ექიმის რჩევები
კითხვა: პერიოდულად თვალებზე მაწუხებს შუქი. ვცდილობ, ჩამოვაბნელო ყველაფერი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ეს თვალის ოპტიკურ ნაწილში არსებული ნერვული უჯრედების მომატებული გაღიზიანების შედეგია. ამ დროს თვალი მტკივნეულად რეაგირებს დღის სინათლეზე, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს თვალში მიმდინარე ცვლილებებს. მიზეზის დასაზუსტებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ექსტრასისტოლამ გულზე ან თავში ანევრიზმა გამოიწვიოს?
პასუხი: ერთეული ექსტრასისტოლები ანევრიზმის ჩამოყალიბებას არ იწვევს.
კითხვა: შეიძლება, ბავშვის სახეზე თმების ხშირმა შეხებამ (ვგულისხმობ, თუ სულ გაშლილი აქვს) თმის ამოსვლა გამოიწვიოს?
პასუხი: არა, ჭარბთმიანობის მიზეზი ეს არ არის.
კითხვა: ოდნავი მღელვარების დროსაც კი, სახეზე და გულმკერდის არეში მფოთლავს წითლად. რა იწვევს ამას და შესაძლებელია თუ არა განკურნება?
პასუხი: ეს არის ფსიქოგენური ფსევდოალერგიული რეაქცია. ძირითადად, მიზეზი ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიაა. სისხლძარღვების ნორმალური ტონუსის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია კონტრასტული შხაპი, ცურვა, ფიზიკური ვარჯიში და, რაც მთავარია, უნდა შეძლოთ ემოციების მართვა. დახმარების გაწევა შეუძლია ფსიქოთერაპევტს.
კითხვა: კისერზე მაქვს ხალი. უნდა დავიკრა თუ არა რამე დაბანის დროს? ან მზეზე ყოფნისას?
პასუხი: გადაჭარბებული გარუჯვა აკრძალულია, რადგან სწორედ ეს იწვევს კანის იმუნური ძალების დასუსტებას, შედეგად კი ხალების გაავთვისებიანებას.
დაბანის დროს დაკვრა არ არის საჭირო, უბრალოდ ნუ იხმართ აბანოს ღრუბელს ხალის მიდამოში და გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ ფრჩხილით არ მიიყენოთ ტრავმა.
კითხვა: როდესაც წლებთან ერთად, ხალი ზომაში იზრდება ან ფორმას იცვლის ეს „ყოველთვის“ იმას ნიშნავს, რომ საქმე ავთვისებიან სიმსივნესთან გვაქვს?
პასუხი: ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხალმა მალიგნიზაცია (ავთვისებიანი გადაგვარება) განიცადა. მაგრამ არის საყურადღებო ნიშანი, მთავარია, დროულად შეფასდეს განვითარებული ცვლილება. მიმართეთ დერმატო-ონკოლოგს.
კითხვა: რამდენად სახიფათოა პატარა ბავშვისთვის ნარკოზი (მცირე დოზა)?
პასუხი: ანესთეზიის (ნარკოზის) საკითხს ნებისმიერ ასაკში წყვეტს ექიმი პრობლემიდან გამომდინარე (ჩვენებების, უკუჩვენებების, უსაფრთხოების ზომების დაცვის გათვალისწინებით).
კითხვა: 5 თვის ბავშვი მიგვყავს თვითმფრინავით და რაიმე საშიში ხომ არაა?
პასუხი: ჯანმრთელი ბავშვისთვის თვითმფრინავით მგზავრობა არ არის უკუნაჩვენები, აუცილებლად დაეკითხეთ პედიატრს, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ბავშვს.
კითხვა: წლინახევრის ბავშვი მთელი დღის განმავლობაში სვამს ბევრ სითხეს. ღამე – ერთ ბოთლ ჩაის. საზიანო ხომ არ არის ამდენი სითხის მიღება?
პასუხი: სითხე ორგანიზმისათვის არ არის საზიანო. იმედია, ღამით ბავშვი იღებს საბავშვო მცენარეულ ჩაის და არა შაქრიანს. მთავარია, სითხის დიდი რაოდენობით მიღება არ იყოს დაავადების სიმპტომი. თუ მიღებული სითხის მოცულობა მართლაც დიდია, მიმართეთ პედიატრს, ჩატარდება სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრა.