მკვდარი ვერსია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N7-22(648)
იპოდრომის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მაგიდის უჯრიდან სააღრიცხვო ჟურნალი ამოიღო, ზურაბს გაუწოდა და ჰკითხა:
– ეს რაიმენაირად უკავშირდება ჩვენი თანამშრომლის მკვლელობას?
– შესაძლებელია, – უპასუხა მან და ჟურნალის თვალიერებას შეუდგა.
ჟურნალში მითითებული იყო ყველა იმ მცველის ვინაობა, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მორიგეობდნენ. ზურაბის გასახარად, მთელი ამ დროის განმავლობაში მცველთა შემადგენლობა მხოლოდ ერთმა თანამშრომელმა დატოვა, დანარჩენები კი ისევ იპოდრომზე მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, მათთან შეხვედრა და საუბარი სირთულეს არ წარმოადგენდა.
– სად შეიძლება თქვენს თანამშრომლებთან შეხვედრა? – ზურაბმა გვერდზე გადადო სააღრიცხვო ჟურნალი და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს მიუბრუნდა.
– კონკრეტულად რომელი თანამშრომელი გაინტერესებთ? – ჰკითხა მან.
– დრო რომ არ დავკარგოთ, მოკლედ აგიხსნით ვითარებას, – უპასუხა ზურაბმა, – დაახლოებით ერთი თვის წინ იპოდრომის ავტოსადგომზე ჩხუბი მოხდა. ჩხუბში თქვენი აწ გარდაცვლილი თანამშრომელი დიმა გაბისონიაც მონაწილეობდა. მე მაინტერესებს დაცვის სამსახურის ის წევრები, რომლებიც იმ დღეს მორიგეობდნენ და ჩხუბს შეესწრნენ.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა დაცვის სამსახურის უფროსმა, – მაგრამ, ამისთვის თანამშრომლების გამოძახება არ დაგჭირდებათ, იმ ჩხუბს მეც შევესწარი.
– რა შეგიძლიათ, მითხრათ მომხდარის შესახებ? – მოსასმენად მოემზადა ზურაბი.
– ეს დაკითხვაა? – ჰკითხა დაცვის სამსახურის უფროსმა.
– არა, ჯერჯერობით, უბრალოდ, ვისაუბროთ. თუ თქვენს ნაამბობში რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა, ოფიციალურად დაგკითხავთ.
– კეთილი... – დაცვის სამსახურის უფროსი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ განაგრძო: – ის ჩხუბი უშუალოდ დიმას არ უკავშირდებოდა. ყველაფერი ერთი ჩვენი მუდმივი კლიენტის მეგობრის გამოხდომას მოჰყვა.
– მუდმივ კლიენტში დოდო კასრაძეს გულისხმობთ? – ჰკითხა ზურაბმა.
დაცვის სამსახურის უფროსმა სწრაფად გახედა და შემდეგ უპასუხა:
– დიახ... ის ტიპი დოდოს ავტოსადგომზე შეხვდა. როგორც შემდეგ თანამშრომლებმა მითხრეს, ის დაახლოებით ერთი საათი იცდიდა. ბიჭებს თავიდანვე არ მოეწონათ მისი საქციელი. აშკარად ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა: სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა; დროდადრო მანქანიდან გადმოდიოდა და ღობის იქიდან ათვალიერებდა იპოდრომის შიდა ტერიტორიას.
– მისი ვინაობა ხომ არ იცით?
– ვიცი. აკაკი რაზმაძე.
– რაზმაძე?! – გაუკვირდა ზურაბს. მას ადრეც სმენოდა ეს სახელი და გვარი – ორიოდ წლის წინ აკაკი რაზმაძე საქართველოში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორად ითვლებოდა. შემდეგ მისი კომპანია ფიქტიურ გარიგებებში დაადანაშაულეს. გამოძიებას სასამართლო მოჰყვა. რაზმაძესთან ერთად საბრალდებო სკამზე მისი რამდენიმე ბიზნესპარტნიორიც აღმოჩნდა. მათგან ზოგიერთს სხვადასხვა საპატიმრო ვადა მიუსაჯეს. თავად რაზმაძე და კიდევ ორი ბრალდებული კი სახელმწიფოსთან საპროცესო გარიგების საფუძველზე დარჩნენ თავისუფლებაზე. თუმცა, იმ შემთხვევის შემდეგ რაზმაძეს კომპანიამ არსებობა შეწყვიტა და მას აღარ მოიხსენიებდნენ მსხვილ ბიზნესმენთა შორის.
– დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად ის იყო? – ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ჰკითხა ზურაბმა.
– რა თქმა უნდა. მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ და რაღაც-რაღაცეებში ვერკვევი, – გაეღიმა დაცვის სამსახურის უფროსს, – რაზმაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ, ვიცი, ვინც არის და ხშირადაც მინახავს აქ მოსული.
– კასრაძესთან ერთად?
– დიახ. დროდადრო მანქანით მოჰყავდა, ზოგჯერ საღამოობით აკითხავდა. ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა. შემდეგ ის თითქმის წელიწად-ნახევრით გაქრა, ერთი თვის წინ კი ისევ გამოჩნდა, – უპასუხა დაცვის სამსახურის უფროსმა.
– ჩხუბის მიზეზის შესახებ რა იცით? – გამოკითხვა განაგრძო ზურაბმა.
– იმაზე, თუ რა მოხდა დოდოსა და რაზმაძეს შორის, ვერაფერს გეტყვით. როგორც ბიჭებმა მითხრეს, ის ავტოსადგომზე დახვდა დოდოს, ხელი მხრებში სტაცა, ანჯღრევდა და რაღაცას უყვიროდა. ვიდრე დაცვის სამსახური რამეს მოიმოქმედებდა, ავტოსადგომზე დიმა გამოჩნდა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა დოდოსთან და ბუნებრივია, მისი დახმარება გადაწყვიტა. რაზმაძე არ შეეპუა და ლანძღვა-გინებით მოუქნია მუშტი. დიმამაც არ დაუთმო – რაზმაძე სცემა და მანქანაში ჩატენა.
– თქვენ სად იყავით იმ დროს?
– ზუსტად იმ დროს მივედი ავტოსადგომზე, დაცვის ბიჭებს დიმა გაკავებული რომ ჰყავდათ, რაზმაძე კი უკვე მიდიოდა.
– რაზმაძე გაბისონიას ემუქრებოდა?
დაცვის სამსახურის უფროსი ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– სიმართლე გითხრათ, არ მსიამოვნებს ეს საუბარი, მაგრამ, ტყუილსაც ვერ გეტყვით – ემუქრებოდა. რამდენჯერმე შეაგინა დაძრული მანქანის ფანჯრიდან და დაემუქრა, რომ ძალიან მალე და ძალიან მწარედ ანანებდა ამ დღეს.
– როგორ იქცეოდა ამ დროს გაბისონია? – ჰკითხა ზურაბმა.
– გაცოფებული იყო. ბიჭები გაჭირვებით აკავებდნენ. მეც გამაღიზიანა რაზმაძის საქციელმა. დაძრული მანქანიდან გინება არავინ ჩაუთვალა დიდ ვაჟკაცობად.
– მუქარაზე რას იტყვით? თქვენი აზრით ანგარიშგასაწევი იყო მისი ნათქვამი?
– რა გითხრათ... – მხრები აიჩეჩა დაცვის სამსახურის უფროსმა, – საერთოდ ქართველებს გვახასიათებს ასეთი მუქარები. რომელი ჩხუბი გინახავთ სიტყვების ბაქი-ბუქის გარეშე – მოგკლავ! დაგკლავ! ჩემი ხელით გაგითხრი საფლავს!.. მოკლედ რომ ვთქვა, თავადაც ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. მაგრამ, იმ დღეს რაზმაძის მზერაში რაღაც სხვაც დავინახე. იშვიათად მინახავს ასე გაშმაგებული ადამიანი. დიმას მორევის იმედი რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, იქვე გაგლეჯდა შუაზე.
– გაბისონიასთან თუ ისაუბრეთ მომხდარის შესახებ? – განაგრძო ზურაბმა.
– რა თქმა უნდა. ინციდენტი იპოდრომის ტერიტორიაზე მოხდა და, მე, როგორც დაცვის სამსახურის უფროსი, ვალდებული ვიყავი, გარკვეული რეაგირება მომეხდინა. თუმცა, მეც არ ვამტყუნებდი დიმას. მის ადგილას მეც იმავეს მოვიმოქმედებდი. დოდო ჩვენი მუდმივი კლიენტია, მას ყველა ვიცნობთ. მაგრამ, ამასაც არა აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, ის იყო ქალი, რომელსაც მამაკაცი დაესხა თავს, დიმამ კი ის დაიცვა. იპოდრომის ხელმძღვანელობამ მადლობაც კი გადაუხადა მას.
– მას შემდეგ რაზმაძე იპოდრომზე აღარ მოსულა?
– არა, მას შემდეგ ის აღარ მინახავს... – სულ ეს არის. შეგიძლიათ, ჩემს თანამშრომლებსაც გაესაუბროთ, მაგრამ, გარწმუნებთ, ამაზე მეტს ისინიც ვერ გეტყვიან.
– არ არის საჭირო, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. გმადლობთ.
– ოფიციალურად როდის დამკითხავთ? – ჰკითხა დაცვის სამსახურის უფროსმა.
– ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის საჭიროებას, – უპასუხა ზურაბმა და სააღრიცხვო ჟურნალი დაუბრუნა.
* * *
აკაკი რაზმაძის მეუღლე, მაკა, 30-32 წლის იქნებოდა. ის დაბალი, გამხდარი ქალი იყო. ტანთ მოზარდი გოგონასთვის შესაფერისი მინი-ქვედაბოლო და მოკლე მაისური ეცვა. მან ჯერ ყურადღებით შეათვალიერა ზურაბი და შემდეგ ჰკითხა:
– ვინ ბრძანდებით?
ზურაბმა პირადობის მოწმობა უჩვენა. მისდა გასაოცრად, დიასახლისს არ გაჰკვირვებია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის სტუმრობა. მან გულგრილი იერით ჩახედა პირადობის მოწმობას და ჰკითხა:
– რა გნებავთ?
– აკაკის ნახვა მინდა. შინაა?
– არა... შინ არ ბრძანდება, – გაღიზიანებული ტონით უპასუხა მაკამ.
– სად შეიძლება მისი ნახვა? – განაგრძო ზურაბმა, – ოფისში უკვე ვიყავი, მაგრამ, იქ არავინაა.
– რა საქმე გაქვთ აკაკისთან? ისევ რამე ავანტიურაში გაება თუ ვინმე მოკლა?
– არა, მსგავსი არაფერი მომხდარა. უბრალოდ, მასთან საუბარი მსურს.
მაკამ ყურადღებით შეათვალიერა სტუმარი და მერე თქვა:
– სახლში შემობრძანდით, იქნებ მე შევძლო თქვენი დახმარება.
დიასახლისმა სასტუმრი ოთახში შეიყვანა ზურაბი და დივანზე დაჯდომა შესთავაზა, თავად კი მის პირისპირ ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ლაპარაკი განაგრძო:
– სულელი არ ვარ და ვხვდები, რომ უბრალოდ სასაუბროდ შინ არ მოაკითხავდით აკაკის. რაშია საქმე, რამე დანაშაული ჩაიდინა?
– მისთვის რამდენიმე კითხვის დასმა მინდა, – უპასუხა ზურაბმა.
– ესე იგი, მისით ისევ ინტერესდება პოლიცია და, ალბათ, პროკურატურაც, – დაასკვნა მაკამ.
– მისი განსაკუთრებული ინტერესი რომ მქონდეს, მე კი არ მოვიდოდი, ჩემს თანამშრომლებს გამოვგზავნიდი, რომლებიც თქვენს მეუღლეს სამმართველოში მომიყვანდნენ.
– ახლა უკვე გასაგებია მისი გაქრობის მიზეზი. მე კი მეგონა, ისევ იმ ძუკნასთან გადაბარგდა! – გულგრილად ჩაილაპარაკა მაკამ.
– რას გულისხმობთ გაქრობაში? – ჩაეძია ზურაბი.
– სხვა რა უნდა თქვა კაცზე, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ მოვა სახლში, არ დაინტერესდება, რას საქმიანობს მისი ცოლი, როგორ არიან შვილები?!
– აკაკი ორი კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა? – დაიძაბა ზურაბი.
– არ გამოჩენილა, – დაუდასტურა მაკამ, – იმ კრეტინს ტელეფონითაც ვერ ვუკავშირდები, ეტყობა, ისევ შეცვალა სიმბარათი!
– პოლიციისთვის არ მიგიმართავთ? – ჰკითხა ზურაბმა.
– რისთვის? – მხრები აიჩეჩა მაკამ, – ეს პირველად არ ხდება. განსხვავება ისაა, რომ ადრე მისი გაქრობა ყოველთვის ქალებს უკავშირდებოდა, ახლა კი, ვეჭვობ, რომ პოლიციას ემალება.
– ჰქონდა საამისო მიზეზი?
– ეგ თქვენ უკეთ გეცოდინებათ, – ირონიით უპასუხა მაკამ.
– გარწმუნებთ, რომ აკაკისთან მხოლოდ სასაუბროდ მოვედი.
მაკამ ეჭვით შეხედა და შემდეგ თქვა:
– მაშინ, იმ ძუკნასთან მოიკითხეთ!
– ვის გულისხმობთ? – ჰკითხა ზურაბმა.
– მის საყვარელს... თქვენს ყოფილ კოლეგას, დოდო კასრაძეს. შემთხვევით, ხომ არ იცნობთ?
– არა, – თავი გააქნია ზურაბმა.
– მისამართი არ ვიცი, თორემ, სიამოვნებით მიგასწავლიდით. თუმცა, თქვენ ხომ პოლიციელი ხართ და არ გაგიჭირდებათ მისი ბორდელის მოძებნა – აკაკი ნამდვილად იქ იქნება. ის ყოველთვის ასე იქცეოდა. ყოველი წაკინკლავების შემდეგ იმ ბორდელს აფარებდა თავს! – ბრაზით წამოისროლა მაკამ.
– თქვენ გინდათ, თქვათ, რომ აკაკის გაქრობამდე მასთან კამათი მოგივიდათ? – ჰკითხა ზურაბმა.
– კამათი ის სიტყვა არ არის, – შენიშნა მაკამ, – მიკვირს, როგორ გამასწრო სახლიდან. ყველაფერი იმ საზიზღარი ქალის გამო მოხდა. აკაკი არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერთგულებით, მაგრამ, იმ ძუკნას გაცნობის შემდეგ საერთოდ შეიშალა. ჯერ იყო და თითქმის ორი თვით გადაიკარგა, შემდეგ კი ისეთი რამ გააკეთა, რასაც მისნაირი ნაძირალასგანაც კი არ ველოდი!
– რას გულისხმობთ?
– მე ძალიან გვიან გავიგე მომხდარის შესახებ, თორემ, ამის საშუალებას არ მივცემდი. იმ კრეტინმა აწყობილი, მოქმედი ბიზნესიდან გაიტანა წილი და ახალ საქმეში ჩადო! – უპასუხა მაკამ.
– სამშენებლო ბიზნესში ხომ არა? – ჰკითხა ზურაბმა.
– დიახ... საიდან იცით? – გაოცებით შეხედა მაკამ.
– ახლა მშენებლობა ყველაზე უსაფრთხო და მომგებიან ბიზნესად ითვლება. როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისში ბევრი ბიზნესმენი ცდილობს ფულის სამშენებლო საქმეში ჩადებას.
– მე არ მაინტერესებს, ვინ როგორ ცდილობს თბილისში ფულის შოვნას, – ცივად შენიშნა მაკამ, – ჩემი ოჯახისთვის კი აკაკის იდიოტური წამოწყება ძალიან ცუდად დამთავრდა. ერთ წელზე მეტია, რაც იმ საქმეში ჩადო ფული და მთელი ამ დროის განმავლობაში სახლში ერთი თეთრიც არ მოუტანია. ჩემი მშობლები რომ არა, აქამდე შიმშილით ამოვწყდებოდით, მას კი საერთოდ არ ადარდებს ჩვენი მდგომარეობა. მისი გონება მხოლოდ იმ ქალითაა დაკავებული!
– იმ კომპანიის დასახელება ხომ არ გახსოვთ, რომელშიც ფული ჩადო თქვენმა მეუღლემ?
– ზუსტად არ მახსოვს. თუ არ მეშლება „ექსტრაგრუპჯორჯია” უნდა ერქვას.
– „ინტელგრუპჯორჯია” ხომ არა? – შეუსწორა ზურაბმა.
– მართალი ხართ, დიახ... ნამდვილად ასე ჰქვია, – მაკას ისევ ეჭვნარევი გაუხდა მზერა, – ესე იგი, თქვენ ესეც იცით!.. რა შარში გაეხვა ამჯერად აკაკი?!
– არა, არა, – თავი გააქნია ზურაბმა, – უბრალოდ, მე მის რამდენიმე პარტნიორს ვიცნობ, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობა აქვთ „ინტელგრუპჯორჯიასთან”. იქნებ, თქვენც იცნობთ მათ?
– ვის გულისხმობთ? – ჰკითხა მაკამ.
– ანდრო სირაძესა და ილია ნინუას, – ზურაბი გამომცდელად ჩააცქერდა სახეში.
– სირაძე... სირაძე... ნინუა... – მაკა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა: – არა, წარმოდგენა არ მაქვს, ვისზე საუბრობთ.
– არც მერაბ ინწკირველი გსმენიათ? – განაგრძო ზურაბმა.
– პირველად მესმის, – ისევ იუარა მაკამ.
– დიმა გაბისონია ხომ არ უხსენებია?
– კიდევ დიდხანს გაგრძელდება ეს უმსგავსობა? – მაკამ ბრაზით ჩაჭყლიტა სიგარეტი საფერფლეში და ზურაბს ნაკვერჩხლებივით წამონთებული თვალები მიაპყრო, – გასაგებად გითხარით, რომ წარმოდგენა არ მაქვს, სად დაწანწალებს ის არამზადა და ვისთან აქვს ურთიერთობა. ერთადერთი პიროვნება, რომლის ვინაობაც ვიცი, დოდო კასრაძეა. მასთან მოიკითხეთ აკაკი!
– დამშვიდდით... კასრაძის გარდა, ვინ შეიძლება იცოდეს მისი ადგილსამყოფელი? – ფრთხილად ჰკითხა ზურაბმა.
– თქვენ რა, ყრუ ხართ?! – იფეთქა მაკამ, – რამდენჯერ გაგიმეოროთ, რომ არ ვიცი?! რამდენიმე დღეა, მისი მშობლებიც ცდილობენ გაარკვიონ მისი ასავალ-დასავალი, მაგრამ, ამაოდ!
– კიდევ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, – სთხოვა ზურაბმა, – აკაკი ისევ სარგებლობს იმ იაპონური მანქანით?
– რომელი მანქანით? – გაოცებით შეხედა მაკამ.
– კარგად არ მახსოვს, მუქი ლურჯი ფერის იყო თუ შავი.
– ასეთი მანქანა აკაკის არასდროს ჰქონია. ის საერთოდ ვერ იტანდა იაპონურ მანქანებს.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ზურაბმა და წასასვლელად ადგა, – მეტს აღარ შეგაწუხებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.
მაკამ გასასვლელ კარამდე მიაცილა სტუმარი, დამშვიდობებისას კი სთხოვა: იმ არაკაცს როცა შეხვდებით, გადაეცით, რომ, შეუძლია, საერთოდ აღარ მოვიდეს აქ. ამ დღეებში მის გარეშე შევიტან განცხადებას განქორწინების თაობაზეო – და ბრაზით მიხურა კარი.
ზურაბი სწრაფი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე. გზაში მობილური ტელეფონი მოიმარჯვა, ნიკას დაუკავშირდა და მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა:
– ყველა საქმე გადადე და სასწრაფოდ მოდი „ინტელგრუპჯორჯიასთან”. თხუთმეტი წუთში ოფისის შესასვლელთან ვიქნები...
* * *
თხუთმეტი წუთის შემდეგ ნიკა „ინტელგრუპჯორჯიას” მთავარ ოფისს მიუახლოვდა. გზის საპირისპირო მხარეს ზურაბის მანქანას მოჰკრა თვალი და მისკენ განაგრძო გზა. მანქანა იქვე შეაჩერა, ზურაბის მანქანაში გადაჯდა და მაშინვე საქმეზე გადავიდა.
– რა მოხდა?
– ინწკირველს სერიოზულად უნდა დაველაპარაკოთ, – უპასუხა ზურაბმა.
– ეს ასე სასწრაფოა?! – გაუკვირდა ნიკას.
– იცი, ვინ აღმოჩნდა დოდოს იდუმალი მეგობარი?
– ვინ?
– აკაკი რაზმაძე.
– ის რაზმაძე?! – გაოცებით გახედა ნიკამ.
– ჰო, სწორედ ის რაზმაძე, – დაუდასტურა ზურაბმა, – მაგრამ, ეს წვრილმანია იმასთან შედარებით, რასაც ახლა გეტყვი: დოდომ სიმართლე გითხრა – რაზმაძე მართლაც დახვდა იპოდრომთან და მასა და გაბისონიას შორის ნამდვილად მოხდა ჩხუბი. ახლა რაზმაძის სახლიდან მოვდივარ. მის მეუღლეს ვესაუბრე და, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოს, აღმოჩნდა, რომ რაზმაძეს იგივე ურთიერთობა ჰქონდა „ინტელგრუპჯორჯიასთან”, რაც სირაძესა და ნინუას.
– მაგით რისი თქმა გინდა?
– დაახლოებით ერთი წლის წინ რაზმაძემ თავისი წილი გაიტანა ბიზნესიდან და ფული „ინტელგრუპჯორჯიაში” ჩადო.
– სად არის ახლა რაზმაძე? იქნებ, ამჯერად მაინც მოვახერხოთ „ინტელგრუპჯორჯიას” აქციონერთან გასაუბრება?
– არა მგონია, ეს რომ შევძლოთ, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ზურაბმა, – ორი კვირაა, რაც ის ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ.
– იმალება?! – ივარაუდა ნიკამ.
– შეიძლება. მაგრამ, ასევე, შესაძლებელია სხვა ვარიანტიც, – გახედა ზურაბმა, – საერთო სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, „ინტელგრუპჯორჯიას” ყველა აქციონერმა ცუდად დაასრულა საქმიანობა.
– ამიტომაც გინდა ინწკირველთან საუბარი?
– ბუნებრივია.
– ზურაბ, აშკარაა, რომ ინწკირველის უკან ძალიან სერიოზული ხალხი დგას, ცალკე პროკურატურაც გვტისკავს. მე არაფერი მაკავშირებს გაბისონიას საქმესთან და, ჩემი შენთან ერთად ოფისში გამოჩენა, შეიძლება, შენ წინააღმდეგ გამოიყენონ, – თქვა ნიკამ.
– ვიცი, მაგრამ, ნაცნობ ქალთან მისვლა არავის აუკრძალავს შენთვის, – თვალი ჩაუკრა ზურაბმა.
– შენ გინდა, რომ...
– მინდა კი არა, ასე სჭირდება საქმეს. ვიდრე მე ინწკირველით ვიქნები დაკავებული, შენ დოდოს გაესაუბრები. გამორიცხულია, რომ მან არაფერი იცოდეს რაზმაძისა და ინწკირველის ურთიერთობის შესახებ. საუბარს გამოკითხვის ფორმას ნუ მისცემ, ფრთხილად შეაპარე.
– დოდო მაგას არ ჭამს, – შენიშნა ნიკამ.
– მართალი ხარ. რაც არ უნდა იყოს, პროკურატურის ყოფილი გამომძიებელია.
– რამეს მოვახერხებ... წავედით, – თქვა ნიკამ და მანქანის კარი გააღო.
...დოდო გაოცებული მზერით შეეგება მის კაბინეტში გამოჩენილ ნიკას. ერთად გატარებული ღამის შემდეგ ნიკა ტელეფონითაც კი არ დაკავშირებია და ახლა მისი ოფისში მოსვლა სრულიად მოულოდნელი იყო.
ნიკამ ლოყაზე აკოცა ქალს, მის პირისპირ ჩამოჯდა და გამომცდელად შეხედა თვალებში.
– რა მოხდა? – ჰკითხა დოდომ.
– სალაპარაკოდ მოვედი.
– გისმენ, – დოდომ გვერდზე გადადო საქაღალდე, რომელზეც ნიკას მოსვლამდე მუშაობდა.
– არც კი ვიცი, რით დავიწყო, – შუბლი მოისრისა ნიკამ, – არც მინდა და აზრიც არა აქვს შენთან მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს. ყველაფერს პირდაპირ გეტყვი და პასუხსაც პირდაპირს ველი: შენ ყველაფერი არ მითხარი!
– რას გულისხმობ?
– იპოდრომზე მომხდარ ჩხუბს.
– მე ყველაფერი გითხარი, ერთი პიროვნების ვინაობის გარდა.
– მოდი, ყველა და ყველაფერი თავისი სახელებით მოვიხსენიოთ... აკაკი რაზმაძე! – თქვა ნიკამ.
– მე მას კაკოს ვეძახდი, – მშვიდად ჩაილაპარაკა დოდომ, – ესე იგი, მაინც გაარკვიე!
– მე არა, ზურაბმა გაარკვია.
– მე ხომ გთხოვე! – წყენა დაეტყო დოდოს.
– ჩვენ შევთანხმდით, რომ შენი სახელი ოფიციალურ დოკუმენტაციაში არ მოხვდებოდა.
– შემდეგ?
– ზურაბს არავინ დაუკითხავს ოფიციალურად.
– ამაზეც მადლობელი ვარ... – დოდომ პაუზა გააკეთა და შემდეგ ჰკითხა: – რას ცვლის სახელი? ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის, კაკოსთან ვმეგობრობდი თუ ლექსოსთან?
– არაფერს, მაგრამ, შენ არაფერი გითქვამს რაზმაძისა და „ინტელგრუპჯორჯიას” ურთიერთობის შესახებ. იმას ხომ არ მეტყვი, რომ არაფერი იცოდი ამის შესახებ?
– რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს ამას? მე მამაკაცთან მქონდა ურთიერთობა და საერთოდ არ მაინტერესებდა მისი ბიზნესსაქმიანობა, – უპასუხა დოდომ.
– სხვა ვითარებაში ამას მართლაც არ ექნებოდა მნიშვნელობა, მაგრამ, შენ ხომ იცოდი, რომ „ინტელგრუპჯორჯია” იმ საქმეს უკავშირდება, რომელზეც ახლა ვმუშაობ?!
– საქმეს „ინტელგრუპჯორჯია” უკავშირდება და არა კაკო!.. რას მთხოვ, ნიკა? ყველა იმ პიროვნების მონაცემებს ხომ არა, რომლებიც, ასე თუ ისე, უკავშირდებიან ჩემს კომპანიას?! – ირონიით უპასუხა დოდომ.
– რამდენიმე კითხვაზე მაინც მოგიწევს პასუხის გაცემა.
– გააჩნია, რას მკითხავ.
– რაზმაძე შენ დააკავშირე „ინტელგრუპჯორჯიასთან”? – ჰკითხა ნიკამ.
– არა, მე კომპანიის სარეკლამო აგენტი არ ვარ.
– მაშინ, როგორ მოხვდა ის კომპანიაში?
– იმაზე თუ გიფიქრია, რომ კაკო აქ გავიცანი? – კითხვა დაუბრუნა დოდომ.
– აქ გაიცანი?! – დაიბნა ნიკა.
– რა არის ამაში უცნაური? ყველაფერი ბევრად მარტივად მოხდა, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. კაკო თავად დაუკავშირდა ინწკირველს. ბუნებრივია, რომ ხელშეკრულების გაფორმებას მეც ვესწრებოდი და მაშინ გავიცანი კაკო. იმას არ ვიტყვი, რომ პირველი შეხვედრისთანავე მომეწონა. სამაგიეროდ, მას მოვეწონე. შემდეგ ის ხშირად მოდიოდა ოფისში. მოდიოდა ინწკირველთან და მოდიოდა ჩემს მოსანახულებლადაც. ასე დავუახლოვდით ერთმანეთს. გავაგრძელო?..
– არ არის საჭირო, – ყრუდ ჩაილაპარაკა ნიკამ.
– კიდევ რა გაინტერესებს? – ჰკითხა დოდომ.
– რა სარგებელი მიიღო რაზმაძემ კომპანიასთან ურთიერთობიდან?
– როგორც ჩემთვის ცნობილია, არავითარი. ის იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელშიც დანარჩენი აქციონერები.
– მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიაში ჩადებული ფული დაკარგა!
– ეს დროებითი მოვლენაა.
– რაზმაძე შენთან ლაპარაკობდა ამის შესახებ?
– არა. მე თავიდანვე გავაფრთხილე, რომ არ მაინტერესებდა მისი საქმიანობა და მასაც არ უყვარდა თავისი პრობლემების ჩემთან განხილვა, – დოდომ სიგარეტს მოუკიდა და შემდეგ დაამატა: – გთხოვ, ნუ მათქმევინებ იმას, რისი თქმაც არ მსურს!
– რას გულისხმობ?
დოდომ მზერა გაუსწორა და მშვიდად უპასუხა:
– გაიგე, ნიკა, მე მასთან წოლა მომწონდა და მეტი არაფერი, სხვა გრძნობა მის მიმართ არ მქონია. ერთმანეთთან ძალიან მარტივი ურთიერთობა გვქონდა. ის მამრი იყო, მე – მდედრი, მორჩა და გათავდა. სხვა რამ არ მაინტერესებდა – არც მისი საქმიანობა და არაც საბანკო ანგარიში!.. რაც გითხარი, სრულიად საკმარისია დასკვნის გამოსატანად და, მოდი, ნუღარ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. მე ერთხელ უკვე გაგიწიე სამსახური, როდესაც სირაძის ხელშეკრულების ასლი მოგეცი. ამ შემთხვევაში იმავეს აღარ გავიმეორებ. მე დაქირავებული თანამშრომელი ვარ. შენ კი, თუ რამე საბუთი გჭირდება კაკოს საქმიანობასთან დაკავშირებით, ინწკირველს მიმართე! – ცივად დაასრულა დოდომ.
– რამდენი ხანია, რაც რაზმაძეს აღარ შეხვედრიხარ?
– ხომ გითხარი, რომ იპოდრომის ინციდენტის შემდეგ აღარ მინახავს.
– ტელეფონითაც არ დაგკავშირებია? – ჰკითხა ნიკამ.
– არა... რატომ მეკითხები?
– ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაზმაძე არავის უნახავს – ის არც თავის ოფისში გამოჩენილა და არც სახლში მისულა. მას ტელეფონითაც ვერ უკავშირდებიან!
– ამაში ვერაფერს ვხედავ უცნაურს. კაკო მუდამ ეძებდა თავშესაფარს. ეჩვენებოდა, რომ მისი არ ესმით და ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნას ცდილობდა, რომელიც მას მოუსმენდა. როდესაც ცოლს წაეჩხუბებოდა, ჩემთან გამორბოდა. ჩემთან კარგად გრძნობდა თავს – მე ხომ თავს არ ვაბეზრებდი ჩემი პრობლემებით. ახლა მეც წამეჩხუბა და, ვინ იცის, ვისთან გამონახა დროებითი თავშესაფარი, – უპასუხა დოდომ.
– შენ ფიქრობ, რომ ის შეგნებულად არიდებს თავს ნაცნობებსა და ოჯახის წევრებს?
– კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ. კიდევ გაინტერესებს რამე?
– არა, – უპასუხა ნიკამ, ფეხზე ადგა და კარს მიუბრუნდა.
– მოიცადე, – სწრაფად დაადევნა დოდომ.
ნიკა შემობრუნდა.
– საღამოს მოხვალ ჩემთან?
– არ შემიძლია, – მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა ნიკამ.
– შენი უარი იმ ქალს უკავშირდება თუ კაკოს? – ნაწყენი ხმით ჰკითხა დოდომ.
– სამუშაოს! – მოკლედ უპასუხა ნიკამ და ოთახიდან გავიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში