რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ პასატი”, 2001 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. მუშაობს მაღალ ბრუნზე. დაახლოებით 1000-1100 ბრუნზე გადახურების მდგომარეობაშია. შესაბამისად, სიჩქარეში რომ ვაგდებ, ძიგძიგს იწყებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ავტომობილის მაღალი ბრუნების დაკლება არც ისე რთულია ხელოსნისთვის. ამ მდგომარეობაში მუშაობა კი კოლოფისთვის ძალიან ცუდია, ამიტომ, დროულად მიაკითხეთ ხელოსანს. მაღალი ბრუნები რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, იმის მიხედვით, თუ რა სისტემითაა ავტომობილი აღჭურვილი, მაგრამ, ძირითადად მაინც ორ მიზეზს გამოვყოფ, რაც ბევრ მოდელზე ერთნაირად იჩენს თავს. ესენია: შემშვებ კოლექტორში საიდანღაც ჰაერი იპარება, ანუ, მისი ან მასთან მიმაგრებული დეტალების ჰერმეტულობა დარღვეულია; მეორე – „დროსელი” შეიძლება იყოს ნორმაზე მეტად ღია, რაც იმას ნიშნავს ავტომობილისთვის, რომ გაზზე ოდნავ ფეხი გვაქვს მიჭერილი, თუმცა, ამის დარეგულირებაც მარტივადაა შესაძლებელი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”, 1998 წლის. ამ ბოლო დროს ერთი პრობლემა შეექმნა: თუ ავტომობილს გახურების შემდეგ გავაჩერებ, ის აღარ იქოქება, ანუ, მხოლოდ ცივზე იქოქება. ამ სიცხეში თუ სადმე ხუთი წუთით გაჩერება მინდა, მერე მთელი საათი ველოდები ძრავას გაგრილებას. იქნებ ამიხსნათ, რის გამო ხდება ეს და როგორ გამოვასწორო სიტუაცია?
პასუხი: ამის ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მაგრამ, ყველაზე მეტად, შეიძლება, ეს რელეს ბრალი იყოს. გირჩევთ, რელეები გადაამოწმოთ, რომლებიც სადმე ერთ ბუდეში იქნება მოთავსებული მცველებთან ახლოს. ყველაზე კარგია გამორიცხვის მეთოდი. იპოვეთ მსგავსი ავტომობილი, გააცხელეთ თქვენი ავტომობილი და, როდესაც მიხვალთ იმ კონდიციამდე, რომ აღარ იქოქება, რელეები სათითაოდ გადმოიტანეთ სხვა ავტომობილიდან და სცადეთ დაქოქვა. ასე, იოლად მიაგნებთ იმ ერთს, რომელიც დაზიანებულია.
კითხვა: მსურს, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსი”, ახალი მოდელი. გთხოვთ, დამიხასიათოთ ეს მანქანა (ვგულისხმობ გადაცემათა მექანიკური კოლოფით აღჭურვილს). მაინტერესებს, ეკონომიურია თუ არა ის და რა არის მისი სუსტი მხარეები?
პასუხი: ეს არის ძალიან კარგი, გამძლე და მძლავრი ავტომობილი, ტურბირებული ძრავით. რა თქმა უნდა, თუ მის დახასიათებაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილ „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსზე”. ეს ავტომობილები აღჭურვილია 2.0-იანი ან 2.5-იანი ტურბირებული ძრავებით. მართალია, 2.5-იანი ძრავა გაცილებით მძლავრი და გამძლეა, მაგრამ, 2.0-იანი მასთან შედარებით წარმოუდგენლად პრაქტიკული და ეკონომიურია. „სუბარუ” ცნობილია საწვავის დიდი რაოდენობით მოხმარებით, მაგალითად, „იმპრეზა ვეერიქსი” 2.0-იანი ძრავით 100 კილომეტრზე დაახლოებით 15 ლიტრ ბენზინს წვავს და ეს ძალიან ცოტაა 2.5-იან ძრავასთან შედარებით. რაც შეეხება მართვის კოლოფს, „სუბარუს” ძალიან სუსტი და სწრაფფუჭებადი სიჩქარეთა კოლოფი აქვს, რომელიც საკმაოდ გაგაწვალებთ, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა მოდელებთან შედარებით, მისი სავალი ნაწილი წარმოუდგენლად გამძლეა და თითქმის არ ფუჭდება.
კითხვა: მყავს „ცე“ კლასის „მერსედესი“, რომელიც საკმაოდ ბევრ საწვავს მოიხმარს. მინდა, იმავე კლასის უფრო ეკონომიური ავტომობილის შეძენა, რომელიც ასეთივე კომფორტული და გამძლე იქნება. მირჩიეთ, რა მოდელი შევიძინო?
პასუხი: პირველი, რასაც გირჩევთ, არის არა ავტომობილის შეცვლა, არამედ, მისი გადაყვანა გაზის სისტემაზე. როგორი ეკონომიური მანქანაც არ უნდა შეიძინოთ, თუნდაც ძალიან მცირელიტრაჟიანი, მაინც ვერ აჯობებს ეკონომიაში გაზზე გადაყვანილ თქვენს ავტომობილს. მით უმეტეს, კითხვიდან გამომდინარე, თქვენი ავტომობილი ძალიან მოგწონთ და ყველა პარამეტრში გაკმაყოფილებთ. თუ გაზზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგი ხართ (თუმცა ეს არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, მიუხედავად უამრავი ჭორისა, რაც მასზე შეიძლება გაიგოთ), მაშინ, გირჩევთ იაპონიის მიმართულებით წასვლას. შეიძინეთ „ტოიოტას” ან „ჰონდას” რომელიმე მოდელი, რომელიც კლასით ახლოსაა თქვენს ავტომობილთან. არჩევნის გაკეთებამდე გაითვალისწინეთ ისიც, რომ თანაბარი კუბატურის ძრავების შემთხვევაში, „ჰონდა” დაახლოებით 1,5 ლიტრით ნაკლებ საწვავს მოიხმარს „ტოიოტასთან” შედარებით.
კითხვა: საიმედოა თუ არა დიაგნოსტიკური აპარატის, ეგრეთ წოდებული კომპიუტერის მიერ დასმული დიაგნოზი? ჩემს ავტომობილს რაღაც გაუმართაობა სჭირს, კომპიუტერმა აჩვენა კონკრეტული დაზიანება და შევცვალე, მაგრამ, მისი მდგომარეობა არ გამოსწორდა. რა უნდა ვქნა ამ დროს?
პასუხი: ამა თუ იმ დაზიანების შემთხვევაში სწორი დიაგნოზის დასმა მაინც ჭირს. კომპიუტერს შეუძლია, ის პრობლემა „დაინახოს”, რომელიც უშუალოდ ელექტროსისტემებთან არის დაკავშირებული და მარტივად გასარკვევია. თუ ჩვენმა ავტომობილმა აანთო ეგრეთ წოდებული „ჩეკი” – „ჩეკ ენჯინი”, წითელი ნათურა, რომელზეც ძრავა ხატია ან პირდაპირ წერია ინგლისურად – „ჩეკ”, მაშინ კომპიუტერი პრობლემას მარტივად აღმოაჩენს. თუ „ჩეკი” არ აანთო, სწორედ მაშინ რთულდება ავტომობილის დიაგნოზის დასმა, რადგან კომპიუტერისთვის ყველაფერი მწყობრშია. პრობლემას კომპიუტერი ვერ აგვარებს, თუ მექანიკური დეტალებია დაზიანებული, რადგან, მექანიკურ დეტალებს ის საერთოდ ვერ ხედავს. კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მიყვანას აზრიც არ აქვს, მაგალითად, იმ დროს, როდესაც ძრავას რაღაც ხმები აქვს, სავალი ნაწილი ახმაურდა და, მით უმეტეს, თუ არ ანთია „ჩეკი”. შესაძლოა, ამ დროს ავტომობილმა საწვავის წვას მოუმატოს, მაგრამ, ვერც ამ დროს გამოიცნოს კომპიუტერმა პრობლემა. სენსორი, რომელიც კომპიუტერს ინფორმაციას აწვდის, მცდარ ინფორმაციას გადასცემს, თუმცა, მცდარია თუ არა ეს ინფორმაცია, ამას კომპიუტერი, რა თქმა უნდა, ვერ არჩევს. ამიტომ, გირჩევთ, რა ტიპის პრობლემაც არ უნდა გქონდეთ, კარგი ხელოსანი მოიძიოთ და მას მიმართოთ.