კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძახის მარიკო ლეჟავა საკუთარ თავს „მეამბოხესა“ და „უცნაურს“ და რატომ დაიწყო მის ცხოვრებაში საგიჟეთი

„საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთმა ენერგიულმა, ემოციურმა მონაწილემ, მარიკო ლეჟავამ, სკოლა ახლახან დაამათავრა და‚ კონკურსის პარალელურად‚ მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, მაინც ახერხებს რეპეტიციებზე სიარულს, საატესტატო გამოცდების ჩაბარებასა და მასწავლებლებთან მომზადებას. ასე რომ‚ ვისაც გსურთ მარიკოს ნახვა შემდეგ ტურებში, შეგიძლიათ‚ დაუმესიჯოთ ნომერზე: 0 903 700 005. 

მარიკო ლეჟავა: აბიტურიენტი ვარ. გარეგნულად ყველას დიდი ვგონივარ, მაგრამ, პატარა ვარ – გუშინწინ დავამთავრე სკოლა (ინტერვიუ ჩაწერილია 22 მაისს,  – ავტორი). ბოლო ზარი მქონდა. პარალელურად ვსწავლობ, ვემზადები, მინდა, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარო. ვიმედოვნებ‚ ეს საქმეც გამომივა და სტუდენტი გავხდები. 

– რატომ აირჩიე ეს პროფესია?

– მომწონს და ვიცი, ბევრი რამ არის საჭირო იმისთვის, რომ ფსიქოლოგი გახდე. ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, დახმარება. ადამიანთან კონტაქტში რომ შევიდე‚ ამისთვის‚ მაქსიმუმ‚ ხუთი-ათი წუთი მჭირდება. არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი და, არ არსებობს, საურთიერთობო ფორმა ვერ მოვძებნო. ვფიქრობ‚ ეს თვისებები მომავალ პროფესიაში დამეხმარება.

– როგორ ასწრებ ამდენ რამეს: სკოლა, მასწავლებლები, პლუს – რეპეტიციები? 

– ყველაფერი ცუდად დამემთხვა, მაგრამ, იმდენად მიყვარს და ჩემი ცხოვრებაა მუსიკა, სიმღერა, რომ ყველაფერს ვახერხებ. მასწავლებლებიც ძალიან მიწყობენ ხელს, რადგან, უყვართ ჩემი საქმე და პატივს სცემენ ჩემს მოწოდებას. რეპეტიციებს გვიან ვამთავრებ და მერე მიბარებენ, ასე‚ საღამოს 9-10 საათზე. კიდევ კარგი‚ დავალებებს არ მაძლევენ, რადგან, სახლში ისეთი გათიშული მივდივარ, შანსი არ არის‚ ვიაზროვნო. გაკვეთილზე ვმეცადინეობ ყველაფერს. თან‚ ძირითადები გავლილი მაქვს, ბოლოსკენ ვარ და ძალიან არ მიჭირს.

– როგორ ჩაიარა ბოლო ზარმა?

– ზუსტად ათი წუთი ვიყავი ბოლო ზარზე, მეტხანს დარჩენა ვერ მოვახერხე. მეგობრებმა დამაწერეს წინსაფარზე – ეს პროცესი სულ მომწონდა და ერთი სული მქონდა‚ როდის გათენდებოდა ჩემი ბოლო ზარის დღე. მაგრამ, არ მეგონა‚ ათწუთიანი თუ იქნებოდა. თუმცა, კმაყოფილი ვარ. 

– უკვე მოასწარი იმის გაცნობიერება, რომ შენს ცხოვრებაში ერთი ეტაპი დასრულდა და ახლა მეორე, საკმაოდ საინტერესო ეტაპი იწყება? 

– ახლაც ვერ ვხვდები, რომ სკოლა დავამთავრე, უნდა ჩავაბარო უმაღლესში და სხვა ეტაპი იწყება. ანუ, ახალი რაღაცეების უცბად აღქმა მიჭირს ხოლმე. ძალიან გვიან ვხვდები – „ვაიმე, ეს მოხდა!..“ მოგვიანებით ვაცნობიერებ ყველაფერს და ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაც ახალს იგებ, გრძნობ, ხვდები, რომ რაღაც ახალი დაიწყო.

– დიდი ხანია, მღერი?

– 4 წლიდან ვმღერი. მახსოვს კონცერტები, სიმღერების ჩაწერები. მერე, ერთი პერიოდი, ანუ, ასე‚ 7 წლის რომ ვიყავი‚ სიმღერას თავი დავანებე – საერთოდ აღარ მიმღერია, აღარ მაინტერესებდა. მოგვიანებით, „იუთუბიზე“ დავიწყე სიმღერების მოსმენა – ჩვენ ხომ „იუთუბის“ ინტერნეტის თაობა ვართ; კარაოკეზეც ვმღეროდი. გემოვნება ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა, მივხვდი‚ რა ჟანრში უნდა მემღერა, რა მიხდებოდა, რა არ მიხდებოდა. თუმცა‚ კონკურსზე გასვლა არ მიცდია. დახლოებით ოთხი წელია‚ რაც ისევ დავიწყე სიმღერა. ახლაც სულ ვმღერი, მუდამ. მართლაც ძალიან ენერგიული ვარ, არასდროს ვიღლები. ჩემ გარშემო სულ არის ყვირილი, სიცილი, ხმამაღალი საუბარი, არ შემიძლია ხმადაბლა ლაპარაკი, სულ ვროხროხებ და ამიტომაც ხშირად მაქვს ყელზე პრობლემები – მეღლება. რა ვქნა‚ არ შემიძლია‚ დავჯდე და წყნარად ვისაუბრო. ჟესტებით, მანერებით, ხმამაღლა უნდა ვილაპარაკო და გამოვხატო ემოციები. ყველა მეუბნება‚ შენგან კარგი მსახიობი გამოვიდოდაო, რადგან, გამოხატვის კარგი უნარი მაქვს. არასდროს მიცდია ეს, თუმცა‚ მიფიქრია. ალბათ‚ ჩემს პატარა მსახიობურ ნიჭს სიმღერაში ვიყენებ.  ნახევარ საათში მავიწყდება, რომ ჩუმად უნდა ვიყო და განვაგრძობ ყვირილს, სიმღერას, ხმამაღლა საუბარს. 

– პატარაც ასეთი ენერგიული იქნებოდი. 

– ძალიან. ოღონდ‚ ხიფათიანი არასდროს ვყოფილვარ, რადგან, ძალიან ფრთხილი ვარ. უნდა დავფიქრდე, დიდხანს უნდა ვიფიქრო, რომ მერე რაღაც გადავწყვიტო. მიჭირს გადაწყვეტილების მიღება და ამაზე ბევრს ვფიქრობ. 

– ასეთ დროს ვის ეკითხები აზრს?

– დედას, მამას, უფრო – მამაჩემს. მასთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. როცა რჩევას ვეკითხები, კი არ მეუბნება – ეს ცუდიაო, მიხსნის‚ რატომ არის ცუდი, რატომ არ უნდა გავაკეთო და არასდროს მელაპარაკება როგორც პატარა ბავშვს. დიდი ხანია‚ ასეთი ურთიერთობა გვაქვს და მისი ასაკი ჩვენ შორის ბარიერი არასდროს ყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ  დამყოლი ხასიათი მაქვს. აბსოლუტურად ყველაფერზე ჩემი აზრი გამაჩნია. რაც მთავარია‚ ყველასგან განსხვავებული. მეამბოხე ვარ, სულ სიახლეებს ვეძებ და, ზოგადად, უცნაური ადამიანი ვარ. 

– რაში გამოიხატება შენი უცნაურობა? 

– ალბათ‚ სხვებისგან იმით განვსხვავდები, რომ ძალიან კონტაქტური, კომუნიკაბელური ვარ, არაფერი არ მიჭირს ურთიერთობაში. როგორი დაძაბული სიტუაციაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ადვილად განვმუხტავ. უცნაური ქცევები მაქვს და, ვინც არ მიცნობს‚ შეიძლება, იფიქროს, ამ გოგოს აკლია, გაგიჟდა, ან უკვე იყო გიჟიო, რადგან, არაადეკვატურად ვიქცევი ხოლმე. თუმცა‚ ვინც მიცნობს, იმან იცის, რომ ვხუმრობ და არ ვარ გიჟი. სადაც და როცა აუცილებელია‚ სერიოზული ვიყო, ვარ კიდეც, მაგრამ‚ როცა არ არის საჭირო, რატომ უნდა მოვიქცე ასე? ეს ასაკი მერე აღარ მექნება. ამიტომ‚ ასაკის შესაფერისად ვიქცევი. რომ გავიზრდები და კიდევ ვიცანცარებ, იტყვიან, გაგიჟდა ეს გოგოო, ახლა კი იფიქრებენ – პატარაა და ცანცარი უხდებაო. 

– რატომ გადაწყვიტე „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობა, თან‚ შენთვის გადატვირთული რეჟიმის ფონზე?

– საშინლად შემეცვალა ცხოვრების რიტმი, საგიჟეთი გახდა, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრა‚ ეს მსიამოვნებს. როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. მინდოდა საკუთარი თავის გამოცდა, შევძლებდი თუ არა ჟიურის წინ გამოსვლას, შემდეგ ტურებში გადასვლას, ვიყავი თუ არა ამისთვის მზად. ახლა უკვე დიდი გამოცდილება მივიღე, რადგან, ფილარმონიის სცენაზე დადგომა და ცოცხლად სიმღერა არ არის მარტივი, თან‚ პირდაპირი ეთერია და უნდა გააკონტროლო შენი ემოციები, არ უნდა შეგეშინდეს, არ უნდა ინერვიულო; ანუ, უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი და, თან, ხალხის სიყვარულს ვიღებ – ისეთი დიდი ბედნიერებაა, როცა პატარა ბავშვები მოდიან და გთხოვენ ფოტოს გადაღებას, იმდენად სასიამოვნოა, რომ აქეთ ვუხდი ყოველთვის მადლობას. თან‚ პატარა ბავშვები გულით, ემოციებით მოდიან, არ ფიქრობენ, რომ სირცხვილია ფოტოს გადაღება. 

ძალიან კარგ ნაკადში, კარგ ჯგუფში მოვხვდი: სტაფიდან დაწყებული – კონკურსანტებით დამთავრებული. არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ კონკურსზე ვარ, რადგან, ჩვენთან არ არის დაძაბულობა, ცუდი ურთიერთობა: ამას ხმა ჩაუწყდეს, ამას ეს დაემართოს... მარტო მე კი არ ვარ ასეთი დამოკიდებულებით, სხვებიც ასე არიან. კონცერტის შემდეგ სამშაბათი გვაქვს დასვენების დღე და იმ დღესაც ერთად ვართ. ერთი დღე რომ ვერ ვნახო რომელიმე კონკურსანტი, შეიძლება‚ გავგიჟდე, რადგან, დღე და ღამე ერთად ვართ და ძალიან მივეჩვიეთ ერთმანეთს. ნებისმიერის გავარდნა ჩემთვის არის კატასტროფა, რადგან, ძალიან კარგი ადამიანები და კარგი მომღერლები არიან. როგორ მაგრადაც უნდა იმღერო და აგყვეს დარბაზი, რომ დგახარ და ითვლება ის საშინელი წამები, მაინც ფიქრობ: ახლა მე დავდგები აუტსაიდერებშიო. რომ არ დგები და მერე სხვა გამოდის, საშინელი გრძნობა გიჩნდება: ეს რომ გავარდეს, მეწყინება; ესეც... ანუ, ვერ ამოარჩევ და, ვინც არ უნდა გავარდეს, გეწყინება.  

– მარიკოს არ ჰყავს შეყვარებული? 

– ამჯერად არ ჰყავს მარიკოს შეყვარებული. იყო ადრე რაღაც, მაგრამ, ახლა არ არის. 

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომ მოგეწონოს? 

– ჩემნაირი აქტიური – არა, რადგან, შეიძლება‚ რაღაც ავაფეთქოთ. მეც აქტიური და ისიც – დიდი ჩართვა მოხდება... უნდა იყოს სერიოზულიც და ხუმარაც, რადგან, ჩემ გვერდით ვერ წარმომიდგენია ძალიან სერიოზული ადამიანი, მუდმივად გასწორებული სახით. ხუმრობაც უნდა შეეძლოს, სერიოზულად ყოფნაც, სიყვარულის გამოხატვაც და თავდაჭერილიც უნდა იყოს. გარეგნობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ, ადამიანი თუ კარგია‚ სხვა დანარჩენი უკვე მერე იქნება. ასაკითაც უფროსი უნდა იყოს. ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა ყოფილა ორი-სამი წელი და მართლა ძალიან პატარები არიან ამ ასაკში ბიჭები. თუ მამაკაცი არ არის ურთიერთობაში წამყვანი, ეს ურთიერთობა მოსაბეზრებელი ხდება და აღარ შედის იმ ფაზაში, როგორშიც უნდა იყოს. თუ გინდა, რომ მამაკაცთან ურთიერთობისას მას ენდო, კომფორტულად იგრძნო მასთან თავი, შენზე უფროსი  უნდა იყოს. დიდ ადამიანებთან უფრო გამომდის ურთიერთობა, ვიდრე ორი-სამი წლით უფროსებთან. 

– თქვი, რომ ადრე იყო რაღაც ურთიერთობაო... შენს ასაკში‚ ალბათ‚ სერიოზული არაფერი ყოფილა.

– სერიოზული არაფერი, თან, ძალიან მალე მბეზრდება ადამიანი და ეს არის ჩემი ყველაზე ცუდი თვისება. რაღაც სერიოზული, მნიშვნელოვანი თუ არ მოხდა, მბეზრდება ურთიერთობა და მერე ძალიან მალე, ცუდად ვამთავრებ ურთიერთობას, რაც, ალბათ‚ ასაკის ბრალია. 

скачать dle 11.3