კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-21(647) 

– ჩვეულებრივად. ის სულ მალე გაქრება უკვალოდ და მისგან სველი ადგილიც აღარ დარჩება. თქვენ კი გირჩევთ, უფრო ყურადღებით იყოთ და პირადი დაცვა გააძლიეროთ. თქვენი ბინძური კომპანიონი თავისსავე სამშობლოში გაქრება, თქვენზე ვერავინ აიღებს ეჭვს და ნურც ვინმესთან წამოგცდებათ ეს. შევთანხმდით?

– შევთანხმდით.

– ახლა კი მშვიდობით. გენოს გაკოჭისთვის ბოდიშს გიხდით, სხვა გამოსავალი ნამდვილად არ მქონდა, – ვუთხარი თორნიკეს და მისი ბინიდან წამოვედი.

ახმადი სტამბულში მოვიხელთე. ის იმ დროს გავიტაცე, როდესაც საკუთარი მანქანა გარაჟში შეიყვანა და იქიდან გადმოსვლას აპირებდა. მე ის წინასწარ გამზადებულ ბინაში მივიყვანე და ჯერ შუბლი გავუხვრიტე, შემდეგ ცხედარი უზარმაზარ ღუმელში დავწვი, ფერფლი კი წყალს გავატანე... ახმადის მსგავსი ბიზნესმენი არაერთია დღევანდელ საქართველოში, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა თორნიკეს მსგავსი პატრიოტი და არც მე – ვარ ყველგან, რომ ჩემი სამშობლოს მტრები გავანადგურო და მცირე წვლილი შევიტანო ქართულ საქმეში. საქართველოს გადარჩენასა და აყვავებას, ჩემ მიერ დახოცილი მოღალატეები ვერ უშველის. ამ საქმეს მტკიცე სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და სწორი საერთაშორისო პოლიტიკა სჭირდება.

– მერწმუნე, კოკი, რომ მკვლელის ტყვია დიდი ხნით და ძირეულად ვერაფერს შეცვლის. რა თქმა უნდა, ჩვენ და ჩვენი პროფესიის ხალხს შეუძლია, რაღაც ისტორიული ცვლილებები შეიტანოს სამყაროში, მაგრამ, ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუკი ეს მთელი ქვეყნის, მთელი სახელმწიფოს ნება არ არის, – მასწავლიდა ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში მათვითცნობიერებდა.

ინსტრუქტორს რომან იაკოვლევიჩი ერქვა. ის ძველი დიპლომატი იყო; კარგა ხანს არალეგალურად მუშაობდა გერმანიაში და მსოფლიო პოლიტიკას ბრწყინვალედ იცნობდა. მასთან სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი, ამიტომ, ვბედავდი და ვეკამათებოდი ხოლმე.

– რომან იაკოვლევიჩ, არ გეთანხმებით, – ვეტყოდი ხოლმე ინსტრუქტორს და თვალს თვალში ვუყრიდი.

– აბა, მითხარი, რაში არ მეთანხმები, – მომიგებდა რომან იაკოვლევიჩი და კოპებს შეკრავდა.

– თქვენ რომ ამბობთ, ჩვენს ტყვიას ბევრი არაფრის შეცვლა შეუძლიაო, იმაში.

– კონკრეტულად?

– აი, მაგალითად, ჰიტლერი რომ 1939 წელს მოეკლათ, ის ხომ ვერ დაიწყებდა მეორე მსოფლიო ომს და საბჭოთა კავშირიც გადაურჩებოდა ამხელა უბედურებას?

– არავითარ შემთხვევაში. ჰიტლერი რომ მოეკლათ, ომს სხვა ჰიტლერი დაიწყებდა. მეტსაც გეტყვი, 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერი სამხედრო შეთქმულებს რომ მოეკლათ, გერმანია მაინც ვერ გადაურჩებოდა სრულ განადგურებას. 20 ივლისის აფეთქება ჰიტლერის ბუნკერში იმისთვის იყო გამიზნული, რომ ის მომკვდარიყო, ამით ზავი დაედოთ და საბჭოეთის წინსვლა შეეჩერებინათ, მაგრამ, ეს არ მოხდებოდა, სტალინი ამას არ დაუშვებდა. ერთ საიდუმლოს გაგიმხელ...

– რა საიდუმლოს?

– მე იმ პერიოდში გერმანიაში ვმუშაობდი არალეგალ აგენტად და პირადად სტალინისგან მქონდა მიღებული დავალება, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ წამოწყებული ნებისმიერი შეთქმულების შესახებ ინფორმაცია მომეპოვებინა და ის ცენტრში გადამეცა. ცენტრი კი ამ ინფორმაციებს ფაშისტებს აწვდიდა. სხვათა შორის, ჩემნაირი დავალება რამდენიმე ათეულ არალეგალს ჰქონდა და, როგორც ვიცი, შეთქმულთა ხუთი ჯგუფი იქნა აღმოჩენილი და დასჯილი.

– ჰიტლერი სტალინს ომის გასაგრძელებლად და მოსაგებად სჭირდებოდა. ეგ გასაგებია, – ვუთხარი რომან იაკოვლევიჩს და ვკითხე, – სტალინი რომ მოეკლათ ომის წინ, ომს მოვიგებდით?

– აუცილებლად მოვიგებდით. მართალია, ძალიან გაგვიჭირდებოდა, მსხვერპლიც მეტი იქნებოდა და ეს ომი დროშიც გაიწელებოდა, მაგრამ, მაინც მოვიგებდით.

– ანუ, თქვენ უარყოფთ პიროვნების როლს გლობალურ ისტორიულ პროცესებში?

– არ უარვყოფ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიული პროცესების შეჩერება არავის ძალუძს, – ასე მპასუხობდა რომან იაკოვლევიჩი და მას ეს ღრმად სწამდა, ვერ გადაარწმუნებდი. მე კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არანაირი გარდაუვალი პროცესი არ იყო და, რომ არა გორბაჩოვი, საბჭოეთი არ დაინგრეოდა.

რამდენიმე წლის წინ მაიამიში ერთ კუბელ ემიგრანტს შევხვდი, რომელიც თავის დროზე ფიდელ კასტროს ციხიდან „ცეერუმ“ გააქცია და ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭა. მაშინ ის ამერიკელებმა ცხვირწინ აგვაცალეს და, არა მარტო კუბის წინააღმდეგ არამედ, მთელი სოციალისტური ბანაკის წინააღმდეგ ამუშავდნენ.  გარსია – ასე ერქვა იმ კუბელს, საკმაოდ განათლებული დემაგოგი იყო და კარგად ფლობდა ანტიპროპაგანდის ხელოვნებას. ის ლანძღავდა ყველასა და ყველაფერს, რაც საბჭოურთან, სოციალისტურთან იყო დაკავშირებული და უამრავ ადამიანს აურია ტვინი. თავად კი ამერიკელების ლაქია, საკმაო ასაკის მიუხედავად, ძველებურად კარგ ფორმაში იყო და დემაგოგიას განაგრძობდა. მე მას ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის ჟურნალისტად წარვუდექი და კარგა ხნის ლაყბობის შემდეგ ვკითხე:

– საბჭოთა კავშირი დაინგრა, ახლა რაში ხედავთ თქვენი მოღვაწეობის მიზანს?

– საბჭოეთი ბოლომდე არ დანგრეულა და მისი ცალკეული ნარჩენები კვლავაც არსებობს. აი, თუნდაც კუბა, ფიდელი ხომ ცოცხალია... და, საერთოდ, სანამ რუსეთი არ დაინგრევა, ჩემი მისია შესრულებული ვერ იქნება.

– თქვენი მისია ამით დასრულდა. მშვიდობით, სენიორ გარსია, მოკითხვა რუსეთიდან, – ვუთხარი კუბელ ემიგრანტს და მაყუჩიანი პისტოლეტით შუბლი გავუხვრიტე. მისი მოკვლა კუბელებმა შემიკვეთეს და მეც სიამოვნებით დავთანხმდი...

გარსიას მსგავსად, მსოფლიოში მრავალი ნაძირალა დემაგოგია და, ყველას რომ „მიხედო“, ამისთვის სახელმწიფო პოლიტიკაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იდეოლოგიური შხამი ისე მოწამლავს მოსახლეობას, რომ, შეიძლება, შემცდარი ადამიანები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგაც კი წავიდნენ. ასე ხდება რევოლუციები და, ახალი, ბედნიერი, უზრუნველყოფილი ცხოვრების დაპირებებით მოსული მთავრობები, ხშირ შემთხვევაში, ძველებს ბევრად აჭარბებენ უსამართლობაში და უფრო საძულველნი ხდებიან. ამ ცოტა ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთ ელიტურ „ტუსოვკაზე“ ვიმყოფებოდი, სადაც ქართული ეგრეთ წოდებული ბომონდი თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ამ საღამოზე მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანიც იმყოფებოდა და მათ რომ ვუყურებდი, მინდოდა, ეს უფორმო, საზიზღარი მასა ერთმანეთში ამეზილა და სამუდამოდ ამომეშალა მათი სახელები ცოცხლების სიიდან, რადგან, ეს ცრუ კერპები, ეს ცრუ მმართველები, ერის სირცხვილს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი სამშობლოს განადგურება და აღსასრულია... ამ შეკრების ოფიციალური საბაბი უნარშეზღუდული ადამიანებისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა იყო და ეს, ვითომდა საქველმოქმედო საღამო, ელიტის მორიგ ორგიად გადაიქცა. ეს ძალად შემოქმედნი და ქველმოქმედნი ისე დათვრნენ და ისე გაბრუვდნენ ნარკოტიკებით, რომ ჯერ გაშიშვლდნენ და მუსიკალურ შადრევანში გადაეშვნენ, შემდეგ კი, კოლექტიური სექსი გააჩაღეს და ვიდეოკამერებსაც კი არ მორიდებიან, რომლებიც იქაურობას აკონტროლებდნენ უსაფრთხოების მიზნით. თუმცა, რომელ უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი და რა გვევიდეოკამერება ჩვენ საცოდავებს, როდესაც ასეთი ხალხის ხელშია ქვეყნის უსაფრთხოება და კიდეც ვიმკით მოსავალს... ამ საღამოზე მე ერთ-ერთი უცხოური ფირმის წარმომადგენლის სტატუსით, ვიმყოფებოდი, რა თქმა უნდა, კარგად შენიღბული. სინამდვილეში, მსგავსი ფირმა არ არსებობს და ეს ტყუილი მე იქ შესაღწევად დამჭირდა. საღამოზე იმყოფებოდა ვინმე უსმანიც, ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიელი ტერორისტი, რომელიც ბიზნესმენობას იყო ამოფარებული, სინამდვილეში კი, ხალხის ხოცვა-ჟლეტასთან ერთად, ნარკოტიკებითაც ვაჭრობდა და, რაც უნდა სამწუხარო იყოს, საქართველოს მთავრობა მას „კრიშავდა“... უსმანი ამ საღამოზე ქველმოქმედის სტატუსით წარდგა და მიუხედავად ნარკობარიგობისა და ტერორისტობისა, მისთვის მიუღებელი იყო იქ არსებული სიტუაცია, ამიტომ, ჩემთან მოვიდა და მითხრა:

– ამერიკელი ბრძანდებით, სერ?

– დიახ. თქვენ?

– მე ჩრდილოკავკასიელი ვარ.

– ესე იგი, რუსების მტერი?

– თავისთავად, – თვითკმაყოფილებით მომიგო უსმანმა და ხელი გამომიწოდა: – უსმანი!

– სტივი.

– მისტერ სტივ, გატყობთ, რომ, რაც აქ ხდება, სულაც არ გეპიტნავებათ, ისევე, როგორც მე.

– საიდან მიხვდით?

– სახეზე გაწერიათ.

– თქვენ ფიზიონომისტი ყოფილხართ, – ვუთხარი უსმანს ღიმილით, – მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ქვეყნის წარმომადგენელი ვარ, ჩვენთან ასეთი თავგასულობა ნამდვილად არაა მიღებული. თანაც, მე ძველი ტრადიციების კაცი ვარ და, რომ არა საჭიროება, რასაც ჩემი ფირმის ინტერესები მკარნახობს, აქ ფეხსაც არ მოვდგამდი.

– მეც ჩემი ფირმის ინტერესების გამო ვარ აქ, თორემ, ამ ურჯულოებთან რა მესაქმება, – მომიგო ჩემი გულახდილობით შეგულიანებულმა უსმანმა და დაამატა, – შეხედეთ, შეხედეთ მისტერ სტივ, განა ესენი მამაკაცები არიან, ესენი კი – ქალები?

უსმანი სიმართლეს ამბობდა. მისი სიტყვები შხამიანი ისარივით მომხვდა გულზე, მაგრამ, იმ მომენტში ამერიკელი ვიყავი და შედარებით დიპლომატიურად ვუთხარი:

 – რას იზამ, ჩემო კარგო, ასეთია მათი დემოკრატია და, თუკი მათ ასე სურთ, ჩვენ რას ვუშველით.

– დიახ, რა თქმა უნდა, – ირონიულად დამიდასტურა უსმანმა.

– თქვენ თქვენი ფირმა ახსენეთ და, ნება მიბოძეთ, გკითხოთ, – ვუთხარი უსმანს, – ბიზნესმენი ბრძანდებით?

– უსმანმა ყელი მოიღერა და ხაზგასმული სიამაყით მომიგო:

– ჩემი ბიზნესი რუსების განადგურებაა და ჩემი ფირმა ყოველმხრივ ასრულებს ამ მისიას.

– გასაგებია, გასაგები, – მხარზე ხელი მოვუთათუნე უსმანს, რომელმაც, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ მე მასზე თითქმის ყველაფერი ვიცოდი და იმ საღამოზეც მასზე სანადიროდ ვიყავი მისული.

უსმანი მართლაც ნადირობდა რუსებზე და მათ რამდენიმე ტერორისტული აქტიც კი მოუწყო. თუმცა, თავისი კარიერა მან ქართველების ხოცვით დაიწყო და აფხაზეთის ომში საშინელ სისასტიკეს სჩადიოდა. სოხუმის დაცემის დღეს კი, 27 სექტემბერს, ოჩამჩირეში მან ერთი ქართველის ოჯახი პირადად გაწყვიტა. მან ჯერ ოთხი ქალი – ბებია, შვილი და ორი არასრულწლოვანი გოგონა ძელზე მიბმული მამაკაცების თვალწინ გააუპატიურა, შემდეგ იმ ორ მამაკაცს ქალების თვალწინ თავები დააჭრა და ფეხბურთი ითამაშა, ბოლოს კი ნამუსახდილი ქალებიც დახოცა ავტომატის ჯერით. ამ დროს ოჯახის უფროსი, ბატონი ვასო, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, მძიმედ დაიჭრა და მისმა თანამებრძოლებმა ის თბილისში ჩამოიყვანეს. ბატონი ვასო ერთი თვე კომაში იყო და მხოლოდ მას მერე შეიტყო თავისი ოჯახის ტრაგედიის ამბავი, როდესაც გონს მოვიდა და ის ერთ-ერთმა მეზობელმა ქალმა, ეროვნებით აფხაზმა, მოინახულა პალატაში. ის ქალი ქართველის ცოლი იყო და იძულებული გახდა, თბილისში გადმოხვეწილიყო. ბატონმა ვასომ შეძლო ფეხზე დადგომა და გამოჯანმრთელების შემდეგ სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა, იქ ბიზნესი წამოიწყო და ზღაპრულად გამდიდრდა. სწორედ მისი შეკვეთა მქონდა აღებული, რაც პირადად მომცა, როდესაც მას რიო-დე-ჟანეიროში, ცნობილ კლუბ „ფლამინგოში“ შევხვდი. იქ, რა თქმა უნდა, შენიღბული ჩავედი და წარმოდგენაც არ მქონდა, ვის და რისთვის უნდა შევხვედროდი. სულ ერთიანად გაჭაღარავებული ვასო ფეხზე ადგომით შემომეგება, ხელი ჩამომართვა და ინგლისურად მითხრა:

– დაბრძანდით.

– სენიორ, მე პორტუგალიურიც კარგად ვიცი და, თუ ინგგლისურად ლაპარაკი არ გსურთ, შემიძლია, მშობლიურ ენაზე გესაუბროთ, – ვუთხარი შემკვეთს, რომლის ვინაობაც იმ მომენტში არ ვიცოდი.

– არც პორტუგალიურია ჩემი მშობლიური ენა, – უკვე პორტუგალიურად მომიგო ვასომ, – მე ქართველი ვარ და ვასო მქვია.

– სადაური? ქართველი?

– დიახ. ჩემი სამშობლო კავკასიაში მდებარეობს და ძალიან ლამაზია, ბევრად უფრო ლამაზი, ვიდრე აქაურობა, – ნაღვლიანად მითხრა ვასომ.

– მისტერ ვასო, სამწუხაროდ, ქართული არ ვიცი.

– არა უშავს, პორტუგალიურად ვილაპარაკოთ, – მითხრა ვასომ, შემდეგ თავისი ოჯახის ისტორია დაწვრილებით მომიყვა და ასე დაასრულა: – როგორც ვიცი, იმ უსმანს რუსეთის უშიშროება ეძებს, ის კი საქართველოს აფარებს თავს. მე მილიონ დოლარს გადაგიხდით, თუკი მას ცოცხალს მომგვრით.

– რიოში მოგიყვანოთ?

– არა, თბილისში, აი, ამ მისამართზე, – მითხრა ბატონმა ვასომ და თბილისის კონსპირაციული ბინის მისამართი და მობილურის ნომერი მომცა.

აი, ასეთი პრეისტორია ჰქონდა უსმანთან შეხვედრას თბილისური ბომონდის „ტუსოვკაზე“, სადაც მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არც მთავრობას, არც ელიტას და არც ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ უცხოელებს, საქართველოს ბედ-იღბალი არ ადარდებთ და ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. უსმანი და უსმანისნაირი ნაძირლები კი პირველივე ხელსაყრელ მომენტში ზურგში ლახვარს ჩასცემენ ჩვენს სამშობლოს და კვლავ ისე გულცივად და აზარტით ითამაშებენ ფეხბურთს ქართველების მოჭრილი თავებით, თანაც, რუსთაველის გამზირზე, რომ წარბსაც არ შეიხრიან. საქართველოს მთავრობა კი ასეთ ნაძირლებსა და გარეწრებს გულში იხუტებს, მათ თავშესაფარს აძლევს და ყოველმხრივ უწყობს ხელს.

უსმანის მიხრჩობის სურვილი იქვე მომივიდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მე მას ზურგზე მოვუთათუნე ხელი და ვუთხარი:

– უსმან, ჩემო მეგობარო, თქვენთან სარფიანი შემოთავაზება მაქვს. მოდი, აქაურობას მოვშორდეთ, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ამ საზიზღრობებს ვუყურო.

– კარგი, ჩემთან გეპატიჟებით, – მითხრა უსმანმა და „ტუსოვკა“ დავტოვეთ.

სანამ მანქანამდე მივიდოდით, უკვე შემუშავებული მქონდა მოქმედების ძალიან მარტივი გეგმა: უსმანი თავისსავე მანქანაში უნდა მიმეძინებინა სპეციალური პულვერიზატორით, შემდეგ კი ბატონი ვასოსთვის მიმეყვანა, რომელიც უკვე თბილისში იმყოფებოდა და მოუთმენლად მელოდა. თუმცა, ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. გარეთ რომ გავედით, უსმანს სამი პირადი მცველი შემოეხვია და მათთან ერთად ჩავჯექი ძვირად ღირებულ, შავი ფერის „ჯიპში“, სადაც მძღოლი გველოდა. ერთი მცველი მძღოლის გვერდით მოკალათდა, დანარჩენი ორი კი აქეთ-იქიდან მოგვისხდა და მანქანაც დაიძრა... „აბა, კოკი, მიდი, ახალგაზრდობა გაიხსენე“, – გუნებაში ვუთხარი საკუთარ თავს, ხმამაღლა კი ვთქვი:

– უსმან, გააჩერონ მანქანა, გული მერევა.

მძღოლმა მანქანა გააჩერა და ჩემ გვერდით მჯდომი მცველი გარეთ გადავიდა, რომ ჩემთვის გზა გაეთავისუფლებინა. მე მანქანიდან მოკუნტული გადმოვედი, გადასულს წიხლი ვკარი და მიწაზე გავაგორე. შემდეგ ელვისებურად შემოვტრიალდი და მაყუჩიანი პისტოლეტიდან ჯერ უსმანის გვერდით მჯდარი მცველი მოვკალი, შემდეგ – მძღოლის გვერდით მჯდარი მცველი, მას მძღოლიც მივაყოლე და ბოლოს მიწაზე გართხმულ მცველსაც მოვუღე ბოლო. ეს ყველაფერი ორ წამში მოხდა და გაოგნებულ უსმანს ჯერ პისტოლეტი მივუშვირე, შემდეგ პულვერიზატორი მივასხურე და გავთიშე... უსმანი ბატონი ვასოს კონსპირაციულ ბინაში სხვა მანქანით მივიყვანე და, შემკვეთს რომ გადავეცი, პორტუგალიურად ვუთხარი:

– შეიძლება, რომ შურისძიების პროცესს დავესწრო?

– შეიძლება, – არაადამიანური გამომეტყველებით მომიგო ვასომ, შემდეგ უსმანი, რომელსაც სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად ხედავდა, სარდაფში ჩაათრია, გააშიშვლა, მარცხენა ფეხის ცერი თითით ჯაჭვზე ჩამოკიდა და გამოაღვიძა:

– რჯულძაღლო, მოემზადე საშინელი სიკვდილისთვის!

ვასო, უსმანს რუსულ-ქართულად ელაპარაკებოდა. უსმანს ქართული კარგად ესმოდა და თავადაც შეეძლო ლაპარაკი. ამიტომ მან ქართულადვე მიუგო ვასოს:

 – შურისმაძიებელი ხარ? სამწუხაროა, რომ არ დაესწარი, როგორ დავხოცე შენიანები. შენს ბიჭებს წიწილებივით წავაგდებინე თავები და ფეხბურთი ვითამაშე. შენი ცოლი, ქალიშვილი და შვილიშვილები კი ძუკნებივით ვიხმარე.

უსმანს ამ საქციელით თავისი ვაჟკაცობისთვის უნდოდა ხაზის გასმა და ვასოს უმტკიცებდა, რომ არც მისი და არც სიკვდილის არ ეშინოდა. ვასომ მშვიდად მოუსმინა მას, შემდეგ კი სასქესო ორგანო მოჰკვეთა, პირში ჩაუტენა და სანამ ის გონებას დაკარგავდა, უთხრა:

– ეს ერთი. წინ კიდევ მრავალი სიურპრიზი გელოდება...

იმ საშინელების აღწერას, რაც ვასომ უსმანს დამართა, არ ვაპირებ, მაგრამ, ერთს კი ვიტყვი, რომ ეს იყო ჯოჯოხეთი. უსმანი მაშინაც კი ცოცხალი იყო, როდესაც მისი დანაწევრებული სხეულის ნახევარი უკვე მშიერ ვირთაგვებს ჰქონდათ შეჭმული, რომლებიც ბატონმა ვასომ სპეციალურად ამ შემთხვევისთვის შეიძინა. მე ამ პროცესს ბოლომდე დავესწარი და, როცა უსმანის თავიც ჩაუვარდა ვირთხებს, ვასოს ქართულად ვუთხარი:

– ასე უნდა დაემართოს  ყველა იმ ადაიმანს, ვისაც ქართველების მოკვეთილი თავებით უთამაშია ფეხბურთი ან ოდესმე აპირებს ამის გაკეთებას.

ვასოს განსაკუთრებული გაოცება არ გამოუხატავს იმის გამო, რომ ქართულად დაველაპარაკე და მომიგო:

– ამინ! მშვიდობით, ჩემო მეგობარო, დიდი მადლობელი ვარ ყველაფერ იმისთვის, რაც გამიკეთე.

ჩემ მიერ აღწერილი ისტორია, რა თქმა უნდა, საშინელი, საზარელი რამაა, მაგრამ, ასეთი დღე მოელის ყველა მოძალადესა და ნაძირალას და შურისძიების მახვილი ყველგან და ყოველთვის მისწვდება მათ.

– „სისხლი სისხლის წილ“, ჩემო კოკი, ესაა ყველაზე სწორი ფორმულა, რაც ადამიანებს მოუფიქრებიათ, – მასწავლიდა ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი და დასძენდა: – მეორე ლოყის მიშვერის პრინციპი მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილი, იდეალურთან მიახლოებული საზოგადოებისთვისაა მისაღები, ჩვენ კი ეს არ გამოგვადგება და სწორედაც ძველი აღთქმის ამ ფორმულით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ იდეალურთან მიახლოებული საზოგადოება შევქმნათ და დავიცვათ.

ჩემი ზემოხსენებული ინსტრუქტორი ფილოსოფიური წყობის კაცი იყო და, რასაც ამბობდა, კარგად რომ დავფიქრდებოდი, ვრწმუნდებოდი, რომ მართალი იყო. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ და მხოლოდ თანასწორუფლებიანი, პარიტეტული მოქმედებებია მიღებული, დარტყმაზე ყოველთვის დარტყმით გიპასუხებენ და მეორე ლოყას არავინ მოგიშვერს – კიდევ დამარტყიო. ასეთ ურთიერთობებზე იყო აგებული მთელი საბჭოთა-ამერიკული ურთიერთობები და ერთ დარტყმას ყოველთვის მეორის საპასუხო დარტყმა მოჰყვებოდა ხოლმე. ჩვენ კი, ანუ სპეცაგენტები, ამ დარტყმებს ვახორციელებდით და ამგვარად ვიცავდით ქვეყნის პრესტიჟსა და უსაფრთხოებას.

ერთხელ შჩუკინმა თავისთან დამიბარა და მითხრა:

– ვაშინგტონში უნდა გაემგზავრო და ამერიკელებს დაანახვო, ვინ ვინ არის.

– არაერთხელ დაგვინახვებია და არც ამჯერად დავიხევთ უკან. ბრძანეთ, რა მევალება!

– რა და, სამი დღის წინ მათმა სახელმწიფო მდივანმა ერთ-ერთ კერძო საუბარში საბჭოეთი განავლის კასრად მოიხსენია და თქვა, რომ თავზე რომ არ გადაგვესხას, ეს კასრი უნდა დავცალოთო. ამიტომ, შენ, 4 ივლისს, ანუ ამერიკის დამოუკიდებლობის ზეიმის დროს, გაუშვებ ჰაერში უზარმაზარ საჰაერო ბურთს. ეს ბურთი გარკვეულ კვადრატში გასკდება და პატივცემულ ამერიკელებს თავზე ფეკალური მასა გადაესხმევათ. გასაგებია?

გასაგები იყო შჩუკინის სიტყვები, მაგრამ ყველაფერი ეს არასერიოზულად მივიჩნიე. თუმცა, უფროსობის ბრძანება გადასინჯვას არ ექვემდებარება და შჩუკინს გამოვეჯგიმე:

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო!

ვიქტორ იაკოვლევიჩმა გამომცდელად შემხედა და მითხრა:

– გეტყობა, რომ ჩემი ეს დავალება არასერიოზულად მიიჩნიე, მაგრამ, გარწმუნებ, სახელმწიფო პოლიტიკაში წვრილმანები არ არსებობს. იცი, რისთვის დატოვა ერთხელ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პარადი პარიზში?

– რის გამო?

– რის გამო და, საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში მას მეორე რიგში მიუჩინეს ადგილი. ხომ ვითომ არაფერია, მაგრამ, მან ეს დემარში პროტესტის ნიშნად ჩაატარა და პირადად სტალინის შექებაც დაიმსახურა. ჩემი დავალება კი პირადად ლეონიდ ბრეჟნევისგან მომდინარეობს. ჩვენს მეთაურს რომ მოახსენეს ამერიკელი მაღალჩინოსნის ეს ფრაზა, ლეონიდ ილიჩს უთქვამს – ანახვეთ ამერიკელებს, როგორია თავზე დასხმული ფეკალიებიო.

– ყველაფერი გასაგებია. მზად ვარ დავალების შესასრულებლად! – ვუთხარი გენერალს და ორი დღის მერე ამერიკაში ჩავედი.

ამერიკაში კიდევ ოთხი საბჭოთა არალეგალი მზვერავი შემომიერთდა და ჩვენ, ერთობლივი ძალებით, ისეთი შოუ მოვუწყვეთ მოზეიმე ამერიკელებს, რომ ეს მათ არასოდეს დაავიწყდებოდათ. მთელ ამ პროცესს სპეციალური კამერებით იღებდნენ და ნათლად აღიბეჭდა ფირზე, თუ როგორ გადმოესხა თავზე ათი ტონა ფეკალური მასა ამერიკის პოლიტიკურ ელიტას, როდესაც ჰაერში მფრინავი ბურთი გასკდა...

მოსკოვში რომ დავბრუნდი, შჩუკინი დიდი სიხარულით შემომეგება და მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი, კარგი ოინი მოუწყვეთ ამერიკელებს. თურმე, როდესაც ლეონიდ ილიჩს ეს კადრები უჩვენეს, გულიანად ხარხარებდა და ამბობდა, ამერიკელებმა სასარგებლო შხაპი მიიღესო...

მსგავსი უხამსობები სკოლის ონავარ მოსწავლესაც კი არ შეეფერება, მაგრამ, მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები ზოგჯერ მაჩანჩალა „შკოლნიკებზე“ უარესად იქცევიან. მე და ჩემი კოლეგები კი იძულებულები გავმხდარვართ, რომ მათ ნებას დავყოლოდით, რადგან, სპეცდავალებების შესრულება ჩვენი უშუალო მოვალეობა იყო და „ამერიკელების განბანვა“ სპეცოპერაციების რანგში გადიოდა.

ამერიკელებისთვის ჩაშხამებული ზეიმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ ჰქონდათ, ყველა მშვენივრად მიხვდა, თუ ვინ მოაწყო ეს აქცია. ამიტომ, „ლენგლიში“ საპასუხო ოპერაციის მომზადებას შეუდგნენ. ეს ჩვენმა ხელმძღვანელობამ თავიდანვე გაითვალისწინა და „ცეერუელ“ ინფორმატორს დაავალეს, ამის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა. შჩუკინი ვარაუდობდა, რომ საპასუხო აქციას შვიდი ნოემბრისთვის, სოციალისტური რევოლუციის წლისთავისთვის დაგეგმავდნენ ამერიკელები. ამ დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე, მშრომელთა დემონსტრაცია და სამხედრო აღლუმი იმართებოდა ხოლმე, რომელსაც პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიო უყურებდა.

– თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელები მთელი მსოფლიოს თვალწინ, პირდაპირ ეთერში შეეცდებიან ჩვენს ლაფში ამოსვრას და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც ამერიკული „ღონისძიების“ პატაკი მიიღო ჩემგან და დაამატა: – გული მიგრძნობს, ამ ოპერაციას გაგრძელება ექნება. ამიტომ, მზად იყავი.

– მე ყოველთვის მზად ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, რომ ამერიკელებს შხაპი მივაღებინო.

– ძალიან კარგი. ახლა კი წადი და დაისვენე.

4 ივლისის აქციიდან სამი თვის შემდეგ, ანუ, 7 ნოემბრამდე ერთი თვით ადრე, „ლენგლიდან“ შეგვატყობინეს, რომ ამერიკელების საპასუხო სვლა სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ჩვენ მიერ მოწყობილი „შხაპი“. ვიქტორ იაკოვლევიჩმა სასწრაფოდ თავისთან დამიბარა და მითხრა:

– „ცეერუდან“ გვაცნობეს, რომ ამერიკელებს საშინელების დატრიალება სურთ საშვიდნოემბრო აღლუმზე.

– რას გულისხმობთ, ამხანაგო გენერალო?

– რას და, ისინი აპირებენ, რომ შუა წითელი მოედნიდან „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტა გაუშვან და, რას ნიშნავს ეს, შენთვის ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

„მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტას დიდი დამანგრეველი ძალა გააჩნია და წითელი მოედნიდან გაშვებული რაკეტა ნგრევის გარდა, დიდ მსხვერპლსაც გამოიწვევდა. მსგავსი ტიპის რაკეტიანი მანქანები, ისევე, როგორც დანარჩენი სამხედრო ტექნიკა, სრული საბრძოლო აღჭურვილობით გამოჰყავდათ ხოლმე წითელ მოედანზე და დავადგინეთ, რომ ამერიკელები საბჭოთა ოფიცრის ხელით გეგმავდნენ ამ სატანური გეგმის განხორციელებას. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, შჩუკინს ვკითხე:

– „ცეერუმ“ უკვე მოამზადა ეს ოპერაცია?

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3