ადამი და ევა
საშიში დამოკიდებულება
ამ გრძნობაზე ძალიან ბევრი დაუწერიათ და ბევრიც უთქვამთ. უამრავი ლეგენდაც შეუთხზავთ. სიყვარული ყველა დროში „კომერციული“ და მომგებიანია. წამგებიანი ხდება მაშინ, თუკი მის შესახებ ყველაფერს ბრმად და უპრობლემოდ დაიჯერებთ.
მაგალითად, მითია ის, რომ თითოეულ ადამიანს – აბსოლუტურად ყველას, სადღაც აუცილებლად ჰყავს თავისი მეორე ნახევარი. თავის დროზე ეს მითი პლატონმა შექმნა. შეიძლება, მას აზრადაც არ ჰქონია, ათასობით ადამიანის დაღუპვა, მაგრამ ასე გამოვიდა. ეს მითი ხელს გვიშლის ბედნიერებაში. განსაკუთრებით საშიშია მგრძნობიარე, ემოციური ადამიანებისთვის. მათთვის, რომლებიც განსაკუთრებით დიდხანს რჩებიან შთაბეჭდილების ქვეშ. თქვენ სრულფასოვანი პიროვნება ხართ. სიყვარული და გვერდით მდგომი როგორ არ გჭირდებათ, მაგრამ არავის არ უნდა მიეჯაჭვოთ და ჩამოეკიდოთ.
სიყვარული მაშინ მოდის, როცა მას ყველაზე ნაკლებად ელით – არაფერიც. წვიმა კი არ არის ან მიწისძვრა (თუმცა, ზოგჯერ შედეგები მიწისძვრისებური აქვს). სიყვარულისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოთ. უსიყვარულოდაც შეიძლება ცხოვრება, მაგრამ მოლოდინის რეჟიმი აუცილებელია. სიყვარულს უყვარს ის, ვინც მის მისაღებად მზად არის!
შეგიყვარდათ უკვე? – ძალიან კარგია. მაგრამ, არ აქციოთ ის დოპინგად და არ გახდეთ მასზე დამოკიდებული. არამც და არამც! ეს საშიშია. მხოლოდ ჯანსაღი გრძნობა და მეტი არაფერი.
მესაკუთრეს - არა!
სიყვარული ძალიან კარგია, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მესაკუთრის ტყვეობაში არ აღმოჩნდე. შეყვარებული, მით უმეტეს, არ არის ამისგან დაზღვეული. ვინ არის მესაკუთრე და რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ ის, ვინც გიყვარს, შენს საკუთრებად მიგაჩნდეს?! – მარტივად აგიხსნით: მესაკუთრეს ვერასდროს გაუწევთ წინააღმდეგობას. მას განსაკუთრებით აქვს გამძაფრებული პატივმოყვარეობა. აქედან ოჯახურ ძალადობამდე (თუნდაც ფსიქოლოგიურ ძალადობამდე) ნახევარი ნაბიჯია. როგორია ტიპური მესაკუთრის „ანამნეზი“?
* ის მუდმივად ითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას. მისმა გვერდით მყოფმა ყოველთვის ის უნდა აკეთოს, რასაც თავად უბრძანებს;
* ნებისმიერ თემაზე და საკითხში მწვავე შენიშვნებს იძლევა. სამოსისა და მაკიაჟის ჩათვლით, ჭკუას ყველაფერზე გასწავლით;
* ვერ იტანს, როცა პარტნიორი თუნდაც უმნიშვნელო ინიციატივას იჩენს;
* დაწვრილებით და გამომცდელის ხმით გამოგკითხავთ მთელი დღის ამბებს, რომ არაფერი გამოეპაროს;
* დარწმუნებულია, რომ ყველა და ყველაფერი მისი წინააღმდეგია; რომ არავის ნდობა არ შეიძლება, ყველაზე საყვარელი ადამიანისაც კი;
* აუცილებლად მოინდომებს, გმართოთ – თანაც რკინის ხელით.
საქმიანი მიდგომა
მოგწონთ საქმიანი მამაკაცები? – თქვენ გამონაკლისი არ ხართ. კონკურენცია სერიოზულია. ამიტომ, ჩვეულებრივი კეკლუცობით ფონს ვერ გახვალთ. ამ შემთხვევაში „საქმის“ განსაკუთრებული ცოდნაა საჭირო. ჯერ ერთი, საქმიანი მამაკაციც ჩვეულებრივი მამაკაცია, უბრალოდ, მას დანარჩენებისგან ის განასხვავებს, რომ დრო ცოტა აქვს. აუცილებელი არ არის, ჭკუა და ინტელექტი „აფრქვიოთ“. ამით მას ვერ „წამოაგებთ“. ენდეთ შინაგან აზარტს. ითამაშეთ იმ წესებით, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. თუ ამის საჭიროებას ხედავთ, შეიძლება, გაცნობის ინიციატივაც საკუთარ ხელში აიღოთ. გაიგეთ მისი ინტერესების შესახებ და მეტი შეიტყვეთ ამ ყველაფერზე, რათა საჭირო დროს გამოიყენოთ. მამაკაცებს მოსწონთ, როცა უსმენენ. მით უმეტეს, მოსწონთ, როცა მათი საქმიანობის შესახებ უსმენენ. შეიძლება, დიდად არც გაინტერესებდეთ, მაგრამ არ უნდა შეგემჩნეთ. ბოლოს და ბოლოს, თუ დიადი მიზნისკენ მიდიხართ, თითოეული ნაბიჯი გამართლებული იქნება. მთავარია, ამ ამბავს საქმიანად მიუდგეთ.
ბოლოს და ბოლოს, სპორტული ინტერესიც ძალიან წაადგება თქვენს სამომავლო ღვაწლს. თქვენ ხომ ბედნიერებისთვის იბრძვით?!
„აწონე“ რისკები
შეიძლება ყველაფერს შეეგუო, ითამაშო მგზნებარე შეყვარებულის როლი... ყოველდღე სკანდალი მოუწყო პარტნიორს და მერე ხმაურიანი შერიგებები გქონდეს... შეიძლება, ყველაფერი შეიძლება... მაგრამ, რაღაც გარკვეულ დრომდე. სიტუაცია აუცილებლად გამწვავდება... ერთ დღესაც არ გააკეთებ იმას, რასაც შენგან მოითხოვს მოვალეობის განცდა ან სიყვარული. დადგება დრო, როცა მიხვდები, რომ სიყვარული კარგია, მაგრამ საკუთარი თავი არ უნდა დაგავიწყდეს. შენ თუ არ იზრუნე მასზე, სხვა ამისთვის არ შეწუხდება. აუცილებელია, „აწონო“ ის რისკები, რომელიც განწირული ურთიერთობის ხელოვნურად გაგრძელებას მოჰყვება. თუ „გადაწონის“ გაქცევა, მაინც უნდა გაიქცე, თანაც უკანმოუხედავად.
* გამოიცვალეთ ტელეფონის ნომერი. დაბლოკეთ არასასურველი სატელეფონო ზარები და მესიჯები;
* გაწყვიტეთ კონტაქტები, რომლებიც მასთან შეხვედრის ალბათობას გაზრდის;
* ნუ აჰყვებით წუთიერ სისუსტეებს. უკან ნუ მოიხედავთ და თავს სინანულით ნუ გაიწამებთ;
* პატივი ეცით საკუთარ გადაწყვეტილებებს. თუ გადაწყვიტეთ, წახვიდეთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ, ასეც მოიქეცით.
ვერ გაიგო...
ვის უჭირს ნათქვამის გაგება და მოვლენების ადეკვატურად აღქმა? – ძირითადად, მამაკაცებს. ქალის საქციელის ზოგიერთი ნიუანსი, ზოგჯერ ძლიერი სქესისთვის საშინლად დამაბნეველია. ისინი გულწრფელი გაოცებით კითხულობენ:
1. რატომ მიაჩნიათ ქალებს, რომ ყოველთვის მართლები არიან?
2. რატომ ცდილობენ ქალები, არაფრით არ აღიარონ საკუთარი შეცდომები, როცა ხმამაღლა იწყებენ ლაპარაკს მამაკაცების შეცდომებზე?
3. რატომ იმახინჯებენ თავს ქალები სპეციალურად, სულელური მოდის გავლენითა და უგემოვნობის „წყალობით“?
4. რატომ ცდილობენ ქალები, ხშირად დაუჯერონ დაქალებს და არასოდეს – ქმარს?
P. S. ქალბატონებისთვის იქნებ ღიმილის მომგვრელიც იყოს ეს შეკითხვები და ისიც, რომ მამაკაცები ამ ყველაფერს პრობლემად აღიქვამენ. მაგრამ, იქნებ მაინც გეფიქრათ პასუხებზე. ვინ იცის, შეიძლება, თქვენმა საყვარელმა და ერთადერთმა სწორედ მათი მოსმენის მერე თქვას, რომ განსაკუთრებული ქალი არგუნა ბედმა.