რამდენი ტიტული აქვს მოგებული „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს, ალექს ფერგიუსონს
„მანჩესტერ იუნაიტედის” მესაჭის, ალექს ფერგიუსონის პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილებამ მსოფლიო ფეხბურთის მოყვარულები შოკში ჩააგდო. კარიერის დასრულება გადაწყვიტა ადამიანმა, რომელიც 26 წლის განმავლობაში სათავეში ედგა მანჩესტერულ გრანდს და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მოგება მოახერხა. დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელთა ტოპ-ათეულს, რომელსაც სათავეში ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი უდგას.
ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია)
– 47 ტიტული
„მანჩესტერ იუნაიტედი” – ინგლისის ჩემპიონობა: 13; ინგლისის სუპერთასი: 10; ინგლისის თასი: 5; ლიგის თასი: 4; ჩემპიონთა ლიგა: 2; თასების თასი: 1; უეფას სუპერთასი: 1; საკონტინენტთაშორისო თასი: 1; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 1.
„აბერდინი” – შოტლანდიის ჩემპიონობა: 3; შოტლანდიის თასი: 3; თასების ტასი: 1; უეფას სუპერთასი: 1; ლიგის თასი: 1.
თავის ბოლო სეზონში ალექს ფერგიუსონმა მეოცედ მოაგებინა „მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისის ჩემპიონატი და აქედან ცამეტჯერ თვითონ იყო მწვრთნელი. თუმცა, შესაძლოა, ასე არც მომხდარიყო, რადგან 1990 წელს ფერგიუსონს მოხსნასაც კი უპირებდნენ. 1999 წლის სეზონში ფერგიუსონმა პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მალევე განაცხადა, რომ პენსიაზე წასვლას აპირებდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მან შემდგომ 13-ჯერ გადადო და მხოლოდ ამ სეზონის დასრულებისას გადაწყვიტა კლუბიდან საბოლოოდ წასვლა, რომელსაც მომავალი სეზონიდან დევიდ მოიესი გაწვრთნის.
უილიამ მეილი (შოტლანდია)
– 30 ტიტული
„სელტიკი” – შოტლანდიის ჩემპიონობა: 16; შოტლანდიის თასი: 14.
„სელტიკის” პირველ ლეგენდარულ მწვრთნელს მუშაობის ორიგინალური მანერა ჰქონდა, ის არ ესწრებოდა ყოველდღიურ ვარჯიშებს და თამაშის წინ ხანდახან არანაირ წინასწარ მონახაზს არ აკეთებდა. შესვენების დროს ის ლოჟიდან ჩადიოდა გასახდელში, ჩუმად იჯდა და თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს საგაზეთო სტატიების წაკითხვას აიძულებდა. მეილიმ 43 წელი იმუშავა „სელტიკის” მწვრთნელად და ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული მწვრთნელი გახლდათ კლუბის არსებობის ისტორიაში.
უილიამ სტრატი (შოტლანდია)
– 30 ტიტული
„რეინჯერსი” – შოტლანდიის ჩემპიონობა: 18; შოტლანდიის თასი: 10; ლიგის თასი: 2.
მეილისგან განსხვავებით, სტრატი ნოვატორი და პროფესიული მიდგომის მომხრე გახლდათ. ის პირადად ადგენდა ვარჯიშის განრიგს თითოეული ფეხბურთელისთვის, მათი ანთროპომეტრიისა და პოზიციის გათვალისწინებით. სტრატი ნამდვილი ფსიქოლოგი იყო, რომელმაც „რეინჯერსის” ფეხბურთელებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბა. მეილისა და სტრატის დაპირისპირება საფეხბურთო მოედანზე ნამდვილი შოუ იყო.
ვალერი ლობანოვსკი (უკრაინა)
– 28 ტიტული
„დინამო კიევი” – სსრკ-ის ჩემპიონობა: 8; სსრკ-ის თასი: 6; უკრაინის ჩემპიონობა: 5; უკრაინის თასი: 3; სეზონის თასი: 3; თასების თასი: 2; უეფას სუპერთასი: 1.
ვალერი ლობანოვსკი საბჭოთა და უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო საბჭოელი მწვრთნელია, რომელმაც შექმნა ლეგენდარული კიევის „დინამოს“ საფირმო ხელწერა. ლობანოვსკიზე, როგორც მწვრთნელზე საუბარი ურთულესია, რადგან მისი შეფასება რამდენიმე წინადადებით პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჯოკ სტეინი (შოტლანდია)
– 26 ტიტული
„სელტიკი” – შოტლანდიის ჩემპიონობა: 10; შოტლანდიის თასი: 8; ლიგის თასი: 6; ჩემპიონთა თასი: 1.
„დანფერმლაინი” – შოტლანდიის თასი: 1.
პირველი ბრიტანელი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო და არაოფიციალური ვერსიით, ალექს ფერგიუსონის მასწავლებელი გახლდათ. ჯოკ სტეინი 2003 წელს ყველა დროის საუკეთესო შოტლანდიელ მწვრთნელად დასახელდა. გარდა ამისა, მის სახელს ატარებს „სელტიკ პარკის” ერთ-ერთი ტრიბუნა.
ოტმარ ჰიტცფელდი (გერმანია)
– 23 ტიტული
„ბაიერნი” – გერმანიის ჩემპიონობა: 5; გერმანიის თასი: 3; ლიგის თასი: 4; ჩემპიონთა ლიგა: 1; საკონტინენტთაშორისო თასი: 1.
„დორტმუნდი” – გერმანიის ჩემპიონობა: 2; გერმანიის სუპერთასი: 2; ჩემპიონთა ლიგა: 1.
„გრასჰოპერსი” – შვეიცარიის ჩემპიონობა; შვეიცარიის თასი: 2; შვეიცარიის სუპერთასი: 1.
„არაუ” – შვეიცარიის თასი: 1.
ოტმარ ჰიტცფელდი განსაკუთრებული მოვლენაა გერმანულ ფეხბურთში – ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი მწვრთნელი, რომელმაც ორ გერმანულ კლუბთან ერთად, მოახერხა, მოეგო ყველაზე პრესტიჟული ევროპული თასი – ჩემპიონთა ლიგა.
მირჩა ლუჩესკუ (რუმინეთი)
– 25 ტიტული
„შახტარი” – უკრაინის ჩემპიონობა: 7; უკრაინის თასი: 4; უკრაინის სუპერთასი: 4; უეფას თასი: 1.
„ბეშიქთაში” – თურქეთის ჩემპიონობა: 1.
„გალათასარაი” – უეფას სუპერთასი: 1; თურქეთის ჩემპიონობა: 1.
„რაპიდი” ბუქარესტი – რუმინეთის ჩემპიონობა: 1; რუმინეთის სუპერთასი: 1; რუმინეთის თასი: 1.
„დინამო” ბუქარესტი – რუმინეთის ჩემპიონობა: 1; რუმინეთის თასი: 2.
თავისი რიგით 25-ე ტიტული მირჩა ლუჩესკუმ რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა დონეცკის „შახტართან” ერთად. დიდი ხანია, ლუჩესკუ საკულტო ფიგურად იქცა უკრაინულ ფეხბურთში და თუ ამ ტემპში გააგრძელებს მუშაობას, ახლო იქნება ის დრო, როცა ვალერი ლობანოვსკის გადაასწრებს მოგებული ტიტულების რაოდენობით.
ჯოვანი ტრაპატონი (იტალია)
– 22 ტიტული
„იუვენტუსი” – იტალიის ჩემპიონობა: 7; იტალიის თასი: 2; უეფას თასი: 2; ჩემპიონთა თასი: 1; თასების თასი: 1; საკონტინენტთაშორისო თასი: 1; უეფას სუპერთასი: 1.
„ინტერი” – იტალიის ჩემპიონობა: 1; იტალიის სუპერთასი: 1; უეფას თასი: 1.
„ბაიერნი” – გერმანიის ჩემპიონობა: 1; გერმანიის თასი: 1. ლიგის თასი: 1.
„ბენფიკა” – პორტუგალიის ჩემპიონობა: 1.
„რედ ბული” – ავსტრიის ჩემპიონობა: 1.
დონ ტრაპი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც მოახერხა, ყველა არსებულ თასზე ევროპული კლუბებით მოეპოვებინა გამარჯვება. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ის ოთხი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია, რაც მანამდე მხოლოდ ერნსტ ჰაპელსა და ჟოზე მოურინიოს მოუხერხებიათ.
ნილს არნე ეგენი (ნორვეგია)
– 22 ტიტული
„რუსენბორგი” – ნორვეგიის ჩემპიონობა: 14; ნორვეგიის თასი: 6; ნორვეგიის სუპერთასი: 1.
„მოსი” – ნორვეგიის ჩემპიონობა: 1.
ეგენი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ნორვეგიელი მწვრთნელია, რომელიც 1971 წლიდან, პერიოდულად „რუსენბორგთან” ერთად, აგროვებდა ტიტულებს. ეგენი ნორვეგიულ ფეხბურთში უნიკალური მოვლენის ავტორია – მისმა გაწვრთნილმა „მოსმა” პირველ დივიზიონში სადებიუტო წელს ჩემპიონობა მოიპოვა.
უოლტერ სმიტი (შოტლანდია)
– 21 ტიტული
„რეინჯერსი” – შოტლანდიის ჩემპიონობა: 10; შოტლანდიის თასი: 5; ლიგის თასი: 6.
კიდევ ერთი შოტლანდიელი მწვრთნელი ამ რეიტინგში, რომელმაც „რეინჯერსთან” ერთად, ზედიზედ შვიდჯერ იზეიმა ჩემპიონობა. სამწუხაროდ, ევროპული თასის მოგება სმიტისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა, ყველაზე ახლოს ის უეფას თასის მოგებასთან 2008 წელს იყო. თუმცა, ფინალურ მატჩში „ზენიტთან” დამარცხდა. გარკვეული პერიოდი სმიტი შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი და „მანჩესტერ იუნაიტედში” ალექს ფერგიუსონის თანაშემწეც კი გახლდათ.