მედიაჰოლდინგმა “ჯორჯიან თაიმსმა„ წლის საუკეთესო ბიზნესკომპანიები დააჯილდოვა
30 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა წლის საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევათა ცენტრ „გორბის” ინიციატივით იყო ორგანიზებული. ტრადიციული მე-14 ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ცერემონიალს ბიზნესსექტორთან ერთად, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ექსპერტების, ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მიერ 2012 წლის 25 საუკეთესო კომპანიად დასახელდნენ: „თიბისი ბანკი”, „საქართველოს ბანკი”, ბანკი „კონსტანტა”, „ჯეოსელი”, „ორბი ჯგუფი”, „ფლაი ჯორჯია”, „რუსთავის აზოტი”, „ვისოლ ჯგუფი”, „ვითიბი ბანკი ჯორჯია”, კომპანია „ზედაზენი”, „სარაჯიშვილი”, კომპანია „ავერსი”, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, „წყალი მარგებელი -ნაბეღლავი”, „გეოპლანტი გურიელი”, „გუდვილი”, „ვაგონმშენი”, „ნატახტარი”, „ჩაი პეტრა”, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუფერი”, „გაზ-ენერჯი”, „ქიმერიონი”, „შპს ჯგუფი”, „ჯორჯიან ამერიკან ელოის”, „ინტეგრირებული ქართული სისტემები.”
. წლის გამარჯვებული კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია” გახდა. „სოკარის” გენერალურ დირექტორს, მაირ მამედოვს, გარდამავალი ბოლნური ჯვარი მედიაჰოლდინგის პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა და კომპანია „გორბის“ პრეზიდენტმა მერაბ ფაჩულიამ გადასცეს. ცერემონიალზე სპეციალურად მიწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს.
ქართული ბიზნესის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა ბადრი პატარკაციშვილის დედას, ნათელა პატარკაციშვილს. დაჯილდოების ცერემონიალზე ჟურნალისტების მიერ ექსპრომტად ჩატარებული „კვლევის” შედეგად, ჟურნალისტების რჩეულის ტიტული კომპანია „სმარტმა” მოიპოვა.
„ქორთიარდ მარიოტში” შეკრებილი საზოგადოების მუსიკალურ და ხალისიან განწყობაზე ჯგუფმა „ფორტემ” იზრუნა, წამყვანის ამპლუაში საღამოს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უძღვებოდა.