კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა დირიჟორმა სტოლერმანმა თავისი ცოლი „აბესალომ და ეთერის” პარტიტურის დახევის გამო

„15 წლის განმავლობაში ჩატარებული დაძაბული მუშაობის შედეგად ზაქარია ფალიაშვილი წარმტაცი ჰანგების სამყაროში აღმოჩნდა...” – ამბობს თავის წიგნში შალვა კაშმაძე პირველი ქართული ეროვნული ოპერის „აბესალომ და ეთერის” ავტორზე... რას უნდა გაეხადა იძულებული ფალიაშვილი, რომ რაც შეიძლება „აბესალომზე” მუშაობის დრო შეეკვეცა? 1919 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიულ ცნობებში ფალიაშვილი წერს: „ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გამიგონია უკმაყოფილება, რომ ფალიაშვილი ოპერას წერს და მის გამოქვეყნებას კი აქამდე არა ეშველა-რაო. და ეს ერთნაირ ეჭვსაც ბადებდა საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადოებამ სრულიადაც არ იცოდა ის არანორმალური პირობები, რომელშიც მე მომიხდა ამ ვრცელი ოპერის წერა...” რა ჰქონდა ზაქარია ფალიაშვილს სასაყვედურო? ვეებერთელა ენერგიის მქონე ადამიანი თითქოს ლომივით იყო გალიაში გამომწყვდეული. მის მიმართ გამოთქმული საყვედურები თავით ბოლომდე უნამუსო, უსამართლო და უმსგავსო იყო. დღეში შვიდი გაკვეთილი, გუნდების, ორკესტრების ლოტბარობითა და სხვა  საზოგადოებრივი საქმიანობით დატვირთულ ზაქარიას მხოლოდ ზაფხულის თვეებში ეძლეოდა „აბესალომზე” მუშაობის შესაძლებლობა. ფორტეპიანოს თან ხომ ვერ ატარებდა?.. ბუნებრივია, რომ „აბესალომი” ნელი ტემპით იწერებოდა... როგორც კომპოზიტორის ოჯახის წევრები გადმოგვცემენ, მუშაობის დროს ზაქარია იშვიათად მივიდოდა ფორტეპიანოსთან, წერდა მაგიდაზე და პირდაპირ ნოტებზე გადაჰქონდა მელოდიები. როდესაც რომელიმე ნაწყვეტს დაამთავრებდა, მაშინ მიუჯდებოდა ფორტეპიანოს და დაწერილს შეამოწმებდა... აი, მოკლედ, ის ძირითადი პრინციპები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ზაქარია ფალიაშვილი თავისი გენიალური ნაწარმოების შექმნის პროცესში. ამ დაძაბული მუშაობის დროს, რომლისთვისაც ის 15 წლის განმავლობაში ემზადებოდა, ზაქარია ფალიაშვილს მაინც ჩვეული თავმდაბლობა ახასიათებდა... „მე პრეტენზიები არა მაქვს, რათა ჩემზე სთქვან ოპერა დაწერაო... მე ვიძლევი მასალას, ვკრებ და ვაყალიბებ მას, გამოვიტან საზოგადოებაში, შემდეგ, ალბათ, გამოჩნდება ვინმე უფრო ნიჭიერი და ოპერას დაწერს...” (გაზ. „ლომისი” ¹ 25-1923 წ.) ვისაც ამის თქმის უნარი შესწევს, მას ნიჭი არ აკლია...

1913 წლის ზაფხულის თვეები ზაქარია ფალიაშვილმა გაატარა სოფელ ნიკულიჩში, მეუღლის ნათესავებთან (ქალაქ რიაზანის ახლოს). ეს ერთ-ერთი ნაყოფიერი პერიოდი იყო „აბესალომ და ეთერის“ შექმნის პროცესში. ფილარმონიულმა საზოგადოებამ ზაქარიას სესხიც კი მისცა კლავირის გადასაწერად... „აბესალომ და ეთერი” დასასრულს უახლოვდებოდა. შემოქმედებით გატაცებული ზაქარია თავაუღებლივ მუშაობდა, მაგრამ მოულოდნელმა შემთხვევამ ყველაფერს შავი ფარდა ჩამოაფარა. ზაქარიას ჰყავდა ერთადერთი ვაჟი – ირაკლი. ბავშვი მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული. 4 წლის ირაკლის სმენით დაუკრავს ფორტეპიანოზე ცნობილი მარში „რუსლან და ლუდმილადან“ და ყველა გაუოცებია... ხშირად დაჰყავდა მამას ოპერაში. ნიჭიერი ყმაწვილი გამალებით ადევნებდა თვალს დირიჟორს, ორკესტრს, სცენას... ძალიან უყვარდა იმხანად ცნობილი მომღერალი მარიამ დიმიტრის ასული ტურჩანინოვა. პაწია ირაკლიმ მის პატივსაცემად ვალსი შეთხზა და ბენეფისზე მიართვა. „აბესალომის” წერის დროს ირაკლი ნიადაგ მამასთან ტრიალებდა... ზოგჯერ შთაგონებით აღსავსე ხელოვანივით ჩაფიქრდებოდა: „მამა, ეს არ მომწონს, გადააკეთე!“ მაშინ, ზაქარიას შეკრულ ბაგეს ღიმილი გადაურბენდა და უფრო მეტი შთაგონებით ამეტყველდებოდნენ კლავიშებიც. ერთხელ, ირაკლის აგარაკზე მორი დაეცა და ცალი ხელი საგრძნობლად დაუზიანდა. ამან ყმაწვილის გულზე იმოქმედა. მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. საშინელების წინ მყოფმა ბავშვმა ექიმს შესჩივლა: „ექიმო, მე მოვკვდები? თუ მოვკვდები, მაშინ... ჩემი მამაცა და დედაც მოკვდება?” ვერაფერი უშველეს, მოკვდა ირაკლი... ბედკრული ზაქარია აუწერელ წამებაში ჩავარდა. გარეტებული დადიოდა, მთელ დღეებს შვილის საფლავზე ატარებდა. გვიან საღამოს ბრუნდებოდა შინ. ეშინოდათ, თავისათვის ცუდი რამ არ აეტეხნა... არაფერი არ აინტერესებდა, ფორტეპიანოს დანახვაც კი აღარ შეეძლო. „აბესალომი” სადღაც კუთხეში მიაგდო და მიივიწყა. დრო გადიოდა...ზაქარიამ ნათლად დაინახა, რომ „აბესალომის“ მწუხარე ლანდს თავდახრილი თეთრი ყვავილივით ედგა გვერდში მისი ირაკლი... ისევ ამეტყველდა ხმაგაკმენდილი როიალი. ერთ მშვენიერ დღეს ზაქარიამ „აბესალომის” კლავირს წააწერა: „ძეგლად დედისერთა ყრმის – ირაკლის უმანკო სულსა, მამამისის ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილისგან.” ოპერა დამთავრებული იყო!..”

1919 წლის 21 თებერვალი. თეატრის აფიშა იუწყებოდა, რომ საღამოს პირველად იქნებოდა წარმოდგენილი ზაქარია ფალიაშვილის ხუთმოქმედებიანი ქართული ოპერა „აბესალომ და ეთერი”. ფალიაშვილი ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდა. მთავარი როლების შემსრულებლებთან,  გუნდის თითოეულ წევრთან  ცალ-ცალკე გადიოდა რეპეტიციას.  წარმოდგენის მეორე აქტის შემდეგ დირიჟორის პულტთან მდგომ ფალიაშვილს მაყურებელმა მხურვალე ტაში დაუკრა (პრემიერის შემდეგ კომპოზიტორი გვირგვინებით შეამკეს და ძვირფასი საჩუქრებიც უძღვნეს. მეცენატმა მიხეილ ბუზოღლიმ კი, კომპოზიტორის პატივსაცემად ბანკეტი გამართა), სამაგიეროდ, მომდევნო აქტებს ასეთი ტაში აღარ მოჰყოლია. მაყურებელს ნელ-ნელა დაღლა დაეტყო. საღამოს რვა საათზე დაწყებული წარმოდგენა ღამის სამის ნახევარზე დასრულდა. ოპერის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი გრძელი ანტრაქტები ყოფილა, რაშიც დამნაშავე თურმე ოპერის მხატვარი, ალექსანდრე ზალცმანი იყო. ამბობენ – პრემიერისთვის მზად არ იყო და დეკორაციების მზადებას ანტრაქტებზე ამთავრებდაო.  ფალიაშვილი, იმის გამო რომ  პირველი ოპერის დაწერას ძალზე დიდი დრო მოანდომა, თავს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ რა ექნა? პედაგოგიური და საკონცერტო მოღვაწეობა დიდ დროს ართმევდა. საარსებო წყარო რომ ჰქონოდა და უმცროსი ძმებისთვის კარგი განათლებაც მიეცა, კერძო გაკვეთილების ჩატარებაც უწევდა. მატერიალური გაჭირვება ზაქარია ფალიაშვილის მუდმივი პრობლემა იყო. „ქალაქ ქუთაისის მდაბიონი” – ასე იწოდებოდა ფალიაშვილების ოჯახი (ზაქარიას ჩვიდმეტი დედმამიშვილი ჰყავდა, მათგან  შვიდი ადრეულ ასაკში დაიღუპა). უმაღლესი მუსიკალური განათლება  ზაქარია ფალიაშვილმა მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღო. ხელმოკლეობის გამო მოსკოვში გამგზავრება 29 წლის ასაკში მოახერხა. მისი სწავლისა და ცხოვრების უზრუნველყოფას თბილისის საზოგადოება გულმოდგინედ ცდილობდა. იმხანად ყველაზე ცნობილი არტისტები საქველმოქმედო კონცერტებს მართავდნენ და მთელ შემოსავალს ფალიაშვილს გადასცემდნენ. სათავადაზნაურო საკრებულომ და წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მას სტიპენდია დაუნიშნა – 30 მანეთი. მოსკოვში სტუდენტმა ფალიაშვილმა ოთხსართულიანი ქვის სახლის მეოთხე სართულზე ერთი ოთახი იქირავა. სახლი პირველი გილდიის ვაჭარს, საიმპერატორო კარის მომმარაგებელს, მიხეილ უტკინს ეკუთვნოდა. ვაჭრის ქართველმა მდგმურმა უტკინის ქალიშვილი, იულია გაიცნო და მალე ცოლადაც მოიყვანა. სიმამრის წყალობით, ზაქარიას მოსკოვში გაჭირვება აღარ უგრძნია. „მიხეილ უტკინი ვაჭართა უმაღლეს გილდიას ეკუთვნოდა, მან თავისი სიძე უზრუნველყო ყველაფრით, რაც მისი წოდების ადამიანს შეეფერებოდა – ზაქარიას პირველი ფრაკი და პირველი, ევროპული მოდური სამოსიც სიმამრისგან ერგო. ფალიაშვილების უტკინებთან ნათესაური კავშირი ამით არ ამოწურულა. მოგვიანებით, ზაქარიას უფროსმა ძმამ, ივანემ ზაქარიას ცოლის, იულიას და – ლიდია უტკინა შეირთო. უმცროსმა ძმამ ნიკოლოზმა კი ზაქარიას გერი – იულიას შვილი პირველი ქორწინებიდან, ანტონინა. მოსკოვიდან დაბრუნებული, დაოჯახებული ზაქარია ფალიაშვილი თბილისში აგურის ქუჩაზე დასახლდა.  

მოსკოვის კონსერვატორიიდან ახალი დაბრუნებული იყო და ოპერის დაწერის პასუხისმგებლობა ვერ იკისრა. ჯერ ქართული ხალხური ფოლკლორის შესწავლას მიჰყო ხელი. მთელი საქართველო ფეხითა და ცხენით შემოიარა. ფონოგრაფი, რომელზეც ხალხურ სიმღერებს იწერდა, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აყიდინა. თბილისში დაბრუნებული მათ დამუშავებას დიდ დროს უთმობდა, სახსრებს ეძებდა, რომ ამ სიმღერების გამოქვეყნება მოეხერხებინა. რამდენიმე რომანსის დაწერაც მოასწრო და მხოლოდ შემდეგ მოჰკიდა ხელი „აბესალომს და ეთერს”.  ავტორს ოპერის შემოკლებას ურჩევდნენ. ეს რჩევა ზაქარია ფალიაშვილმა ზედმიწევნით გაითვალისწინა. ხუთმოქმედებიანი „აბესალომ და ეთერი” მნიშვნელოვნად შემოკლდა და ოთხმოქმედებიანად იქცა. ერთადერთი, რაც ფალიაშვილმა არ დათმო, „ჩაკრულო” იყო – სიმღერის შემოკლება კატეგორიულად იუარა. „აბესალომ და ეთერს” ერთი უსიამოვნო ისტორიაც ახლავს: ოპერის თეატრის დირიჟორმა და ზაქარია ფალიაშვილის მხურვალე თაყვანისმცემელმა ემანუილ სტოლერმანმა საკუთარი ცოლი მოკლა. მკვლელობის მიზეზი ის იყო, რომ ქალმა „აბესალომ და ეთერის” ხელნაწერი ნოტები დახია. სტოლერმანს თურმე ცოლის ისე ეშინოდა, ვერაფერი გაუბედა. მეტიც, როცა ქალმა დაიძინა, მის საძინებელში შესვლაც ვერ გაბედა, რევოლვერის ლულა კარის ჭუჭრუტანაში შეყო და ისე ესროლა. მენშევიკური მთავრობის დროს სიკვდილით დასჯა არ იყო, უმაღლესი სასჯელი 18 წელს ითვალისწინებდა. ამიტომ, სასამართლომ სტოლერმანს ასეთი სასჯელი გამოუტანა: მიესაჯოს რესპუბლიკის უმაღლესი სასჯელი – 18 წელიწადი. იმ 18 წლის გათვალისწინებით კი, რომელიც მან ცოლთან ერთად გაატარა, სტოლერმანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

კოლეგებთან და პრესასთან ურთიერთობა ფალიაშვილს ხშირად ურთულდებოდა. იაკობ გოგებაშვილთანაც კი წამოიწყო საგაზეთო დავა მუსიკის სფეროში სტიპენდიების განაწილების შესახებ. აბრალებდნენ ანდრეა ყარაშვილის სახელგანთქმული სიმღერის, „სამშობლოს” ავტორობის მითვისებას. „აბესალომ და ეთერის” რუსული თარგმანის მისაკუთრებას ედავებოდა ზაქარიას ოპერის ლიბრეტოს ავტორი, პეტრე მირიანაშვილი და სასამართლოში ჩივილითაც ემუქრებოდა. მაგრამ, ყველაზე ცუდი ურთიერთობა ზაქარია ფალიაშვილს დიმიტრი არაყიშვილთან ჰქონდა. ორ კომპოზიტორს შორის შუღლის დაწყების მიზეზი „აბესალომ და ეთერი” გახდა. ამ ოპერის დაწერა არაყიშვილსაც სურდა, მაგრამ პეტრე მირიანაშვილისთვის ლიბრეტოს გამორთმევა მას ფალიაშვილმა დაასწრო. ზაქარიამ არაყიშვილთან შერიგება მხოლოდ სიკვდილის წინ სცადა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ზაქარიამ ითხოვა, დიმიტრი მომიყვანეთო. არაყიშვილს გადასცეს მისი თხოვნა, მაგრამ მან უარი თქვა – არ მივიდა.

 „აბესალომ და ეთერის” შემდეგ „დაისი” დაიდგა. დადგმა კოტე მარჯანიშვილმა განახორციელა, ქორეოგრაფიული ნომრები ილიკო სუხიშვილმა დადგა. ფალიაშვილმა „დაისი” თავის შთაგონების წყაროს, ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა. იმდროინდელ თბილისში სახელგანთქმული ინჟინრისა და შეძლებულობით ცნობილი, მიხეილ ბუზოღლის  მეუღლე სილამაზით იყო განთქმული. ზაქარია,  ბუზოღლების უფროს ვაჟებს მუსიკის კერძო გაკვეთილებს უტარებდა.   ნადეჟდა ბუზოღლისადმი ზაქარია ფალიაშვილის გრძნობაზე „დაისის” ნოტებზე მინაწერი მიუთითებს. კომპოზიტორი ნადეჟდას ოპერიდან მოყვანილი ციტატებით უხსნიდა სიყვარულს. ხელნაწერის მესამე გვერდზე კი, ფალიაშვილს საკუთარი ფოტო ჩაუკრავს. „დაისს” მენშევიკური მუსიკა უწოდეს და ოპერის რეპერტუარიდან მოხსნა მოითხოვეს. საქმეში გასარკვევად საგანგებო კომისია შეიქმნა. საბედნიეროდ, დისკუსიის ხელმძღვანელად „ქეთო და კოტეს” ავტორი, ვიქტორ დოლიძე დანიშნეს. ის მაშინ ძალიან პოპულარული იყო. სხვები კი, ის ახალგაზრდა კომპოზიტორები გახლდნენ, რომლებიც ზაქარიას აუხირდნენ. კომისიის ბოლო სხდომაზე ბოლო სიტყვა ვიქტორ დოლიძეს უთქვამს: მე არ ვიცი, ეს ოპერა მენშევიკურია თუ ბოლშევიკური, მაგრამ თქვენ ყველას ამ მუსიკით დაგასაფლავებენო... მალევე დაიდგა ფალიაშვილის მესამე ოპერა – „ლატავრა”. ოპერაში ფალიაშვილმა „აბესალომ და ეთერიდან” მორჩენილი თითქმის ყველა მუსიკალური მასალა გამოიყენა. „ლატავრა” ოთხი სპექტაკლის შემდეგ რეპერტუარიდან მოიხსნა. ამას ფალიაშვილი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა. 

скачать dle 11.3