რატომ არჩია დიმიტრი შაშკინთან მუშაობას ბაჩო ახალაიასთან გადასვლა სალომე მახარაძემ და რატომ არ დატოვა ის ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში
როგორც, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, სალომე მახარაძე ამბობს, სამსახურიდან ის საკუთარი განცხადების საფუძველზე არ წასულა. მან ახალ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, სულ რაღაც ერთი თვე იმუშავა. მისივე თქმით, მინისტრისგან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შეთავაზებაც მიიღო, მაგრამ, არ დასთანხმდა და სამსახურის გარეშე დარჩენა ამჯობინა. თუ რას აპირებს ის მომავალში, რაში ადანაშაულებს დღეს თავის ყოფილ უფროსსა და მეგობარს – ბაჩო ახალაიას და ვისთან ერთად ისვენებდა ის ეგვიპტეში, ამაზე თავად სალომე გვესაუბრება.
სალომე მახარაძე: მუშაობა სტუდენტობის პერიოდში დავიწყე: თავიდან რადიოში ვიყავი, თუმცა, ბავშვობიდან მიტაცებდა ტელევიზია. მახსოვს, ბავშვობაში, აბაზანაში რომ შევიდოდი, დავიჭერდი ხელში აბაზანის „დუშს”, წარმოვიდგენდი, რომ ეს იყო მიკროფონი, დავაყენებდი ჩემს პატარა დას და მისგან ვიღებდი ინტერვიუს, თან სარკეში ვიპრანჭებოდი. სასაცილო ის იყო, რომ ჩემი და, ამ დროს, ერთი წლის იყო და ვერ ლაპარაკობდა (იცინის). ძალიან მიზანდასახული და მებრძოლი ადამიანი ვარ და ეს ჩემს პროფესიაში ძალიან გამომადგა. მოკლედ, ჯერ დავიწყე მუშაობა ტელეკომპანია „ევრიკაში” – 18 წლის, პირდაპირ შევედი დირექტორთან და ვუთხარი, აქ მინდა მუშაობა-მეთქი. ამიხსნა, ეს რთულია, სითამამე სჭირდებაო. რომ „შევჭამე” – გინდა თუ არა, მინდა გადაცემის გაკეთება, რომელსაც „ჩვენი თაობა” ერქმევა-მეთქი, ბოლოს დამთანხმდა – კი ბატონო, გააკეთე და ვნახოთო. ჩავწერე გადაცემა და კარგი გამოვიდა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი ტელევიზიაში. შემდეგ მოთხოვნილება გამეზარდა – მომინდა ნამდვილ ჟურნალისტიკაში გადასვლა და გადავედი ტელეკომპანია „კავკასიის” საინფორმაციო სამსახურში ჟურნალისტად ნინო ჯანგირაშვილთან. არ დამავიწყდება, ერთ დღეს, დათო აქუბარდიას არ ეცალა – სტუმრები ჰყავდა მოწვეული და მისი გადაცემის წაყვანა საკუთარ თავზე ავიღე. სიმართლე გითხრათ, დათოს მოეწონა და შემაქო. მერე, პატარა ინციდენტის გამო, გადავწყვიტე „კავკასიის” დატოვება. მთელი ღამე ვინერვიულე – ახლა რა ვქნა-მეთქი, მაგრამ, მეორე დღესვე დამირეკეს, ტელეკომპანია „იბერიიდან”. შევხვდი ლუბა ელიაშვილს, ვისაუბრეთ და იქ დავიწყე მუშაობა. შემდეგ ეს არხიც დაიხურა და გადავედი „მზეში”, სადაც პოლიტიკაზე გადავერთე. აქაც რეორგანიზაცია წავიდა და ათმა ადამიანმა საკუთარი სურვილით, დავტოვეთ ტელეკომპანია „მზე”. თან, სამაგისტროს ვიცავდი და ამისთვის გამოვიყენე თავისუფალი დრო.
– მოკლედ, ქართული ტელეკომპანიების უმრავლესობა მოიარე. სამინისტროში როგორ აღმოჩნდი?
– სხვათა შორის, ყველა ფიარმა უნდა გაიაროს ეს საფეხური, რადგან, აქ სწავლობ სისწრაფესა და ოპერატიულობას. სამაგისტრო დეკემბრის ბოლოს დავიცავი და 13 იანვარს დამირეკეს და მითხრეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იქმნება ახალი პრეს-სამსახური, სადაც იქნებიან ეკა სარია და გოდერძი შარაშია, თუ მოინდომებ და შენც მოხვალ, შეგიწყობთ ხელსო. მოკლედ, ეკას სხვა სამსახური ჰქონდა და ვერ მოიცალა, გოდერძისაც თავისი პრობლემები გამოუჩნდა – ზუსტად მაშინ შესთავაზეს ფილმების გადაღება და ასე აღმოვჩნდი მე ამ თანამდებობაზე. სიმართლე გითხრათ, იმ დროს ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნება მინდოდა და ვიფიქრე, ცოტა ხანს ვიმუშავებ, შევიხედავ, ციხის შიგნით რა ხდება, როგორ მუშაობს ეს სისტემა და შემდეგ, სადმე გადავალ-მეთქი, მაგრამ, შემოვრჩი და შემოვრჩი. ასე რომ, იუსტიციის სამსახურში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს სამი წელი ვიმუშავე, შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტრო ჩამოყალიბდა და, დიმიტრი შაშკინის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კიდევ ცხრა თვე დავრჩი. ამ პერიოდში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ბაჩო ახალაია, ხოლო, როცა მინისტრად დაინიშნა, დამირეკა და მითხრა, შენ აქ უნდა გადმოხვიდეო. სხვათა შორის, როცა ჭორი გავრცელდა, ახალაიები უცხოეთში სასწავლებლად მიდიანო, ვამბობდი, უცხოეთში კი არა, ბაჩო თავდაცვაში წავა-მეთქი. სულ მეგონა, ის თავდაცვის მინისტრად დაინიშნებოდა და ეს ჩემი ნათქვამი სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. თუმცა, ჩემი წინასწარმეტყვლება მართლაც ახდა. ასე რომ, ფიარის ხელმძღვანელად გადავედი მასთან თავდაცვაში.
– შენ და ბაჩო ისეთი მეგობრები იყავით, ვისთანაც შეგეძლო, გულახდილად გესაუბრა?
– როცა წლები გადის და ადამიანებთან ერთად მუშაობ, მათთან გარკვეული დოზით მეგობრობაც თანდათან ყალიბდება. ბაჩო მართლაც საუკეთესო, ერთგული მეგობარია, ვისთანაც შემიძლია გულახდილად საუბარი. როცა რაიმეს პირადზე ვუყვებოდი, გულით მისმენდა და რჩევას მაძლევდა. ბაჩო ძალიან ერთგულია, რასაც ვერ წაართმევ და ამას ის ჩემშიც ხედავდა. ერთგული შაშკინთანაც ვიყავი, მაგრამ, ბაჩოსთან წლები მაკავშირებს. ხშირად, როცა საგანგებო სიტუაცია იყო, ღამითაც დაურეკავს და გავუღვიძებივარ. ბევრი ღონისძიება დაგვიგეგმავს თავდაცვაში ერთად. მოკლედ, ფანტასტიკური ურთიერთობა გვქონდა მე და ბაჩოს. ახლა კი ამბობს, ჩემი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ საზოგადოებასთან უფრო მეტი კონტაქტი უნდა მქონოდაო და ამ დანაშაულს აღიარებს, მაგრამ, ახლა გვიანაა. დიახ, მისი შეცდომაა, რომ საზოგადოებასთან მეტი კონტაქტი არ ჰქონდა.
– მერე, თუ ასეთი მეგობრები იყავით, ამ საკითხზე რატომ არ ლაპარაკობდით?
– მე სულ ვეუბნებოდი, უფრო მეტად გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყო-მეთქი, მაგრამ, არ მიჯერებდა. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ, დამაჯერებლად ვერ ვეუბნებოდი, მაგრამ დამიჯერეთ, ხანდახან ამას მეგობრობის დონეზე მეტად ვაძალებდი. თუმცა, ის ჯიუტობდა. ახლა, ამ შეცდომას აღიარებს და მიხარია, რომ თავად ამბობს ამას. შემდეგ კი, გარკვეული პერიოდი ერთად ვიმუშავეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სანამ ეკა ზღულაძე დაინიშნებოდა. ასე რომ, შვიდი-რვა წლის მეგობრობა გვაკავშირებს მე და ბაჩოს და ერთად ბევრი საქმე გვიკეთებია. ხანდახან დღე და ღამე არ გვიძინია – ძალოვან სტრუქტურაში ასეთი რეჟიმი ხშირია. ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, ბაჩო ახალაია, ბრალდებულია და დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს სასამართლო პროცესებს, როგორ განვითარდება მოვლენები.
– და, ამის შემდეგ, სამინისტროში ახალი მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა. მართალია, საზოგადოების სამსახური ნინო გიორგობიანს გადააბარა, მაგრამ, მან სხვა თანამდებობა შემოგთავაზა და ამაზე თავად არ დასთანხმდი. რატომ?
– ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრი რომ გახდა, მასთან ჩვეულებრივად განვაგრძობდი მუშაობას. მინისტრად რომ დაინიშნა, იმავე საღამოს შევხვდით და ვისაუბრეთ. ისიც ვუთხარი, ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვეტყვი გამარჯობას, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და, თუ გაუჭირდათ, გვერდშიც დავუდგები-მეთქი. ეს წმინდა ადამიანური საქციელია. ირაკლიც დამეთანხმა: მეგობრობა – მეგობრობაა, ეს მესმის, ჩვეულებრივად განაგრძე მუშაობაო. თუმცა, ერთი თვის განმავლობაში ყურმოკრულად ვიგებდი, რომ კადრის შეცვლა იგეგმებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, დამიბარა და მითხრა: გული კი მწყდება, მაგრამ, განცხადება უნდა დაწერო და წახვიდეო. სახეზე ეტყობოდა, რომ ეს მას არ უნდოდა, თუმცა, სხვა გზა არ ჰქონდა. ამ გადასახედიდან მე ირაკლის თანავუგრძნობ, რადგან, ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა და ეს მისი ნება არ იყო. მოკლედ, ვუთხარი, მე წასვლაზე განცხადებას არ დავწერ, თავად მოიფიქრეთ მიზეზი და გამათავისუფლეთ-მეთქი. სხვა ადგილიც შემომთავაზა, მაგრამ, უარი ვთქვი, რადგან, მე ჩემი პროფესიით მინდა მუშაობა. თუ კარგად ვაკეთებდი საქმეს, მაშინ, რატომ არ დამტოვეს ჩემს ძველ სამსახურში? კიდევ ვამბობ: სამსახური კარგია, ხელფასიც საჭიროა, მაგრამ მე ჩემი პროფესიით მინდა მუშაობა.
– დღეს უმუშევარი ხარ. მომავალში რას აპირებ?
– დიახ, სამწუხაროდ, დღეს უმუშევარი ვარ, მაგრამ, მაქვს მომავლის გეგმები და კერძო სექტორში ვგეგმავ გადასვლას.
– სალომე, ახლახან ჩამოხვედი ეგვიპტიდან. იქ ვისთან ერთად ისვენებდი?
– დიახ, კარგად დავისვენე ეგვიპტეში და არაფერზე ვფიქრობდი, გარდა დასვენებისა. ადრე სულ საქმეზე ვფიქრობდი და ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, ვნერვიულობდი, რა ხდებოდა სამსახურში ჩემს არყოფნაში. ახლა ეს მომენტი არ მქონია და სრულფასოვანი, მშვიდი, წყნარი დასვენება გამომივიდა. ეგვიპტეში ჩემს დასთან ერთად ვიყავი. მან სადოქტორო დაიცვა, მეც გადაღლილი ვიყავი, დასვენება გვჭირდებოდა, დავგეგმეთ და ეს კარგად გამოგვივიდა.