ამტანები
„ლიონჩინოები“ „ზანზარონეების“ გარემოცვაში
თუკი აქამომდე მოარული ხმებით ვიცოდით, აწ უკვე ხალხის რჩეულმა ბ-ნმა ტყემალაძემაც დაგვიდასტურა, რომ, ჯერ ერთი, პარლამენტის ქუთაისური შენობა უკანონოდ ყოფილა აგებული (თუმცა, რაც მართალია, მართალია, ამას ჩვენ, ნაბოტოქსრებს, დიდად არ გავუკვირვებივართ); მაგრამ, რაც მთავარია, დღემდე ვერ მოუძიებიათ ცნობა, რაც დაადასტურებდა, რომ შენობა მდგრადია და ჩვენს რჩეულებს საფრთხე არ ემუქრებათ.
მაგრამ, ეს მხოლოდ „ყვავილებია“, რადგან, როგორც ირკვევა, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქუთაისური პარლამენტი სულ უფრო და უფრო ემსგავსება საუნას.
იმას გარდა, რომ მოშუშულ შენობაში ჰაერი თითქმის არ მოძრაობს, რაკი მზემ დააჭირა, ცოცხალ არსებებს სუნთქვა კიდევ უფრო გაუჭირდათ (კონდიცირებული მხოლოდ სასესიო დარბაზი და დეპუტატთა კაბინეტებია, ასე რომ, გულებს მთლად უმოწყალოდაც ნუ დაიხეთქავთ ნერვიულობით).
თუმცა, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა, პარლამენტის შენობაში ტემპერატურა გაუზომავთ და, შედეგი მართლაც რომ შემაშფოთებელია. კერძოდ, როცა გარეთ 28 გრადუსია, პარლამენტის შენობაში თერმომეტრის ნიშნული 54-ს აღწევს.
უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ შენობაში მომრავლებულან სხვადასხვა ტიპის მწერები: კალიებიც და მოზრდილი კოღოებიც. სავარაუდოდ, შესაბამისი სამსახურები გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რომ მფრინავმა მავნებლებმა ჩვენს რჩეულებს სისხლი ზომაზე მეტად არ ამოსწოვონ, თუმცა, მანამდე კი, რაკი სიტყვამ კოღო მოიტანა, აქვე გეტყვით, რომ იტალიურად კოღო „ზანზარონეა“, ხოლო ლომი – „ლიონჩინო“.
შესაბამისად, ვითარება საქართველოს უმაღლეს კანონშემოქმედებით ორგანოში ამ წუთის მდგომარეობით შემდეგნაირია: ამტანობა ამტანობად, მაგრამ, ჩვენი „ლიონჩინოები“ „ზანზარონეებს“ შეუვიწროებიათ.