როგორი გახდა შალვა ნათელაშვილი ცოლის თვალში და რისგან გამოუვიდა მას „ლაყუჩები“
ჭკვიანი, ლამაზი, კეთილი, ცოტა გულჩვილი, ძალიან ყურადღებიანი, რომელსაც თვალები სულ უბრწყინავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეუღლეზე საუბრობს – ბელა ალანია, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, შეიძლება ითქვას აქტიური ცოლების კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც ქმარს ყოველთვის გვერდში უდგას, ბოლომდე იზიარებს მის შეხედულებებს, შენიშვნებს, მიდგომებს ამა თუ იმ საკითხისადმი, ბევრ რამეს ერთად წყვეტენ, ბევრი კარგი და რთული დღეები ერთად გამოიარეს. ამ შემართებამ, გულწრფელობამ და სიყვარულმა, ბევრ ქარტეხილს გაუძლო, რომელიც ოცი წლის შემდეგაც, ერთხელ არ შერყეულა. მაშ ასე, გაიგეთ როგორია ცოლის თვალით დანახული შალვა ნათელაშვილი.
– ქალბატონო ბელა, აი, ამდენი წელი გავიდა, რაც ერთად ხართ თქვენ და ბატონი შალვა. დროთა განმავლობაში რა შეხედულება, დამოკიდებულება გაგიჩნდათ ქმრის მიმართ, რას გრძნობთ, განიცდით?
– საერთოდ, კეთილ ადამიანს გალაქტიკასთან ვაიგივებ, იმიტომ რომ უსასრულო პარამეტრები აქვს; არასოდეს იცი დღეს, ხვალ, მაზეგ, როგორ შეიძლება ეს გამომჟღავნდეს; სად შეიძლება სიახლე, სილამაზე დაიჭირო, სულ ძიებაში ხარ. გალაქტიკაში არის ერთი ასეთი ვარსკვლავი, რომელსაც შალვა ნათელაშვილი ჰქვია. ის, მართლაც ჩემთვის და ჩემი შვილებისთვისაც არის ვარსკვლავი. მამაკაცი მაინც ძლიერი ხერხემალია, რომლის გარშემოც ვართ შემოკრებილნი და არავინ თქვას, თუ მამაკაცი არ არის თბილი, მოსიყვარულე, ის ოჯახი შემდგარია. მხოლოდ ქალზე არ არის დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა. ღვთის ნებით შევხვდით ერთმანეთს და ღვთის ნებით გაჩნდნენ ჩვენი შვილები. ჩვენ გავაჩინეთ და გავზარდეთ ნამდვილი ქართველები. სადაც არ უნდა იყვნენ, რომელ ქვეყანაშიც, ყოველთვის იამაყებენ თავისი ქართველობით, იქნებიან შესანიშნავი სახე თავიანთი ქვეყნის, დანარჩენს, დრო გამოაჩენს, მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. დარეჯანი ძალიან კარგად წერს. საერთოდ, ყველა ადამიანს სჭირდება თვითონ გადალახოს ბარიერი როდესაც ის ირწმუნებს საკუთარ ძალებს და მაგალითად, ის, რაც დაკომ დაწერა, დახატა, მოკლედ, რაც შექმნა მნიშვნელოვანია არა მარტო მისთვის, არამედ სხვისთვისაც. ეს მომენტი როცა დადგება დაკოს ცხოვრებაში, ის ხმამაღალ განაცხადს გააკეთებს თავის კარიერაში. მე ასე მჯერა.
– თქვენი მეუღლე სულ იბრძვის, სულ რაღაცის დამტკიცებას ცდილობს, სულ დაძაბული და ემოციურია თავის გამოსვლებში. ცხადია, ძალიან უნდა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დალადგეს და ყველას ოცნებაც ეს არის, მაგრამ, თითქოს პოლიტიკური იღბალი მის მხარეს არ არის და უკუღმა ტრიალებს. არასდროს გითქვამთ, რომ ჩამოშორებულიყო პოლიტიკას და სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი? მე ვიცი, რომ ძალიან კარგი იურისტია, ასტრონომი, ბიოლოგი, ყველაფერში საკმაოდ კარგად ერკვევა.
– ეს რომ მეთქვა ჩემი ქმრისთვის, მაშინ სუსტი ქალი ვიქნებოდი, რომელსაც არ შეუძლია რეალობისა და შალვას შესაძლებლობების შეფასება. თუ შალვა არ იქნება, მაშინ ვინ უნდა იყოს? თუ ყველა ჭკვიანი ადამიანი, მშრომელი, ინტელექტუალური ჩამოშორდება თავის საქმეს და წავა ქვეყნიდან, მაშინ ვის უნდა ვანდოთ ის? იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში დროთა განმავლობაში პოლიტიკური კულტურა დაიხვეწება და ოპონირება გახდება უფრო ცივილიზებული და არა ცილისმწამებლური. ძალიან უთანასწორო ბრძოლაა.
– ქართველ კაცებს არ უყვართ აქტიური ქალები, მით უმეტეს, თუ ის მისი ცოლია და ცდილობს, ქმრის გარშემო არსებული მოვლენების ეპიცენტრში იყოს. როგორია ამაზე ბატონი შალვას აზრი?
– მისთვის აბსოლუტურად მისაღებია, როცა ცოლი ქმარს გვერდში უდგას, ერთმანეთს აზრს ეკითხებიან, ერთმანეთის რჩევებს ისმენენ. რა თქმა უნდა, მას ეს არ აღიზიანებს, ისიც აფასებს მეუღლის ინტელექტუალურ და გონებრივ შესაძლებლობებს და დასკვნებს აკეთებს – რა შემიძლია გავაკეთო მისთვის და ზოგადად საქმისთვის. მაგრამ მე არ მაქვს იმის სურვილი, რომ აქტიურად ჩავერთო პოლიტიკაში. მგონია, რომ ზურგში უფრო ძლიერად დავუდგები, ვიდრე პარტიულ საქმიანობაში.
– თქვენ ყველაზე უკეთ იცნობთ მას. გვითხარით, როგორი ადამიანია?
– ძალიან კეთილშობილი, არ იცის ბოღმის გულში ჩადება, რაღაცის აკვიატება, დამახსოვრება, რაც ძალიან კარგი თვისებაა პოლიტიკოსისთვის. ის ხშირად პატიობს ბევრ შეცდომებს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს და ყოველთვის აძლევს მათ შანსს, დაფიქრდნენ და გამოასწორონ შეცდომები, რაც შეეხება გაბრაზებას, უმიზეზოდ არ გვიბრაზდება. მე ყოველთვის ვჩუმდები, რადგან ვიცი, რომ მალე გაუვლის და ისევ მოგვეფერება. ძალიან უყვარს თავისი შვილები და იმ მცირე დროსაც, რომელსაც სახლში ატარებს, უნდა, რომ სულ ბავშვების გვერდით იყოს. უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს, შეუძლია მათ საათობით დაუჯდეს და ათასგვარ თემაზე ესაუბროს. თუ ბაზალეთში ვართ, შეუძლია მოგვემსახუროს, მწვადი შეგვიწვას ან ყავა მოგვიდუღოს, ოღონდ აპარატში. რომ გითხრათ, ძალიან მჭამელია-მეთქი, ტყუილი იქნება, ფაქტობრივად, ჩვენ ვახშამი არ გვაქვს ოჯახში, უკვე ბევრი წელია. ერთი ჭიქა მაწონია მისი ვახშამი. შალვას ყოველ საღამოს ხვდება ერთი ჭიქა მაწონი. ასე რომ, როგორც დიასახლისს, ძალიან დიდი დატვირთვა არ მაქვს სახლში. ერთადერთი, მინდა, რომ სადილი ჰქონდეს ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული, ვიტამინებით სავსე. ამიტომ, ყოველდღე ვუგზავნი სადილს სამსახურში, მძღოლს ვატან. ქუჩაში ხომ არ ვაყიდინებ. მართალი გითხრათ, ხორცი ნაკლებად უყვარს. მისი სადილია თევზეული, სოკო სხვადასხვანაირი, სალათები, ხილი. თევზზე ხუმრობს კიდეც – მგონი, ლაყუჩები გამომივიდა ამდენი თევზის ჭამითო.
– ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ახლა, წარსულში დავბრუნდეთ, როგორც ვიცი, სანამ ცოლად გაჰყვებოდით, მოსკოვში ცხოვრობდით საკმაოდ კარგად და კარგი სამსახურიც გქონდათ. ამ გადასახედიდან, ასეთი დაძაბული პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, არ ნანობთ, რომ ყველაფერი მიატოვეთ და ცხოვრება საქართველოში, პოლიტიკოსი ქმრის გვერდით გააგრძელეთ?
– მე მოსკოვში ვცხოვრობდი, საკუთარი ბინა მქონდა, ვკითხულობდი ლექციებს, რაღაც პერიოდი ვმუშაობდი, ყოველ შემთხვევაში, სადაც ვიყავი, ცუდად არ ვიყავი. კარიერაც არაჩვეულებრივი მქონდა, ეკონომიკის დარგში ბევრი ნაშრომი მაქვს გამოქვეყნებული და, თუ ამ გზას გავყვებოდი, უფრო მშვიდი ცხოვრება მქონდა გარანტირებული. რამდენჯერ წამომცდენია, რომ არ წამოვსულიყავით, უფრო მშვიდად ვიქნებოდით-მეთქი, მაგრამ ეს, ალბათ, პატარა ქალური სისუსტეა. სინამდვილეში კი, ასე არ ვფიქრობ, ყველა ქართველი უნდა შეეცადოს, თავის ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადოს. სიყვარული სულს სხვა რაღაც არის. რომ დავრჩენილიყავი მოსკოვის ბინაში, მქონოდა სამსახური და არ მყოლოდა გვერდით შალვა, ძალიან უინტერესო იქნებოდა ცხოვრება. ეს აბსოლუტურად სხვა განზომილებაა. მშვიდი ცხოვრება საქართველოში მარტო ჩვენ კი არა, არავის აქვს. ეს რეალობაა, რომელსაც ან ეგუები, ან მიდიხარ ამ ბრძოლაში, ან უნდა გაექცე და მე, როგორც უკვე გითხარით, არ ვარ ისეთი სუსტი, რეალობას გავექცე ან პირიქით, შევეგუო რაღაცას.
– ბევრჯერ გქონიათ ცხოვრებაში პოლიტიკურად რთული მომენტი. თვითონ აშკარად რისკიანი ადამიანი ჩანს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ადვილად შეიძლება, უფსკრულისკენ წავიდეს. ალბათ, გიჩნდებათ სურვილი, ხელი სტაცოთ, რომ ფეხი არ დაუცდეს.
– მე არ მიმაჩნია, რომ უფსკრულისკენ მიექანება, ეს შალვას ხასიათი არ არის. პირიქით, ვინც უფსკრულისკენ მიგვაქანებს და მიექანება, სწორედ მათთვის არის შალვა მაღვიძარა. ასე რომ იყოს, ცხადია, ავაცილებდი ამას, თორემ უფსკრულში გადავარდნა ძალიან ადვილია. როცა პოლიტიკური თამაშები მიდის, რაღაც ფსონები იდება და ყოველთვის უნდა გათვალო. რისკის ფაქტორები სულ არის ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მით უმეტეს, როცა ოპოზიციაში ხარ.
– რაც არ უნდა ძლიერი და ბედნიერი იყო, ზოგჯერ თავს მარტოდ გრძნობ – მოვიწყენთ, ვტირით. ალბათ, თქვენც გიტირიათ?
– რა თქმა უნდა, იყო ასეთი მომენტები, მაგალითად, როცა შალვა საოპერაციოდ წაიყვანეს და არ მოველოდი, თუ ასეთი მძიმე ოპერაცია ელოდა. საშინელი განცდა იყო, როცა საოპერაციოში შეიყვანეს და მე დავრჩი მარტო, მარტო ფიზიკურად, თორემ სულიერად მარტო არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის მგონია, რომ ღვთისმშობელი ჩემ გვერდითაა. აი, მაშინ ბევრი ვიტირე, რადგან არ ვიცოდი, რით დამთავრდებოდა ყველაფერი. ეს იყო გულთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ხელოვნურად იყო გამოწვეული. ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ერთსა და იმავე დროს, პრეზიდენტობის ორი კანდიდატი – ბადრი პატარკაციშვილი და შალვა ნათელაშვილი ერთი და იმავე დიაგნოზით იღუპებოდნენ. ამიტომ, ჩემთვის ეს დარჩა დიდ გამოცანად – რა მოხდა მაშინ? 9 თებერვალს ბადრი დაიღუპა და თვის ბოლოს შალვას გაუკეთეს ოპერაცია. სულ დაძაბული ვარ, მაგრამ შალვას ვერ შევცვლი. იმიტომ რომ ეს არის მართალი ადამიანი და არასოდეს წავა კომპრომისზე ბოროტებასთან. ის მისია, რაც მას უფალმა დააკისრა, უდიდესი მადლია. გაცილებით კომფორტულია წაუყრუო, იქ რაღაც არ თქვა და გაჩუმდე, არც ოჯახი ინერვიულებს, არც არავინ, არც დაძაბული იქნები, ჯანმრთელობაც უკეთესი გექნება, მატერიალური მდგომარეობაც... როდესაც მოქალაქეთა კავშირი იქმნებოდა, ეხვეწებოდნენ, მოდიო. პარლამენტის თავმჯდომარე თუ არა, ვიცე-სპიკერი, ან მინისტრი მაინც იქნებოდა. იგივე სააკაშვილმა უთხრა „ვარდების რევოლუციის” შემდეგ – გვერდში დაგვიდექიო. ასევე, გაცილებით კომფორტულად იქნებოდა, ივანიშვილთან რომ ყოფილიყო. იმიტომ არის ადამიანებს დიდი თავის ტკივილი რომ არ სჭირდებათ: ჯერ შევარდნაძეს მოიხმარენ მშვიდობაში, მერე – სააკაშვილს, მერე – ივანიშვილს და სულ ასე იქნებიან. ხელფასები ექნებათ პარლამენტში, კარგად უზრუნველყოფილნი იქნებიან თვითონაც და თავიანთი ოჯახებიც, არც მწვადს დაწვავენ და არც შამფურს. მაგრამ, ასევე, ყოველთვის იქნება რაღაც, ნაწილი ერისა, რომელიც გამოგაფხიზლებს. „...დაიხსომე, განჯღრევდი და გაფხიზლებდიო...“ შალვას ძალიან უყვარს ეს ლექსი და ხშირად იმეორებს. ყოველთვის უნდა ჰყავდეს ერთი ისეთი კაცი ქვეყანას, რომელიც შეანჯღრევს და გამოაფხიზლებს საზოგადოებას. ეს არის პრინციპული ადამიანი, რომელიც ყოველთვის იქნება თავის პოზიციაზე და მას თანამდებობებით, სკამებით, ოქროთი, ვერცხლით, ფულით ვერ მოხიბლავ. მისთვის არ არსებობს არანაირი მატერიალური. წლები გავა და ალბათ ისტორია გადაიხედება, გადაფასდება, ყოველ შემთხვევაში, მოვა დრო, რომ დაფასდება ეს სიმართლე. ამის, რომ არ მჯეროდეს, ფუჭად ჩავთვლიდი მთელ ცხოვრებას და თუ არ დაფასდება, კიდევ არის ერთი სამსჯავრო – უფლის, სადაც შალვა ნათელაშვილი, როგორც ერთი მართალი კაცი, ყოველთვის პირნათელი წარდგება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დანარჩენი ყველაფერი კი, წარმავალია.
– ერთ ძალიან ლამაზ ადგილას ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ, ბაზალეთში, სადაც ბატონი შალვას მშობლები ცხოვრობდნენ. ალბათ, ყველა სიამოვნებით დაისვენებდა იქ.
– შალვას რომ გავყევი, ბაზალეთში ეს სახლი ჰქონდა. ბავშვები რომ მოვნათლეთ, მთელი პარლამენტი დავპატიჟეთ. ყველამ ნახა, რომ სულ არ იყო მაშინ შალვა პოლიტიკაში და ეს ყველაფერი ჰქონდა, რასაც ძალიან დიდი შრომითა და ძალისხმევით მივაღწიეთ. ყოველ კვირა დღეს, რომ არ მივიდეს და იქაურობას არ მოეფეროს, არ შეუძლია. თითოეულ ხეს, ეფერება. იცით, რა ლამაზი მოვერცხლისფრო ნაძვები გვაქვს?! განსაკუთრებით ზამთარშია კარგი სანახავი. ღმერთი თუ ინებებს, რომ დავბერდეთ, ალბათ, იქით წავალთ და ვიცხოვრებთ მე და შალვა.
– წარმომიდგენია, ზამთარში საღამო ხანს, ბუხართან ზიხართ. ირგვლივ საოცარი სიწყნარეა, ლამპის შუქზე წიგნს კითხულობთ, ან მემუარებს წერთ. თქვენს ოჯახში მაინც ყველა წერს, თან ძალიან კარგად.
– მემუარების წერა ჯერჯერობით ადრეა და როცა დრო მოვა, მართლაც იმდენი მწერალია ამ ოჯახში, ვიღაც, ნაყიდ ექსპერტებსა და ისტორიკოსებს ვერ ვანდობთ ჩვენს წარსულსა და აწმყოს. თვითონ დავწერთ და აღვწერთ დეტალურად ჩვენს მთელ ცხოვრებას – როგორ გვიცხოვრია, როგორ გვიშრომია, გვიბრძოლია და როგორი გულწრფელები ვიყავით მართლა ამ ბრძოლაში.