მამათა შეგონებანი
ზოსიმე პალესტინელი: ბედნიერია ის სული, რომელმაც თავისი თავი შეამზადა ღვთიური ნიჭის მისაღებად, ასეთს არასდროს ტოვებს უფალი და მარად ეხმარება და იფარავს იმ საქმეშიც კი, რისთვისაც თავისი უმეცრების გამო არ ევედრებოდა უფალს. კარგად თქვა ბრძენმა, რომ ღმერთი მარადის მფარველობს და ხელს აფარებს თავის მოშიშთ. ბევრჯერ აღიძრა საული ნეტარი დავითის მოსაკლავად, რა არ იღონა, რა ხრიკებს არ მიმართა, მაგრამ დავითი მას არას ვნებდა და ინდობდა, რადგანაც არ იყო მის სულში გესლი უკეთურებისა.
იოანე ოქროპირი: გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და შეგრძნებების აღქმას სულიერი ხედვა ეწოდება. მაგრამ ჩვენი სულიერი თვალიც ბრმა არის. ეს სიბრმავე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გარედან მოსული აზრებისა და შეგრძნებების გააზრება და განცდა. ჩვენი სულიერი ხედვა შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც აზრების, განცდებისა და ზრახვების შეფასებისა და სწორად განმარტების უნარი. სახელდობრ, ამ უნარს ჩვენ არ ვფლობთ. ჩვეულებრივი მხედველობის ანალოგიურად, ჩვენ თითქოს რაღაც ლაქებს ვხედავთ, მათი მოხაზულობის გარჩევისა და არსის გაგების უნარი კი არ შეგვწევს.
პაისი მთაწმინდელი: ადამიანთა ტანჯვას დასასრული არა აქვს. საყოველთაო ხრწნილება სუფევს მთელს ოჯახებში, მოზრდილებში, ბავშვებში. ყოველდღიურად ჩემი გული სისხლით ივსება. სახლების უმრავლესობა განხეთქილებით, არეულობით, შფოთითაა სავსე. მხოლოდ იმ სახლებში, სადაც ღვთის ნებით ცხოვრობენ ადამიანები, გრძნობენ თავს მშვიდად. სხვაგან კი – აქ გაყრა, იქ – გაკოტრება, სადღაც ავადმყოფობა, სადღაც უბედური შემთხვევები, ზოგი წამალს ეძალა... საცოდავები! ზოგს – მეტად, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ ყველას ტკივილი აწუხებს. განსაკუთრებით – დღეს. სამუშაო არ არის, ვალებია, ტანჯვაა, ბანკები ადამიანებს უკანასკნელ კაპიკებს სწოვენ, სახლებიდან ასახლებენ, ტანჯვა-წამების მთელი გროვაა. და ეს არა მხოლოდ ერთ-ორ დღეს! თუკი ასეთ ოჯახში ერთი ან ორი ჯანმრთელი ბავშვი არსებობს, ყოველივე ამისგან ისინიც ავადდებიან. ამგვარ ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ ერთი დღითაც რომ შეეძლოთ მონაზვნური უზრუნველყოფა მოიპოვონ, ეს მათთვის ყველაზე საუკეთესო სულიერი შვება იქნებოდა.
ბერი ანთიმოზი: რას აკეთებს ის ადამიანი, ვისაც სახე და ხელები ჭუჭყიანი აქვს; ონკანს მოუშვებს და ხელ-პირს დაიბანს. მივბაძოთ მას. გავაღოთ ერთი კი არა, ორი ონკანი, ესე იგი, ჩვენი თვალები, რათა უხვად დაიღვაროს მონანიების ცრემლი, რომელიც ამაო წუთისოფელს ყველა ჭუჭყს, რითაც ჩვენი წყეული სულია გაბინძურებული, ჩამორეცხავს. მხოლოდ მონანიების ცრემლს ძალუძს სულის განწმენდა.