ვინ იყო თენგიზ ჩანტლაძის „წურბელა“ და რატომ „ჩაიმატა“ მან გვარში ასობგერა „ც“
ქართულ კინოსერიალებში გამოჩნდა პიროვნება, რომელიც თავისი გარეგნული იერსახით, გარდასახვის ნიჭითა და მართლაც გასაოცარი სამსახიობო ტექნიკით, მაყურებელმა „ლუი დე ფიუნესად“ მონათლა – ნოდარ ხუციშვილი (ქართველი ფიუნესი). ერთ „ხოხმას“ გავიხსენებ მათთან დაკავშირებით.
ერთად ვმოღვაწეობდით თენგიზ ჩანტლაძის თეატრში გასული საუკუნის მიწურულს.
ნოდარი თენგიზ ჩანტლაძის „წურბელად“ მოევლინა სამყაროს. მუდამ წესრიგის დამრღვევის სახელი „მოიხვეჭა“, მაგრამ, როგორც კოლორიტულსა და ამ თეატრისთვის ფრიად საჭირო მსახიობს, თენგიზი ვერ იმეტებდა... გაუბრაზდებოდა, გამოლანძღავდა, მაგრამ მეორე დღეს გულში იკრავდა – „ჰო, რაც იყო იყოს“ ძახილით. ესეც გათამამდა... გაყოყოჩდა... და ხანდახან გაქანებული სპექტაკლის დროს ქუჩიდან შემორბოდა ტალახიანი ფეხსაცმელებით სცენაზე და იყო ერთი ამბავი – „გაგაგდებ!“ – „ბოდიში!!! “ და ასე შემდეგ.
– ეს მომკლავს მე ერთ ღრუბლიან დღეს! – ამბობდა გაბრაზებული ჩანტლაძე, – ეს მომიღებს ბოლოს! არადა ამხელას, ეს როა (გაბარიტებზე ამახვილებდა ყურადღებას), ჩემი მეუღლე სტაფილოს აჭრის „ბორშჩში“.
ნოდარი თავისას უბერავდა.
ერთ რეპეტიციაზე ნასვამი მობრძანდა. დიდი მსმელი კი არ გახლდათ, მაგრამ თავისი წილი სასმელიც კარგად ჰყოფნიდა, თენგიზი რომ გადაერია.
– ახლავე დატოვე სცენა! – გამოცრა თენგიზმა.
ნოდარამ ორი ნაბიჯი წინ გადმოდგა (ინერციით). დროზე შეტორტმანდა, ინსტინქტურად გადადგა ორი ნაბიჯი უკან და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. დადგა და აბსოლუტურად „უმანკო“ თვალები გაუსწორა ჩანტლაძეს.
– წადი-მეთქი! – გადაირია ჩანტლაძე.
ნოდარამ უადგილოდ დაასლოკინა და შებრუნდა. კულისებიდან უკან დაიძრა და... ჩაქრა შუქი სცენაზე.
თენგიზი გადაირია... შუქი რამ ჩააქრო?!
მალე გაირკვა, რომ ნოდარს გამოურთავს. სამ წუთში „ცოცხალ-ცოცხალი“, ხელში ატაცებული შემოიყვანა კარისკაცმა (მე შენ გეტყვი და ვერ ასწევდა).
– ამან ჩააქრო, თენგიზ! – „ჩაუშვა“ დაუნდობლად.
გადარეულ თენგიზს დანა კბილს არ უხსნის.
– რატომ ჩააქრე? – გამოცრა კბილებიდან, როგორც იქნა.
ნოდარმა ბორძიკ-ბორძიკით, მაგრამ მკაფიოდ ახსნა.
– კედელზე გაკრულ ფირნიშზე ეწერა: ბატონო თენგიზ, „გასვლისას ჩააქრეთ შუქი!“ და... მეც ჩ... ჩავაქრე, რა, ტო!
ყველაფერს აიტანდა თენგიზი ბოლო – „ტო-ს“ გარდა, მაგრამ ბუნებით კეთილმა, რაღაც მანქანებით თავი შეიკავა, რომ მთელი მრისხანება თავზე არ დაეტეხა პატარა „ფიუნესისთვის“.
მოგეხსენებათ, თენგიზი იუმორის განსახიერება გახლდათ და მრისხანება დროზე ჩაახშო იუმორში:
– მოდი ერთი, შენ აქ! – თავშეკავებულად მიმართა ხუციშვილს.
ნოდარი ნელა დაიძრა და ბარბაცით მიუახლოვდა. მიუახლოვდა და ინსტინქტურად აიფარა სახეზე ორივე ხელი – ახლა მხეთქავსო. მსახიობები სასწაულის მოლოდინში გაისუსნენ.
მაგრამ, მსგავსი არაფერი მომხდარა.
– რა გვარი ხარ შენ? – ეკითხება ჩანტლაძე.
– რა გვ...გვ... რა გვარ... რიი და ხუციშვილი, – გაიხსენა, როგორც იქნა თავისი გვარი ნოდარიკო-ფიუნესმა.
– აფერისტი ხარ შენ!
– რატომ , ბ... ბატ... ტონო თ...ენგიზ? – ამოისლუკუნა ძლივს.
– რატომ და შენს გვარში – ასო „ც“ ჩამატებული გაქვს სპეციალურად... კაცურად, რა დაგიჯდა, მაგ „ც“-ს ჩამატება?
მხოლოდ ნახევარი წუთი დასჭირდა გააზრებას და ატყდა სიცილი!!! მსახიობები ერთმანეთს შეასკდნენ...
ნოდარი მაშინაც გადარჩა...