მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-22(648)
– დიახ. კაპიტანი სვინინი და მაიორი გრუშინი ჰყავთ მოსყიდული. ისინი სხვადასხვა ეკიპაჟის მეთაურები არიან და, მილიონი დოლარის საფასურად „მიწა-ჰაერი“ შუა აღლუმის დროს უნდა გაუშვან.
– ორი რაკეტა?
– არა. ერთ-ერთი; უფრო სწორად, გრუშინი დაზღვევაა – თუკი სვინინი ვერ მოახერხებს გაშვებას, მაშინ გრუშინი ამოქმედდება.
– რა პრობლემაა, ამხანაგო გენერალო, ოფიცრები ავყაროთ, რაკეტებს კი გამშვები მექანიზმი დავუბლოკოთ და ქობინები მოვხსნათ – ვუთხარი შჩუკინს. მან კი თავი გააქნია და მომიგო:
– ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის აუცილებელია და, წესით, უნდა განვახორციელოთ, მაგრამ, ლეონიდ ილიჩს რომ მოახსენეს, მან მტკიცედ თქვა: „ჩვენი სამხედრო აღლუმის განაწესში არაფერი შეიცვლება და წითელ მოედანზე სრული საბრძოლო აღჭურვილობის მქონე ჯარი გაივლის, მოღალატე ოფიცრები კი დააპატიმრეთო“. მაგრამ, ყველაფერ ამაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამერიკელებმა ასეთი აგრესიული სვლა შეიმუშავეს და ამის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება.
– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– რას და, ხელმძღვანელობის კატეგორიული მითითებით, რაც პირადად ბრეჟნევისგან მომდინარეობს, 7 ნოემბერს ამერიკელებს უნდა მოვუწყოთ ცეცხლოვანი ფოიერვერკი, რომელსაც დიდი მატერიალური ზარალი უნდა მოჰყვეს, მაგრამ, ერთი ადამიანიც კი არ უნდა დაშავდეს. ამ ოპერაციას კი შენ უხელმძღვანელებ. გახსოვს, რომ გითხარი, გული მიგრძნობს, კვლავ დაგვჭირდები-მეთქი?
– რა უნდა გავაკეთო?
– ოჰაიოში ამერიკელების სამხედრო საწყობი უნდა ააფეთქო, სადაც ისინი „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტების ქობინებს ინახავენ. მაგრამ, გახსოვდეს, ერთი ადამიანიც კი არ უნდა დაშავდეს. თანაც, ეს ყველაფერი 7 ნოემბერს უნდა მოხდეს.
7 ნოემბერს მოსკოვსა და ოჰაიოში საბჭოთა უშიშროებამ ორი ერთდროული ოპერაცია ჩაატარა. იმ დროს, როდესაც ლუბიანკელმა ჩეკისტებმა ოფიცრები – სვინინი და გრუშინი დააპატიმრეს და წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი დაიწყო, მე და ჩემმა დივერსანტმა ხელქვეითებმა მიწისქვეშა საწყობი ავაფეთქეთ, მისი დაცვა კი მანამდე გავანეიტრალეთ და უსაფრთხო ადგილზე გაკოჭილები დავტოვეთ, რომ არავინ დაზარალებულიყო... სანამ წითელ მოედანზე რევოლუციის წლისთავს ზეიმობდნენ, ოჰაიოში მძლავრი აფეთქებები ხდებოდა და ამერიკამ 750 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.
შეერთებული შტატების ოფიციოზი, რა თქმა უნდა, მშვენივრად მიხვდა, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ, მათ არანაირი საბუთი არ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ოჰაიოს ტრაგედია უბრალო დაუდევრობად მონათლეს...
მოსკოვში რომ დავბრუნდი, შჩუკინი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო და მითხრა:
– ყოჩაღ, კოკი, ამ წარმატებისთვის შენ და შენს ხელქვეითებს ჯილდოები და რიგგარეშე ჩინები მოგეცემათ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ შენი ნახვა ლეონიდ ილიჩს სურს.
– ვის?
– ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევს. ნუ ღელავ. მოსკოვში დარჩი, მოემზადე და მოგაკითხავთ. ახლა კი დაისვენე.
ქვეყნის პირველ პირთან შესახვედრად მე, შჩუკინი და ანდროპოვი ერთად გავემგზავრეთ ანდროპოვის დაჯავშნილი „ზილით“ არა კრემლში, არამედ, მოსკოვის მახლობლად, გენერალური მდივნის აგარაკზე.
ლეონიდ ბრეჟნევი საკმაოდ ინფორმირებული, მახვილგონიერი და ხაზგასმულად კეთილგანწყობილი ადამიანი აღმოჩნდა. ის გულთბილად შემხვდა, ხელი მაგრად ჩამომართვა და მითხრა:
– ყოჩაღ, ამხანაგო კოკი, ყოჩაღ. ამერიკელები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ჩვენი დიადი ქვეყნის ლაფში ამოსვრის მცდელობა მათ პრაქტიკულ აპსექტში შეუბრუნდათ უკან და საკმაოდ დამსახურებულადაც.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე ბრეჟნევს, მან კი მხარზე ხელი მომითათუნა და ყველანი სუფრასთან მიგვიწვია, რომელიც ხეების ქვეშ იყო გაშლილი.
ბრეჟნევის აგარაკზე ხუთიოდე საათი გავატარე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ღვაწლი ქვეყნის წინაშე ყველაზე მაღალ დონეზე დაფასდა. ეს ასეც მოხდა – მეორე დღეს გამომიცხადეს, რომ პირადად ლეონიდ ბრეჟნევმა მოსკოვის მახლობლად აგარაკი მაჩუქა. სხვათა შორის, ეს აგარაკი, ისევე, როგორც მოსკოვის ბინა, დღემდე ჩემს მფლობელობაშია და მათ გაყიდვას არ ვაპირებ. გენერალური მდივნის აგარაკიდან საუკეთესო შთაბეჭდილებებით წამოვედი, ბრეჟნევზე დადებითი აზრი ჩამომიყალიბდა და შემიძლია, ეს დღესაც დავადასტურო. ეგრეთ წოდებული, „ზასტოის“ შემოქმედი ქვეყანას თვრამეტი წლის განმავლობაში მართავდა და სწორედ იმ პერიოდში მოვახერხეთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გაგვესწრო სამხედრო კუთხით და არც საბჭოთა მოქალაქეები ცხოვრობდნენ ცუდად. ყოველ შემთხვევაში, სამუშაო ყველას ჰქონდა და არავის შიოდა. საქართველო კი, რაც არაერთხელ აღმინიშნავს, საბჭოთა რესპუბლიკებში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით გამოირჩეოდა და ამ მხრივ მას ტოლი არ ჰყავდა. მოწინავენი იყვნენ ქართველი ხელოვანები, მეცნიერები, სპორტსმენები და, მართალია, ზოგჯერ დაპირისპირებებსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ, საბჭოთა კავშირი მაინც დადებითი მოვლენა იყო მის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკებისა და მთლიანად კაცობრიობისთვისაც.
ერთხელ, ეგრეთ წოდებული ამერიკელი „ქორების“ ძალიან ვიწრო წრის შეხვედრაზე ვიმყოფებოდი ნიუ-იორკში, რომელიც ერთ-ერთ ელიტურ კლუბში შედგა და მისი მონაწილეები აბსოლუტურად გულახდილად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს. „ქორები“ იმ ამერიკული კასტის წევრები არიან, რომელთა ძალისხმევითაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. შუა ლაპარაკის დროს ერთ-ერთმა მათგანმა დიდი თვითკმაყოფილებით თქვა:
– თქვენ წარმოიდგინეთ, ძმებო, თუ როგორ შეგვეკვეცებოდა ფრთები, ჩვენი გრანდიოზული მიღწევების ხუთი პროცენტიც კი არ გვექნებოდა, საბჭოეთი რომ არ დაგვენგრია. ისინი ხომ გლობალურ პრობლემებს წყვეტდნენ, გლობალურად გვიშლიდნენ ხელს და, რეალურად, ჩვენზე ბევრად ძლიერებიც იყვნენ.
– ნება მიბოძეთ, სერ, გკითხოთ, – მივმართე თვითკმაყოფილ „ქორს,“ – თუკი საბჭოეთი ამერიკაზე ძლიერი იყო, მაშ, როგორ დაანგრია ის ამერიკამ?
– ეს მართლაც პარადოქსულად გამოიყურება, მისტერ ევროპელო ჟურნალისტო, – მომიგო „ქორმა,“ – მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით. ჩვენ რამდენიმე ჩვენი აგენტი გვყავდა უმაღლეს პარტიულ საბჭოთა ელიტაში. ისინი, რომ იტყვიან, ხის კენწეროში აფრინდნენ, მერე კი საბჭოეთის დაშლა ტექნიკის საქმე იყო. ანუ, ქვეყანა თავიდან დაინგრა და არა საფუძვლიდან.
– გამოდის, რომ საბჭოთა ფუნდამენტი კიდევ არსებობს? – ვკითხე „ქორს“.
– ის კიდევ დიდხანს იარსებებს.
– ესე იგი, არსებობს საშიშროება, რომ ის კვლავ აღდგეს?
– ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს და სწორედ აქეთკენაა მიმართული მთელი ჩვენი ძალისხმევა. ამ ფუნდამენტზე ახალი შენობის აგება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში და ამისთვის ჩვენ ორმოცდაათი წელი გვჭირდება. ანუ, ძველი თაობა მთლიანად უნდა გაქრეს...
ასეთი იყო „ქორის“ პასუხი. მე მეტი არაფერი მითქვამს მისთვის. შემდეგ პატარა წვეულება გაიმართა, მოიტანეს საუცხოო შამპანური და სწორედ ამ შამპანურმა მოწამლა ის „ქორი“, რომელსაც მე რამდენიმე შეკითხვა დავუსვი. „ქორის“ ლიკვიდაცია მე განვახორციელე და სწორედ ამ მისიით ვიყავი იქ. შეკვეთა კი ერთ-ერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა მომცა, რომელსაც „ქორი“ წინსვლაში უშლიდა ხელს და ამ საქმეში 600 ათასი დოლარი გადამიხადა. ანუ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ჩემი პოლიტიკური და, ასევ თქვათ, სამსახურებრივი, უფრო სწორად კი – პროფესიული ინტერესები, ერთმანეთს დაემთხვა.
შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ამერიკელების ხოცვა სიამოვნებას მგვრის. უნდა ვთქვა, რომ, არათუ ამერიკელების, არამედ, არავის ხოცვა არ მსიამოვნებს, ეს გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული და არა ჩემი მანიაკური მისწრაფებებით. მანია და მოვალეობა რადიკალურად დიფერენცირებული ცნებებია და ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. მართალია, ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე შედეგს ვიღებთ და საქმე მკვლელობით მთავრდება, მაგრამ, მანიაკი საზოგადოებისთვის საშიში სუბიექტია, ჩვენ კი, პირიქით, საზოგადოებას ვიცავთ. ასეთი თვითშეგნებით ვიმსახურე „კაგებეში“ ათწლეულები და ასევე ვაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ვერანაირი ფული და სიმდიდრე ვერ მაიძულებს ამ პრინციპიდან გადახვევას და არავითარ შემთხვევაში არ მოვკიდებ ხელს შეკვეთას, თუ ის ჩემს რწმენას ეწინააღმდეგება. რამდენჯერმე კი ყოფილა შემთხვევა, რომ შემკვეთის წინააღმდეგ მიმოქმედია და სამსხვერპლოს დავხმარებივარ.
ერთხელ, შემკვეთმა თელ-ავივში დამიბარა შეხვედრაზე და, როდესაც მივედი, მითხრა:
– თქვენზე მითხრეს, საუკეთესოაო.
– სწორად უთქვამთ. გისმენთ, – ვუთხარი შემკვეთს, რომელიც გულდასმით მაკვირდებოდა და ჩემთვის თვალებში ჩახედვა უნდოდა, მაგრამ, ჩემი შავი სათვალე არ აძლევდა ამის საშუალებას.
– მისტერ, მე თქვენ ძალიან დიდ თანხას გთავაზობთ საქმეში, მაგრამ იმის სრული გარანტია უნდა მომცეთ, რომ ყველაფერი ბოლომდე გაკეთდება, – მითხრა შემკვეთმა, – სხვა თუ არაფერი, ეს თქვენი ღირსების საქმეა.
– მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ღირსება არასდროს შემილახავს და ეს არც ამჯერად მოხდება, ხოლო, რაც შეეხება სრულ გარანტიებს, ეს გამორიცხულია. ჩვენს საქმეში სრული გარანტიის მიცემა არაპროფესიონალიზმია. სრული გარანტიის მიცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, მე კი ღმერთი არ ვარ, მე ვარ პროფესიონალი და, როგორც თქვენ თქვით ჩვენი საუბრის დასაწყისში – საუკეთესო, – მივუგე შემკვეთს და დავამატე, – თუ დაგაკმაყოფილათ ჩემმა პასუხმა, საქმეზე გადავიდეთ.
– თქვენმა პასუხმა აბსოლუტურად დამაკმაყოფილა, – მითხრა შემკვეთმა და ფოტოსურათი მაჩვენა, – აი, თქვენი სამიზნე. თქვენ ის უნდა გაანადგუროთ და ამაში 300 ათას დოლარს გადაგიხდით.
სამასი ათასი დოლარი ნამდვილად არ იყო დიდი ფული, როგორც ამას ხაზი გაუსვა შემკვეთმა, ბევრჯერ ბევრად უფრო დიდი თანხა ამიღია მსგავს შეკვეთაში. თუმცა, შემკვეთისთვის ამაზე არაფერი მითქვამს და ვკითხე:
– ობიექტის ადგილსამყოფელს თქვენ მეტყვით თუ მე უნდა მოვძებნო?
– ეს სუბიექტი მოსკოვში ცხოვრობს და მისი მოძებნა არ გაგიჭირდებათ.
– კარგი. ფული ხვალ უნდა ჩამირიცხოთ სრულად და მაქსიმუმ ორ კვირაში ყველაფერი მზად იქნება.
– მოვილაპარაკეთ.
– მშვიდობით, – ვუთხარი შემკვეთს და შეხვედრის ადგილი პირველმა დავტოვე.
შეკვეთის ობიექტი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი იყო, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და, მართალია, მე მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ, მის საქმეებზე ბევრი მსმენოდა. ის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, ახალგაზრდა თბილისელი იატაკქვეშა საქმოსანი, ეგრეთ წოდებული „დელეცი“ იყო, როდესაც ნიჭიერ ქართველებს აფინანსებდა, გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდს ფასდაუდებელ მატერიალურ დახმარებას უწევდა, რადგან, ფეხბურთის ფანი იყო და საყვარელი გუნდისთვის არაფერი ენანებოდა. ერთი სიტყვით, დადებითი პიროვნება იყო და ყველას უყვარდა. მან ჩემი მეუღლის, მერიკოს საავადმყოფოს უნიკალური აპარატურა შეუძინა და თბილისში ჩამოუტანა. არადა, მსგავსი დანადგარი მაშინ მოსკოვშიც კი არ არსებობდა და სწორედ მოსკოვს ააცალა ცხვირწინ, როდესაც იქ გერმანული მედტექნიკის გამოფენა გაიმართა და მოსკოვში უნდა დაეტოვებინათ ის მოწყობილობა. ამ კაცს პოსტკომუნისტურ პერიოდშიც ბევრი დიდი ეროვნული საქმე ჰქონდა გაკეთებული უანგაროდ და მისი მოკვლა არასწორად ჩავთვალე, მით უმეტეს, რომ შემკვეთი ისრაელში გაქცეული ყოფილი საბჭოთა კრიმინალი იყო და არც საბჭოთა კავშირისა და არც საქართველოს წინაშე არანაირი დამსახურება არ ჰქონდა. ამიტომ, არც ვაციე, არც ვაცხელე და შეკვეთის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ, ობიექტს ჟურნალისტის სტატუსით ვეწვიე პოდმოსკოვიეში, აგარაკზე და, მარტონი რომ დავრჩით, ვუთხარი:
– დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ?
– დავიწყოთ, ჩემო კარგო, – კეთილგანწყობით მომიგო ობიექტმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ობიექტად აღარ განვიხილავდი და მის გადასარჩენად ვიყავი იქ მისული.
– პატივცემულო, მე სულაც არ ვარ ის, ვინც გგონივართ.
– რას გულისხმობთ? – მკითხა ბიზნესმენმა.
– იმას, რომ მე დაქირავებული მკვლელი ვარ და თქვენს ლიკვიდაციაში 300 ათასი დოლარი გადამიხადა ერთმა კაცმა, რომელსაც თელ-ავივში შევხვდი ამ ხუთი დღის წინ.
– გასაგებია შემკვეთის ვინაობა. რას აპირებთ?
– შეკვეთის გაუქმებას.
– რატომ?
მასპინძლის შეკითხვაზე გამეცინა და ქართულად ვუპასუხე:
– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ თქვენზე მხოლოდ კარგი მაქვს გაგონილი ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში და, დარწმუნებული ვარ, რომ სიკვდილს არ იმსახურებთ.
– გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის და იმისთვის, რომ სიცოცხლე შემინარჩუნეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი მტერი სხვას არ დაიქირავებს. ამიტომ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, კონტრშეკვეთას მოგცემთ და ორჯერ მეტს გადაგიხდით ჩემი მტრის ლიკვიდაციაში. რას იტყვით, გაწყობთ?
– სრულიად.
– მაშინ, ჩემო მეგობარო, მითხარით, რა ფორმით გსურთ 600 ათასი დოლარის მიღება, ახლავე, ხელზე; როცა თქვენ ისურვებთ თუ საბანკო ანგარიშზე დაგისვათ?
– ნაღდ ფულს წავიღებ ახლავე.
ბიზნესმენი ოთახიდან გავიდა და ათიოდე წუთის მერე პატარა ქეისით შემოვიდა, რომელშიც ასდოლარიანი დასტებით 600 ათასი დოლარი ელაგა. მან ქეისი მომცა და მითხრა:
– ინებეთ, აქ 600 ათასი დოლარია.
თბილისში ორი დღის მერე დავბრუნდი ფულით, რომელიც სამალავში შევინახე. ორი დღის შემდეგ კი კვლავ ისრაელში ჩავფრინდი და ობიექტს ადგილობრივი წარმოების სნაიპერული შაშხანიდან შიგ შუბლში ჩავაჭედე ტყვია, როდესაც ის ფორთოხლის წვენს სვამდა ფეშენებელური სასტუმროს საცურაო აუზის პირას...
ქართველი ბიზნესმენი კი, რომელიც მას მერე ზღაპრულად გამდიდრდა, დღესაც ცოცხალია და თავის სამშობლოს ისევ გულუხვად ეხმარება. ამიტომ, არასდროს მინანია ჩემი საქციელი და მოხარული ვარ, რომ მას სიცოცხლე შევუნარჩუნე, მისი მტერი კი მოვსპე...
ჩემს მოთხრობას, ალბათ, ჩემი კოლეგებიც კითხულობენ და ზოგიერთმა მათგანმა, შეიძლება, უპატიოსნობაშიც კი დამდოს ბრალი, რადგან, აღებული შეკვეთის შეუსრულებლობა, დიდი ხიფათის გარდა, დიდ უპატიოსნობადაც ითვლება, მაგრამ, მათ მუშნი ზარანდიას სიტყვებით ვუპასუხებ: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“...
ერთხელ გენერალმა შჩუკინმა მოსკოვში სასწრაფოდ დამიბარა და, როდესაც ვეახლე, მკითხა:
– კოკი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში თუ ხარ ნამყოფი?
– დიახ, ვიქტორ იაკოვლევიჩ.
– მის დახურულ ფონდში?
– დიახ, – დავუდასტურე შჩუკინს. მაშინ მან დიდი ზომის ფერადი ფოტოსურათი დამიდო წინ და მითხრა:
– აი, ეს ნივთი თუ გეცნობა?
ფოტოზე საშუალო ზომის ოქროს ბარძიმი იყო გამოსახული, რომელიც მე ნანახი არ მქონდა და შჩუკინს ვუთხარი:
– არა, ეს ნივთი მე იქ არ მინახავს.
– ეს ნივთი ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია მათ შორის, რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა. ერთი კვირის წინ კი ის გაქრა. მასთან ერთად გაქრა მუზეუმის არქივის ერთ-ერთი თანამშრომელიც. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან ეს ნივთი გაიტაცა. სავარაუდოდ, ახლა ის ლონდონში იმყოფება და ამ ოქროს ბარძიმის გადაცემას აპირებს აი, ამ კაცისთვის, – გენერალმა ერთი რესპექტაბელური ჯენტლმენის ფოტო მაჩვენა, – ეს კაცი კოლექციონერის სახელსაა ამოფარებული, სინამდვილეში კი ღრმად კონსპირირებული სექტის ერთ-ერთი მმართველია, რომელსაც ლონდონში აქვს ბინა და, დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამ ისტორიული ნივთის ხელში ჩაგდება და თავიანთი შავ-ბნელი მიზნებისთვის გამოყენება სურს.
იმ პერიოდში, მისტიკური სწავლებების არც არაფერი გამეგებოდა და არც მჯეროდა, ამიტომ, როდესაც მითხრეს, რომ საქართველოს მუზეუმიდან გატაცებული ბარძიმი, სავარაუდოდ, გრაალის თასი იყო, გუნებაში გამეცინა, მაგრამ, ხმამაღლა ეს არ გამომიხატავს და შჩუკინს ვკითხე:
– კონკრეტულად რა მევალება?
– შენი მთავარი ამოცანაა, ამ გატაცებული ნივთისა და მისი გამტაცებლის უკან დაბრუნება. მაგრამ, თუკი მის გამტაცებელს უკან ვერ დააბრუნებ, მაშინ, მისი ლიკვიდაცია უნდა განახორციელო. გასაგებია?
– გასაგებია! – გამოვეჯგიმე გენერალს.
მე არა მარტო ეს ბარძიმი დავაბრუნე უკან, არამედ, მისი გამტაცებელიც მივაყოლე და ის ბრიტანელი სექტანტიც, ვინც ამ ნივთის ყიდვას აპირებდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში