რას ვერ იშორებს ია კიწმარიშვილი წარსულიდან და რა გამოცდებს უწყობს მას ცხოვრება
პოპულარულმა პროექტმა „მის საქართველომ”, რომელიც „იმიჯ ცენტრის” ეგიდით წელს მეთერთმეტედ ჩატარდება, სტარტი უკვე აიღო. პროექტი, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და ძალიან ბევრ გოგონას უხსნის გზას წარმატებული მომავლისკენ, ივლისის ბოლოს ჩატარდება. „იმიჯ ცენტრის” ხელმძღვანელს, ია კიწმარიშვილს „მის საქართველოს” სამზადისსა და პროექტის კადრს მიღმა დარჩენილ ისტორიებზე ვესაუბრეთ.
ია კიწმარიშვილი: კონკურსანტების რეგისტრაცია დაწყებულია და გასტანს 20 ივნისამდე. წელს გამარჯვებულისთვის, როგორც შარშან, მთავარი პრიზი კვლავ იქნება „ტოიოტა რავ 4”, რომელიც კიდევ უფრო ახალი და უკეთესი მოდელია. 21 ივნისს ჩატარდება ქასთინგი, სადაც შევარჩევთ 20 გოგონას. ისინი გააგრძელებენ ბრძოლას „მის საქართველოს” ტიტულის მოსაპოვებლად, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია ივლისის ბოლოსთვის. გამარჯვებულს ექნება დრო, მოემზადოს „მის მსოფლიოსთვის”, რომელიც ჩატარდება სექტემბერში, ინდონეზიაში, ჯაკარტაში. „მის საქართველო 2013-ს” წელს მეთერთმეტედ ჩავატარებთ. „იმიჯ ცენტრი” ახორციელებს რამდენიმე პროექტს, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული და ყველაზე ხანდაზმული მაინც „მის საქართველო” რჩება. პირადად მე ისეთი განცდა მაქვს, რომ მთელი ცხოვრება ამ პროექტს ვაკეთებ, რადგან, მეც და ჩემი თანამშრომლებიც მთელ სულსა და გულს ვდებთ ამ პროექტში. ვინც მიცნობს იცის, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოვირჩევი და საქმეში ყველა დეტალის მიმართ საფუძვლიანი მიდგომა მაქვს.
– ამის მიუხედავად, „მის საქართველო” სკანდალებს მაინც ვერ აღწევს ხოლმე თავს. ოპონენტები იმასაც ხშირად გსაყვედურობენ, რომ ქართული სილამაზის თქვენებურ სტანდარტს ქმნით.
– ამ სფეროში მე არ ვარ გამონაკლისი. მსგავს პროექტებს, მით უმეტეს – სილამაზის კონკურსებს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აკლია მსგავსი „ფიარი”, თუმცა, ჩემმა გამოცდილებამ ერთი რამ მასწავლა: მე უნდა ვაკეთო ჩემი საქმე კეთილსინდისიერად და, რაც მოსახდენია, მოხდეს. როცა შენ კეთილსინდისიერად აკეთებ შენს საქმეს, ბოლო ყოველთვის კეთილია, ის ეგრეთ წოდებული სკანდალებიც, ამიტომაც არის ხოლმე მოკლევადიანი. თავიდან მსგავს ისტორიებზე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ, რაც უნდა დიდი მონდომებით აკეთო ეს პროექტი, ეს ის საქმეა, რომელშიც მსგავსი სკანდალებისგან ბოლომდე ვერასდროს ვერ დაიზღვევ თავს. ოპონენტებისგან მე ისიც გამიგია, ია კიწმარიშვილი თავისნაირებს ირჩევსო, მაგრამ, ამდენი წლის გამოცდილება, მგონი, არ უნდა აძლევდეთ ამის თქმის საშუალებას (იცინის). კანისა და თვალის ფერი არასდროს არაა გადამწყვეტი. ჩვენ ვცდილობთ, კომპლექსური მიდგომით ავირჩიოთ ყველაზე ღირსეული გოგონა. იმას აუცილებლად ვიტყვი, რომ პროექტი ყოველწლიურად უფრო და უფრო პოზიტიური და პოპულარული ხდება – ამას მე თავადაც ვამჩნევ; ვამჩნევ გოგონების ნაკადით, საზოგადოების დამოკიდებულებით. კონკურსზე წლიდან წლამდე უფრო და უფრო უკეთესი გოგონები მოდიან და ეს არცაა გასაკვირი, რადგან, დროსთან ერთად იცვლება თაობა: გოგონები უფრო ადრეულ ასაკში იხვეწებიან, უფრო გახსნილი გონებით, შეხედულებებით და დამოკიდებულებებით გამოირჩევიან. თავიდან, როდესაც ამ პროექტის გაკეთება დავიწყეთ, მაშინ რა თქმა უნდა, არ იყო ასეთი მასშტაბური როგორც დღესაა, თუმცა, ის, რომ პირველი „მის საქართვველო”, ირინა ონაშვილი გაემგზავრა მსოფლიოს ¹1 საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე – „მის მსოფლიოზე,” ეს „იმიჯ ცენტრისა” და პირადად ჩემი დამსახურებაა, რითაც ძალიან ვამაყობ. მიმაჩნია, რომ საქართველოდან გოგონების მონაწილეობა მსგავსი დონის საერთაშორისო კონკურსებზე არის ძალიან დიდი მიღწევა, როგორ შეფასებას აძლევს მათ საერთაშორისო ჟიური, ამაზე, სამწუხაროდ, მე ვერ ვაგებ პასუხს. მე არ ვაკლებ ძალისხმევას, მონდომებას, შრომას, ფინანსებს იმისთვის, რომ საუკეთესოდ წარვდგეთ საერთაშორისო კონკურსებზე, თუმცა, მარტო ჩემი და რამდენიმე სპონსორის თუ მხარდამჭერის თანადგომა, რომლებსაც, მინდა, მადლობა გადავუხადო წლიდან წლამდე ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, არ კმარა წარმატების მისაღწევად. საერთაშორისო ჟიურის მიდგომა ჩემთვის მაინც ბურუსით რჩება მოცული, თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ თითოეული გოგონასთვის ძალიან დიდი მიღწევაა, თავისი ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტული ატაროს.
– როდესაც ამ პროექტის გაკეთება დაიწყეთ, თქვენი მეუღლე ქვეყნის გავლენიანი პირი იყო და მისი დამსახურებით თქვენთვის ბევრი ტექნიკური ბარიერის გადალახვა, ალბათ, უფრო იოლი იქნებოდა.
– ეს ძალიან მცდარი აზრია, ჩემი მეუღლე არასდროს ჩარეულა ჩემს საქმეებში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ, როდესაც ჩემი მეუღლე ხელმძღვანელობდა „რუსთავი 2-ს,“ მაშინ უფრო მეტი პრობლემა მქონდა პროექტის გაშუქების, ვიდრე ახლა მაქვს, რადგან, მას ყოველთვის ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება – არ უყვარს ახლობლობითა და ნათესაობით გაკეთებული საქმეები და, მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ნიჭი და უნარი, თავად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. თუ მე ვინმეს რამეს ვუმტკიცებ მთელი ცხოვრება, ეს, პირველ ყოვლისა, არის ჩემი მეუღლე, რომელიც არის ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი (იცინის). აქვე უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მეტი პრობლემა მაშინ შემექმნა, როდესაც ის პოლიტიკაში ღიად დაფიქსირდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ცხოვრების ყველა ეტაპი ღირსეულად გავიარეთ. მე აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, პოლიტიკური პერიპეტიების მიუხედავად, ვაკეთებ ჩემს საქმეს და, მიმაჩნია, რომ, შემიძლია, ჩემი საქმით სარგებელი მოვუტანო ჩემს ქვეყანას და იმ გოგონებს, რომლებიც ამ კონკურსებში იღებენ მონაწილეობას.
– უდავოა, რომ თქვენ ბევრი ქართველი გოგონას ცხოვრება და ბედი შეცვალეთ უკეთესობისკენ.
– ეს ძალიან კარგი განცდაა. მე თვითონ ძალიან აზარტული და ემოციური ვარ. როცა ვხედავ ადამიანს, რომელსაც აქვს პოტენციალი ჩვენს სფეროში, ვერ დავუშვებ, რომ მას შანსი არ მივცე; მეტიც, პროექტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რამდენიმე შანსსაც ვაძლევ ხოლმე გოგონებს. ეს ძალიან საინტერესო სფეროა: გოგონებს უწევთ ურთიერთობა ბევრ საინტერესო ადამიანთან; ხვდებიან განსხვავებულ სამყაროში; ეჩვევიან დამოუკიდებლობას, რაც ჩვენს დროში ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აძლევს მათ.
– ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ხართ გოგონების მიმართ.
– ვფიქრობ, რომ ეს სიმკაცრე არ არის. მე პრინციპული ადამიანი ვარ, მიყვარს წესრიგი. თვითონაც შრომისმოყვარე ვარ და იმავეს მოვითხოვ სხვებისგან. არ მიყვარს და არ მესმის, როცა გოგონას საკუთარი თავის არ სჯერა. სულ ვეუბნები ხოლმე მათ: ახლა ჩემი გამოცდილება და თქვენი ასაკი და სიტუაცია მომცა-მეთქი (იცინის). როცა ჩემნაირი გამოცდილი ადამიანი გიდგას გვერდში, გეხმარება და გაძლევს შანსს, წარმატებული მომავალი შექმნა, როგორ არ უნდა გამოიყენო?! მე არასდროს მყოლია გვერდით ადამიანი, რომელიც გზას გამიკვალავდა. ვიღაცას, შეიძლება, ეგონოს, რომ ჩემს ცხოვრებაში იოლად მოდის რამე, არადა, პირიქით არის – ცხოვრება ხშირად მიწყობს გამოცდებს და ყველაფერს რთულად ვაღწევ. თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ მეც მყავდა გვერდით საინტერესო ადამიანები, პედაგოგები, მწვრთნელები თუნდაც მაშინ, როცა კალათბურთს ვთამაშობდი, ვისაც კარგი ცხოვრებისეული რჩევა მოუცია ჩემთვის.
– პროფესიულ დონეზე თამაშობდით კალათბურთს?
– ვთამაშობდი საქართველოს ნაკრებში, ასევე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში. მე ვიყავი გამთამაშებელი – ეს არის გუნდში მოთამაშე, რომელიც, პრაქტიკულად, ხელმძღვანელობს თამაშის პროცესს; ასევე, ხშირად ვიყავი გუნდის კაპიტანი და, ალბათ, ამიტომაცაა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ ადამიანთან მუშაობა, პროცესში სხვადასხვა აზრის გათვალისწინება და მუშაობის გუნდური წესი. ალბათ, ჩემი წარსული განაპირობებს ჩემს სპორტულ აზარტს, რომელიც ახლა ძალიან მადგება.
– იცლით ძველი და საყვარელი საქმისთვის?
– სპორტული ადამიანი ვარ, მიყვარს ცხოვრების სპორტული წესი. ზაფხულობით, თუ მაქვს ხოლმე შანსი, მეგობრებთან ერთად არც კალათბურთზე ვამბობ უარს – ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ ბავშვობის მეგობრები შევიკრიბოთ.
– ანუ, თქვენი გუნდი გაქვთ?
– ჩვენ ბევრნი ვართ და სამეგობრო გუნდი ყოველთვის გამოგვდის (იცინის). ჩემი რეჟიმი არ მაძლევს საშუალებას, კალათბურთს ბევრი დრო დავუთმო, მაგრამ, ეს ისაა, რისი ნოსტალგიაც მაქვს, რადგან, საერთოდ, ასე ვარ – რაც მიყვარს, ის სამუდამოდ მიყვარს.
– თქვენი ქალიშვილების ჩართვაზე თუ ფიქრობთ თქვენს ბიზნესში?
– ჩემს შვილებს ცხოვრების ის ეტაპი აქვთ, როდესაც აქტიურად არიან დაკავებული სწავლით. უფროსი ვაჟი და შუათანა ქალიშვილი სწავლობენ ამერიკაში, კოლეჯში, უმცროსი ქალიშვილი თბილისშია და კოლეჯისთვის ემზადება. სწავლა-განათლება და პროფესიული არჩევანი მათთვის დღეს ყველაზე დიდი პრიორიტეტია – ამისკენ მოვუწოდებ ახალგაზრდა მოდელებსაც, რადგან, ჩვენთან სამოდელო პროფესია, სამწუხაროდ, ჯერ არაა იმ დონეზე, რომ ახალგაზრდებს თავის რჩენის საშუალება ჰქონდეთ. რაც შეეხება ჩემი შვილების ჩართვას ჩემს საქმეში, ჩვენ ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს – ყველა თავის არჩევანს აკეთებს. მეც და ჩემი მეუღლეც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვაძლევდით არჩევნის საშუალებას და ისინი დამოუკიდებლობას შევაჩვიეთ. როგორც ვიცი, ჩემს შვილებს ჩემი საქმიანობა მოსწონთ, იმედი მაქვს, გულის სიღრმეში ამაყობენ კიდეც, მაგრამ, არჩევანი მათი გასაკეთებელია, მე არაფერს დავაძალებ. თუ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მათი ცხოვრება პროფესიულად ჩემსას გადაკვეთს, ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები.