როგორ გაიხსნა თბილისელი მკვლელის საქმე, რომელიც რუს ტურისტებს ხოცავდა
დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო ყოფილი საბჭოეთის კრიმინალისტიკის ისტორიაში და კარგა ხანი, გრიფი „საიდუმლო“ ედო.
ფურგონიანი „მოსკვიჩი“ გლდანის ნაგავსაყრელთან გაჩერდა. იქიდან მძღოლი გადმოვიდა, მიმოიხედა და როცა დარწმუნდა, რომ ირგვლივ არავინ იყო, საბარგულიდან ორი უზარმაზარი გასისხლიანებული ტომარა გადმოათრია. იქვე დააგდო, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
ნახევარ საათში ნაგავსაყრელს თხუთმეტი უზარმაზარი ღორი მიადგა და ნაგავში ქექვა დაიწყო. მათი მწყემსი კი იქვე წამოწვა და ცხოველებს თვალყურს ადევნებდა. ერთ-ერთი ღორი გასისხლიანებულ ტომარას მიადგა და ჯერ ბასრი კბილებით გაგლიჯა ის, შემდეგ კი ადამიანის მოკვეთილი მკლავი ამოათრია იქიდან და ჭამა დაიწყო. დანარჩენი ღორებიც მოცვივდნენ. მათ ტომრის შიგთავსი მიწაზე გადმოყარეს და ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილების გლეჯა დაიწყეს. მწყემსმა ღორების გაფანტვა სცადა, მაგრამ სისხლით გახელებულმა ცხოველებმა არც მწყემსი დაინდეს და შუა ხნის მამაკაცი ცოცხლად შეჭამეს.
გლდანის ნაგავსაყრელთან მომხდარი ტრაგედიის შესახებ მილიციას მენაგვემ შეატყობინა, რომელმაც იქ ნაგავი მიიტანა და ღორების დაშოშმინება სცადა. მაგრამ, ღორებმა მასაც შეუტიეს და მენაგვემ გაქცევით უშველა თავს. შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციელებს საშინელი სურათი დახვდათ. სისხლით დინგმოსვრილი ღორები საშინელი ჭყვიტინით დარბოდნენ აქეთ-იქით და ახალ საკბილოს ეძებდნენ. მილიციის თანამშრომლებმა კაციჭამია ღორები ჯერ პისტოლეტებით დახოცეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს.
საზარელი მკვლელობები
გლდანის ნაგავსაყრელზე დატრიალებული ტრაგედიიდან სამი კვირის განმავლობაში, თბილისში კიდევ სამი ანალოგიური მკვლელობა მოხდა. მსგავსი გასისხლიანებული ტომრები, რომლებშიც ადამიანის დანაწევრებული ცხედარი იყო მოთავსებული, შესაბამისი თანმიმდევრობით აღმოაჩინეს თემქის დასახლებაში, ნაძალადევსა და რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე. ექსპერტებმა სამივე დანაწევრებული გვამი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ისინი მამაკაცები იყვნენ, თუმცა, მათი პიროვნება არ დადგინდა.
მკვლელობებს კაპიტანი თაზო ქვარცხავა იძიებდა. მან რამდენიმე ვერსია შეიმუშავა. თავად მანიაკის ვერსიაზე იყო კონცენტრირებული, ხელქვეითებს კი სხვა ვერსიების გადასამოწმებლად იყენებდა. ამასობაში თბილისში მორიგი მკვლელობა მოხდა. მილიციის სამმართველოს უფროსმა ქვარცხავა კაბინეტში გამოიძახა და უთხრა:
– ნელა და უშედეგოდ მუშაობ. ამასობაში კი მორიგი მკვლელობა მოხდა.
– ალბათ, ვარკეთილ-ვაზისუბნის მიდამოებში არა?
– გაიგე უკვე?
– არა, ამხანაგო პოლკოვნიკო, მკვლელობის ამბავი ახლა, თქვენგან შევიტყვე.
– აბა, როგორ გამოიცანი?
– მკვლელი აშკარად მკაცრად განსაზღვრული გეგმით მოქმედებს და ჩემი ძირითადი ვერსიის თანახმად, ის მორიგი მკვლელობის კვალს უკვე ნავთლუღის ტერიტორიაზე დატოვებს.
– ვერაფერს ვხვდები.
– ამხანაგო პოლკოვნიკო, მანიაკი მკვლელი ხაზს მიჰყვება, ანუ ის მოკლულებს განსაზღვრულ პერიმეტრზე ტოვებს. პირველი ხუთი მკვლელობა გლდანიდან ვარკეთილამდეა ჩადენილი და ჩემი აზრით, ის ქვევით უნდა ჩამოვიდეს. ანუ, მან ჯერ ნავთლუღში უნდა დატოვოს მოკლული, შემდეგ ორთაჭალის მიდამოებში, შემდეგ კოლმეურნეობის მოედანზე და იქიდან კი, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის მიდამოებში ავა.
პოლკოვნიკი თვალებგადმოკარკლული და პირდაღებული უსმენდა ქვარცხავას და ბოლომდე ვერაფერი გაეგო.
კაპიტანი მიხვდა უფროსის დაბნეულობას და მშვიდად უთხრა:
– ამხანაგო პოლკოვნიკო, თბილისის რუკაზე ქინძისთავების დარჭობა თუ შეიძლება?
– შეიძლება.
ქვარცხავა კედელზე გაკრულ რუკასთან მივიდა და ხუთი ცალი ქინძისთავი გლდანიდან მოყოლებით დაარჭო ვარკეთილამდე.
– აი, ამხანაგო პოლკოვნიკო, ამ ხუთ ადგილზეა აღმოჩენილი დანაწევრებული გვამები. ეს ქინძისთავები კი, ჩემი ვარაუდით, იმ ადგილებს მიანიშნებს, სადაც მანიაკის მომავალი მსხვერპლი აღმოჩნდება. მკვლელმა ჯერ სწორ ხაზზე განალაგა თავისი მსხვერპლი, ხოლო, თუკი ჩემი ვერსია სწორია, მაშინ, ახლა ის დიაგონალს ჩამოუყვება და შემდეგ კვლავ სწორ ხაზს გაავლებს.
თაზომ რუკაზე კვლავ ხუთი ქინძისთავი ჩაარჭო და პოლკოვნიკს უთხრა:
– აი, ამგვარად ტოვებს მანიაკი მოკლულებს თბილისში და ვიზუალურად ეს ლათინური ასოა – Z.
– ანუ, ის შეშლილი, სიმბოლურად ან ხაზს უსვამს რაღაცას, ან თავის ინიციალს ტოვებს.
– უფრო მგონია, რომ ხაზს უსვამს, – მიუგო ქვარცხავამ პოლკოვნიკს.
სატყუარა
მიუხედავად იმისა, რომ ქვარცხავას მიერ წინასწარ ნავარაუდევ ადგილებში, ოპერმუშაკებმა ფარული თვალთვალი დაიწყეს, ნავთლუღსა და ორთაჭალჰესის მიდამოებში კიდევ ორი მამაკაცის დანაწევრებული სხეულით სავსე ტომრები აღმოაჩინეს.
ამასობაში ორი მოკლულის ვინაობა დადგინდა და გაირკვა, რომ ორივე რუსეთში ცხოვრობდა. ერთ-ერთი მათგანის კვალი სოხუმში დაეკარგათ მის ნათესავებს, მეორესი კი – მახინჯაურში.
– მანიაკი მანქანით მოძრაობს. ის თავის მსხვერპლს იტაცებს, კლავს, თბილისში ჩამოჰყავს და სხვადასხვა ადგილზე ტოვებს. მე ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ორჯერ ორი ოთხია – განაცხადა ქვარცხავამ ერთ-ერთ ოპერატიულ თათბირზე.
ამასობაში კიდევ სამი მოკლულის ვინაობა დადგინდა და ისინიც რუსეთის მოქალაქეები, ეროვნებით რუსები იყვნენ. სამივე მათგანი საქართველოში იყო ჩამოსული დასასვენებლად და ისინიც მოულოდნელად გაუჩინარდნენ.
– აშკარაა, რომ მკვლელი მხოლოდ რუსეთიდან ჩამოსულ რუს მამაკაცებს ხოცავს და ეს ყოველივე შემთხვევითი არაა, – თქვა ქვარცხავამ, – თუმცა, რაშია საქმე, გაუგებარია.
– რუსების სიძულვილი, – თქვა პოლკოვნიკმა.
– მხოლოდ ამაში არ უნდა იყოს საქმე, – თავი დააქნია კაპიტანმა, – რუსები აქაც ბევრნი არიან, მაგრამ ის, რატომღაც ჩამოსულებს ერჩის.
თაზო ქვარცხავამ უცებ საფეთქლებზე მოიკიდა ხელი. თვალები გაუბრწყინდა და სამმართველოს უფროსს უთხრა:
– ამხანაგო პოლკოვნიკო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოუხელთებელი მანიაკი უპატრონო ბავშვთა სახლშია აღზრდილი. მისი მშობლები, ან უახლოესი ნათესავები 1921 წელს წითელი არმიის შემოსვლისას დაიღუპნენ. ის ოკუპანტებს ხოცავს და ამით უხდის სამაგიეროს მათ.
– რას ბოდავ, რის ოკუპანტებს, ხომ არ შეიშალე, ქვარცხავა? – გაფითრდა პოლკოვნიკი და კაბინეტში შეშინებულმა მიმოიხედა.
– მე მანიაკის პოზიციიდან ვლაპარაკობ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – ეშმაკურად ჩაეცინა ქვარცხავას, – თორემ, მშვენივრად ვიცი, რომ წითელმა არმიამ საქართველო გაათავისუფლა.
– მაინც, ასე რატომ ფიქრობ?
– იმიტომ, ამხანაგო პოლკოვნიკო, რომ დახოცილ რუსებს ბორჯღალი აქვთ ამოჭრილი დანაწევრებულ ზურგზე.
– ბორჯღალი რას ნიშნავს?
– მზის ნიშანია და დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო იყო. როდესაც თბილისში წითელი არმია შემოვიდა და ქართველები დახოცეს, ისინი მათ ზურგზე ბორჯღალს ახატავდნენ. კაზაკები ხმლით ჭრიდნენ ამ ნიშანს მათ ზურგზე და ამით ცდილობდნენ მოკლული ქართველების დამცირებას. ჩემი აზრით, ეს ბორჯღალამოკვეთილი გვამები იმ ამბების გამოძახილია და ამიტომ ვფიქრობ, რომ მანიაკი მაშინდელი ამბების მსხვერპლი უნდა იყოს.
– რის გაკეთებას აპირებ?
– ვფიქრობ, სატყუარა შევუგდო მანიაკს და ჩვენთან კონტაქტზე გამოვიყვანო.
ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ, ერთ-ერთ ცენტრალურ გაზეთში დაიბეჭდა პუბლიკაცია, რომელშიც 1921 წლის ამბები იყო მოთხრობილი. იქ ბორჯღალამოკვეთილი ქართველების შესახებ ეწერა. თუმცა, ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული და ტანჯულებად წითელარმიელები იყვნენ გამოყვანილი, ხოლო მტანჯველებად – პატრიოტი ქართველები.
– მერედა, რას მოგვცემს ეს სტატია? – ეჭვობდა პოლკოვნიკი.
– დარწმუნებული ვარ, მანიაკი აუცილებლად წაიკითხავს ამ სტატიას და რედაქციაში დარეკავს, – ამბობდა ქვარცხავა.
პუბლიკაცის მეორე დღეს რედაქციაში უცნობმა მამაკაცმა დარეკა და სტატიის ავტორის ტელეფონის ნომერი მოითხოვა. რედაქციაში წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული და მას ტელეფონის ნომრები მისცეს. როგორც რედაქციის, ასევე სტატიის ავტორის ბინის ტელეფონი ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი, მაგრამ ჟურნალისტისთვის არავის დაურეკავს, რედაქციაში კი ქუჩიდან იყო დარეკილი.
მიუხედავად იმისა, რომ კონტროლი წამითაც არ შეწყვეტილა, ხოლო სტატიის ავტორი კი ოპერმუშაკების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
– სულ ტყუილად მოაცდინე ამოდენა კადრები, – ბრაზობდა პოლკოვნიკი, მაგრამ ქვარცხავა დარწმუნებული იყო, რომ მანიაკი სულ მალე გამოჩნდებოდა ოპერმუშაკების თვალთახედვის არეში.
ერთ დღეს ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ხუთსართულიანი სახლის წინ ფურგონიანი „მოსკვიჩი“ გაჩერდა. ამ სახლში პუბლიკაციის ავტორი ცხოვრობდა და მილიციელებს იქ საგუშაგო ჰქონდათ გახსნილი. „მოსკვიჩი“ საფოსტო იყო. იქიდან შუახნის მამაკაცი გადმოვიდა, შემდეგ სადარბაზოში შევიდა და ათიოდე წუთში უზარმაზარი საფოსტო ტომრით დაბრუნდა უკან. ტომარა მან მოსკვიჩის საბარგულში ჩადო და მშვიდად გაემგზავრა. ოპერები საეჭვო მოსკვიჩს დაედევნენ და ათი წუთის შემდეგ ჯერ მძღოლი დააპატიმრეს, შემდეგ კი ტომარა გახსნეს და იქიდან გონმიხდილი ჟურნალისტი ამოიყვანეს. ჟურნალისტი არაფრის საქმის კურსში არ იყო და როდესაც უთხრეს, თუ რაში იყო საქმე, მას მეორედ წაუვიდა გული.
ექსპედიტორის ნაამბობი
ჟურნალისტის სახლთან დაკავებული პიროვნება 50 წლის ლევან ჯორჯიაშვილი აღმოჩნდა. ის ქალაქის ცენტრალურ ფოსტაში მუშაობდა მძღოლ-ექსპედიტორად და მოსკვიჩით გადაადგილდებოდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ჯორჯიაშვილმა შვიდივე მკვლელობა აღიარა და გამომძიებელს მოუთხრო: „1921 წლის 25 თებერვალს კაზაკებმა დედ-მამა დამიხოცეს. მაშინ 10 წლის ვიყავი. გიმნაზიიდან ჯერ სახლში დავბრუნდი, შემდეგ კი პროზექტურაში წამიყვანა ბებიამ. ჩვენ იქ უამრავი დახოცილი ვნახეთ. ისინი შიშვლები იყვნენ და ყველას ბორჯღალი ჰქონდათ ამოჭრილი ზურგზე. იქვე იყვნენ ჩემი დედ-მამაც. გარდა ამისა, მათ კიდურები ჰქონდათ მოკვეთილი. საბრალო ბებიაჩემს გული გაუსკდა. მე გული წამივიდა და ორი კვირა შოკში ვიყავი. როცა გამოვედი, მთავრობამ ბავშვთა სახლში მიკრა თავი. პროზექტურაში ნანახი სურათი თავიდან არ ამომდიოდა და ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი, პირველ რუსზე რომ ვიძიე შური. ჩვენი სამხედროს მასწავლებელი მისსავე სახლში მოვკალი, ხანჯალი გავუყარე. მას მერე, ორმოცდაათამდე რუსი გამოვასალმე სიცოცხლეს. მოკლულ რუსებს თავებს ვაჭრიდი და მიწაში ვფლავდი. წელს კი გადავწყვიტე, ამ ყველაფრისთვის სიმბოლური დატვირთვა მიმეცა და მოქმედების მკაცრი გეგმა „შევიმუშავე“.
– ანუ, მხოლოდ ჩამოსულ რუსებს ხოცავდით, ბორჯღალს ამოჰკვეთდით ზურგზე და ამით სიმბოლურად ოკუპანტებს ხოცავდით? – ჰკითხა ქვარცხავამ.
– დიახ, – დაუდასტურა ჯორჯიაშვილმა.
– ცხედრებს რატომ ანაწევრებდით?
– იმიტომ, რომ ჩემი მშობლებიც დანაწევრებულები იყვნენ, – თქვა ჯორჯიაშვილმა. მან აგრეთვე დაადასტურა, რომ გვამებს ლათინური ასო Z-ის მოხაზულობის მიხედვით ტოვებდა თბილისში, ქალაქის სხვადასხვა უბანში და ამით რუსული ოკუპაციისთვის სიმბოლურად უნდოდა ბოლოს მოღება.
ამ საქმეს აშკარად პოლიტიკის სუნი ასდიოდა. ამიტომ, ჯორჯიაშვილის ჩვენებიდან პოლიტიკური მომენტები ამოიღეს და ის, როგორც მანიაკი, ისე გაასამართლეს. ჯორჯიაშვილი 1962 წელს მოსკოვში დახვრიტეს. თაზო ქვარცხავას კი მაიორის ჩინი და საბრძოლო წითელი დროშის ორდენი გადასცეს.