იყო დაკავშირებული და იმ პერიოდისთვის, ფაქტობრივად, სამოქალაქო სიკვდილს ნიშნავდა. ადამიანს ეზღუდებოდა ლაშქარში შესვლა, ცოლის მოყვანა, იმიტომ რომ მაშინ მოქმედი წესები ცალსახად ითვალისწინებდა ქორწინების დღეს ზიარებას. შესაბამისად, თუ ადამიანს უზიარებლობა ჰქონდა შეფარდებული, სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა ქორწინებისთვის. ზოგადად, მაშინდელი ცხოვრების წესს თუ გავითვალისწინებთ, ეკლესიისადმი გაცილებით სერიოზული დამოკიდებულება არსებობდა და, ამდენად, უზიარებლობა ძალიან მძიმე სასჯელი იყო.
მაგალითად, შედარებით მსუბუქი იყო გამაწბილებელი სასჯელი, დამნაშავის დამცირება საზოგადოების თვალში: თავზე ნაცრის დაყრა, საფეთქლის გაპარსვა, შიშვლად ჩამოტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ვირზე უკუღმა შესმა.
– თუმცა ისიც ცნობილია, რომ თამარის დროს სასჯელის მკაცრი ფორმები არ გამოიყენებოდა. ეს დასტურდება წყაროებით?
– თამარის დროს არ გამოიყენებოდა სხეულებრივი სასჯელები. ივანე ჯავახიშვილიც ამახვილებს ყურადღებას ამაზე. წყაროებიდან ვიცით, რომ თამარის დროს მოღალატეობისა და ავაზაკობისთვის შეიპყრეს გუზან ტაოსკარელი და დავით სოსლანს მიუყვანეს, მან კი, იცოდა რა თამარის მოწყალება, თამარს არ უთხრა, ისე დასაჯა. სხეულებრივი სასჯელი გამოიყენა. ამ ცნობაზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თამარის დროს სხეულებრივ სასჯელებსა და სიკვდილით დასჯას არ იყენებდნენ. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდებოდა თამარის პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი და, ასევე, იმ წესრიგს, რომელიც თამარის დროს იყო. როგორც ჩანს, დანაშაული ნაკლებად ხდებოდა და მკაცრი დასჯაც არ იყო აუცილებელი.
– და თამარის ეპოქაში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტი, განქორწინება. როგორ გაირჩა განქორწინების ეს საქმე?
– ზოგადად, ქორწინებასა და ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს ეკლესია არეგულირებდა, თუმცა, როდესაც თამარ მეფეზეა საუბარი, პოლიტიკური კონტექსტიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. არსებობს ცნობა, რომ გიორგი მეფე მემთვრალეობითა და და სოდომური ცოდვით იყო შეპყრობილი, რაც დაედო საფუძვლად ამ განქორწინებას.
– არის მოსაზრება, რომ, რაკი ქართველი დიდებულების ნაწილი მიემხრო გიორგი რუსს, ნაკლებად სავარაუდოა, ის სოდომური ცოდვით ყოფილიყო დამძიმებული, თითქოს მოუგონესო.
– ზოგადად პოლიტიკაში ძალიან ძნელია, ადამიანმა რამეზე დადოს თავი, თუმცა ამ ვარაუდსაც აქვს არსებობის უფლება. სოდომური ცოდვა ისეთი საფუძველი იყო, რომელიც ფორმალურად იძლეოდა განქორწინების საშუალებას.
– ჩვენი იმ ეპოქისდროინდელი სასჯელები ჰუმანურია, ნაკლებად თუ საერთო კონტექსტში ჯდება?
– შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენთან მაინც მეტ-ნაკლებად ჰუმანური სასჯელები იყო.
– მუსლიმანურ ქვეყნებთან შედარებით?
– არა მხოლოდ, თუნდაც, ბიზანტიის იმპერია ავიღოთ, სადაც საკმაოდ სასტიკი სასჯელები იყო, ისევე, როგორც ასირიელთა შემთხვევაში. სასჯელის სისასტიკეს, უპირველესად, განაპირობებდა მიზანი: თუ კანონის მიზანი იყო მოსახლეობის დაშინება, მაშინ სასჯელები ძალიან სასტიკი უნდა ყოფილიყო და გვხვდება სიკვდილით დასჯის საოცარი ფორმები, მაშინ, როდესაც საქართველოში სიკვდილით დასჯის მხოლოდ ორი ფორმა არსებობდა: თავის მოკვეთა და ჩამოხრჩობა, რაც სიკვდილით დასჯის იმდრონდელ ფორმებთან შედარებით ჰუმანურადაც შეიძლება, მოგვეჩვენოს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში სიკვდილი იყო. საქართველოში გვაქვს კლდიდან გადაგდების ერთი შემთხვევა მეთორმეტე საუკუნეში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო.