რას ნიშნავს მართლმადიდებლობა
ჭეშმარიტი სარწმუნოება
ჩვენს სარწმუნოებას „მართლმადიდებლური“ ჰქვია. ეს ნიშნავს ღვთის მართლად, სწორად დიდებას. მტრებიც კი მართლმადიდებლებს გვიწოდებენ, ამით ისინი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ჩვენ ღმერთს მართლად, სწორად ვადიდებთ, სწორად სარწმუნოებაზე ვდგავართ. ამ სიმართლეს სიფრთხილით ვიცავთ უცხო გავლენისაგან, მასთან თუნდაც წვეთი ტყუილის შერევისაგან. სარწმუნოების მტკიცედ დაცვა წინაპრებმა დაგვიბარეს, მათ კი იცოდნენ, რას ნიშნავს ღვთისადმი მადლიერება, რადგანაც თვითონ იკვებებოდნენ ამ ნაყოფითა და მისდამი მოფრთხილება ჩვენც გვიანდერძეს.
... შენმა წინაპრებმა წმიდა ნათლობით მიიღეს მართლმადიდებლის სახელი, ამითვე დააჯილდოვეს მათ შენი სული... მართლმადიდებლობა მხოლოდ ეროვნული ტრადიცია კი არ არის, არამედ რაღაც უფრო მეტია.
რწმენის სიმბოლოში, რომელიც გამოხატავს ქრისტიანული რელიგიის არსს და მიღებულ იქნა როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატური საფუძველი I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე (325-381 წელიწადი), კერძოდ, „მრწამსის“ მეოთხე წერილში წერია: „მწამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“.
წმიდა პავლე მოციქული თავის წერილში ეფესელთა მიმართ ქრისტეზე – ეკლესიის შემქმნელსა და თავზე წერს: „და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზესთა ყოველთა.
ეკლესია, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსება იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო (ეფ. 22-23) და რომ „ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი“ და თავი მისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმიდა-ყოს... რაი-თა იგი წმიდაყოს... რაი-თა იყოს წმიდა და უბიწო“ (ეფ. 5. 23-27).
მოწმობა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა
მსოფლიოს სასწაულები, რომლებიც მოწმობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას და იულიანური კალენდრის (ძველი სტილის) მართებულობას.
ჩვენს დროში ხშირად გაიგონებთ ასეთ ნათქვამს: „რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოებაა ჭეშმარიტი? კათოლიკენიც ხომ ამბობენ ჩვენი სარწმუნოებაა ჭეშმარიტიო?“
ჩვენი კეთილმსახური წინაპრებისათვის ასეთი დაეჭვება, რა თქმა უნდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო. მათ კარგად უწყოდნენ, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება თვით უფალმა მისცა თავის მოციქულებს და ეს სარწმუნოება წმიდად, უცვლელად და შეურყევლად არის დაცული მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ადამიანთა რწმენასაც კაცობრივი ამაო შეხედულებები კი არ განამტკიცებდა, არამედ ის ნიშნები და სასწაულები, რომელთაც უფალი ყოველთვის აღასრულებდა ჩვენს ცხოვრებაში.
ეს სასწაულები დღესაც აღესრულება, ოღონდ მათ შესახებ კრინტს არავინ სძრავს – არც პრესა, არც რადიო და არც ტელევიზია. დღედაღამ ყველანაირ ახალ ამბებს იუწყებიან, გარდა ამ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისა – უფლის უდიდესი მსოფლიო სასწაულებისა.
„საქართველო მეორედ მოსვლის წინ“