რატომ არ არსებობს სომხეთში ნარკომანიის პრობლემა და რატომ მიიჩნევა აზერბაიჯანში ნარკოტიკის მოხმარება ტრადიციის ნაწილად
მართალია, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ საუბრები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე დაიწყო და პარლამენტის შესაბამის კომიტეტში შესაბამისი კანონპროექტიც დევს, თუმცა საკითხი ადგილიდან არ დაძრულა. უფრო მეტიც, მარიხუანის ლეგალიზაციას მომხრეებიც გამოუჩნდნენ და ამ მიზნით აქციის მოწყობასაც კი გეგმავენ. არის თუ არა გონივრული მარიხუანის ლეგალიზაცია საქართველოში მოტივით, რომ ყველა მსურველი მაინც ეწევა. რა გართულებებს იწვევს მარიხუანის მოხმარება, რატომ მიიჩნევა ის (თან სრულიად მცდარად) უვნებელ ნარკოტიკად და რას ნიშნავს დეკრიმინალიზაცია, – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ნარკოლოგ გელა ლეჟავასგან შევეცდებით.
– მარიხუანის დეკრიმინალიზაციას აქვს რამე კავშირი მარიხუანის თავისუფლად გაყიდვასთან?
– არის ზოგიერთი ადამიანი, ვისაც ისე ესმის, როგორც თქვენ ამბობთ. არადა, დეკრიმინალიზაცია ნიშნავს მარიხუანის მომხმარებლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას, რაც არ ნიშნავს დაუსჯელობას. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი და, ასევე, ადმინისტრაციული კოდექსი. ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის, ორთვიან პატიმრობასაც კი. როდესაც ლაპარაკია მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე, იგულისხმება, რომ მარიხუანის მოხმარებას მოეხსნას სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი, რასაც მე ვემხრობი. დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ მარიხუანის მოწევა თავისუფლად იქნება შესაძლებელი. დეკრიმინალიზაციის იდეაა, რომ მარიხუანის მომხმარებელი პირებისთვის აკრძალვისა თუ შეკავების ზომები იყოს მათი ქმედების ადეკვატური. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარიხუანის ერთხელ მოწევისთვის ადამიანის ციხეში ჩასმა მეტისმეტია, გინდა, ორჯერ და სამჯერ მოწევის გამოც. ამიტომაც არის მოსაზრება, რომ მოიხსნას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოხმარებაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. არ შეიძლება, მხოლოდ დეკრიმინალიზაცია ჩაატარო, იმიტომ რომ მაშინვე გაიზრდება ნარკომანთა რიცხვი საქართველოში.
– რატომ?
– ძალიან მომწონს პრეზიდენტ ობამას გამონათქვამი ნარკომანიის შესახებ. ის ამბობს, წამალდამოკიდებულება არის ისეთი მოვლენა, როგორიც შიდსი ადამიანის ორგანიზმისთვის, რადგან, როგორც შიდსიან ადამიანს იოლად ემართება ყველანაირი დაავადება, რომელიც კლავს მას, ასევე, ქვეყანაში, რომელშიც წამალდამოკიდებულებაა გავრცელებული, მაღალ დონეზეა კორუფცია, მძიმე მდგომარეობაშია ხალხის ჯანმრთელობა. იცით, რომ უკრაინაში უბედურება ტრიალებს შიდსის გავრცელების თვალსაზრისით და ძალიან მაღალია კრიმინალი. ამიტომ ცხადია, ყველა ზომა, რომელიც იქნება გამოყენებული, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ არ გაიზარდოს ნარკომანთა რიცხვი.
– თითქოს ყველამ ყველაფერი იცის მარიხუანის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში თითქმის არავინ – არაფერი.
– არსებობს ლეგენდა, რომ მარიხუანის მოწევა არაფერია. თუ არ ხარ არასრულწლოვანი და მძღოლი, მართლაც, ერთი-ორჯერ მოწევ და უკვალოდ ჩაივლის, მაგრამ დღეს უკვე დადასტურებულია, რომ მარიხუანაზე ვითარდება დამოკიდებულება. ამის მარტივი საბუთი ის არის, რომ დღეს ევროპის ნარკოლოგიურ დაწესებულებებში 30-დან 35 პროცენტამდე წვანან პირები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მარიხუანაზე. ესე იგი, მათგან მესამედზე მეტი, ვინც მკურნალობს წამალდამოკიდებულებას, დამოკიდებულია მარიხუანაზე, ანუ მარიხუანა არის ნარკოტიკი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მეორე: თუ გამოჰკითხავთ დანარჩენებს, ვინც მკურნალობს, აღმოჩნდება, რომ მათგან ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიწყო მარიხუანის მოწევით. ამიტომაც მიიჩნევა მარიხუანა, როგორც ნარკოტიკების კარიბჭე.
ამდენად, მართალია, ერთი და ორი მოწევა არ იძლევა კატასტროფულ შედეგს, მაგრამ ცნობილია, რომ 100 ადამიანიდან, რომელმაც მარიხუანის მოწევა დაიწყო, 20-25 გახდება დამოკიდებული, კიდევ 40 კი – გადავა მძიმე ნარკოტიკებზე.
– დეკრიმინალიზაციამ რატომ უნდა შეამციროს მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობა?
– ცნობილია, რომ სასჯელის სიმძიმე კი არ წყვეტს პრობლემას, არამედ სასჯელის გარდუვალობა. ის კი არ არის საქმე, რომ მარიხუანის მეორე თუ მესამე მოწევისთვის გადავახდევინოთ პირს 5 000-ლარიანი ჯარიმა, არამედ ის, რომ ის თითოეული მოწევის გამო დავაჯარიმოთ, თუნდაც, ეს იყოს 200 ლარი. თუ ჩვენ დეკრიმინალიზაციას ვაპირებთ, ცვლილებები უნდა შევიდეს ადმინისტრაციულ კოდექსში. ადამიანი, ვინც ერთხელ და ორჯერ დააკავეს მარიხუანის მოწევის გამო, დავაჯარიმოთ 200 ლარით, მაგრამ შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებული უნდა იყოს, გამოცხადდეს ყოველ კვირას შემოწმებაზე, იღებს თუ არა ნარკოტიკს და, თუ იღებს, კვლავ დავაჯარიმოთ. ესე იგი, მარიხუანის მომხმარებელი უნდა მოექცეს კონტროლის ქვეშ სახელმწიფოს მხრიდან.
– ანუ პირი სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს მას შემდეგ, რაც ერთხელ მაინც იქნება შემჩნეული მარიხუანის მოწევაში?
– დიახ, ასეთი ზომები ტარდება უცხოეთშიც: კონტროლზე აჰყავთ, აჯარიმებენ, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას აიძულებენ, გამოიყენება შინა პატიმრობაც, არ შეუძლია სახლიდან გასვლა საღამოს ექვი საათის შემდეგ; ასევე, გამოიყენება ჭეშმარიტი პატიმრობაც 2 კვირით, 20 დღით, ორი თვით. ასე რომ, ღონისძიებათა კომპლექსი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ პიროვნებას ვუბიძგოთ, თავი დაანებოს გასართობად დაწყებულ საქმიანობას.
– დაფიქრდეს, უღირს თუ არა ამდენ წვალებად ერთხელ მარიხუანის მოწევა?
– თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ საშიშროებასაც, რაც მოსდევს მარიხუანის გამოყენებას, იმედი მაქვს, დეკრიმინალიზაცია მოიტანს სარგებლობას, თუ შესაბამის ღონისძიებებს გავატარებთ. მაგრამ ამას დასჭირდება შესაბამისი დაფინანსება, შესაბამისი სტრუქტურის შექმნა, რომელიც მიხედავს ამას, ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში. როდესაც ეს ყველაფერი თავს ერთად მოიყრის, მაშინ შეიძლება, მივიღოთ კანონი დეკრიმინალიზაციის შესახებ.
– ლეგალიზაციის მოთხოვნა რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ?
– პირდაპირ შეგიძლიათ, დაწეროთ, რომ ვინც საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს, არის ქართველი ხალხის მტერი. ლეგალიზაცია ნიშნავს, რომ ყოველგვარი დასჯის გარეშე მოიხმარო ნარკოტიკი, თან, ამას დაამატეთ ჩვენი მძიმე დემოგრაფიული ვითარება და ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგსაც მივიღებთ. მაგალითად, ჩვენს მოძმე სომხეთში, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და შურის თვალით შევცქერი, ფაქტობრივად, არ არსებობს ნარკომანიის პრობლემა, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის ნარკოტიკის მოხმარება ტრადიციულია და მათ ათწლეულების, საუკუნეების განმავლობაში გამოუმუშავდათ გარკვეული ტოლერანტური დამოკიდებულება ნარკოტიკისადმი, ისევე, როგორც ჩვენ – ალკოჰოლისადმი. შევხვედრივარ შუა აზიის მაღალი რანგის სპეციალისტებს, რომლებიც მეუბნებოდნენ, ბატონო გელა, როგორც თქვენ არ შეგიძლიათ ალკოჰოლის გარეშე, ისევე, ჩვენ არ შეგვიძლია ოპიუმის გარეშე. საუკუნეების განმავლობაში გამოგვიმუშავდა წესი, თუ როგორ უნდა მივიღოთ და ნარკოტიკის ამ ტრადიციული მოხმარებით დღემდე მოვედითო. ჩვენთან კი, რადგან ამის ტრადიცია არ არის, ლეგალიზაცია რომ მოვახდინოთ, 10 წელიწადში არც ერთი ქართველი ცოცხალი აღარ დარჩება. ამდენად, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც დღეს მარიხუანის ლეგალიზაციაზე ლაპარაკობს. მარიხუანის მოხმარებაზე აკრძალვის მოხსნა კატასტროფას გამოიწვევს.
– რა ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს მარიხუანის მუდმივი ან არახშირი მოხმარება ადამიანის ორგანიზმზე?
– რომ ჩახედოთ „ვიკიპედიაში“, ნახავთ, რომ მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარებისას არ რჩება არც ერთი ორგანო, რომელიც არ ზიანდება. ქალებში იწვევს მკერდის კიბოს, მამაკაცებში – სასქესო ორგანოების კიბოს, ფილტვების კიბოს, ჰორმონალურ ცვლილებებს. ერთი სიტყვით, ყველანაირ ცვლილებას, თუკი რამ არსებობს. მარიხუანის მოწევას აქვს ერთი თავისებურება, რაზეც მაღალი რანგის საერთაშორისო სპეციალისტები ხმამაღლა არ ლაპარაკობენ: სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში იმიტომაა ცხოვრების დაბალი დონე, რომ ისინი ეწევიან მარიხუანას, რომელსაც აქვს ერთი თვისება, ადამიანს უქრება მისწრაფებები წინსვლის, განვითარების. მშვენივრად არის, თუ ყოველდღიურად იშოვა მარიხუანის ერთი ან ორი ულუფა, აღარ აინტერესებს ფოსტლები აცვია თუ ფეხსაცმელები, როგორ სახლში ცხოვრობს. ქართველებს ისედაც არხეინი ცხოვრება გვიყვარს და, თუ ამას მარიხუანის ლეგალიზაციას დავამატებთ, კატასტროფულ შედეგს მივიღებთ.
თუ ლეგალიზაცია მოხდა, როგორ გაკონტროლდება, რომ 12 წლის ბავშვმა არ მოწიოს მარიხუანა?! არადა, განსაკუთრებით, მძიმედ მოქმედებს მარიხუანა ბავშვის ორგანიზმზე. ცვლის მის ფსიქოლოგიას. იცით, რომ 18 წლამდე ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბება. ამ დროს ყალიბდება თავის ტვინში სიამოვნების და უსიამოვნების ცენტრები. ვინც მარიხუანას ეწევა, მას ძალაუნებურად ეცვლება სიამოვნების ცენტრის ზღურბლი, ის სხვანაირად ყალიბდება. ამიტომ ასეთი პიროვნება აღარ კმაყოფილდება სიამოვნების ჩვეულებრივი განცდებით, რითაც ჩვულებრივი ადამიანი კმაყოფილდება, ეძებს რაღაც ახალს და ამიტომაც არის, რომ მარიხუანის მომხმარებლები შემდეგ უფრო მძიმე ნარკოტიკებზე გადადიან.
– ისე, ლეგალიზაციის შემთხვევაში რა გამოდის, აქ მწარმოებლები გაჩნდებიან და შემომტანებიც? ბიზნესი გახდება?
– ჯერ ერთი, თუკი ვინმეა ნარკოტიკის მსურველი, ყველა აქ ჩამოვა, არადა, ისედაც არ ვიცით, საქართველოში, ვინ რატომ შემოდის. თუ მშვენიერ კლიმატს, ვიზების არარსებობას დაემატა იაფფასიანი მარიხუანა, წაილეკება საქართველო.
– დიდი სპეციალისტი არ ვარ ამ საქმეში, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ბიომოსაწევი რა არის?
– კარგია, რომ ეს თემა ახსენეთ. მაფიამ გადაწყვიტა, რაღა რგას ეს მცენარეები, აგროვოს, დაფშვნას, გადაიტან-გადმოიტანოს და ასე შემდეგ, ამიტომ პირდაპირ ქიმიურად გააკეთეს. მარიხუანის ათამდე ქიმიური ნაირსახეობა შექმნეს. ფორმულები ოდნავ განსხვავებულია, ამიტომ მათ მიერ გაკეთებული ეგრეთ წოდებული „სპაისები“ არ შედის გაეროს ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალში და თავისუფლად იყიდება. დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევიტანოთ „სპაისები“ ჩვენს კანონმდებლობაში. რამდენიმე თვეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ნივთიერებები გაუტოლეს მარიხუანას და მათზე გაავრცელეს ყველა აკრძალვა. საქართველოში, კანონში, გვაქვს ანალოგის ცნება, მაგრამ ვერაფრით მივაღწიეთ, რომ ეს ანალოგები ამუშავდეს და ეს ყველაფერი ჩამოკიდებულია ჰაერში.
– და გამოვლენაც ვერ ხდება?
– გამოვლენაც საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ამას სპეციალური ტესტები სჭირდება: ზოგი იქმნება, ზოგი შექმნილი არ არის, მაგრამ ის მაინც გავაკეთოთ, რომ შემოტანაზე დავიჭიროთ, თუ მომხმარებელს ვერ ვიჭერთ და ლეგალიზაცია ხომ საერთოდ დაამძიმებს ვითარებას.
– ბიომოსაწევი უფრო მავნებელია თუ ნატურალური მარიხუანა?
– ბიო უარესია, იმიტომ რომ ახალი შექმნილია და არავის შეუსწავლია მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. მარიხუანის მოქმედება შესწავლილია საუკუნეების განმავლობაში, ბიოს საზიანო თვისებები კი არავინ იცის. ამას დასჭირდება რამდენიმე წელიწადი, რომ გამოვლინდეს, ადამიანზე ხომ ვერავინ ჩაატარებს ექსპერიმენტს?!
– მარიხუანა, განსხვავებით ყველა დანარჩენი ნარკოტიკისგან, ყველაზე დიდხანს რჩება ორგანიზმში. ეს იწვევს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს?
– ის იხსნება ცხიმში, ამიტომაც არის, რომ მარიხუანა ისეთ მძაფრ „ლომკას“ არ იწვევს, ცხიმში რჩება და ნელ-ნელა გამოდის ორგანიზმიდან. უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა ნარკოტიკი არის საწამლავი, რომელიც მეტ-ნაკლებად წამლავს ორგანიზმს. ხშირად მომყავს ეს მაგალითი: ადამიანს აქვს სისტემები, რომლებიც არეგულირებენ სიამოვნებას და და უსიამოვნებას ადამიანის ორგანიზმში, ორგანიზმი ცდილობს, დაარეგულიროს. როდესაც ორსული ქალი ზაფხულში მოდის დიდი მუცლით და ბედნიერი სახით, ეს იმიტომ, რომ გამომუშავდება ენდორფინები, რომლებიც ფარავენ სიმძიმის გრძნობას, დისკომფორტს. ორგანიზმი თვითონ ზრუნავს ამაზე. როდესაც ადამიანი იწყებს ნარკოტიკის მიღებას, ირღვევა წონასწორობა სიამოვნებასა და უსიამოვნებას შორის. როდესაც ორგანიზმში შედის სიამოვნების მომგვრელი ნივთიერებები, ეს იქნება მორფინი თუ კანაბისი, ორგანიზმი ამას, ერთი მხრივ, ებრძვის, ცდილობს, რაც შეიძლება, მალე გაიყვანოს ორგანიზმიდან და, მეორე მხრივ, ცდილობს, თვითონ რაც შეიძლება, ნაკლებად გამოიმუშაოს ეს ნივთიერება. ამიტომ, როდესაც ადამიანი წყვეტს ნარკოტიკის მიღებას, აღმოჩნდება, რომ გარედანაც ვერ იღებს და ორგანიზმის მიერ სიამოვნების გამომწვევი ნივთიერების გამოყოფაც შემცირებულია. ეს კი იწვევს მძიმე რეაქციას.
– ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ ანტინარკოტიკული აღზრდა ბაღებიდან და სკოლებიდან?
– ჯერ მასწავლებლებს უნდა ვასწავლოთ. პედაგოგობის მსურველებისთვის აუცილებელია სპეციალური სალექციო კურსი, რომ მათ ავუხსნათ, რა არის ეს. ამიტომაც ვამბობ, რომ დეკრიმინალიზაცია ღონისძიებათა კომპლექსია. მაგალითად, უცხოეთში 12-14 წლის ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური პედაგოგიური ერთეული, რომელიც იხილავს, თუ რატომ ვერ სწავლობს ბავშვი, რატომ არღვევს დისციპლინას და ასე შემდეგ. დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ მერვე ბავშვს სჭირდება ასეთი დახმარება, ყოველ მეთორმეტეს კი – ექიმისა და ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ნორმიდან გადახრა აქვს. ამ დროს კი ჩვენთან ყოველწლიურად სახელმწიფო თითო მოქალაქეზე ანტინარკოტიკული ღონისძიებებისთვის ხარჯავს ლარზე ნაკლებს, არადა, ევროპაში – 60 ევროს, ჰოლანდიაში, რომელიც ჩვენთან ზოგიერთს მოსწონს, 117 – ევროს. როგორ შეიძლება, რომ ჩვენ მათი მსგავსი კანონები გვქონდეს?! ყველაზე მეტი თანხა ანტინარკოტიკული ღონისძიებებისთვის სწორედ ჰოლანდიაში იხარჯება. თუ ყველაფერი რიგზეა, რატომ ხარჯავენ ამდენ თანხას?! ასე რომ, მარიხუანის დეკრიმინალიზაციას სერიოზული მუშაობა სჭირდება და ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ პროფესიონალები, იმას გარდა, რომ განხორციელებისთვის საჭიროა დრო და თანხა.