აფასებს თუ არა ქალის პატიებას მამაკაცი და როგორ პოულობს ის სიყვარულს თავისით
ქალები გაცილებით მეტს რისკავენ ოჯახისთვის. ისინი ბევრად უფრო ხშირად მიდიან მსხვერპლზე სიყვარულისთვის და, შეიძლება, ამით ბევრსაც აგებენ. მაგრამ, რა მოვუხერხოთ გულს, რომელიც უკითხავად აპატიებს, არ ემორჩილება გონებას და ანგრევს ყველანაირ პრინციპებს, როგორც მორალურს, ისე ეთიკურს?! რამდენიც უნდა იმსჯელონ ფსიქოლოგებმა, რამდენიც უნდა ითვალონ სოციოლოგებმა სტატისტიკა, რეალობა მაინც სხვანაირი იქნება: შეყვარებული ადამიანი ყოველთვის დაიხევს უკან და ყოველთვის აპატიებს.
თიკო (31 წლის): არც ისეთი დიდი ვარ, მაგრამ, ცხოვრებამ მწარე გაკვეთილები უკვე გამატარა. პრინციპში, არ ვნანობ, თუმცა, გული მაინც ძალიან მტკივა – ამას ვერაფერს ვუხერხებ. სისულელე ყოფილა ყველაფერი, მამაკაცის დიდი სიყვარული კი – მირაჟი. ჩვენი ბებიები და დედებიც რაღაც სისულელეებს გვაჯერებდნენ. მაგალითად, რა ნათქვამია: „მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის“. სინამდვილეში, რა სად გადის, ვერაფრით მიხვდები, ზოგადად, იმასაც კი ვერ გაიგებ, კაცის ერთგულება როგორ მოითხოვო.
– ერთგულებას ითხოვენ? ანუ, უნდა მოითხოვო?
– საერთოდ, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით მივხვდი, რომ, თუ გინდა, რამე მიიღო, უნდა მოითხოვო – ასეა, მოგვწონს და ვაღიარებთ ამას თუ არა. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაშიც ასეა. სიყვარულიც უნდა მოითხოვო, ყურადღებაც, თანაგრძნობაც, თანადგომაც და ერთგულებაც, რა თქმა უნდა. უანგაროდ არავინ გაირჯება შენთვის.
– არც შვილი ან შეყვარებული?
– შვილიც ეგოისტია და შეყვარებულიც. ისინი თავისთვის ირჯებიან.
– ეს ხომ ბუნებრივია?
– შეიძლება, მაგრამ, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ, როცა ჩემს ქმარს ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი, ამ სიტყვების შედეგები ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, ანუ, პასუხისმგებლობა სრულად ვერ გავიაზრე. კაცები ამ სიტყვებს თავისებურად აანალიზებენ.
– ამბობენ, კაცებს ქალის სიყვარულის ეშინიათო.
– ეშინიათ – ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია. რომც ეშინოდეთ, ამას არაფრით აღიარებენ. სიყვარული მათ აკომპლექსებთ. თვითონ ურჩევნიათ სიყვარულის ახსნა და ამით თავს ქვეყნიერების ბატონ-პატრონად მიიჩნევენ. ძალიან სასაცილოები იქნებოდნენ, ჩვენ რომ არ ვზარალდებოდეთ ამით. ლამის სანანებლად გამიხდა ის, რომ ქმარს სიყვარულის ახსნა დავასწარი. ზოგჯერ მჯერა, რომ ჩემი უბედურებები აქედან დაიწყო.
– რა უბედურება?
– ორი თვე გაშორებულები ვიყავით – გაგდებული მყავდა სახლიდან. მერე კი ვაპატიე და უკან დავიბრუნე. არ არის ეს უბედურება?!
– თუ აპატიეთ, უბედურება რაღატომ არის?
– იმიტომ, რომ ამით მე მსხვერპლი გავიღე. სამწუხაროდ, ყველანაირი ოჯახი ქალისთვის დაუსრულებელი მსხვერპლშეწირვაა – სულ რაღაცას თმობ, სულ რაღაცას წირავ და ამას ვერავინ ხედავს. ჩემმა ქმარმა თქვა, უფრო სწორად, უნებლიეთ წამოსცდა: ჯანდაბა ამ სტერეოტიპებს! განა არ ვნანობ, რომ გიღალატე, მაგრამ, შენ მაიძულე, ეს გამეკეთებინა. ამოსუნთქვის საშუალება არ მომეცი და თავი კაცად ხომ უნდა მეგრძნოო. ძალიან უცნაური არგუმენტია ღალატის გასამართლებლად. ანუ, რა გამოდის? – რადგან მე ვუთხარი პირველმა, რომ მიყვარდა, ამით მისი თავმოყვარეობა დავაკნინე. ხომ არ გგონიათ, რომ ეს პრობლემა არ არის?! ფსიქოლოგიურად ანგრევს ადამიანს.
– ანუ, იმას გულისხმობთ, რომ ღალატის ბოლომდე პატიება შეუძლებელია?
– სიტყვით შესაძლებელია, მაგრამ, შიგნით ყოველთვის რჩება ნალექი და ვერც ვერაფრით დაივიწყებ, გამორიცხულია. სულ რომ ფრთები ამოუვიდეს თქვენს ქმარს და თავს შემოგევლოთ, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაინც ვერ შეძლებთ, მეხსიერება ამ საშინელი, ნეგატიური ინფორმაციისგან გაწმინდოთ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია „ზედაპირზე წამოტივტივება“ და შენი ხელახლა გამწარება. რომელი მოღალატე მამაკაცი გინახავთ, მისთვის ქალს ეპატიებინოს და სინანული დიდხანს გაჰყოლოდეს?! აპატიებ თუ არა, ეგრევე დაავიწყდება, რაც გააკეთა, როგორ გატკინა გული და, გამორიცხული არ არის, გაიმეოროს. აი, მერე კი უკვე ძალიან რთულდება ხოლმე საქმე: ან ანგრევ ყველაფერს, ან დაუსრულებლად გღალატობენ და შენც დაუსრულებლად პატიობ – აი, რა არის ჩვენი რეალობა. ეს, მგონი, მარტო ქართველი ქალებისთვის დამახასიათებელი ფენომენია.
– რატომ გგონიათ?
– იმიტომ, რომ ბრმა არ ვარ. ქართველი კაცები დიდი ხანია, აღარ არიან არც რაინდები და არც ღირსეული მამრები. გარეგნულადაც კი ვეღარ შეინარჩუნეს იერსახე. ვითომ რაღაცის დამტკიცებაც უნდათ; ვითომ ძალიან მაგარი ტიპები არიან; განსაკუთრებულობაზე დებენ თავს, მაგრამ, სინამდვილეში, რაღაც მავნე სტერეოტიპების გავლენის ქვეშ არიან. ღალატი და ბევრი ქალის „შებმა“ დიდი ვაჟკაცობა ჰგონიათ. აბა, რომელიმეს უთხარი, ერთგულებაა ვაჟკაცობა და კაცისთვის საამაყოო – მაშინვე ირონიულად გაეღიმება. შეიძლება, აშკარად არ დაგცინოს, მაგრამ, მისთვის ეს აუცილებლად ხუმრობის თემა იქნება.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა მამაკაცი ასეთია?
– გამონაკლისები, ალბათ, იქნებიან – ამას ვერ უარვყოფ. მაგრამ, ჩემი შემთხვევა მირჩევნია განსახილველად, უფრო კონკრეტულია. ისიც ბლეფია, რომ მიზეზად ვითომ სერიოზული არგუმენტი აქვს: ღალატი თავისი მამაკაცური „ეგოს“ გასამყარებლად დასჭირდა. მე ამის არ მჯერა.
– თუმცა, აპატიეთ.
– დიახ, სხვა გზა არ მქონდა.
– ასეთ რამეს ქალები ხშირად ამბობენ. რას ნიშნავს – სხვა გზა არ მქონდა? რატომ არ გქონდათ? საქმე მატერიალურ კეთილდღეობას ეხება?
– არა. სხვების შემთხვევაში როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ, მე უფრო მესაკუთრული განცდის გავლენით ვაპატიე. უცებ ვიფიქრე, რატომ უნდა დავუთმო სხვას ის, რაც ჩემია-მეთქი. გულახდილი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ყველა ქალს ქმარი თავის საკუთრებად მიაჩნია.
– კაცს არ მიაჩნია ცოლი თავის საკუთრებად?
– როგორ არ მიაჩნია! ეს ადამიანის ბუნებაა, ადამიანი ბუნებით არის მესაკუთრე და ამას ვერ გავექცევით. თქვენ, შეიძლება, არ აღიარებდეთ და არც არავინ აღიარებდეს, მაგრამ, ეს ხომ რეალობას არ შეესაბამება.
– იქნებ, უნდა შეიქმნას აღარპატიების პრეცედენტი? ხომ შეიძლება, ეს პრევენციად გამოდგეს სხვა მამაკაცებისთვის?
– რთული საკითხია. რამდენი ოჯახი უნდა დაინგრეს, რომ მამაკაცებმა ჭკუა ისწავლონ და საკუთარ მეუღლეებს გაუფრთხილდნენ? მეეჭვება, ეს მალე მოხდეს. მანამდე ძალიან ბევრი ბავშვი დარჩება უმამოდ და, ღირს კი ეს „ექსპერიმენტი“ მათი ცრემლებისა და ნერვიულობის ფასად?! პრობლემა ამით არ მოგვარდება. ჩემი ქმრისნაირად, სამწუხაროდ, ბევრი მამაკაცი აზროვნებს. ჩემმა ქმარმა მითხრა, შენ თვითონ რომ არ გაგეგო ჩემი ღალატის შესახებ, მე არ გეტყოდიო. ანუ, ხვდება, რომ ისე არ მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო.
– როგორ გაიგეთ?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? ადრე თუ გვიან, ყველაფერი ნათელი ხდება და სააშკარაოზე გამოდის. ქალები გაცილებით მალე იგებენ ხოლმე ქმრების ღალატის შესახებ, ვიდრე მამაკაცები – ცოლების ღალატს და ესეც ჩვენი საზოგადოების უცნაურობაა.
– ამასაც აქვს მიზეზი?
– რა თქმა უნდა. ქალები თვითონ აგებინებენ მოტყუებულ ცოლს, რომ მისმა ქმარმა მასთან უღალატა – ხომ იცით, რომ ეს ზოგადად ასე ხდება.
– ანუ, მამაკაცები გვჯობნიან საიდუმლოს შენახვაში?
– გვჯობნიან? არა, უბრალოდ, მათ ინტერესებში არ შედის ამ ტიპის რომანის „გაბაზრება“. კაცები ბუნებით არ არიან ავანტიურისტები. მათ ეშინიათ სკანდალების, თანაც – პანიკურად. იმ ქალს კი, რომელიც ცოლიან მამაკაცთან იწყებს ურთიერთობას, ხშირ შემთხვევაში, დასაკარგავი არაფერი აქვს. ის ასეთი წესით ცხოვრობს და, პირიქით, სიამოვნებასაც კი ანიჭებს ცოლის გამწარება.
– რატომ? ცოლს რას ერჩის?
– აბა, როგორ გითხრათ... რას მერჩოდა, რომ დამირეკა და მომახსენა, შენი ქმარი ჩემს სხეულზე გიჟდებაო? რა ამბიცია დაიკმაყოფილა ამით?
– სკანდალი გქონდათ?
– რა თქმა უნდა. არც ერთმა ცოლმა არ თქვას, რომ მოღალატე ქმართან მშვიდად, წყნარად და მეგობრულად აგვარებს ურთიერთობას. ამაზე დიდი სისულელე არ მსმენია. იყო ძალიან სერიოზული სკანდალი. მის სახლიდან გაგდებასაც სერიოზულად ვფიქრობდი – ბარგიც კი ჩავულაგე, მაგრამ, მერე ჩემი შვილის თვალებს რომ შევხედე და იმასაც მივხვდი, ვის წისქვილზე ვასხამდი წყალს ოჯახის დანგრევით – გადავიფიქრე. თუმცა, ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ბევრი ცრემლი დავღვარე და ავადმყოფურად ვინერვიულე.
– და... ბოლომდე მაინც ვერ აპატიეთ.
– შეუძლებელია ბოლომდე პატიება. ძალიან ბევრჯერ გამოვიჭირე საკუთარი თავი იმაში, რომ ქმრის მიმართ აგრესია მიჩნდებოდა. უმნიშვნელო წვრილმანებზე ვეკიდებოდი და ვეჩხუბებოდი და ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. არ ვიცი, რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ აგრესიის შემოტევებმა გამიაროს. მგონი, ეს არასოდეს მოხდება. შეიძლება, ერთი სიტყვა გახდეს ახალი ქარიშხლის ამოვარდნის მაპროვოცირებელი, ან – ქუჩაში სხვა ქალისთვის ერთი თვალის გაყოლება. რა ვქნა, განა მინდა, მაგრამ, ვერ ვერევი საკუთარ თავს, ძალიან მტკივნეულია.
– დრო აშუშებს ჭრილობებსო.
– ბოლომდე ვერ აშუშებს, არავინ დაიჯეროს ეს. არ არსებობს ჭრილობა ნაწიბურის გარეშე. ნაწიბური კი ყოველთვის შეგახსენებს თავისი გაჩენის მიზეზს. განა რა სიამოვნებას იღებენ კაცები ღალატით, რომ მზად არიან, მასში ასეთი საფასური გადაიხადონ?!