რამდენი წლის ასაკში მოაწერა პირველ კონტრაქტს ხელი დევიდ ბექჰემმა და რომელი ოცნების ასრულებას ვერ ახერხებს ის
„ჩემთვის, ადრე რომ ეთქვათ, „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად, ჯილდოებს მოიგებ, ინგლისის ნაკრების კაპიტანი გახდები, ითამაშებ ასზე მეტ მატჩს ნაკრების შემადგენლობაში, გახდები მსოფლიოს საუკეთესო კლუბების წევრიო, ალბათ, ვიტყოდი, ეს ფანტაზიაა-მეთქი, მაგრამ მე მოვახერხე ამ ოცნებების რეალიზება”. მსოფლიოს ყველა დროის, ალბათ ყველაზე ტირაჟირებულმა ფეხბურთელმა, 38 წლის დევიდ ბექჰემმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება და ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი კარიერა და ცხოვრება მუდამ საზოგადოების ინტერესს იწვევდა და საინტერესო ეპიზოდებით იყო სავსე.
* ფეხბურთის თამაში დევიდ ბექჰემმა 8 წლის ასაკში, ბავშვთა სპორტულ კლუბ „რიჯვეი როვერსში” დაიწყო. მამამისი პერიოდულად იქ ბავშვებს ავარჯიშებდა. სამი წლის შემდეგ ბექჰემი ბობი ჩარლტონის საფეხბურთო აკადემიის ტურნირის გამარჯვებული გახდა და ორკვირიანი საგზური მოიგო „ბარსელონას” აკადემიაში სტაჟირებაზე. თუმცა, იმ დროისთვის დევიდი და მისი ოჯახის წევრები „მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგები იყვნენ და დევიდი მანჩესტერული კლუბის ღირსების დაცვაზე ოცნებობდა. 14 წლის ასაკში დევიდ ბექჰემმა ხელი მოაწერა კონტრაქტს „მანჩესტერ იუნაიტედის” სასკოლო აკადემიასთან.
* დევიდის ბაბუა დედის მხრიდან ებრაელი იყო და ბექჰემიც თავს ნახევრად ებრაელად მიიჩნევს. მისი თქმით, ის ბავშვობიდან ეზიარა ქრისტიანულ სარწმუნოებას და ოჯახთან ერთად რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში.
* პირველი გოლი პროფესიულ კარიერაში დევიდ ბექჰემმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში თურქულ „გალათასარაის” გაუტანა 1994 წლის ნოემბერში. პირველი გოლი პრემიერლიგაში კი 1995-1996 წლების სეზონში „ლიდს იუნაიტედის” კარში გაიტანა. 1997 წელს, გუნდიდან ერიკ კანტონას წასვლის შემდეგ, დევიდ ბექჰემმა მიიღო მაისური მეშვიდე ნომრით, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” მაგიური დატვირთვა აქვს. მანამდე ამ ნომრით ჯორჯ ბესტი და ბრაიან რობსონი ასპარეზობდნენ. დევიდის „რეალში” გადასვლის შემდეგ კი, „შვიდიანი” კრიშტიანუ რონალდუ გახდა.
* ჟურნალ „ფორბსის” ვერსიით, დევიდ ბექჰემი 2011 და 2012 წლების ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია. ჟურნალი მას „ადამიან-ბრენდად” მოიხსენიებს საკუთარი იმიჯის წყალობით, მან 250 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სხვადასხვა დროს ბექჰემი ისეთი ბრენდების სარეკლამო სახე იყო, როგორიცაა: „პეპსი”, „ადიდასი”, „ჟილეტი”, „კასტროლი”, „დოლჩე და გაბანა”, „მარკს ენდ სპენსერი” და სხვა. ბოლო მონაცემებით, ბექჰემის კაპიტალი 231 მილიონ დოლარს აღწევს.
* „მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობის პერიოდში დევიდ ბექჰემმა 394 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 85 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მან 115 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. მინდვრის მოთამაშეებს შორის ბექჰემს ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი ეკუთვნის. სრული რეკორდსმენი კი მეკარე პიტერ შილტონია, რომელსაც 125 მატჩი აქვს ანგარიშზე.
* დევიდ ბექჰემის ერთ-ერთი ოცნება იყო, რომ კარიერა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის შემდეგ დაემთავრებინა, რომელშიც 11-მეტრიანი დარტყმით გამარჯვების გოლს გაიტანდა. „რა თქმა უნდა, იმ დროისთვის უკვე 39 წლის ვიქნები, თუმცა ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც საქმე ნაკრებს ეხება”.
* დევიდ ბექჰემს სხეულზე 17 ტატუირება აქვს. შვილების სახელები (ბრუკლინი, კრუზი, რომეო და ჰარპერ სევენი), იესო ქრისტეს გამოსახულება ზურგზე, მეუღლის სახელი ინდურ ენაზე და ვარდები შეუღლების 10 წლის იუბილესთვის, ასევე კიდევ რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის ტატუ. ხელებზე ტატუირების გამო ბექჰემი გრძელმკლავიანი მაისურებით თამაშობდა.
* დევიდ ბექჰემის ორი ვაჟის – ბრუკლინისა და რომეოს ნათლია ელტონ ჯონია.
* დევიდ ბექჰემი დაავადებულია აკვიატებით, რომელიც პათოლოგიური ლტოლვით გამოიხატება სისუფთავისა და წესრიგისადმი. საგნები უნდა იყოს განლაგებული სიმეტრიულად და წყვილად. ასევე, ბექჰემს ორნიტოფობია სჭირს, მას პათოლოგიურად ეშინია ფრინველების.
* ცნობილია, რომ დევიდ ბექჰემი ყოველი მატჩის დაწყებამდე ბუცების ახალ წყვილს იცვამდა. მას არასდროს უთამაშია უკვე ნახმარი ბუცებით.
* 2003 წელს დევიდ ბექჰემი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა. ორდენი მას პირადად დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ გადასცა. ცერემონიალს დევიდის დედა და ბებია-ბაბუა ესწრებოდნენ. ორდენი ფეხბურთელს გადაეცა „ბრიტანეთის ინტერესის დაცვისთვის საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე.”
* 1999 წლის მარტში დევიდ ბექჰემი მამა გახდა. იმავე წლის ივლისში ის ოფიციალურად დაქორწინდა პოპულარული ბრიტანული პოპ-ჯგუფ „სფაის გერლზის” წევრზე, ვიქტორია ადამსზე, რომელიც არაოფიციალური ვერსიით, პირველად თბილისში, 1996 წლის ნოემბერში ნახა სასტუმრო „მეტეხის” ნომერში, ტელევიზორში ჯგუფის კლიპის ჩვენებისას.
* დევიდ ბექჰემი ცნობილი ქველმოქმედია. „პარი სენ ჟერმენთან” გაფორმებული ხუთთვიანი კონტრაქტის თანახმად, მისი მთლიანი ხელფასი ერთ-ერთ პარიზულ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციას გადაერიცხა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მას რამდენიმე მილიონი აქვს გადარიცხული ქველმოქმედებაზე. 2003 წელს ბექჰემმა 800 ათასი დოლარი შეაგროვა საქველმოქმედო მატჩიდან და თანხა მთლიანად სიღარიბესთან ბრძოლის ასოციაციაში გადარიცხა.
* 2012 წლის 15 მაისს დევიდ ბექჰემი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხუმრობის ობიექტი გახდა. პრეზიდენტმა „ლოს-ანჯელეს გელექსის” ფეხბურთელები მიიწვია თეთრ სახლში და სხვადასხვა ჯილდო გადასცა. ცერემონიალზე ობამამ აღნიშნა, რომ „გელექსის” ყველა ფეხბურთელი, ერთის გარდა, შვილად ეკუთვნის და სწორედ ის ერთია ახალგაზრდა და წარმატებული სპეციალისტი, რომელსაც საკუთარი თავი შეადარა. ასევე, ობამამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბექჰემი „მაგარი ბიჭია,” რადგან საკუთარი ქვედა თეთრეულის ხაზი აქვს. დევიდ ბექჰემმა პრეზიდენტს იუმორი შეუქო.
* სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის თანახმად, დევიდ ბექჰემი ქალებში ვიაგრას ფუნქციას ასრულებს. ფეხბურთელის დანახვისას მანდილოსნების გულის ცემა მატულობს. ბექჰემი არაერთი გამოკითხვით ყველა დროის ერთ-ერთ სექსუალურ ფეხბურთელად მიიჩნევა.
* დევიდ ბექჰემი ინგლისის განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც სამეფო ოჯახი, „ბითლზი” და შერლოკ ჰოლმსი. დიდი ბრიტანეთის ნაციონალურმა ბანკმა ბექჰემი დიადი ბრიტანელების რიცხვში შეიყვანა და შესაძლოა, მომავალში ბექჰემის პორტეტმა ათფუნტიანი კუპიურაც დაამშვენოს.
* დევიდ ბექჰემი პირველი მამაკაცია, რომელმაც ქალებისთვის განკუთვნილი მოდური ჟურნალის „ელეს” გარეკანი დაამშვენა. „ელეს” ბრიტანული გამოცემის რედაქტორის თქმით, დევიდ ბექჰემი, როგორც ბრიტანეთის ნაციონალური გმირი და ფეშენ-კერპი, იდეალურად უხდება ამ ჟანრის ჟურნალის გარეკანს.
* დევიდ ბექჰემი სამაგალითო მეუღლედაა მიჩნეული ბრიტანეთში. 14 წელია, ის ვიქტორიასთან ერთად ცხოვრობს და 4 შვილი ჰყავთ. დევიდი დიდ დროს უთმობს ოჯახს და ასევე, კვირაში ერთხელ თავისი ნათესავების მონახულებასაც ახერხებს. გარდა ამისა, ყველა ჭორი დევიდის შესაძლო ღალატზე, საბოლოოდ, ტყუილი გამოდგა.
* დევიდ ბექჰემი თანამედროვე ფეხბურთის ნომერ პირველი „მეტროსექსუალია“. მისი ვარცხნილობა დიდი ხანია, მისაბაძად იქცა.
* ამბობენ, დევიდი ფოტოგრაფიითაა გატაცებული და ძვირად ღირებულ ფოტოტექნიკას ფლობსო.
* თავისი უკანასკნელი მატჩი პროფესიულ ფეხბურთში დევიდ ბექჰემმა „პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩაატარა 2013 წლის 18 მაისს. მან კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა გუნდი მოედანზე და 72 წუთზე შეცვალეს. ბექჰემმა ატირებულმა დატოვა მოედანი.