როგორ იქცა დაბადების დღის სუფრა ოჯახში სასტიკი მკვლელობის ადგილად და რამ აიძულა მამაკაცი, საკუთარი რძალი მოეკლა
ეჭვიანობის გამო 38 წლის ვახო კ-იამ საკუთარი რძალი მოკლა. შემზარავი მკვლელობა ოჯახის წევრებისა და ნათესავების თანდასწრებით იმ სახლში მოხდა, სადაც ორი ძმა ოჯახებთან ერთად ცხოვრობდა. ერთ-ერთი ძმისშვილის დაბადების დღეზე გამართული წვეულება მაზლსა და რძალს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათი გაშველება ვერავინ შეძლო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა რძალს მოწმეთა თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისე მოულოდნელად ესროლა, რომ ტრაგიკული ინციდენტის თავიდან აშორება ვერავინ შეძლო. 29 წლის მარიკა ხ-ძე თავის არეში მიყენებული გამჭოლი ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ის ინციდენტიდან სამ საათში, საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა.
როდესაც სასამართლო პროცესზე რძლის მკვლელს საბოლოო სიტყვა მისცეს, ეს ვახო კ-იამ განაცხადა: „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენს მომისჯით, დანაშაული ჩავიდინე და უნდა დავისაჯო. ერთადერთი, რაშიც ვერ დაგეთანხმებით ისაა, რომ განზრახ მკვლელობა მედება ბრალად. ჩემი რძლის მოკვლა განზრახული არ მქონია, ეს ინციდენტი სულიერი აფექტის გამო ჩავიდინე”. თუმცა, ვინაიდან ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაკავების დროს ვახო კ-იას ჩაუტარდა, ის მკვლელობის მომენტში აფექტის მდგომარეობაში არ აღმოჩნდა და მხოლოდ ალკოჰოლის გავლენის ქვეშ ყოფნა დაუდასტურდა, სასამართლომ მას ჩადენილი დანაშაულისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა დამნაშავისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, იმის გამო, რომ ქალი მაზლმა არასრულწოვანი შვილების თვალწინ მოკლა. მაგრამ, სასამართლომ ეს დამამძიმებელ გარემოებად არ გაიზიარა და ვახო კ-იას მიერ ჩადენილი დანაშაული განზრახ მკვლელობად მიიჩნია.
ჩადენილი დანაშაულის შესახებ პოლიციაში შეტყობინება საავადმყოფოდან შევიდა. ვახო კ-ია დანაშაულის აღიარებით საკუთარი ნებით ჩაბარდა სამართალდამცველებს, რომელთაც შემთხვევის ადგილზე მკვლელობის რამდენიმე მოწმე დაკითხეს. როგორც ოპერატიული სამსახურის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებით გახდა ცნობილი, ოჯახში, სადაც მკვლელობა მოხდა, 10 წლის ლაშას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სახლი, რომელშიც ორი ძმა ოჯახებთან ერთად ცხოვრობდა, პატარა აივნით ორ ნაწილად იყო გადაყოფილი. მკვლელობის დღეს სადღესასწაულო სუფრა სწორედ იმ აივანზე გაიშალა. ძმებს ეზოიანი კერძო სახლი მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგოთ. მათ ერთმანეთთან იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ სახლის გაყიდვა და შუაზე გაყოფა არც უფიქრიათ და დაოჯახების შემდეგაც ერთად ცხოვრობდნენ. ვახო კ-იას უფროსი ძმის, ზაზას ცოლთან, მარიკა ხ-ძესთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა, ბოლო პერიოდში მაზლს რძლის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა. იმ დროს, როცა უფროსი ძმა ზაზა კ-ია რუსეთში წავიდა კერძო კომერციული საქმიანობის მიზნით, ვახო კ-იასთვის ცნობილი გახდა, რომ რძალი მალულად შორეულ ნათესავს, 55 წლის კოტე ტ-ოვას ხვდებოდა. ვახო კ-იამ ეს ინფორმაცია ნათესავისგან შეიტყო. მოგვიანებით, მან საკუთარ ჩვენებაში განაცხადა: „როდესაც გავიგე, რომ მარიკა ზაზას ღალატობდა, ლამის შოკში ჩავვარდი. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ეს სიმართლე იყო. მარიკამ და ზაზამ ოჯახი დიდი სიყვარულით შექმნეს. ჩემი რძლისთვის საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. რაც ეს ამბავი გავიგე, რამდენჯერმე ვცადე, ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ ხომ იცით, ეს ისეთი რამაა, იოლად არ მტკიცდება. თან, ზუსტად არ ვიცოდი, ვის ხვდებოდა მარიკა და ვისზე უნდა მეეჭვიანა. რამდენჯერმე მეგობრის მანქანით უკან მალულად გავყევი. ისე დამტანჯა ჩემმა ეჭვებმა, რომ ამის შესახებ ცოლს ვუთხარი. მანაც დამიდასტურა, რომ თვითონაც ფიქრობდა, მარიკას ღალატის შესახებ. ამის შემდეგ ჩემი ეჭვები უფრო გამძაფრდა. რძალს ერთი თვე ვუთვალთვალებდი, რომ ღალატში გამომეჭირა. ერთ დღეს ჩემი ეჭვები გამართლდა – სამსახურიდან სახლში მომავალი რძალი ჩემი შორეული ნათესავის მანქანაში დავინახე. უკან ვერ გავყევი, გზაში დამეკარგნენ, მაგრამ მეორე დღესვე ვკითხე მარიკას, თუ რა უნდოდა კოტეს მანქანაში. მან ისე უარყო ეს ამბავი, ვიფიქრე, ვინმეს მივამსგავსე-მეთქი. თუმცა, მერე სხვებისგანაც ბევრი რამ გავიგე და როცა ყველაფერში დავრწმუნდი, კოტე მოვძებნე. ჩვენ შორის დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა. კოტემ მითხრა: ეს მხოლოდ ჩვენი საქმეაო. მე ხელი გავარტყი. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ეს ამბავი ჩემი ძმისთვის მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე. საკუთარ თავს ვებრძოდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. იმ დღეს ჩემი ძმისშვილის, ლაშას დაბადების დღე იყო, საკმაოდ ბევრი სტუმარი მოგროვდა. ერთი საათი იქნებოდა გასული, რომ მარიკა ვეღარ შევნიშნე. ჩემს ცოლს ვკითხე, ხომ არ იცი, სად წავიდა-მეთქი? ასე მითხრა, სამსახურიდან დამირეკეს და ცოტა ხნით უნდა გავიდეო. მივხვდი, რომ კოტესთან შესახვედრად წავიდა. ჩემს ძმას გავხედე – ისეთი ბედნიერი იყო, განწყობას ვერ ჩავუშხამებდი. ამის შემდეგ მოვლენები როგორც განვითარდა, ყველამ ნახა.”
გამოძიების მასალების მიხედვით, მარიკა ხ-ძე სახლში ცოტა მოგვიანებით დაბრუნდა და სტუმრებს მოუბოდიშა, სამსახურიდან დამირეკეს, რომ არ წავსულიყავი, გამორიცხული იყოო. მარიკა ხ-ძე კლინიკის ექთნად მუშაობდა და შესაბამისად, სამსახურში რომ გამოეძახებინათ, სავსებით ჩვეულებრივი მოვლენა იყო. წვეულებაზე დაბრუნებულ მარიკას, მოწმეთა ჩვენებით, მაზლი სუფრასთანვე აუხირდა, რაც ყველას გაუკვირდა. სიტუაციის განმუხტვა ნათესავებმა მოახერხეს. ცოტა ხანში ვახო სუფრიდან გავიდა და მარიკაც იხმო. ერთ-ერთი მოწმის განცხადებით, ოთახთან ჩავლისას საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ უთხრა ვახომ, შენ ჩემი ხელით უნდა მოკვდეო.
ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა – მარიკა ოთახიდან სახეალეწილი გამოვიდა, რაც სუფრაზე მყოფ სტუმრებს არ გამოჰპარვიათ. ვახო სახლში იყო შესული და არ ჩანდა. მარიკა შუა ეზოში იდგა და ერთ-ერთ სტუმარს ესაუბრებოდა, როცა გასროლის ხმა გაისმა. ახალგაზრდა ქალი მოწყვეტით დაეცა ძირს. იარაღმომარჯვებული ვახო კ-ია აივანზე შეშლილი სახით იდგა.
ამონაწერი მოწმის, ნანა ბ-შვილის ჩვენებიდან: „მარიკა ჩემი შვილის ნათლია იყო. ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, თუ მაზლთან ნაჩხუბარი იყო. დაბადების დღის წვეულება ახალი დაწყებული იყო, როცა მარიკა ერთი საათით სახლიდან გავიდა. როცა დაბრუნდა, ანერვიულებული იყო, ექთანია და ვიფიქრე, რომ კლინიკაში რაღაც მოხდა. ცოტა ხანში ვახო მარიკას ცუდად გაეხუმრა, მერე კიდევ უთხრა რაღაც აგრესიულად. არც შემინიშნავს, ცალკე როდის გავიდნენ. სუფრასთან ვისხედით, უცებ გასროლისა და ჩოჩქოლის ხმა გავიგე. იქვე, ეზოში უამრავი ბავშვი თამაშობდა და ძალიან შევშინდი. იქ იყო მარიკას იუბილარი შვილი, ლაშიკოც. სროლის ხმაზე აივნისკენ გავიხედე – დავინახე, მოაჯირთან ლაშა იდგა, ხელში გადაჭრილი თოფი ეჭირა. მარიკა ძირს დავარდა, ეზოში პანიკა ატყდა, ყველანი თავზარდაცემულები ვიყავით. ვერავინ მიხვდა, რატომ ესროლა ვახომ მარიკას.”
მოგვიანებით, დაკავებული ვახო კ-იას განაცხადებით, რძალმა აღიარა, რომ მის ძმას ღალატობდა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „როცა მარტონი დავრჩით, მარიკას ვუთხარი: საკუთარი შვილის დაბადების დღეც არ ჩაატარე ისე, სახლიდან რომ არ გაპარულიყავი-მეთქი. მაშინვე ჩხუბზე გადავიდა, შენი საქმე არაა ჩემი ცხოვრება, შენს ძმას დიდი ხანია, ვღალატობ და თუ ამას გააგებინებ და გამათავისუფლებ, მადლობას გეტყვიო. ეს მითხრა და ოთახიდან მალევე გავიდა. მთვრალი ვიყავი, ამის გაგონებაზე საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი – ჩემს ოთახში შევედი, სადაც იარაღს ვინახავდი. აივანზე გამოვედი და ეზოში მყოფ მარიკას დამიზნებით ვესროლე. ერთადერთი, რის გამოც ჩემს საქციელს ვნანობ ისაა, რომ იქვე, ჩემი პატარა ძმისშვილი იდგა, რომელსაც დედა თვალწინ მოვუკალი. იმ წუთში თავის მოკვლაც მინდოდა. თოფი თითქმის უკვე ჩემკენ მქონდა მოტრიალებული, მაგრამ ვიღაც მომვარდა და იარაღი წამართვა. ამის შემდეგ, იქამდე, სანამ პოლიციას ჩავბარდებოდი, თითქმის არაფერი მახსოვს.”
სასამართლო გამოძიებამ ვახო კ-ია დამნაშავედ ცნო. მისი ადვოკატი ცდილობდა, რომ დანაშაული სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ ქმედებად შეფასებულიყო, თუმცა უშედეგოდ. ამას ისიც ემატებოდა, რომ განსასჯელი თავიდან ბოლომდე აღიარებდა ჩადენილი დანაშაულის ყველა დეტალს. რომელსაც ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედის სიცოცხლე შეეწირა.