მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ჩემი შვილიშვილი უკვე 2 წლის ხდება და ჯერ არ არის მონათლული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩემს სიძესა და მის მშობლებს სურთ, ნათლობის აღსანიშნავად, დიდი სუფრის გადახდა, რისთვისაც ვერ მოიცალეს. შეიძლება თუ არა, მე თვითონ წავიყვანო ბავშვი ეკლესიაში და მოვანათვლინო?
პასუხი: სასურველია, ეს მოიმოქმედოთ ბავშვის მშობლებთან შეთანხმებით. სიძესა და მის მშობლებს აუხსენით, რომ ნათლობის სუფრა არც მთავარია და არც აუცილებელი. მთავარი ისაა, ბავშვს ჰყავდეს მფარველი ანგელოზი და დაცული იყოს მის მიერ, რაც ნათლობის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ მოხდება.
კითხვა: ბაბუაჩემმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ შოკიდან დღემდე ვერ გამოვდივართ ოჯახის წევრები. გადადის თუ არა ეს ცოდვა მის შთამომავლებზე?
პასუხი: ეს ცოდვა შთამომავლებზე არ გადადის, მაგრამ, თქვენი სულის ცხონებისთვის აუცილებელია, იცხოვროთ ქრისტიანულად: ლოცვით, მარხვით, სიწმიდითა და ზიარებით.
კითხვა: ხალხური გადმოცემით, თუკი ძირს დაგდებულ პურის ნატეხს ვნახავთ, უნდა ავიღოთ და ვემთხვიოთ მას. როგორ უყურებს ამ ტრადიციას მართლმადიდებლობა?
პასუხი: პურის მიმართ კრძალვით დამოკიდებულება განმტკიცებულია ლიტურგიაზე აღსრულებული საიდუმლოთი. როდესაც ლოცვის შედეგად ის გარდაიქმნება ქრისტეს პატიოსან ხორცად. პური, ისევე, როგორც ღვინო, ევქარისტიის (ზიარების) საიდუმლოს დიდი სიწმინდეა. ამდენად, ხალხური რწმენა სავსებით შეესატყვისება ეკლესიის დამოკიდებულებას.
კითხვა: როდესაც რამე საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ახლოს არ გვყავს მოძღვარი, როგორ გავიგოთ, რომელი გზაა ღვთისთვის სასურველი?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში, რჩევა ჰკითხეთ გამოცდილ, მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ობიექტურად, გარედან შეხედავენ თქვენს პრობლემებს და უფლისთვის მოსაწონ გზას გიჩვენებენ.