კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მიიღებს ბელა ხოტენაშვილი კაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდებას და რა სენსაცია დააფიქსირა მან ჟენევაში ქალთა შორის გრანპრის გათამაშებისას

სულ ახლახან ქართველმა მოჭადრაკემ ბელა ხოტენაშვილმა ქალთა შორის 2013-2014 წლის გრანპრის გათამაშების პირველ ეტაპზე სენსაცია მოახდინა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სენსაცია იმიტომ უწოდეს მის გამარჯვებას, რომ დასაწყისში ბელას 12 მონაწილეს შორის მერვე რეიტინგი ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, ერთპიროვნული გამარჯვება მოიპოვა და ლიდერი გახდა.  

– როდის დაიწყე ჭადრაკის თამაში? 

– 4 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა მასწავლეს ჭადრაკის თამაში. თვითონ ერთმანეთს ეთამაშებოდნენ ხოლმე სახლში. 5 წლის ასაკში თელავში მიმიყვანეს მასწავლებელთან. კარგად მახსოვს‚ არ მიღებდა – ჯერ სკოლაში მივიდეს, პატარააო. მაგრამ, რომ მეთამაშა და ნახა, კარგად ვთამაშობდი, მიმიღო. მალევე დავიწყე თბილისში ტურნირებზე სიარული. თბილისში მყავდა მწვრთნელიც – თამრიკო ხმიადაშვილი. 

– რა იყო შენი პირველი წარმატება? 

– 10 წლამდე ასაკის საქართველოს ჩემპიონატში გავედი მეორე ადგილზე; შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე მეორე-მეხუთე ადგილები გავიყავი, იმ წელსვე, 10 წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ავიღე. ამის მერე თითქმის ყოველ წელს ვხდებოდი საქართველოს ჩემპიონი ასაკობრივ ჯგუფებში: 16 წლამდე ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი, გავხდი ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი და ნელ-ნელა დიდი წარმატებებიც მოვიდა. 

– რომელი იყო ის ტურნირი, რამაც გარდატეხა შეიტანა შენს ცხოვრებაში? 

– როდესაც სტუდენტი გავხდი, ვსწავლობდი და ჭადრაკს დიდ დროს აღარ ვუთმობდი. ვფიქრობდი კიდეც, რომ, შეიძლება, ეს აღარ ყოფილიყო ჩემი მომავალი პროფესია. მაგრამ, 2009 წელს მოვიგე მაია ჩიბურდანიძის თასი, რომელიც თბილისში ჩატარდა. საერთაშორისო ტურნირი იყო და ბევრი ძლიერი მოჭადრაკე თამაშობდა, ჩემზე რეიტინგით ბევრად მაღალი, მაგრამ, მოვიგე ეს ტურნირი, რომელიც გახდა გარდამტეხი ჩემს ცხოვრებაში პირადი და კარიერული თვალსაზრისითაც. ამის შემდეგ მოვიდა ბევრი წარმატება. ისეთი შედეგები მქონდა, რომ უნდა გამეგრძელებინა თამაში. ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ქალებში – პირველი ადგილი ავიღე; ასევე, ვიყავი საბერძნეთში, სადაც შევასრულე მამაკაცთა შორის პირველი დიდოსტატის ნორმა. მამაკაცთა შორის დიდოსტატი რომ გახდე, ამისთვის უფრო მეტი გჭირდება. ამ ტურნირით შევასრულე მამაკაცებში დიდოსტატობა. სექტემბერში‚ ალბათ‚ უკვე მომენიჭება და ვიქნები მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი. 2009 წლიდან მოვხვდი ეროვნულ ნაკრებში, პირველად ვიყავი სერბეთში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც მეც კარგად ვითამაშე და გუნდმაც. ჩემს დაფაზე ავიღე ვერცხლის მედალი, გუნდმაც პირველი და მეორე ადგილები გაიყო და ვერცხლის მედალი ავიღეთ. ოლიმპიადაზე ავიღეთ ბრინჯაო; მსოფლიო ჩემპიონატზეც ბრინჯაო ავიღე გუნდთან ერთად. შარშან გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურში მეხუთე ვიყავი, მანამდე კი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვე, მეორე წელს – მეორე და ახლა მივიღებ მონაწილეობას. 

– იმ ტურნირის შესახებაც გვიამბე, რომელშიც ახლახან მონაწილეობდი და შენს წარმატებას სენსაციაც უწოდეს. რეიტინგში მერვე ადგილზე იყავი და პირველ ადგილზე გახვედი. 

– ეს არის ქალთა შორის 2013-2014 წლის მსოფლიო გრანპრი, ტარდება 6 ეტაპად. თითოეული მონაწილე იღებს 4 ეტაპში მონაწილეობას. ანუ, სულ 18 მონაწილეა, რომლებიც 4  ტურნირში არიან გადანაწილებულები. გრანპრის გამარჯვებული, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, ხვდება მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს. გრანპრის გამარჯვებული კი გამოვლინდება 4 ტურნირიდან სამი საუკეთესო შედეგით. ჯერ ვითამაშეთ პირველი ეტაპი და ჩემპიონი გავხდი – 170 ქულა ავიღე. ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვი. მეორე ტურნირი იქნება ერთ თვეში, მესამე – სექტემბერში, მეოთხე – მომავალ წელს, თბილისში. სხვა ტურნირში, შეიძლება‚ მეორეზე გახვიდე, მაგრამ, გეყოს ქულები, თან, სხვის შედეგებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვნახოთ‚ რა იქნება, მაინც ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე‚ თუ როგორ შედეგებს ვაჩვენებ. ეს ტურნირი ჟენევაში ჩატარდა, ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. 12 გოგო ვიყავით, თითომ 11 პარტია ვითამაშეთ – ყველა ერთმანეთს ხვდებოდა. თამაშობდნენ ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონები, ახლანდელი მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონები. ძალიან ძლიერი ტურნირი იყო. ჭადრაკის ელიტას ვინც წარმოადგენს, ყველა იღებდა მონაწილეობას. თავიდან ხუთეულში მოხვედრა ითვლებოდა წარმატებად. მაინცდამაინც კარგად ვერ დავიწყე – ოთხიდან ორი ქულა მქონდა, რადგან, ორი პარტია წავაგე. ოთხი ტურის შემდეგ დასვენების დღე იყო და კარგად მოვემზადეთ მე და ჩემი მწვრთნელი, დავით ჯოჯუა, რომელიც საერთაშორისო დიდოსტატია და ხუთი პარტია მოვიგე ზედიზედ. ბოლოს ისიც მითხრა, ჩვენ პირველზე გავალთო. მე ვუთხარი – შენ უკვე პირველ ადგილზე ფიქრობ-მეთქი? მე – კი და, შენ – არაო? ნელ-ნელა დავიწყეთ ბრძოლა პირველი ადგილისთვის. 

– ამ თერთმეტში რომელი იყო განსაკუთრებულად რთული პარტია?

– ყველა რთული იყო. უფრო გარდატეხას დავარქმევდი ბოლოს წინა ტურის პარტიას – უკრაინელ მოჭადრაკეს ვეთამაშე, რომელიც ევროპის ორგზის ჩემპიონია, ძალიან ძლიერი გოგონაა. მე და ერთ სხვა გოგოს ერთნაირი ქულები გვქონდა და, ვინც მოიგებდა, ის გადიოდა წინ. რომ მოვიგე ეს პარტია, ჩემმა კონკურენტმა ყაიმი გააკეთა, ანუ, ნახევარი ქულით გავასწარი და ბოლო ტურში ყაიმიც მაწყობდა იმისთვის, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი. ძალიან საინტერესო პარტია იყო, ორი ფიგურა შევწირე. რეიტინგების მიხედვით, სხვები იყვნენ ფავორიტები, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი თამაშობდა, ძალიან ძლიერი კონკურენცია იყო. მაგრამ, გავიმარჯვე და მე გავხდი ფავორიტი. 

– როგორი გამოხმაურება მოჰყვა შენს გამარჯვებას? 

– დაიწერა: შეიძლება, ყველა არ იცნობს მას ისე, როგორც სხვა დანარჩენებს, მაგრამ, ვიცით, რომ კარგად თამაშობს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია და გაემარჯვაო. ჩემ მიმართ მოლოდინი დიდია და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც დიდი მაქვს. იმედია, მაღალ შედეგებს ვაჩვენებთ. ოთხი ტურნირიდან ერთი, ყველაზე ცუდი შედეგი აკლდება და სამი საუკეთესო შედეგი ითვლება. მესამე – არის ტაშკენტში, მეოთხე – თბილისში. მე ვარ თბილისის ნომინანტი. ნანა ძაგნიძე, რომელმაც ამ ტურნირში მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო, კოეფიციენტით მეოთხეზე გავიდა და ეს საკმაოდ კარგი შედეგი იყო, რეიტინგით ისედაც ხვდებოდა. რადგან თბილისი ატარებს ერთ ეტაპს, ამიტომ, შეეძლო, თავისი ნომინანტი წარედგინა გრანპრიზე და  მე გავხდი თბილისის ნომინანტი. ეს ორმაგად სასიამოვნო იყო. გრანპრის გათამაშება არ ჩამოუვარდება მსოფლიო ჩემპიონატს; ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ტურნირია, თან, ხვდები მსოფლიო ჩემპიონს და იბრძვი ჩემპიონის ტიტულისთვის. 

– როგორ ეგუება შენს გრაფიკს შენი მეუღლე? ისიც მოჭადრაკე ხომ არ არის? 

– ჩემი მეუღლე, მახო სულაშვილი, ყოფილი მოჭადრაკეა, ბავშვობიდან ვიცნობ. 15 წლის ვიყავი, როდესაც ერთად წავედით ტურნირზე, იქ უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი და ვმეგობრობდით. საერთაშორისო ოსტატია, მაგრამ, სამსახურის, ოჯახის გამო იშვიათად თამაშობს. 2010 წელს დავქორწინდით ტრადიციულად, თავისი ნიშნობითა და ქორწილით. დიდად არ ერევა ჩემი მომზადების პროცესში, მაგრამ, ზოგჯერ მაძლევს რჩევებს. იქიდან რომ ველაპარაკებოდი, მეუბნებოდა: თუ გინდა‚ ცოცხალი დაგხვდე, კარგად მოიგეო. ძალიან ნერვიულობს ხოლმე და, ამიტომ, ვურჩევ არ უყუროს პარტიას და პირდაპირ შედეგი ნახოს. ის, რომ ცოლი წავიდეს უცხოეთში ზოგჯერ ერთი თვით, ქართველი კაცისთვის და, ზოგადად‚ მამაკაცებისთვის, ალბათ‚ არ არის სასიამოვნო. მაგრამ, მახო გვერდში მიდგას, რაც მისი დიდი პლუსია და ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, ხანდახან აპროტესტებს ხოლმე, მაგრამ, იცის, რომ ასეა საჭირო. ჩემთვისაც რთულია, მით უმეტეს, რომ ბავშვს ვტოვებ, რომელიც სულ დედას კითხულობს. რომ იღვიძებს, მაშინვე კომპიუტერთან მიდის, რომ სკაიპში მელაპარაკოს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ, ჩემები მეხმარებიან. როდესაც წასული ვარ, მარიამი ჩემს მშობლებთან არის და მშვიდად ვგრძნობ თავს, რადგან, ძალიან მოსწონს მათთან ყოფნა. 

скачать dle 11.3