კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უწყობს თუ არა ხელს „სწრაფი კვება“ შაქრიანი დიაბეტის განვითარებას და როგორ ვაკონტროლოთ ის

ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა შაქრიანი დიაბეტით დაავადების რაოდენობა. ის სამწუხაროდ, ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება. მისი გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი არსებობს. თუმცა, უმთავრესად მას ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლის დარღვევა იწვევს. თუ რა გამოვლინებები აქვს შაქრიან დიაბეტს, როგორ ვაკონტროლოთ ის და რომელ საკვებს უნდა მიანიჭოს განსაკუთრებული ყურადღება ამ დაავადების მქონე ადამიანმა, ამაზე ენდოკრინოლოგი, ნინო ჯიქურაული გვესაუბრება.

ნინო ჯიქურაული: შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა.  სულ რაღაც ათი წლის წინ მსოფლიოში, დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი იყო რეგისტრირებული დიაბეტით.  დღეისთვის კი, დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 300 მილიონამდეა გაზრდილი. ექსპერტთა პროგნოზით 2030 წლისთვის  მოსალოდნელია, დაავადდეს 438 მილიონი ადამიანი,  რაც მოსახლეობის 6,6 პროცენტს შეადგენს.  

– რა იწვევს ამ დაავადებას და თუ აქვს მას გენეტიკური განწყობა?

– შაქრიანი დიაბეტი არის ნივთიერებათა, უმთავრესად კი  ნახშირწყლების  ცვლის ღრმა დარღვევა. მისი განვითარების საფუძველს შეიძლება, წარმოადგენდეს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ზოგჯერ ვირუსული ინფექცია და ხშირად კი – სიმსუქნე. ხელშემწყობ ფაქტორებად გვევლინება –  სერიოზული ნერვიულ-ფსიქიკური გადაძაბვა, უმოძრაო ცხოვრების წესი,  არარაციონალური კვება – ნახშირწყლოვანი (ცომეული, ტკბილეული) და  ცხიმიანი  საკვების გადაჭარბებული მიღება, კვების რეჟიმის დარღვევა, ეგრეთ წოდებული „სწრაფი კვება“.  აღნიშნული გარემოებების  შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ადგილი აქვს პანკრეასის არასრულფასოვან მუშაობას,  ინსულინის გამომუშავების დარღვევას. ინსულინი კი არის ჰორმონი, რომლის საშუალებითაც ხდება გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნება სისხლში.  ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის გავლენით ინსულინის აქტივობა დაქვეითებულია.

– როგორც ამბობოენ, სიმსუქნისკენ მიდრეკილ ადამიანებს ყველაზე დიდი შანსი აქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების. ეს რამდენად რეალურია?

–  სიმსუქნე ყველაზე ხშირი მიზეზია მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორებს შორის. პირველი ტიპის დიაბეტის დროს პანკრეასის უჯრედები დაზიანებულია, ინსულინის დონე დაქვეითებული. სიმსუქნის დროს ინსულინი გადაჭარბებული რაოდენობითაც კი გვაქვს, მაგრამ სისხლში შაქრის  რეგულირება ვერ ხერხდება. ამ მდგომარეობის მიზეზია ინსულინრეზისტენტობა.  მარტივად რომ ავხსნათ, ინსულინს ქსოვილები ვერ აღიქვამს და შაქრის ნორმალიზება ძნელდება.  ნორმაში, მსუბუქი ინსულინრეზისტენტობა ორგანიზმს ზამთრიდან გაზაფხულის ბოლომდე მიჰყვება. ეს მდგომარეობა ერთ-ერთი ადაპტაციური მექანიზმია  ენერგიის დასამარაგებლად. მსუქანი ადამიანი კი მუდმივად ასეთი „დაგროვების“ ფაზაშია.  ხანგრძლივი ინსულინრეზისტენტობის შედეგად შაქრიანი დიაბეტი ყალიბდება. 

– რა სიმპტომები ახასიათებს შაქრიან დიაბეტს, რომ ადვილად ამოვიცნოთ მისი არსებობა და დროულად მივმართოთ შესაბამის სპეციალისტს?

– შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები ყველასთვის ცნობილია. გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, სისხლში შაქრის მომატება. ერთ შემთხვევაში შაქრიანი დიაბეტის მწვავე დასაწყისი – ძლიერი სიგამხდრით, გამოფიტვით ვლინდება, ხოლო  მეორე შემთხვევაში შესაძლოა, იყოს მადის გაძლიერება და წონის მომატება. სისხლში შაქარი ზოგჯერ 250 – 300მგ/დლ ან მეტია, მაგრამ შესაძლოა, არც ერთი სიმპტომით არ იჩენდეს თავს.  ეს მდგომარეობა უფრო მსუქნებს ახასიათებთ, რომელთაც ნახშირწყლოვანი ცვლის გარკვეული დარღვევა აღენიშნებათ. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ნახშირწყლოვანი დარღვევა დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ წლები, აქვთ ფარულად, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იციან. ასეთ შემთხვევაში, დიაბეტის ტიპური სიმპტომები დამახასიათებელი არ არის და დაავადებამ შეიძლება თავი იჩინოს შემთხვევით,  უკვე შაქრიანი დიაბეტის შორს წასული გართულების ნიშნებით ან შემთხვევითი ანალიზით. ადრეულ სტადიაზე მხოლოდ ერთჯერადი შაქრის განსაზღვრა ინფორმაციას არ იძლევა. აუცილებელია, რისკის მქონე ადამიანებში ჩატარდეს სრულყოფილი ტესტი ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევების გამოსავლენად. დიაბეტის დროს მიმდინარე დარღვევები, რომელთაც დროული და სათანადო ყურადღება არ ეთმობა, განაპირობებს გართულებებს სხვადასხვა ორგანოების მხრივ. ამის გამო შაქრიან დიაბეტს ვერაგ დაავადებასაც უწოდებენ. ხშირია  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – არტერიული წნევის მომატება, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ზოგჯერ უსიმპტომო ინფარქტი, თვალისა და თირკმლის დაზიანება,  ტერფის დეფორმაცია და წყლული. მიუხედავად ასეთი პროგნოზისა, დიაბეტით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხი არ განსხვავდება არადიაბეტიანი ადამიანისგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ  საკმარისი წარმოდგენა აქვთ დაავადებაზე  და ითვალისწინებენ ექიმის მითითებებს. ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა შაქრიანი დიაბეტის პრევენციას, რაც სიმსუქნის მკურნალობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ითვალისწინებს. დღემდე არ შეცვლილა  მიდგომა მკურნალობის ძირითადი პრინციპების მხრივ. დიეტა მისი აუცილებელი კომპონენტია და ნებისმიერი მკურნალობა, იქნება ეს ტაბლეტოთერაპია თუ ინსულინოთერაპია კვების რეჟიმის გარეშე უეფექტო იქნება.  სამწუხაროდ, დიაბეტი ტიპი 1-ის პრევენცია შეუძლებელია. ის ვლინდება ჩვილობიდან 40 წლამდე ასაკში და საჭიროებს ინსულინით მკურნალობას. მეორე ტიპის დიაბეტის დროს კი ყველაფერი კონკრეტული ადამიანის ხელშია. მის სურვილზე ბევრად არის დამოკიდებული ჯანმრთელობა და მოსალოდნელი საშიში დაავადებების თავიდან აცილება. ტიპი-2 დიაბეტი ვლინდება მოზრდილებში და სამწუხაროდ, ეგრეთ წოდებული „მოზრდილთა დიაბეტი“ ბოლო დროს იმატებს ბავშვებშიც. ბავშვებში მისი ძირითადი მიზეზი სიმსუქნეა. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც სხეულის მასის შემცირებითაც კი შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ეს რთულად სამართავი დაავადება.

– როგორ შევძლოთ დიაბეტის დროს თვითკონტროლი საკუთარ ორგანიზმზე?

–  ყოველ ვიზიტზე ექიმთან  განხილული თავის მოვლის  წესები, მათ შორის კვების თავისებურებები, ინდივიდუალურად დგება, ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე.  კარგად განსწავლული ადამიანი გართულებებისგან მეტწილად დაზღვეულია. თვითკონტროლის აუცილებელი კომპონენტია გლუკომეტრი. დიაბეტიან ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება გაიგოს რამდენია სისხლში შაქრის დონე მოცემულ მომენტში. აწარმოოს დღიური და ექიმთან ერთად, რეგულარულად გააანალიზოს ცვლილებები, დიაბეტის უკეთესი მართვისთვის. 

ადრე გაზაფხული პროდუქტის სიმცირით გამოირჩევა. ეს  პერიოდი კრიტიკულია ყველა ადამიანისთვის – ავიტამინოზის, იმუნიტეტის დაქვეითების,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის,  ფსიქო-ემოციური ლაბილობის გამო.  ამ დროს განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნილება ცომეულსა და ტკბილზე, რაც გავლენას ახდენს  დიაბეტის მოვლის ხარისხზე, სხეულის მასის კონტროლზე. საქმე ისაა, რომ ზამთარში ჩვენი ორგანიზმი ჭარბად მიღებულ ნახშირწყლებს, ანუ ენერგიის მარაგს ცხიმის სახით ინახავს. „დაგროვებითი“ ნივთიერებათა ცვლა მადის მომატებას განაპირობებს. მადასთან ერთად, მატულობს შაქარიც და წონაც. ამიტომ რეკომენდებულია მადის მოწესრიგებაზე ზრუნვა, პოლივიტამინების მიღება, დანაკლისის შესავსებად, ენერგიისა და განწყობის შესანარჩუნებლად, კვების რეჟიმში მოყვანა (საუზმე, სადილი და ვახშამი).  ბურღულეულის მიღება, ბოსტნეულისა და ცილოვანი პროდუქტის ულუფის გაზრდა.  „სწრაფი ნახშირწყლების“ – პურის, ტკბილეულის ამოღება რაციონიდან. რძის პროდუქტები – ხაჭო, მაწონი კი, ყოველდღიურად უნდა მიიღოთ. ეს ხელს შეუწყობს დანაყრების შეგრძნების შენარჩუნებას. აუცილებელია,  ცხიმების შეზღუდვა და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, არა მხოლოდ სისხლში შაქრის ნორმალიზებისთვის, არამედ მადის დაქვეითების მიზნითაც. ალკოჰოლის რაოდენობა მკაცრად იზღუდება, გულ-სისხლძარღვთა სისტემა ყველაზე საფრთხილოა. 

– გამიგია, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს ადამიანმა ფეხსაცმლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომელიც აუცილებელია. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– დიახ,  სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უნდა გავამახვილოთ ყურადღება ფეხსაცმლის შერჩევაზე. მოგეხსენებათ, ტერფი ძალიან ფაქიზი საკითხია დიაბეტის დროს. მით უმეტეს, თუ უკვე არის ტერფის დაზიანების ან დეფორმაციის ნიშნები.  რამდენადაც სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი ჩვენს ქვეყანაში იშვიათობაა, გასათვალისწინებელია, რამდენიმე დეტალი. ფეხსაცმელი უნდა შეეფერებოდეს ტერფის მოცულობას. ფეხსაცმელში საკმარისი სივრცეა საჭირო ტერფის თავისუფალი და უმტკივნეულო მოძრაობისთვის. ის არ უნდა იყოს ვიწრო, არ უნდა ჰქონდეს უხეში ნაკერები, მყარი ან ძალიან თხელი ძირი. სასურველია, ძირი იყოს დაახლოებით ისეთი, როგორიც აქვს სპორტულ ფეხსაცმელს, რბილი და დრეკადი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცუდი ხარისხის მასალა სხვადასხვა ბაქტერიისა და სოკოს გამრავლებას უწყობს ხელს. დიაბეტის დროს კი ნებისმიერი სოკო თუ ბაქტერია გაცილებით ადვილად აღწევს კანში. დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა და ამიტომ, ყველა დიაბეტიანისთვის  უპირატესი მნიშვნელობა აქვს მკურნალი ექიმის მითითებებს, კონკრეტული ცხოვრებისეული გარემოებების გათვალისწინებით, რაც მწვავე გართულებების  რისკს შეამცირებს. 

скачать dle 11.3