ახალგაზრდა მამაკაცი საცოლის სასტიკი ცემისთვის ციხეში ორ წელს გაატარებს
27 წლის ლევან კ. საცოლის სასტიკი ცემისთვის ციხეში 2 წელს გაატარებს. ამ შემთხვევამდე, ბრალდებული და მსხვერპლი ერთმანეთს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ, კაცი განსხვავებული ორიენტაციის აღმოჩნდა, რის გამოც მათი რომანი ინციდენტით დასრულდა.
25 წლის სალომე ს. საავადმყოფოში აღმოჩნდა, ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ მან საქმროს შემთხვევით შეუსწრო „უხერხულ პოზაში”, თანაც, არა უცხოსთან, არამედ, მისთვის კარგად ნაცნობ მამაკაცთან. როგორც საქმიდან ირკვევა, შეყვარებულებს შეხვედრებისთვის ბინა ჰქონდათ ნაქირავები. იქ ქალი გაუფრთხილებლად მივიდა და საქმრო იმ კაცთან ერთად ნახა, ვინც მაქსიმალურად უწყობდა ხელს მათ ურთიერთობას. სისხლიანი ინციდენტიც სწორედ მის იქ ყოფნას მოჰყვა.
მინის ნამსხვრევებით დაჭრილი სალომე ს. საავადმყოფოში ნაქირავები ბინის მეზობლების დახმარებით აღმოჩნდა – სასწრაფო სწორედ მეზობლებმა გამოიძახეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მას შუშით კისრის ძარღვი ჰქონდა გადაჭრილი, რის გამოც კინაღამ სისხლისგან დაიცალა. მომხდარის შესახებ ბინის პატრონი საქმის კურსში ასევე მეზობლებმა ჩააყენეს. ის შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა და სწორედ მისი ინფორმაციით მოხდა დამნაშავის არა მხოლოდ დაკავება, არამედ, ყველა იმ დეტალის გარკვევა, რაც გამოძიებას საქმის ოპერატიულად გახსნაში დაეხმარა. ბინის მეპატრონისგან გაირკვა, რომ მისი 120 კვადრატული მეტრი ბინა ორმა მამაკაცმა იქირავა, რომელთაგან ერთი უცხოელი იყო. მისი თქმით, მეორე პიროვნებაც უცხოელს ჰგავდა, მაგრამ, ქართული ძალიან კარგად იცოდა. მამაკაცებს უთქვამთ, რომ საქართველოში მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდნენ და ბინა მინიმუმ ექვსი თვე ოფისად სჭირდებოდათ. დიასახლისის თქმით, სხვადახვა სამკაულით მორთულ-მოკაზმული მამაკაცები მაინცდამაინც არ მოეწონა, მაგრამ, ეს, ზოგადად, უცხოელების უცნაურობად ჩათვალა და, ვინაიდან ექვსი თვის ქირა ერთიანად გადაუხადეს, მათთვის ზედმეტი შეკითხვები აღარ დაუსვამს, ბინა მიაქირავა და მეზობლებს სთხოვა, ახალი მდგმურებისთვის ყურადღება მიექციათ. თვეების განმავლობაში მეზობლებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, რითაც დიასახლისი დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. როგორც ამ ქალბატონმა განაცხადა, მან მხოლოდ მომხდარის შემდეგ შეიტყო, რომ მის ბინაში ორგიები ეწყობოდა...
ტრაგიკული ბავშვობა
ლევან კ., რომელიც სოფელში დაიბადა, ოთხ დედმამიშვილში ნაბოლარა იყო. ბავშვი თვეების იყო, როდესაც მამამისმა ცოლ-შვილი მიატოვა და ისედაც გაჭირვებულ ოჯახს მატერიალურად კიდევ უფრო გაუჭირდა. პატარა ლევანის გაზრდაში დედამისს ყველაზე მეტად მეზობლად მცხოვრები დები ეხმარებოდნენ. მერე ბავშვმა სკოლა დაამთავრა, სადაც გრძელი თმისა და ქალური მანერების გამო ბიჭები დასცინოდნენ და ხშირად სცემდნენ კიდეც. მას იმდენად ჩაგრავდნენ, ბავშვი გულჩათხრობილი გახდა და მხოლოდ გოგონებთან მეგობრობდა და თურმე, მათთვის ყავაზეც მკითხაობდა...
სკოლის დასრულების შემდეგ, ლევანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა: მეზობელმა დებმა, რომლებსაც მის აღზრდაში უზარმაზარი როლი ჰქონდათ, ბიჭი ისე უყვარდათ, რომ მას ფული გამოუგზავნეს და ამერიკაში წაიყვანეს.
ექვსი წლის შემდეგ 25 წლის ლევან კ. უცხოეთიდან სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა. იქ შეგროვილი ფულით მან თბილისში ბინა იყიდა და, როგორც ინგლისურის კარგად მცოდნემ, ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში დაიწყო მუშაობა, სადაც ძირითადად უცხოელები დადიოდნენ. ლევანმა სალომე ს. სწორედ ბარში გაიცნო, უფრო ზუსტად კი, ისინი ერთმანეთს უცხოელმა მაიკლ შ-მ დააახლოვა. საქმე ისაა, რომ სალომე მაიკლის თარჯიმანი იყო, რომელიც სტუმარს ყველა შეხვედრაზე დაჰყვებოდა. ერთ დღეს კი ბარში აღმოჩნდნენ, სადაც სალომემ ლევანი გაიცნო. ბარის თანამშრომელი იმდენად უაქცენტოდ ლაპარაკობდა ინგლისურად, სალომეს ლევანიც უცხოელი ეგონა...
როგორც სალომე ს. ჩვენებაში აცხადებს, მას ლევანი თავიდანვე მოეწონა და, არ მალავს, რომ ბარში მისი ყურადღების მისაქცევად ძალიან ხშირად დადიოდა, ანუ, აღიარა, რომ ინიციატივა მას ეკუთვნოდა. მართლაც, გოგონამ მიზანს მიაღწია – მათ შორის მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და, გაუთვალისწინებელი მოვლენები რომ არა, დიდი ალბათობით, მათი ურთიერთობა ქორწინებითაც დასრულდებოდა.
თითქმის ერთი წლის განმავლობაში წყვილი მშვიდად ცხოვრობდა. მათ ურთიერთობას არც ყვავილები აკლდა და არც ლამაზი თავგადასავლები. ქორწინებას ხელს ერთადერთი გარემოება უშლიდა – სალომეს მშობლები უცხოეთში იმყოფებოდნენ და მათ დაბრუნებას ელოდნენ, რომ ურთიერთობა ოფიციალურად გაეფორმებინათ.
საინტერესო დეტალი: სალომესა და ლევანის დაახლოებიდან ცოტა ხანში, სალომემ შეიტყო, რომ ლევანს ბინა ჰქონდა ნაქირავები. ეს მას ძალიან გაუკვირდა, რადგან, ოთხოთახიანია ბინა ისედაც ჰქონდა, რომელშიც მისი ოჯახი ცხოვრობდა. გოგონამ ივარაუდა, რომ ბინა, შესაძლოა, მათი შეხვედრებისთვის უნდოდა და სთხოვა, ტყუილად ფული არ გადაეყარა, რადგან, მისი მშობლები უცხოეთში იყვნენ და ბინაში მარტო ცხოვრობდა. მაგრამ, პასუხად მიიღო, რომ მასთან შეხვედრას იმ ბინაში უფრო კომფორტულად მოახერხებდა. სალომეს ჩვენებით, უცნაური ის იყო, რომ მათ შორის „ზედმეტი” არაფერი ხდებოდა, რაც გაუხარდა.
სალომე ს-ს ჩვენებიდან: „ნაქირავები ბინის გასაღები ორივეს გვქონდა, თუმცა, იქ ან ერთად მივდიოდით, ან – მაშინ, როცა ვიცოდით, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი იქ იყო.
ინციდენტის დღეს, დღის 4 საათზე, მაიკლ შ-ს უნდა შევხვედროდი. უკვე სახლიდან გავდიოდი, მაიკლმა რომ დამირეკა – მნიშვნელოვან საქმეზე ვარ და შეხვედრა 6 საათისთვის გადავიტანოთო. ცხადია, დავთანხმდი, მაგრამ, სახლში აღარ შევბრუნდი. გამახსენდა, რომ წინა დღეს ლევანის ნაქირავებ ბინაში ტესტები და მნიშვნელოვანი დოკუმენტების საქაღალდე დამრჩა. ვინაიდან იმავე დღეს მჭირდებოდა, დროის გადატანა გამიხარდა კიდეც და მის წამოსაღებად წავედი. ერთადერთი, იმის მერიდებოდა, რომ იქ ლევანის უკითხავად მივდიოდი. ამიტომ, სახლთან მისვლამდე სამჯერ დავურეკე, მაგრამ, ჩემს ზარებს არ უპასუხა.
კარი რომ გავაღე და ოთახში შევედი, ლევანის ფეხსაცმელები და ტანსაცმელი შევნიშნე. ძალიან გამიკვირდა, რადგან, იატაკზე ეყარა. ამის შემდეგ ხმა საძინებლიდან შემომესმა... კარი შევაღე და მამაკაცები დავინახე... ინსტინქტურად ვიყვირე, რადგან, ვიფიქრე, რომ ქურდები იყვნენ, მაგრამ, მაიკლი რომ დავინახე, გავშეშდი... ლევანი ბოლოს შევნიშნე...
უკან გამოვიქეცი და კიბეები ჩავირბინე, მაგრამ, იმდენად დაბნეული ვიყავი, ისევ უკან ავბრუნდი – მინდოდა, ორივესთვის თვალებში ჩამეხედა. ბინაში რომ შევედი, მაიკლი უკვე ჩაცმული იყო და გარეთ გამოდიოდა. გაშტერებით მიყურებდა, თავი ვერ შევიკავე და სახეში შევაფურთხე, რის შემდეგაც იქიდან კი არ წავიდა, გაიპარა... ამის შემდეგ ლევანს მთელი ხმით ვუყვიროდი და მომხდარის შესახებ პასუხს ვთხოვდი, რადგან, შეეძლო ჩემთვის ყველაფერი აეხსნა. ლევანი მთხოვდა, გავჩუმებულიყავი – არ უნდოდა მეზობლებს გაეგოთ, მაგრამ, ხმას უფრო ავუწიე, რის გამოც სახეში ძლიერად დამარტყა. მითხრა, რომ არ ვუყვარდი და, საერთოდ, მისთვის თავი დამენებებინა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი... ყვირილს განვაგრძობდი, რის გამოც ლევანი დახრჩობას მიპირებდა... მან სასტიკად მცემა. მიუხედავად იმისა, რომ ცხვირიდან სისხლი მდიოდა, ტკივილს ვერ ვგრძნობდი. შემდეგ კი ხელიდან გავუსხლტი და ოთახიდან ოთახში გასასვლელი კარი ისე მივაჯახუნე, კარის მინა ჩამოიმსხვრა და მოზრდილი ნატეხი კისერში დამეცა. მთლიანად სისხლში ვცურავდი, მაგრამ ყვირილს მაინც განვაგრძობდი. ლევანს ვემუქრებოდი, რომ ყველას ყველაფერს ვეტყოდი. შევნიშნე, ოთახში უცხო ხალხი იყო შემოსული. სისხლის დანახვის შემდეგ ლევანი ცდილობდა აეხსნა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო, მთხოვდა, გავჩუმებულიყავი... მეტი აღარაფერი მახსოვს...
საავადმყოფოში, როდესაც უკეთ გავხდი, ლევანის უცნაურობები აღვიდგინე. გამახსენდა მისი ქცევები და ის ეჭვები, რომლებიც მუდმივად მაწუხებდა, მაგრამ, ვერ ვხსნიდი.“
რაც შეეხება ლევან კ-ს, იმავე დღეს დააკავეს. მან აღიარა, რომ განსხვავებული ორიენტაციის იყო და თავს დამნაშავედ ცნობდა სალომეს წინაშე, რადგან ის თვალის ასახვევად გამოიყენა. მისი თქმით, რეალურად, გოგონას დიდ პატივს სცემდა: „საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ოჯახის შექმნას შევძლებდი. ეს ინციდენტი რომ არა, ალბათ, ჩვენი დაქორწინებაც შედგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე უნდა მომხდარიყო,” – განაცხადა განსასჯელმა, რომელსაც ბრალი მხოლოდ ცემის მუხლით წაუყენეს.
ვინაიდან ლევან კ. პირველად მოხვდა განსასჯელის სკამზე, ამავდროულად, დამტკიცდა, რომ კარის მინა სალომეს მიზეზით ჩატყდა, რამაც გოგონა დააზიანა, ბრალდებულს მხოლოდ 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
რაც შეეხება უცხოელ მაიკლ შ-ს, მან ქვეყანა მალე დატოვა და დაზარალებულს ბოდიშის წერილი დაუტოვა...