უშრომელი შემოსავალი
„დილით – ფული, საღამოს – სკამები“
მართალია, თავის დროზე დიდი ალიაქოთი გამოიწვია 112-ის შენახვის ხარჯის საქართველოს მოქალაქეებისთვის დაკისრებამ, თუმცა, ალიაქოთი ალიაქოთად დარჩა და საქართველოს მობილური თუ ქალაქის სატელეფონო ქსელის აბონენტები ყოველთვიურად მორჩილად იხდიან 20-20 თეთრს (ზოგიც თვეში რამდენჯერმე, ვინაიდან მობილურიც რამდენიმე აქვს და სტაციონარული ტელეფონიც).
ძველების ეს გადაწყვეტილება ახლებმაც აიტაცეს (სავარაუდო პრინციპით, მუქთა იყოს, კუბო იყოს, არათუ თეთრებიო). თუმცა ერთი შვება ის არის, რომ გავარკვიეთ, რამდენი შეგვიგროვებია 20-20-თეთრობით.
IDFI-ის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს 2012 წლის მოქალაქეების ჯიბეებიდან შვიდმილიონ-ნახევარზე მეტი ლარი მიუღია, დახარჯვით კი მხოლოდ სამ-ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტი დაუხარჯავს. შესაბამისად, მის ანგარიშზე ნაშთის სახით 4 მილიონამდე ლარია მობილიზებული.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს სამშობლოში მობილური ტელეფონების მფლობელთა რიცხვი არ იკლებს (თუ არ იმატებს), სავარაუდოდ, ამ ჩვენს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ანგარიშზე ნაშთად 2013 წელს კიდევ ერთი 4 მილიონიც დაემატება.
ხოლო, რაკი ჯერჯერობით ამ გაურკვეველი გადასახადის (გაურკვევლის, რადგან, საქართველოს გადამხდელები ისედაც უხდიან სახელმწიფოს საშემოსავლოს სახით როგორც სასწრაფო დახმარების, ისე პოლიციისა და სახანძრო სამსახურების ფუნქციონირებისთვის გადასახადს) გაუქმების თუ არა, შემცირების საკითხიც არ დამდგარა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტემპებით გვარიან თანხასაც დააგროვებენ.
ზედაც, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, საბჭოეთში უშვილობის გადასახადიც არსებობდა, შესაძლოა, იქ, ზემოთ, ეს გამოცდილებაც გაიზიარონ და ასეთ ნოვაცია-ნოვაციებში ბიუჯეტს ინვესტორების მოზიდვის გარეშეც შეავსებენ.