რატომ აირჩია დავით აღმაშენებელმა მტრებით დასახლებული ქალაქი თბილისი დედაქალაქად და როგორ დაამყარა წესრიგი ზნეობრივად და სახელმწიფოებრივად მორღვეულ ქვეყანაში
შესაძლოა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანა სამყაროსავით ძველია, მისთვის არც ლგბტ საკითხია ახალი. ამ თემას რუის-ურბნისის კრებაც შეეხო და ამ საკითხს ერთი ყველაზე მოზრდილი თავიც მიუძღვნა. საინტერესოა ისიც, რომ იმავე პერიოდს უკავშირდება ტოლერანტობის ტრადიციის დასაწყისიც. აკაკი ასათიანთან ერთად დავით აღმაშენებლის ეპოქას მიმოვიხილავთ და შევეცდებით, სადღეისოდ აქტუალური გაკვეთილების გამოტანას.
– დავით აღმაშენებლის ეპოქას ზოგი ეთაყვანება, ზოგი ედარება, მაგრამ არცთუ იშვიათად ინფორმაციული სიღრმე აკლია როგორც მოთაყვანეს, ისე მიმბაძველს. რატომ გახდა აუცილებელი იმ პერიოდში მკაცრი რეფორმების გატარება?
– დავიწყოთ იმით, რომ მეფეებთან შედარება, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია, იმიტომ რომ მეფე პირდაპირ იბადება იმ უფლებებით, რაც არავის ჰქონია, არ აქვს და არც ექნება. და რამდენად გაუმართლებდა ხალხს და ქვეყანას, ეს იმაზე იყო დამოკიდებული, როგორი მეფე ეყოლებოდა. დავითის შემთხვევაში ამას გამართლება აღარ ჰქვია, ისეთი ამბავი მოხდა. თუმცა ცუდისთვის მოწოდებული ვერც ერთი მეფე ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ის თავის თავს ვერ უღალატებდა. დავითი გამორჩეული მაგალითია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსების მიერ მისი მაგალითის მოყვანა შეიძლება მხოლოდ ხალხის გასამხნევებლად, რომ არ დაავიწყდეთ, თორემ ჩვენ მის გამოცდილებას ვერ გავიზიარებთ, იმიტომ რომ არ გვაქვს კანონიერად ის უფლებები, რაც მას ჰქონდა.
რაც შეეხება დავითის საქმიანობას: ქვეყანა იყო მოშლილი და ამოცანას წარმოადგენდა მორალური კლიმატის შეცვლა. თუმცა იმას კი აღნიშნავს მემატიანე, ხალხი წუწუნებს, გამუდმებული ომი და წვრთნა აღარ შეგვიძლიაო. დავითი არ იყო კლასიკური ფეოდალური მეფე, ის უფრო ნაციონალური სახელმწიფოს მოღვაწე იყო და შუა საუკუნეებმა ცოტა თუ იცის ასეთი. დავითი ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია ფეოდალურ ხანაში, რომელიც აშენებდა ნაციონალურ სახელმწიფოს. როგორ აშენდებოდა ასეთი სახელმწიფო? რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ფაქტორი იქნებოდა რელიგია, რაზეც იდგა ეს ქვეყანა და რის გამოც მას უპირისპირდებოდა ყველა გარშემო. ამ სახელმწიფოს იდეოლოგია შეიძლებოდა, ყოფილიყო მართლმადიდებელი ქრისტიანობა. დავითის ამოცანა, როგორც ჩანს, იყო ჩვენების გამოყვანა იმდროინდელი მოდუნებიდან: მტერი მოვა, შევებრძოლებით, თუ წავაგებთ, ხარკს გადავიხდით, თუ მოვიგებთ...
– ცოტა ხანს ვიქეიფებთო…
– სულს მოვითქვამთ და დროს გავატარებთ.
– ეს მენტალიტეტი დღესაც დარჩა, რაც, ჩემი აზრით, ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია და, რაც, მათ შორის, გამოიხატება პირველივე მოგების ფუფუნების საგნებში დახარჯვაში.
– ვიღაცეები ადვილად უყურებენ და ამის დამსხვრევა უნდათ, არადა, ეს ხასიათში აქვთ სამხრეთის ხალხებს. ესპანელებს სიესტა ვერავინ მოაშლევინა. ისეთი სიცხეა შუადღეს, ისადილებენ, წამოწვებიან, დაიძინებენ, შემდეგ გაიღვიძებენ და საქმიანობას აგრძელებენ.
– ვერ უშველა ამ საქმეს კონდიცირების სისტემების განვითარებამ?
– არ შველის. ეს ბუნებრივი პირობებითაცაა გამოწვეული. ჩრდილოელს რომ არ ემუშვა, ქვა-ღორღში სხვა რა უნდა ეკეთებინა?! ერთი სიტყვით, დავითს ეს ამოცანა ჰქონდა და გადაჭრა კიდეც, ოღონდ მენტალობა კი არ დაამსხვრია, არამედ, დადებით თვისებებზე გაამახვილა ყურადღება. ახლა შეიძლება, იყოს საკამათო, მაგრამ მაშინ თქვენ ვერ ნახავდით უცხოურ წყაროებს, რომლებიც არ გვაქებდნენ. ბიზანტიელები პირდაპირ წერდნენ: მამაცი აღმოსავლელი იბერები. მუსლიმანი ავტორები თან გვწყევლიდნენ და თან აღიარებდნენ ჩვენს სიმამაცეს ბრძოლაში და გამარჯვების შემდეგ სულგრძელობას. დავითის ამოცანა იყო, რომ ეს თვისებები სახელმწიფო ინტერესებს დაქვემდებარებოდა. რეალური საქმიანობა დაიწყო იდეოლოგიური რუის-ურბნისის კრებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს და მეც ვეთანხმები, რომ ის დაწერილია არსენ იყალთოელის მიერ. ეკლესია მოაწესრიგა და ამით შექმნა იდეოლოგიური საფუძველი. თითქოს დეტალია, მაგრამ ეპისკოპოსის ასაკად 35 წელი დაწესდა. ეტყობა, მანამდე ჩაწყობები იყო და ახალგაზრდებს ნიშნავდნენ ეპისკოპოსებად. არადა, ეს 1 105 წელია.
დავითმა დაამყარა რეჟიმი, რასაც, ძირითადად, ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა. მემატიანე წერს, ვინმეს რომ დაეჩურჩულებინა კი არა, რომ ეფიქრა რამე, ისიც იცოდაო.
– როგორც ერთმა ისტორიკოსმა მითხრა, იმდროინდელი წყაროების თანახმად, დავითმა იცოდა, ცოლ-ქმარი რას ლაპარაკობდა საძინებელშიო.
– მას ჰქონდა რეგულარული არმიის შექმნის მცდელობა, გააძლიერა საიდუმლო პოლიცია. შექმნა მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო, რაც უცხოა ფეოდალიზმისთვის და ეს უნებლიეთ აისახა მატიანეში. რომ შეადაროთ დავითისა და თამარის მატიანეები, აღმოაჩენთ, რომ დავითის მატიანეში მოქმედი გმირი თვითონ დავითია და თითო-ოროლა სხვა ისხენიება. თამარის ისტორიაში კი აურაცხელი მოქმედი გმირია, ანუ ტიპური ფეოდალური სახელმწიფოა, ყველა ერისთავი ბაქიბუქობს, სარდლები არიან, იბრძვიან, კარზე პოეტები არიან, ერთი სიტყვით, სულ სხვა ტიპის ცხოვრებაა. დავითის დროს კი მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო. ბევრი ვეძიე და აღმოვაჩინე, რომ დავითმა თავისი სახელმწიფო ააგო ნიზამ ალ-მულქის სახელმძღვანელოს, „სახელმწიფოს მართვის ხელოვნების“, მიხედვით. ისე არავის აუსრულებია მისი იდეები, როგორც დავითმა აასრულა. ქართულად მაშინაც არ იყო თარგმნილი, მაგრამ ჩვენმა მეფეებმა სპარსული იცოდა თითქმის ყველამ, არაბული და ბერძნულიც.
– კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ გადაწყვიტა რუის-ურბნისის კრებამ მამათმავლობის საკითხი.
– რუის-ურბნისის კრების ტონალობა საკმაოდ მკაცრია. სადღეისოდ აქტუალურ და კურიოზულ ლგბტე თემას ყველაზე დიდი მუხლი ეძღვნება. ჩვენ არ ვიცით, ეს სენი საიდან შემოგვეპარა, მაგრამ უნდა ამოვძირკვოთ, რადგან ამან დაღუპა მსოფლიოს უდიდესი იმპერიები, სადღა არიან მიდნი და სპარსნი, სომხებს, ნახეთ, რა დაემართათ, მეფე კი არა, მთავარი აღარ ჰყავთო.
– ამ ფაქტორის როლზე სომხეთის იმპერის რღვევაში, არაფერი ვიცოდი.
– არ მგონია, სომხებს ვინმეზე მეტად შეეცოდათ ამ მხრივ, მაგრამ ჩვენებს მოჰყავთ მაგალითად, იმიტომ რომ ჩვენთვის ნაცნობი სამყაროა. ძალიან ცუდ სიტყვებს ამბობენ ამ ყველაფერზე, მაგრამ ეს შუა საუკუნეებია და მორწმუნე კაცია დავითი. მთელი მეთვრამეტე მუხლი ამ საკითხს ეძღვნება და ძალიან ვრცელია, ანუ დავითი ძალიან სერიოზულად უყურებდა ამას, როგორც ცოდვას და როგორც ქვეყნის მოშლის ფაქტორს. სხვათა შორის, ძველბერძნული ანტიკური წყაროები ასე ასხვავებენ ცივილიზებულსა და ველურს. ველური ადამიანი საჯაროდ აკეთებს ყველაფერს, ცივილიზებული ადამიანი კი ეფარებაო და, თუ დღეს ვინმეს სურვილი აქვს, დავბრუნდეთ ველურობაში, ეს ამბავი არ გამოვა.
– ძირითადი აქცენტები, გარდა ეკლესიის მამათმავლებისგან გაწმენდისა, რა არის?
– ძირითადად, საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას ეხება, რომ ეკლესია გახდეს სამაგალითო, განიწმინდოს შემთხვევითი პირებისგან, გაუნათლებლობისგან. აღმაშენებელში უფრო იგულისხმება ამშენებელი, გამაბედნიერებელი, თორემ მშენებლობები დავითისგან დიდი არაფერი დაგვრჩენია, ხელნაწერებიც კი ცოტაა შემორჩენილი.
– იმ ეპოქაში ტოლერანტობის აუცილებლობაზეც ვისაუბროთ.
– ეს ტოლერანტობა ისლამთან იყო დაკავშირებული და ძალიან რაციონალური საფუძველი ჰქონდა. დავითი შემოვიდა თბილისში და პირველ სამ დღეს აქ საშინელი ხოცვა-ჟლეტა მიდიოდა, 500 წარჩინებული გასვა ძელზე. ძირითადად, არაბები, ქალაქის არისტოკრატია, თბილისს ხომ იმ დროს ამირა აღარ ჰყავდა და წარჩინებულები მართავდნენ მონაცვლეობით. ზნეობა ერთობ მოშლილი იყო ამ ქალაქში და დავითის ასეთი სისასტიკეც ამით იყო გამოწვეული. ამით მიახვედრა ყველას, ვინც ცოცხალი დარჩა, რომ ძველებურად აღარ გაგრძელდებოდა.
– ქალაქის მოსახლეობის შემადგენლობა როგორი იყო?
– მუსლიმანები, ორი მესამედი ან სამი მეოთხედი, ჩვენები, სომხები და ებრაელები. გათხრებითაც ჩანს, რომ დიღმის კარისკენ ქართული მოსახლეობა იყო. ამასვე ადასტურებს ქალაქში მართლმადიდებლური ტაძრების არსებობა. დავითმა დედაქალაქად გამოაცხადა ქალაქი, რომლის ძირითადი მოსახლეობა იყო მტრული, არადა, ამ ქალაქში უნდა იცხოვრო, გქონდეს რეზიდენცია, მართალია, დაცვაც გყავს და ვერც ვერაფერს გაგიბედავენ, მაგრამ შეუძლებელია გაბოროტებულ გარემოცვაში ცხოვრება. დავითმა ჩათვალა, რომ მათთან ცოტა სხვაგვარი ურთიერთობა იყო საჭირო. ჯერ ერთი, იმდენად მორწმუნე და განათლებული იყო, არ ეშინოდა, რომ სხვა რელიგიის არსებობა სხვა რწმენაზე გადაიყვანდა ხალხს. „გალობანი სინანულისანიში“ ამბობს, ბევრი ცოდვა მაქვს, მაგრამ ერთი ცოდვა არ მაქვს, შენში არასდროს შემპარვია ეჭვიო. მართლაც ასე იყო. მეჩეთში თვითონაც დადიოდა და დემეტრესაც ატარებდა. რათა იმ ადამიანებს ენახათ, რომ პატივს მიაგებდნენ მათ რწმენას. შესანიშნავი გამოკვლევაა თბილისელი სწავლული მუსლიმანების შესახებ. ისინი იყვნენ: ექიმები, ქიმიკოსები, ხელოსნები, მშენებლები, ვაჭრები. რა ხეირი ექნებოდა, ეს ხალხი რომ გაერეკა ან შეევიწროებინა?! მეორე ფაქტორიც იყო, ჩვენები ქვეცნობიერად უწევდნენ ანგარიშს იმას, რომ არაბობა არ იყო მძიმე რეჟიმი. დავითი კულტურული კაცი იყო, ღრმად დარწმუნებული თავისი რელიგიის სიმართლეში და მას არ ეშინოდა, სცოდნოდა სხვა რელიგიები. ამით იყო გამოწვეული მისი ტოლერანტობა. გადასახადს სომეხი და ქართველი უფრო მეტს იხდიდა, ვიდრე ებრაელი, ებრაელზე ნაკლებს კი – მუსლიმანი.
სხვათა შორის, რუის-ურბნისის კრებაზე ლაპარაკია, რომ ცოდვაა მამათმავლობა, მაგრამ არსად წერია, რომ ისინი უნდა დახოცონ. საეროდ, ჩვენი ისტორიისთვის უცხოა რელიგიური ან რამე სხვა ნიშნით საჯაროდ დასჯა. ეს უფრო დასავლური ტრადიციაა. ეკლესიასთან ბრძოლა ამ ქვეყანასთან ბრძოლას ნიშნავს, რადგან ეს ქვეყანა ამაზე დგას. ეკლესიამ გაუძლო ყველაფერს და ამის წყალობით ჩვენც გავუძელით ყველაფერს. ისეთ მდგომარეობაში ვიყავით მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში, ეკლესია რომ არ ყოფილიყო, ადამიანურ სახეს დავკარგავდით მონღოლებისა და თუმურ ლენგის შემდეგ. ქართული სახელმწიფო, თანამედროვე გაგებით, ეკლესიის დამსახურებაა.
– თითქოს სასტიკი მეფე იყოო.
– მატიანეს არ შემოუნახავს მისი სისასტიკის შესახებ ცნობები. ერთადერთი, ბაღვაშები გაასახლა და ისიც პრევენციის მიზნით. ამდენად, სისულელეა, დავითი რეპრესიებს სჩადიოდაო. მას ჰყავდა რეგულარული არმია, საიდუმლო პოლიცია და აკონტროლებდა ვითარებას. იცოდა, რა განწყობები იყო ქვეყანაში, იმიტომ რომ ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამოდიოდა. რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ გააკეთა, იგივე ხდებოდა მაშინ: ქვეყანას ღობე არ ჰქონდა, სახელმწიფო დაშლილი იყო, ვისაც უნდოდა, შემოდიოდა და თავისუფლად დაბოდიალობდა. დავითმა ეს მოაწესრიგა, თუმცა იმპერიული ტიპი იყო საგარეო პოლიტიკაში და ეს იმ ეპოქაში მინუსად ვერ ჩაეთვლება. თავისი ქალიშვილი ცოლად გაატანა შირვან-შაჰის ძეს და შემდეგ დაიპყრო შირვანი. ანისი დაიკავა. გასცდა ძირითად ქართულ ტერიტორიას. დიახ, იმპერიული პოლიტიკა ჰქონდა და ამას ჰქონდა თავისი გამართლება: იმპერია ბევრ რამეს აწესრიგებს ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა. დავითმა შექმნა ის, რასაც ჰქვია სახელმწიფო, როგორც ფუნქციონირებადი აპარატი, როგორც მწყობრი ნაგებობა. თუ ზერელედ მაგალითის მოყვანას და მასზე სწორებას ვინმე აპირებს, გაითვალისწინონ, რა შრომად დაჯდა ეს, როგორი ენერგია ჩაიდო და რამხელა რწმენა დასჭირდა. ეს კომპონენტები არავის აინტერესებს.
– სამაგიეროდ, ტიტულია მომხიბვლელი.
– დავითს ესმოდა თავისი ამოცანა და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ საქმეს. სპარსულენოვანი შირვანშელი პოეტი იყო ჰაგანი შირვანი, იგივე ჰაკანი, კვიმატი ენის პატრონი, საქართველოზე ბევრს წერდა სიყვარულით. სატრფიალო ლექსები აქვს ქართველ ქალებზე. დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ გამოეპარა შირვან-შაჰს და სხვაგან ცხოვრობდა. წერდნენ წერილებს, დაბრუნდიო, მაგრამ იპრანჭებოდა, არ ბრუნდებოდა. ეს წერილები, სხვათა შორის, მაგალი თოდუამ თარგმნა და მათში ჩვენი ისტორიის ძალიან საინტერესო დეტალებია აღწერილი. ბოლოს მისწერეს, რატომ არ ბრუნდებიო და ჰაკანმა ასე უპასუხა: დავითს ჰყავდა ვეზირი სიმონი, გიორგი ჭყონდიდელის ძმაზეა საუბარი, რაღაც უთანხმოება მოუვიდათ და სიმონი კონსტანტინოპოლში წავიდაო. ორჯერ გაუგზავნა ხალხი დავითმა, დაბრუნდიო, მაგრამ სიმონი არ ბრუნდებოდა. მესამედაც რომ აგზავნიდა, უთხრეს, რას ელოლიავები, ან თავი დაანებე, ან მეფე ხარ და დასაჯეო. დავითმა გაიღიმა და უთხრა მათ: თეთრი ქორი იშვიათი ფრინველია, ამიტომ დიდი ხანი სჭირდება მოშინაურებაო.
ზულებაზეა მინაწერი: დიდ მეფე დავითს აქვს ნათქვამი, იმ ხნის კაცი ვარ, ჩემი თვალით მინახავს, არსენ იყალთოელი შიო მღვიმეში დოგმატიკონს როგორ უდარებდა, ცვილისგან აია-სოფიას აქანდაკებდა, თან არაყში პურს აწობდა და ჭამდაო. ძალიან სხვანაირი კაცი იყო. მას ბევრი ისეთი რამის კეთება მოუწია, რასაც სხვა პირობებში არ გააკეთებდა.