უარნატკეცი
„ფულები არის ჩემი გამხარებელი“
ძველი ჩვევით თუ სხვა მიზეზით, როგორც ფინანსთა მინისტრმა შეგვატყობინა, ჩვენს პრეზიდენტს ბიუჯეტიდან მეოთხე კვარტლის დაფინანსების მეორეში გადმოტანა უთხოვია (ანუ, მადას ისევ არ უჩივის).
მართალია, ამ თხოვნით ფინანსთა სამინისტროსთვის მიუმართავს, თუმცა, ამ უკანასკნელს უარი უტკეცია. უარის მოტივაცია კი შემდეგნაირია (მომყავს ციტატა ბ-ნი ხადურის განმარტებიდან): „საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსება მთელი წლის განმავლობაში ხდება. პრეზიდენტმა გვთხოვა, მეოთხე კვარტლიდან მოვაკლოთ დაფინანსება და გადმოვიტანოთ მეორე კვარტალში. მეოთხე კვარტალში, ცხადია, სხვა იქნება პრეზიდენტი.“
იქვე დასძინა, რომ 10 მილიონი ლარი პრეზიდენტისთვის სავსებით საკმარისია (აბა, თავად პრეზიდენტს ჰკითხეთ?!), საკმარისობის დასტურად კი ციფრებიც მოიშველია: „საქართველოს მთავრობის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. შარშან კი, პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდი ერთად, 120 მილიონ ლარს შეადგენდა“.
როგორც ჩანს, რაკი შარშან შეადგენდა, წელს ეცოტავა (აბა, არ ეცოტავებოდა?!), თუმცა, ოფიციალური მოტივით, პრეზიდენტს დამატებითი დაფინანსება განა საკუთარი, სტუდენტების ბედნიერებისთვის სდომებია (მათი სწავლა უნდა დავაფინანსო უცხოეთშიო), მაგრამ, ფინანსთა მინისტრმა ამ ამაღლებულ მოტივზეც გადაუწურა წყალი: „სპეციალურად შევისწავლე ეს თემა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდს წელს არც ერთი სტუდენტი არ დაუფინანსებია (იქნებ, ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა, რომ დაუფინანსოს სტუდენტებს სწავლა-განათლება?!)“.
რაკი ფინანსები მთავრობის ხელშია, დიდი ალბათობით, ვაი რომ, პირველი პირი 10 მილიონზე მეტს ისევე ვერ იხილავს, როგორც საკუთარ ყურებს.