ვინ ჩააბარა ბესო ზანგურთან ცხოვრების გამოცდა „ხუთიანზე“ და რა კომფორტი შეუქმნა მას მეუღლემ
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, წლების განმავლობაში იპყრობდა ხალხის ყურადღებას თავისი ცხოვრების წესით. უკვე ერთი წელია, რაც ჩვენმა რესპონდენტმა ახალი ცხოვრება დაიწყო და რადიკალურად შეიცვალა. ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი მის მეუღლეს, გვანცა წულეისკირ-ზანგურისას მიუძღვის.
– როგორც გავიგე, ბესო ზანგურის პირად ცხოვრებასა და კარიერაში სიახლეებია. იქნებ მოგვიყვე, რას მოიცავს ახალი ამბები?
– ახლახან რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა ვითამაშე – „ფსიქოზი 4.48,” რომელიც ბატონმა რობერტ სტურუამ და ტიტა როყვამ დადგეს. ის უსამართლობა, რაც ბოლო წლებში იყო რუსთაველის თეატრში, აღარ არის; აღდგა რამდენიმე სპექტაკლი. თეატრი დაუბრუნდა შემოქმედებით ცხოვრებას და აქ აღარ არის მხოლოდ ბიზნესცხოვრება.
– ანუ, ახალი ენერგიით დაიწყეთ ცხოვრება.
– კი, ძალიან. უკვე ვიყავით რამდენიმე გასტროლზე უცხოეთში. წინა მმართველების დროს მხოლოდ საქართველოს რეგიონებში გვიწევდა სპექტაკლების გატანა, ახლა კი ასე აღარ არის და საქართველოს ფარგლებს გავცდით. რასაც ჰქვია შემოქმედებითი ცხოვრება აღდგა რუსთაველის თეატრში, რაც მისასალმებელია, პირველ ყოვლისა – მაყურებლისთვის.
ასევე, ახალი როლისთვის ვემზადები. „მარია კალასს” დგამს რობერტ სტურუა ახალ თეატრში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუხსნა. ონასისი უნდა ვითამაშო, მარია კალასის საყვარელი. სიახლე კინოშიც არის – ახალ ფილმზე დამამტკიცეს უკრაინაში. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი ზუსტად, რა ხდება, სცენარი უნდა გადმომიგზავნონ. ერთი ის ვიცი, რომ მთავარ როლზე ვარ დამტკიცებული. ძალიან ჩაბმული ვარ საქმეში და ოჯახის გარდა არავისთვის აღარ მცალია.
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გავიგე, რომ მესამე შვილის მამობისთვის ემზადები.
– ძალიან სერიოზულად ვემზადები, თუმცა, პირველ ორზეც არანაკლებად ვემზადებოდი. რაღაც რთული და არასასიამოვნო პერიოდები ყველას აქვს ცხოვრებაში და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, სხვები ხდებიან სხვისი ჭირის მოლხინეები. სალაპარაკო თემა გაუჩნდათ მათ, რისი საბაბი მეც მივეცი, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე ყველაფერი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, მართლა ძალიან სერიოზულად ვემზადები მესამე შვილის მამობისთვის; უფრო მეტიც, მასზე არ შევჩერდებით და, მინდა, მეოთხეც მივაყოლოთ მისი გაჩენის შემდეგ.
– გამოდის, რომ გინდა, მრავალშვილიანი მამა გახდე.
– კი, მინდა, რომ მრავალშვილიანი მამა ვიყო და ვიცხოვრო ოჯახურ გარემოცვასა და იმ თბილ ატმოსფეროში, რომელიც ჩემთვის ყოველთვის სანატრელი იყო. ვიცი, ეს ბევრს გაუკვირდება, მაგრამ, ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახი იდგა.
– ანუ, გვანცამ გააკეთა ის, რაც მანამდე შენმა ვერც ერთმა მეუღლემ ვერ მოახერხა.
– შეიძლება, ასეც ითქვას. უბრალოდ, გვანცამ გააცნობიერა, ვისთან არის და ვის დაუკავშირა თავისი ბედი. რა თქმა უნდა, მასაც შეხვდა სირთულეები ჩემი ხასიათიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. მან გააკეთა არჩევანი – ყოფილიყო მშვიდად, წყნარად, თავისთვის, თავისივე სიყვარულის გამო, თავის თბილ ოჯახში. ეს რომ ვიგრძენი, ძალიან გამიხარდა. უკვე ერთი წელია, ერთად ვართ და ახლახან გადავწყვიტე, რომ შვილი გაეჩინა ჩემთვის. ერთი წელი წინამოსამზადებელი პერიოდი ავიღე. გვანცამ კი გამოცდა „ხუთიანზე“ ჩააბარა. სხვათა შორის, გვანცა უკვე ჩემს გვარზე გადმოვიდა და წულეისკირი-ზანგურისა გახდა.
– შენთან ურთიერთობის ასაწყობად კი ჩააბარა გვანცამ გამოცდა „ხუთიანზე“, მაგრამ, დედობისთვის როგორ ემზადება?
– ასეთ საკითხებზე არ ვფიქრობთ, ჩვენ, უბრალოდ, ცხოვრებას მშვიდად და წყნარად მივყვებით. წინასწარ არაფერს ვგეგმავთ. ისე კარგად გვაქვს ყველაფერი აწყობილი, რომ ჩვენ თვითონვე გვიკვირს. მე და გვანცას ერთმანეთისთვისაც გვითქვამს, იმდენად უპრობლემოდ და კარგად მიდის ყველაფერი, ფიქრიც კი აღარ გვინდა ამაზე, რომ თვალი არ გვეცეს.
– სხვების აზრებსა და მონაჭორებს მექანიკურად ისხლეტ და ყურადღებას აღარ აქცევ თუ?!.
– ადრე ბესო ზანგური ყველასთვის თითით საჩვენებელი იყო. სულ ვიცოდი, ყველაფერი შეიცვლებოდა და ეს დროც მოვიდოდა, უბრალოდ, არ ვჩქარობდი ამას.
– რატომ?
– არავის აზრი არ მაინტერესებს და იმიტომ. ვიცი ჩემი სიმართლე და ვერავინ მასწავლის, როგორ უნდა ვილოცო ჩემს ტაძარში. ჩემი ოჯახი ჩემი ტაძარი და რელიგიაა.
– შენ და გვანცამ ჯვარი დაიწერეთ?
– ჯვარს ივნისში დავიწერთ. ჯვარი არ მქონდა აყრილი და აქამდე ამიტომ არ მოხერხდა. ძალიან სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს: საპატრიარქოში მივედი, სადაც სპეციალური კანონების სასჯელი დამადეს. მოკლედ, ძალიან სერიოზულად მოვემზადე ამ სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად. „ჰარი-ჰარალოზე“ არ მივსულვარ ჯვრის დაწერის გადაწყვეტილებამდე.
– როდის ელოდებით პატარას?
– ჯერ პატარა ფეხმძიმეა. ბავშვს, სავარაუდოდ, შობას, 7 იანვრისთვის ველოდებით.
– ორი ბიჭის მამა ხარ და, ლოგიკურია, რომ გოგოს მამობა გინდოდეს.
– კი, გოგო მინდა ძალიან. მგონი, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ გოგო მინდა ძალიან, რომელსაც აუცილებლად მარიამს დავარქმევ.
– ჯერ კიდევ წლების წინ ამბობდი, ვინც გოგოს გამიჩენს, ის იქნება ჩემი სამუდამო ცოლიო.
– იმედი მაქვს, მარიამი გაჩნდება და არა ნიკოლოზი. თუმცა, ამის გამოსწორებაც შეიძლება – მეოთხე ხომ მაინც იქნება გოგო.
ბოლოს და ბოლოს, ჩემს ცხოვრებაში დადგა განმეორებითი გაზაფხული. სულ ვამბობდი, რომ კიდევ მოვა გაზაფხული! ყველას ვპირდებოდი, აუცილებლად გავაზაფხულებ-მეთქი. ასე რომ, მინდა, ყველამ გაიგოს: ბესო ზანგურმა გააზაფხულა!