ვინ ეძებს ჯარის მეგობარს რუსეთიდან საქართველოში და როგორ დაკარგეს მათ ერთმანეთი
56 წლის ანატოლი ვასილის ძე რეუსი ეძებს 56 წლის რომან ბედიას.
ისტორია: ვეძებ ჯარის მეგობარს – 56 წლის რომან ბედიას (მამის სახელი უცნობია). მე და რომანი 1974-1976 წლებში გერმანიაში ჯარშივე დავმეგობრდით, მაგრამ, სამწუხაროდ, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ანუ 1976 წლის მერე, მე ის აღარ მინახავს. ძალიან მინდა მისი პოვნა და ურთიერთობის აღდგენა. თავად მე რუსეთში, ქალაქ კოროლიოვში ვცხოვრობ. რომანი საქართველოდან, თბილისიდან იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ მეგობრის პოვნაში დამეხმარებით. მაქვს რომანის ჯარისდროინდელი ფოტო. პირადად მე ამჟამად შეცვლილი ვარ და ამიტომ გიგზავნით ჩემს ჯარისდროინდელ ფოტოს, იქნებ ჩემმა მეგობარმა სურათიდან მიცნოს.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია – როგორ დამეგობრდით და შემდგომ როგორ დაკარგეთ ერთმანეთი?
– მე და რომა 1974-1976 წლებში ერთად ვმსახურობდით ჯარში, გერმანიაში. დავმეგობრდით, რადგან, ძალიან ბევრი საერთო გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ვიყავით, ერთმანეთის გადასარევად გვესმოდა და ვუგებდით. მოგეხსენებათ, ჯარის პერიოდი რა მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია თითოეული მამაკაცისთვის (ყოველ შემთხვევაში, ჩემი თაობის ხალხისთვის ასეა). ჩემთვის მნიშვნელოვანია რომანის პოვნა, რადგან მასთან უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს. ჩემი და რომას „როტის“ მეთაური და ლეიტენანტი იყო ნიკოლუსი. მე და ჩემმა მეგობარმა ერთად მივიღეთ შეტყობინება ჯარიდან გათავისუფლების შესახებ და ერთადვე ვასწორებდით ჩვენს შეცდომებს (იცინის). რომას უნდა ახსოვდეს ეს ეპიზოდი: გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მივიღეთ სასწავლო პოლიგონზე ყოფნის დროს (რომელიც ჩვენს ნაწილთან ახლოს მდებარეობდა). ეს იყო 1976 წლის მარტში. ჯარის დასრულების შემდეგ კი, როგორც ეს ხშირად ხდება, ჩვენ დავშორდით. მოხდა ისე, რომ ამდენი წლის შემდეგ მე რომა არც ერთხელ არ მინახავს და არაფერი ვიცი მისი ცხოვრების შესახებ, მისი პოვნა კი ძალიან მინდა.
– კიდევ რა იცით თქვენს ქართველ მეგობარზე, რაც მის პოვნაში დაგვეხმარებოდა?
– სამწუხაროდ, რომას შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, არ მახსოვს, მამამისს რა ერქვა ან დედმამიშვილი თუ ჰყავდა. თუ სწორად მახსოვს, ის თბილისიდან იყო. მაგრამ, მე შენახული მაქვს ჩვენი ჯარის დროინდელი ფოტოები, რომლებიც მის პოვნაში დაგვეხმარება. ფოტოებზე მეც და რომაც 18-20 წლისანები ვართ. ამჟამად, ალბათ, ჩემი მეგობარიც შეცვლილია – უკვე ამდენი წელია გასული ჩვენი ჯარის დასრულების შემდეგ, მაგრამ, თავის თავს აუცილებლად იცნობს. მაინტერესებს, როგორ აეწყო მისი ცხოვრება, აქვს თუ არა ოჯახი და, საერთოდ, როგორ არის.
– მეგობრის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა შეხვედრას და, თუ აპირებთ, სად და როგორ გეგმავთ ამას?
– რომას მოძებნა გასული თვის პირველ რიცხვებში დავიწყე – ვგულისხმობ მის აქტიურ მოძებნას, ანუ, განვათავსე განაცხადი სამძებრო საიტებზე, შემდგომ გავიგე თქვენი რუბრიკის შესახებ, ვიცი, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს დაეხმარეთ და მეც გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ჩემთვის მთავარია, ვიპოვო ჩემი მეგობარი, შემდგომ კი არ ვიცი, როგორ აეწყობა. თუკი შევძლებთ, რა თქმა უნდა, შევხვდებით ერთმანეთს – ამას რა ჯობია, მაგრამ, თუ შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, ტელეფონით ან ინტერნეტით ხომ მაინც გვექნება ურთიერთობა.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.