ადამი და ევა
მინდა და ვაკეთებ!
ზოგჯერ აუცილებლად უნდა დაელაპარაკო საკუთარ თავს და „ჩამოართვა“ მას ინტერვიუ, რათა უკეთ გაიგო საკუთარი სურვილების შესახებ და იარო წინ. ამასთან, აღმოაჩინო საკუთარი „მე“, რაც უბრალოდ აუცილებელია პიროვნების სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის.
მაგალითად, დაიწყეთ შეკითხვით: ვანდობდი ჩემს თავს დიდ საიდუმლოს? ერთი შეხედვით, თითქოს პასუხი არ უნდა იყოს ძნელი. რატომაც არაო – იტყვით. მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით, შეიძლება, შეყოყმანდეთ. ნუთუ მართლა ისეთი მტკიცე და მორალური ხართ, როგორი წარმოდგენაც გაქვთ საკუთარ თავზე, თუ... გაიხსენეთ, რამდენჯერ წამოგცდენიათ საიდუმლო, რომელიც მეგობარმა სათუთად გაგიმხილათ?! უნებლიეთ, სიტუაციურად, მაგრამ მაინც წამოგცდენიათ. ჩაისუნთქეთ, ამოიოხრეთ და ისევ შეეცადეთ, პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას. პასუხი დაახლოებით ასეთი შინაარსის იქნება: „არ ვიცი, დამოკიდებულია სიტუაციაზე“. კარგია როცა გულახდილი ხარ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობ.
იცით, რას ნიშნავს, როცა არ შეგიძლია ინფორმაციის შენახვა?! – საკუთარ თავში დარწმუნებული არ ბრძანდებით და გინდათ მეტი ყურადღება თქვენი პერსონის მიმართ, თუნდაც სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ხარჯზე. ნუ ეცდებით, რეიტინგი ამ იაფფასიანი და არცთუ ღირსეული ხერხით აიწიოთ. ცოტას წაიმუშავებთ საკუთარ თავზე და გამოგივათ.
ვუყურებ და ვხედავ...
ზოგჯერ აუცილებელია, საკუთარ თავს უცხო თვალით შეხედო. ბევრმა საერთოდ არ იცის, ეს რას ნიშნავს. ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ სწავლა შეიძლება. მთავარია, ძალიან მოინდომოთ და გააცნობიეროთ ამ ქმედების სასარგებლო მხარეები. ქალი გაცილებით ეჭვიანი არსებაა, ვიდრე მამაკაცი. ის მუდმივ განცდებში და მუდმივ ემოციებშია. შეუძლია, უმნიშვნელო წვრილმანებზეც დიდხანს ინერვიულოს. ნერვიულობს იმაზე, რას იტყვიან მასზე. მოეწონებათ თუ არა ახლობლებს, ან ნაცნობებს მისი ჩაცმულობა, ახალი ვარცხნილობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას ვერც აამებ და ვერც თავს მოაწონებ. ჯობია, ჩამოაყალიბო სწორი პოზიცია საკუთარ თავთან მიმართებაში. მაგალითად, თქვენი ხასიათის რომელი თვისება გინდათ, რომ შეამჩნიონ ადამიანებმა: სიკეთე?! პრინციპულობა?! დამოუკიდებლობა?! შრომისმოყვარეობა?!
აუცილებელია, პრიორიტეტი მიანიჭოთ ერთს ან ორს, რათა მერე არ იწუწუნოთ და არ ინანოთ, ნეტავი, ადრე მცოდნოდაო. წარსულის შეცვლა შეუძლებელია. სამაგიეროდ, ძალიანაც შესაძლებელია, დაგეგმო მომავალი – პოზიტიური და წარმატებული.
იმოქმედე და ნურაფრის შეგეშინდება! – იყოს ეს ფრაზა თქვენი დევიზი. უყურეთ საკუთარ თავს და დაინახეთ მასში პიროვნება. ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
მინდა, შემიყვარდეს!
როცა შეყვარებული ხარ, ცხოვრება გაცილებით მშვენიერია. თითქოს აღარ არსებობს არანაირი პრობლემა: გიყვარს და უყვარხარ – რა შეიძლება იყოს ამაზე მშვენიერი?! მაგრამ, იმისთვის, რომ შეგიყვარდეს, მარტო სურვილი არ კმარა, კიდევ რაღაც არის საჭირო... როგორ უნდა მოიქცე, რომ ისევ აღმოჩნდე ტკბილ ბურანში? „შპარგალკები“ გნებავთ? – ინებეთ...
გაზაფხული არ არის მარტოხელების საყვარელი პერიოდი. გაზაფხულზე სიმარტოვე განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა და მტკივნეულია. ყველაფერი გახსენებს იმას, რომ დროა, შენი მეწყვილე იპოვო. არავითარი ისტერიკა და წუხილი! ნუ დაივიწყებთ, რომ კეთილგონიერების გარეშე სიყვარული მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. გახსოვდეთ, ასევე, საკუთარი პრინციპებისა და მისწრაფებების შესახებ.
წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრება საჩუქარია. საჩუქარი ხართ თქვენც, მაგრამ, შესაბამისად თუ არ „შეიფუთებით“, შეიძლება, მოსაწონიც კი არ იყოთ. გამოკვეთეთ ის, რაც მართლაც განსაკუთრებული გაქვთ. ლამაზ, სტანდარტულ თოჯინებზე მეტად კაცებს ინდივიდუალური, თავისებურად მომხიბლავი ქალები ამახსოვრდებათ – გამოკვეთილი ხასიათით, პიროვნული ნიშნებით. ძალიან მოკლე კაბა და ღრმა დეკოლტე კარგი საშუალებაა ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ, ამის ამარა დიდხანს ვერ „გაქაჩავთ“. ინტელექტი და იუმორის ნიჭი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილა. ზოგჯერ ამის დაჯერება რთულია, მაგრამ, თქვენ მაინც დაიჯერეთ, რომ მეტისმეტად ლამაზი ქალი მამაკაცისთვის არცთუ ძალიან სასურველი ცხოვრების თანამგზავრია... და, კიდევ, თუ გინდა, ვინმე შეგიყვარდეს, მზად უნდა იყო სიყვარულისთვის. გაიღიმეთ და ისე იარეთ ცხოვრების გზაზე საყვარელი ადამიანის საპოვნელად...
სასარგებლო ტყუილი
ბრიტანელი ფსიქოლოგი რიჩარდ ვაიზმანი ამტკიცებს, რომ სიყვარულის გამოწვევა, მოზიდვა შესაძლებელია, თუ ისე მოიქცევი, თითქოს უკვე გეწვია ეს გრძნობა. ანუ, ცოტათი მაინც თავი უნდა მოიტყუო და ეს სასარგებლო ტყუილი იქნება. ამით თქვენი ემოციის წარმოდგენას შეუწყობთ ხელს. შეიძლება, გეღიმებათ, მაგრამ, არსებობს ფსიქოლოგიური ტესტი – „საკუთარი სურვილით შეყვარებული“ – ანუ, ეს რეალობაა. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, როცა შეგიყვარდებათ... თითქოს შინაგანი შუქით გასხივოსნდებით, თვალებგაბრწყინებული ქალი კი მამაკაცებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. შეყვარებული ადამიანი თითქოს ეიფორიაშია. მისთვის ნაკლებად შესამჩნევია ყოველდღიური წვრილმანი პრობლემები.
დამთრგუნველი ფიქრები და წარმოსახვითი, ნეგატიური სიტუაციები მარტო სიყვარულში კი არა, ყველაფერში შეგიშლით ხელს.
ნურასოდეს ეტყვით უარს საკუთარ თავს, გამოელაპარაკოთ უცნობს, რომელიც მოგეწონათ. რატომაც არა?! რატომ არ უნდა სცადოთ ბედი?! შეიძლება, მასაც მოეწონეთ და გამბედაობა არ ჰყოფნის. დაივიწყეთ მოძველებული სტერეოტიპი. ზოგადად, უკეთესია, რაც მალე გათავისუფლდებით შინაგანი კომპლექსებისა და ბარიერებისგან. უთხარით საკუთარ თავს, რომ ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა შეგიძლიათ. შეიძლება, ესეც ტყუილია, მაგრამ – სასარგებლო.