დღეისთვის რამდენი ტრანსსექსუალი ელოდება სქესის შეცვლის ოპერაციაზე თანხმობას
საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სქესის შეცვლის ოპერაცია კეთდება. პროფესორი ივა კუზანოვი ერთადერთი პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგია‚ რომელსაც ქართველი ტრანსსექსუალები სქესის შეცვლის თხოვნით მიმართავენ. თუმცა, ოპერაციამდე მათ საკმაოდ რთული და გრძელი გზა უნდა გაიარონ, საოპერაციოში კი მხოლოდ სპეციალური ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდებიან. ვინ არიან ჭეშმარიტი ტრანსსექსუალები და რით განსხვავდებიან ისინი დანარჩენი სექსუალური უმცირესობისგან – ამ კითხვებზე ორი პროფესორი: ესთეტიკურ-რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი და ფსიქოლოგიური და სექსოლოგიური კლინიკის დირექტორი ანდრო კანდელაკი გვიპასუხებენ.
ივა კუზანოვი: ფალოსის შექმნა მიკროქირურგიული ოპერაციაა. ჩემთვის პირველი ოპერაცია იყო ქირურგის უდიდესი ინტერესი და, შეიძლება ითქვას‚ გამოწვევაც კი საკუთარი თავის მიმართ. საქართველოში ამ ოპერაციას‚ დღემდე‚ ჩემ გარდა არავინ აკეთებს. კარგ მიკროქირურგს‚ ფაქტობრივად‚ ყველაფრის გაკეთება შეუძლია‚ მათ შორის – სრულყოფილი ფალოსისაც‚ როგორც ფიზიოლოგიური‚ ასევე ანატომიური თვალსაზრისით‚ თან, ვიზუალურადაც მსგავსი რომ იყოს ჩვეულებრივი ფალოსისა. ჩვენი მეთოდით ფალოსი კეთდება პაციენტის მესამე თითის გამოყენებით. ასევე, აღებული უნდა იყოს კანი და კანქვეშა ქსოვილი. თითის ფალანგები უკვე აძლევს ფალოსს იმ სიმაგრეს‚ რომელიც საჭიროა სექსუალური კავშირის დასამყარებლად. ასევე‚ თითის კანი ძალიან კარგი მასალაა „შესაფუთად“.
– ანუ‚ თითისგან შექმნილი ფალოსი ყველაზე ახლოს არის ბუნებრივ ფალოსთან?
– დიახ, როგორც ზომით‚ ისე ფიზიოლოგიური‚ ესთეტიკური და ვიზუალური თვალსაზრისით. მთელ მსოფლიოში ფალოსს კუნთოვანი ქსოვილისგან ქმნიან, მარტო ჩვენს კლინიკაში კეთდება ის თითისგან და გაცილებით წარმატებულად. თუ ჩვენს პაციენტს თითებს სპეციალურად არ დაუთვლი‚ ვერც კი მიხვდები‚ რომ თითი აკლია, რადგან, საგანგებო მეთოდით იკერება და სრულიად შეუმჩნეველია. თითიდან ფალოსის შექმნის მეთოდის უპირატესობა ისიც არის‚ რომ ერთეტაპიანი ოპერაციაა და თორმეტ საათში სრულდება.
– რატომ უნდა გაიკეთოს ქალმა თითისგან ფალოსი, მამაკაცი კი თავის სასქესო ორგანოს შეელიოს?
– ამაზე ბატონი ანდრო უკეთ გიპასუხებთ. ეს ის შემთხვეაა‚ როცა ადამიანი იბრუნებს თავის ჭეშმარიტ სქესს. მეკითხებიან ხოლმე‚ რამდენი ფალოსი გაქვთ შექმნილიო. საქმე ისაა‚ რომ ფალოსის აღდგენა იმ პაციენტებთანაც ხდება‚ რომლებსაც სიმსივნის შემდეგ ამ ორგანოს ამპუტაცია დასჭირდათ. ესენი არიან ჩვეულებრივი მამაკაცები – არა ტრანსსექსუალები‚ რა თქმა უნდა. რაც შეეხება შემთხვევას‚ როცა მამაკაცი იცვლის სქესს‚ ეს უფრო ადვილი ოპერაციაა. რვა წლის წინ გაკეთდა პირველი ფალოსი სქესის შეცვლის მიზნით და ის ადამიანი დღეს სრულფასოვანი მამაკაცია. ჰოლივუდში დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს ჩემზე და ჩვენს პაციენტზე და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უჩვენებდნენ.
– როცა მამაკაცი იცვლის სქესს‚ მაშინ თითის გამოყენება საჭირო არ არის...
– რა თქმა უნდა‚ ასეთ შემთხვევაში „მასალა“ ადგილზეა. ხდება პენისის ამპუტაცია და მისი ქსოვილების გამოყენება საშოს შესაქმნელად. სათესლე ჯირკვლებისგან კეთდება დიდი და პატარა სასირცხვო ბაგეები. ჭეშმარიტი ტრანსსექსუალი არის ადამიანი დაბადებული ანომალიით. მას ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ადამიანის სქესს განსაზღვრავს თავის ტვინში არსებული ორი ბირთვი და არა მისი ფიზიკური წარმონაქმნი. წარმოიდგინეთ ქალი‚ რომელსაც მხოლოდ ანალოგიური აგებულება აქვს ქალის‚ ისე კი – მამაკაცია. საქართველოში‚ რატომღაც‚ ტრანსსექსუალი ქალების რიცხვი უფრო მეტია, მთელ მსოფლიოში პირიქით არის, იქ ორმოცდაათი ორმოცდაათზეა
– ანუ‚ ჩვენთან ქალები უფრო ხშირად იცვლიან სქესს?
– დიახ, თუმცა, მიზეზს ვერ გეტყვით. ზოგადად‚ ჭეშმარიტი ტრანსსექსუალების რიცხვი დიდი არ არის. მათ არანაირი საერთო არ აქვთ ჰომოსექსუალებთან და ლესბოსელებთან. როგორც იბადება ადამიანი‚ მაგალითად‚ გულის მანკით‚ ასევე ტრანსსექსუალია მანკით დაბადებული. ათი ათას ახალშობილში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტრანსსექსუალი. ოპერაციის შემდეგ ეს ადამიანები საკმაოდ მყარ ოჯახებს ქმნიან. მათთვის ჰომოსექსუალიზმი იმიტომ არის მიუღებელი‚ რომ საზოგადოება ვერ ასხვავებს ამ ჯგუფებს ერთმანეთისგან და ამიტომაც უჭირთ სოციუმში ინტეგრირება.
– ბატონო ივა‚ ყოფილა შემთხვევა‚ როცა ქალს შეუცვლია სქესი‚ გამხდარა მამაკაცი‚ მაგრამ, მოუთხოვია‚ დაეტოვებინათ მისთვის რეპროდუქტიული ორგანოები?
– არა. ისინი არ აღიქვამენ საკუთარ თავს ქალებად და არც არიან ქალები. შეცდომა არ უნდა მოხდეს. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა‚ რომ სქესის შეცვლის ოპერაცია უკეთდება მხოლოდ ჭეშმარიტ ტრანსსექსუალს, ეს კი უნდა დაადგინოს სპეციალურმა გამოკვლევებმა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, პლასტიკურ ქირურგებს გვეძლევა საშუალება, გავაკეთოთ სქესის შეცვლის ოპერაცია. ჭეშმარიტი ტრანსსექსუალი არ ინდომებს პარტნიორად ჰომოსექსუალს, ეს პრაქტიკულად, გამორიცხულია. მათ ჯანსაღი სექსუალური ორიენტაციის მქონე პარტნიორები ჰყავთ.
ანდრო კანდელაკი (პროფესორი‚ სექსოლოგი‚ ფსიქოლოგი): ტრანსსექსუალები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან. ისინი ბავშვობის ასაკიდანვე იტანჯებიან.
– რატომ?
– იმიტომ‚ რომ დაბადებულები არიან თანდაყოლილი გენდერული იდენტურობის აშლილობით. მათ მიაჩნიათ, რომ თავიანთი ქრომოსომული სქესის საპირისპირო გენდერი აქვთ. აქედან გამომდინარე, გააჩნიათ ძლიერი სურვილი, იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ მათი ანატომიური სქესის საპირისპირო გენდერის მქონე ადამიანები და ცდილობენ, თავიანთი სხეულისა და გენიტალიების შეცვლას. ასეთი რწმენა, ჩვეულებრივ, ბავშვობიდან ყალიბდება, მაგრამ განსაკუთრებულად მწვავე ინტრაფსიქიკური ტრავმის სახეს იღებს, როცა თვალსაჩინო ხდება სქესის განმასხვავებელი ნიშნები. მაგალითად, ქალურობის მახასიათებელი ერთ-ერთი კარდინალური ნიშანი, მენსტრუაცია სრულიად მიუღებელია მათთვის და იძენს მძიმე ფსიქიკური ტრავმის ხასიათს. მუდმივ კონფლიქტში არიან საკუთარ ფიზიკურ სხეულთან. როცა გოგონა იცვამს ბიჭის ტანსაცმელს და ინტერესდება მამაკაცისთვის შესაფერისი თამაშებით თუ თემებით, ტრანსსექსუალის შემთხვევაში, ეს ნორმალურია. რადგან ქალის სხეულში ცხოვრობს მამაკაცი. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს ამ ანომალიას. ფაქტია, რომ ნაყოფს მუცლადყოფნის პერიოდშივე ეწყება ის ცვლილებები, რომლის შედეგადაც ტრანსსექსუალი იბადება. ამ მოვლენას არ აქვს არც ეროვნება‚ არც გეოგრაფია და არც სოციუმის განსაკუთრებულობა. მთელ მსოფლიოში სტატისტიკა ერთნაირია: დაახლოებით ასი ათას ადამიანში ერთი ტრანსსექსუალი იბადება და მოიცავს ყველა რეგიონს. საქართველოში სულ სამი მილიონი ადამიანიც არ ცხოვრობს და, თავად დათვალეთ‚ რამდენი ტრანსსექსუალი იქნება. თავდაპირველად ისინი პლასტიკურ ქირურგს მიმართავენ. მათ არა აქვთ არც იურიდიული და არც მორალური უფლება, დაუყოვნებლივ ჩაატარონ სქესის შეცვლის ოპერაცია. პაციენტი იგზავნება სექსოლოგთან. დგება აღრიცხვაზე მინიმუმ ერთიდან ორ წლამდე. ამ პერიოდში უტარდება სრული ფსიქოსომატური გამოკვლევები, რის დროსაც უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს ფსიქიკური აშლილობა, ჩატარდეს გენეტიკური, ჰორმონული, უროგენიტალური დიაგნოსტიკა, ფსიქოლოგიური ტესტირება. შემდგომ იწყება ჰორმონული თერაპიის ეტაპი, პაციენტი იცვლის საპასპორტო სქესს და ამის შემდეგ იგზავნება პლასტიკურ ქირურგთან სქესის ოპერაციული გზით შეცვლის მიზნით. რაც შეეხება ტრანსსექსუალთა დამოკიდებულებას ჰომოსექსუალიზმისადმი, მათთვის ამ ტიპის სექსუალური ორიენტაცია რადიკალურად მიუღებელია. ისინი ფიქრობენ, როგორ, მე ჩემი სხეული დავიბრუნო, გავხდე ის, რაც ვარ და ჩემივე სქესის სექსუალური პარტნიორი გავიჩინო?! ისინი საკუთარ თავს ჰეტეროსექსუალებად მიიჩნევენ.
– ლგბტ – ანუ ლესბოსელი‚ გეი‚ ბისექსუალი და ტრანსსექსუალი – ეს ერთი ჯგუფია?
– ავადობასთან მიმართებაში არ არის ერთი ჯგუფი. ტრანსსექსუალი არის თანდაყოლილი გენდერული იდენტურობის აშლილობა და შეტანილია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში. რაც შეეხება ლესბოსელს, გეის და ბისექსუალს, ისინი 20 წელზე მეტია, ამოღებულია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციებიდან და შესაბამისად, ავადმყოფებად არ განიხილებიან.