კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ელის თუ არა ყველა ქალს ღალატი, იმედგაცრუება და ოცნების კოშკების დანგრევა

თემა ძველია – თითქმის მარადიული... მასზე ბევრჯერ გვისაუბრია და, ალბათ, კვლავ ბევრჯერ ვილაპარაკებთ, თუმცა, საეჭვოა, მოვძებნოთ ამ პრობლემის მოგვარების საშუალება. ღალატი – დამანგრეველი, პიროვნების მტერი და საშინელი სტრესი, რომელიც კაცობრიობასავით ძველია. არასდროს ყოფილა ღალატი ადვილად მისატევებელი და დასავიწყებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ქალების უმრავლესობა თითქმის თანხმდება იმაზე, რომ ღალატის პატიება შეიძლება ერთხელ მაინც... თუმცა, საბოლოოდ, ღალატი სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემად რჩება.

ირინა (31 წლის): გამიგია, რომ უმძიმესია ღალატის გადატანა ორმოც წელს გადაცილებული ქალისთვის, მაგრამ, არც ჩემს ასაკში გამოდგა ეს მარტივი. მეტსაც გეტყვით, ვერასდროს და ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთ სიმწარეს გამოვცდიდი. ვიცი, რომ ყვეალა ამას ლაპარაკობს და ყველას ერთნაირი რეაქცია აქვს, ანუ ორიგინალურობით არ გამოვირჩევი.

– ღალატის შემდეგაც თითქმის ყველა ერთნაირად იქცევა.

– ვერ ვიტყოდი. ერთად შვიდი წელი ვიცხოვრეთ. ჩვენი სიყვარული საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო: ოცი წლის ვიყავი, როცა გავიცანი. თითქმის ოთხი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. სიცოცხლე ვერ წარმომედგინა მის გარეშე. სხვათა შორის, დღესაც ასე ვარ. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, მეშინია მის გარეშე ცხოვრების. ასე მგონია, ჰაერი აღარ მეყოფა და დავიხრჩობი. ზოგიერთი ჩემი მეგობარი მეუბნება, ასე ძალიან რომ გიყვარს და რომ იცის, ყოველთვის ყველაფერს აპატიებ, ამიტომაც მოგექცა უსარგებლო ნივთივითო. არ მესმის, რა არის არაბუნებრივი იმაში, რომ ცოლს ქმარი უყვარდეს. აბა, როგორ უნდა იცხოვრო კაცთან, თუ არ გეყვარება; როგორ უნდა განსაზღვრო ის „დოზა“ სიყვარულისა, რომელსაც არ უნდა გადააჭარბო, რომ ქმარმა არ გიღალატოს?! აბსურდამდე მივალთ ასეთი მსჯელობით. სხვათა შორის, გათხოვების პირველი ორი წლის განმავლობაში თავს ძალიან დაუცველად და არამყარად ვგრძნობდი. ვერ ვიჯერებდი, რომ შევძლებდი ოჯახის გაძღოლას ან ქმრისთვის სასურველ ქალად დარჩენას. ყველაზე ძალიან სწორედ ამის მეშინოდა, ლამის ფობიად მექცა. შეჩვევა საშინელებაა, კლავს სიყვარულს. ჩემი ქმარი იქამდე მივიდა, რომ მითხრა: კი მიყვარხარ, შენ გარეშე ძალიან გამიჭირდება, ისე შეგეჩვიე, მაგრამ, შენს სხეულსაც შევეჩვიე და რაღაც ახალი მინდოდაო. სასტიკი გულახდილობაა, ხომ მართალია?! მაგრამ, ლოგიკაც არის მასში და, ამიტომაც, უნდა გაუგო ადამიანს.

– გაუგეთ და აპატიეთ?

– ეჰ, ასე მარტივად რომ ყოფილიყო საქმე... ყველაზე მტკივნეულად ის განვიცადე, რომ საკუთარი თვალით ვნახე მისი ღალატის დამადასტურებელი ფაქტი. ჩემი ქმრის სამსახურში კორპორაციული წვეულება იყო და მეც დამპატიჟეს. რესტორნის დიდ დარბაზში იყო მოწყობილი ალაფურშეტი. დარბაზში ყველანი თავისუფლად დავსეირნობდით. მეც ვიღაცეები მელაპარაკებოდნენ, მეცნობოდნენ... უცებ თვალი მოვკარი, ჩემი ქმარი გასასვლელისკენ წავიდა, მივხვდი, რომ ქუჩაში აპირებდა შეუმჩნევლად გასვლას. უკან გავყევი. არ არსებობს ქალი, რომელიც ჩემს ადგილას სხვანაირად მოიქცეოდა. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, არ გავყოლოდი – იმ ტკივილს მაინც ავცდებოდი, რაც განვიცადე. რაც ვნახე, იმან ერთ წუთში დაუკარგა ფასი ყველაფერს და შვიდწლიანი ბედნიერი თანაცხოვრება აბსურდად იქცა. იმ წუთში ისეთი უსუსური ვიყავი, მგელივით ყმუილი მინდოდა... რესტორანთან გაჩერებულ მანქანაში ჩემი ქმარი ვიღაც ქერა ქალს ჰკოცნიდა. ვიცანი – მისი თანამშრომელი იყო. სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. მუხლები მომეკვეთა და, როგორ არ წავიქეცი, ძალიან მიკვირს. ისიც მიკვირს, საიდან მოვიდა ძალა, რომელმაც შემაძლებინა უკან, დარბაზში დავბრუნებულიყავი. ჩემი ჩანთა მოვძებნე, მინდოდა, სწრაფად გავცლოდი იქაურობას, გავქცეულიყავი სადმე შორს... ჩემი ქმრის თანამშრომელმა, რომელთანაც ვმეგობრობთ კიდეც, შემამჩნია, რაღაც რომ მჭირდა. მოვიდა და გაკვირვებით მკითხა, რა მოხდა, სად მიდიხარ, დიტო სად არისო. სახლიდან დამირეკეს, ბავშვი აღარ ჩერდება, სასწრაფოდ უნდა წავიდე. დიტოს ვერ ვპოულობ, მაგრამ, არა უშავს, ტაქსით წავალ და გზიდან დავურეკავ-მეთქი. ეტყობა, ჩემი ხელოვნური სიმშვიდე ნაკლებად დამაჯერებელი იყო, რადგან,  აღარ მომეშვა – მე გაგაცილებო. ძლივს დავარწმუნე, არ გამომყოლოდა. ტაქსიში ხმამაღლა ვტიროდი. მძღოლი გაოცებული მიყურებდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. სახლში დასიებული თვალებით მივედი. ბავშვს უკვე ეძინა. ძიძა ტელევიზორს უყურებდა. შეიძლება, ძალიან უნდოდა, ეკითხა, რატომ დავბრუნდი სახლში მარტო, მაგრამ, მიხვდა, რომ ჯობდა, ჩუმად წასულიყო. კარი ჩავკეტე და მთელი ხმით ავბღავლდი. კონიაკი ვიპოვე, დავიდგი წინ და სმა დავიწყე. თან საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, კითხვებს ვუსვამდი – ასე რატომ მოხდა, რატომ მივედი აქამდე-მეთქი. მშვენივრად ვცხოვრობდით ერთად – არც ვჩხუბობდით, არც სკანდალებს ვუწყობდით ერთმანეთს... ნუთუ ჩემში ქალს ვეღარ ხედავს? ან, იქნებ, აღარ სიამოვნებს ჩემი მოფერება, ჩემი კოცნა? ისე მომექცა, როგორც უსარგებლო ნივთს, არაფრად ჩამაგდო. იმასაც არ მოერიდა, რომ იქვე, ახლოს ვიყავი. ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რაც გვაკავშირებდა. მანქანაში მოაწყო ორგია საყვარელთან – ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს-მეთქი. თითქმის მთელი ბოთლი დავლიე... მერე ავდექი, კარადიდან ჩემი ქმრის ტანსაცმელი გამოვიღე და შემოსასვლელში დავყარე. ორი საათის შემდეგ მოვიდა. რიხზე იყო – სად წამოხვედი, თავი რატომ მომჭერიო. იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი რომ დაინახა, ცოტა შეცბა, მაგრამ, უკან მაინც არ დაიხია. მოვუყევი, რაც ვნახე... ვეღარ გაბედა, ეთქვა, მოგეჩვენაო. იმავე ღამეს ვაგდებდი – წადი იმ შენს საყვარელთან-მეთქი. იცოდე, თუ გამაგდებ, აუცილებლად ინანებ ამას. ახლა  მთვრალი ხარ, დილით ვილაპარაკოთო. რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი ვესროლე. ხმას არ იღებდა, იდგა და მიყურებდა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს... მე მას უკან აღარ მივიღებ. თავს უარესად არ გავიმასხრებ და არ დავიმცირებ. ამით ის გამოვა, რომ ჩემს სიყვარულზე ვიტყვი უარს. მე ხომ მაინც მიყვარს ჩემი ქმარი, მიუხედავად ყველაფრისა. რას მივიღებ მისი გაგდებით? – დავრჩები მარტო და ვიგლოვებ. ბავშვიც მამის გარეშე გაიზრდება. იქნებ ჯერ დაველაპარაკო და გავიგო, რა მოხდა, რატომ მოხდა, სინდისი თუ მაინც აწუხებს-მეთქი.

– ფაქტობრივად, განეწყვეთ პატიებისთვის.

– ალბათ. გითხარით და ისევ ვიმეორებ – სიყვარული ისევ მაქვს ჩემი ქმრის მიმართ. გავაცნობიერე, რომ, თუ გავაგდებდი და არ ვაპატიებდი, უარესად ვიქნებოდი. თან, რა ვიფიქრე, იცით?! რადგან ვაგდებ და არ მიდის, ესე იგი, წასასვლელი არა აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ქალთან სერიოზული არაფერი აქვს-მეთქი.

– სერიოზული, ანუ?

– სიყვარული. გრძნობაა სერიოზული და არა გართობის სურვილი.

 – ანუ, თუ ქმარი სხვა ქალებში ერთობა, არა უშავს, მთავარია, არ შეუყვარდეს?

– თქვენ ვერ გამიგეთ. როგორ არა უშავს... ესეც ძალიან მძიმეა და საშინლად დამამცირებელი, მაგრამ, როცა ადამიანი გიყვარს, თანაც, ისე გიყვარს, როგორც მე მიყვარს ჩემი ქმარი, ბევრ რამეზე დახუჭავ თვალს.

– და, აბიჯებ საკუთარ თავმოყვარეობას?

– სიყვარული და თავმოყვარეობა ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან – ეს ფაქტია და რეალობაც ესაა. როცა ასეთი პრობლემა გიჩნდება, ჯობია, რჩევა არავის ჰკითხო და საკუთარი გულის კარნახით იმოქმედო. ორი უბედურებიდან ნაკლები უბედურება უნდა აირჩიო. მე მყავს ორი დაქალი, რომლებმაც არ აპატიეს ქმრებს ღალატი და ახლა დეპრესიაში ცხოვრობენ. თუ არ შეგიძლია, გააგდო და ახალი ცხოვრება დაიწყო უკვე მის გარეშე, მაშინ, უნდა აპატიო და დაივიწყო მომხდარი.

– თუ დავიწყებაც არ შეგიძლია?

– ჰო, ეგ მძიმე საკითხია. ძალიან რთულია, აპატიო და კიდევ უფრო  რთულია – დაივიწყო. აი, ეს მეორე პუნქტი, პრაქტიკულად შეუსრულებელია. დილით ჩემი ქმარი ცდილობდა, რაღაც აეხსნა, რაღაც იდიოტური არგუმენტები მოჰყავდა, მომხდარის იმ ქალზე გადაბრალების მცდელობაც კი ჰქონდა. თითქოს ბოდიშიც მოიხადა... მოკლედ, ვუსმენდი და მეცოდებოდა, ისე წვალობდა. ერთი თვე არ ველაპარაკებოდი. ძალიან დაძაბული, ფეთქებადსაშიში ატმოსფერო იყო ჩვენს სახლში. სხვათა შორის, ამ პერიოდის განმავლობაში ქმარი მკაცრი დაკვირვების ქვეშ მყავდა. ერთ საღამოს თქვა, რომ ფირმა სხვა ფილიალში გადადიოდა. მერე უცებ სამოგზაუროდ წამიყვანა, იქაც ბოდიში მოიხადა და პატიება მიიღო – მივეცი შანსი მასაც და საკუთარ თავსაც. შეიძლება, დიდი სისულელე გავაკეთე, მაგრამ, არა უშავს. აღარ ვიდარდებ. ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა. ვინც ჩემსავით შეყვარებული არ ყოფილა, ის ვერც გამიგებს. დანგრევაზე ადვილი არაფერია, აშენებაა ძნელი. ამიტომ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვვაში უნდა დაანგრიო.

скачать dle 11.3