მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ღმერთს შევპირდი, რომ დიდი რაოდენობით სანთელი დავუნთო. აქვს თუ არა მნიშვნელობა, სად შევიძენ სანთლებს, აუცილებლად ეკლესიაში უნდა ვიყიდო?
პასუხი: ეკლესიაში შეძენილი სანთელი არის მორწმუნის ნებაყოფლობითი შესაწირი ტაძრისთვის. ამიტომ, უმჯობესია, სანთელი ეკლესიაში შეიძინოთ, რადგან, ღვთის ტაძარზე ზრუნვა ყოველი ქრისტიანის ვალია. შეიძლება, საკუთარი ხელითაც გააკეთოთ სანთელი. რაც შეეხება ქუჩაში შეძენილ სანთელს, მას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ყოფითი დანიშნულების სანთელს.
კითხვა: შეიძლება თუ არა კონკრეტული ადამიანის სახელზე ნაკურთხი ხატის გასხვისება?
პასუხი: ხატის კურთხევა არ ხდება ვინმეს სახელზე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ილოცოს მის წინაშე. ასევე, ხატის გასხვისებაც, მით უმეტეს, მართლმორწმუნე ქრისტიანზე, დანაშაულად არ ჩაგეთვლებათ.
კითხვა: მაპატიეთ, მაგრამ ცოტა გამაღიზიანებელია, სასულიერო პირები უცხოური მანქანებით რომ დაჰქრიან; იესო ქრისტე ხომ ცხენზეც არ ჯდებოდა თავმდაბლობის გამო და ვირით დადიოდა.
პასუხი: სასულიერო პირები საზოგადოებრივი ტრანსპორტით და, სულაც, ფეხითაც დადიან. დაყუდებული ბერები კი – მონასტერში ცხოვრობენ. მაგრამ, დღევანდელი ცხოვრების ტემპი მოითხოვს, რომ ადამიანი სწრაფად გადაადგილდეს და დრო რაციონალურად გამოიყენოს. ამისთვის კი საჭიროა მანქანა. რაც უფრო მეტი დრო დარჩება მღვდელს მრევლისთვის, მით უკეთესია. ამიტომ, მანქანა, თუნდაც უცხოური, შეიძლება, სასულიერო პირსაც ჰყავდეს. მანქანის ყოლა არაფერს ცვლის, მთავარია, სასულიერო პირი ღვთისგან მინიჭებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდეს.
კითხვა: ძალიან მიყვარს ქარგვა და ბოლო დროს საეკლესიო თემით დავინტერესდი. ვქარგავ ღვთისმშობლის გამოსახულებას. მაქვს თუ არა ამის უფლება მოძღვრის კურთხევის გარეშე?
პასუხი: ძალიან სასიხარულოა, რომ ღვთისმშობლის ხატის მოქარგვა გადაწყვიტეთ, ეს მის მიმართ თქვენს სიყვარულზე მეტყველებს, მაგრამ, ხატის მოქარგვის შესრულებას თავისი კანონიკა აქვს, ამიტომ, მოძღვრის ლოცვა-კურთხევა აუცილებელია.