კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უჭერს მხარს კოალიციის შიგნით კობა დავითაშვილის კრიტიკას, ვისთანაც ერთად მოდის ხელისუფლებაში და რატომ მობეზრდა ერთი და იმავე კინოს მესამე სერიის ყურება

ისე მოხდა, რომ ის ყველა იმ პარტიის საქმიანობას აკრიტიკებდა, ვისთანაც ერთად ხელისუფლებაში მოდიოდა. ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი პირველია მათ შორის, ვინც კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მისი აზრით, სუსტი წერტილებისკენ მიუთითებს. რა მოსწონს და რაში არ ეთანხმება დღევანდელ მმართველებს,– ამ თითქმის რიტორიკულ კითხვაზე კობა დავითაშვილი თავად უპასუხებს.  

– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ მმართველი ძალის მოქმედებაში?

– ძალიან ზოგადი შეკითხვაა და ჩემგან მოითხოვს თქვენი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებას. მე თვითონ უნდა გავიხსენო თემები.

– მე კი ვიფიქრე, მეტი თავისუფლება მოგანიჭეთ.

– მესმის, მაგრამ ეს გადაიზრდება ჩემს სარედაქციო სტატიაში.

– კეთილი, სხვანაირად გკითხავთ. როდესაც კოალიციასთან გაერთიანდით...

– უნდა განვმარტო: ჩემი მდგომარეობა ცოტა პარადოქსული და უცნაურია. მე ვარ „ხალხის პარტიის“ ლიდერი, მაგრამ კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ „ხალხის პარტია“ არ გახდებოდა კოალიციის წევრი, განსხვავებით ექვსი პოლიტიკური პარტიისგან.

– მე იმას ვგულისხმობდი, რომ თქვენ სწორედ კოალიციის მეშვეობით მოხვდით საკანონმდებლო ორგანოში?

– პარტიულ სიაში შემიყვანეს, ოღონდ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ბატონები გია ჟორჟოლიანი და გია გაჩეჩილაძე. „სახალხო პარტია“ არ არის კოალიციის წევრი, ამიტომ არც ხმის უფლება გვაქვს პოლიტსაბჭოზე, ჩვენ უბრალოდ ვართ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და, ამდენად, თუ ჩვენზე რამე დისციპლინა ვრცელდება, ეს არის ფრაქციული დისციპლინა.

– დავასრულებ შეკითხვას:  როგორც ელოდით, ისე განვითარდა მოვლენები კოალიციის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ?

– ძალიან ბევრი დარგის შეფასება გამიჭირდება. მაგრამ მთავარი დაპირება, მართლმსაჯულების განხორციელება და სამართლიანობის აღდგენა, ვერ შესრულდა. კოალიციის წევრები ხშირად ამბობენ, ჩვენ თვითონ არ ვისაუბროთ ამაზე და მიმდინარეობს ეს პროცესიო. თუმცა ძალიან დიდი ჭრიალით მიმდინარეობს, რასაც აქვს თავისი მიზეზი, მათ შორის, ობიექტური –  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სასამართლოს კონტროლი. ოღონდ არის სუბიექტური მიზეზებიც: სასამართლო რეფორმების გაჭიანურება, ვენეციის კომიის დასკვნის არდალოდება, შემდეგ ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება, გავცდით კიდეც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ეს ყველაფერი ზედმეტი ლოლიავი მგონია. გასაგებია, რომ ევროპასა და ამერიკაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს გავლენიანი მფარველები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ მისტირიან, არამედ, თავიანთ თავს დასტირიან, რადგან მოუწევთ, აუხსნან საკუთარ მოსახლეობას, რაზე ხარჯავდნენ მათ ფულს და რატომ უჭერდნენ მხარს ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ხოცავდა და აწამებდა ადამიანებს. ამის გამოაშკარავება მათთვის არ არის ხელსაყრელი და სულ რომ არ ეხატებოდეთ გულზე სააკაშვილი და დარწმუნებული ვარ, დღეს თავში იცემენ ხელს, ეს ვის გადავეკიდეთო, მაინც იცავენ, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს იცავენ. ამიტომ ჩვენ იქ, იმ საზოგადოებაში, უნდა მოვნახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველების ოპონენტები, დემოკრატიულ ქვეყანაში ეს რთული არ არის –  ყველა პოლიტიკოსს ჰყავს თავისი ოპონენტი და მათ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ ვისზე ხარჯავდა მათი ოპონენტი თავისი გადასახადის გადამხდელის ფულს და დანარჩენს ჩვენი უნებლიე მოკავშირეები თავად გააკეთებენ.

– ეს რატომ არ კეთდება. თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ?

– შეიძლება, რაღაც ხიბლია, გადავარჩინოთ „ნაციონალური მოძრაობა“, ამისთანა ტკბილი ოპოზიცია არ გვეყოლება, თუ რამეს გვეტყვიან, თავში წამოვარტყამთ და ვეტყვით, აქამდე, 9 წელი რას აკეთებდითო. ეს ძალიან კომფორტულია, მაგრამ ცუდია ქვეყნისთვის. ჯერ ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა ისხდნენ და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და, მეორე, ასეთმა ოპოზიციამ მართალიც რომ თქვას, არ დაეჯერება, იმიტომ რომ თავი აქვს შერცხვენილი. ამ ორი მიზეზის გამო კოჰაბიტაციას არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რაც შეიძლება, სწრაფად ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეჩინოს თავისი ადგილი პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა შუალედურ არჩევნებზე.

– მაგრამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, სულ მცირე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ დაინიშნება.

–  ეს უნდა მომხდარიყო აპრილში. თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოვახდინეთ, მეც დავუჭირე მხარი ბატონ ივანიშვილს, რომ ხელოვნური კრიზისი შეგვექმნა და სააკაშვილისთვის პარლამენტის დათხოვნის უფლება მიგვეცა, მაგრამ ეს ნორმა ამოვარდა და მომეჩვენა, რომ უმცირესობის წარმომადგენლები უფრო იყვნენ დაინტერესებულნი სააკაშვილისთვის უფლებამოსილების შეკვეცით, ვიდრე უმრავლესობა. რადგან  ბევრმა მათგანმა იცის, რომ ახალ პარლამენტში მოხვედრის შანსი არ აქვს და ისიც საკითხავია, რა პროცენტს მიიღებს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, ან მისი ნამსხვრევები. ბევრი დილემა აწუხებთ და ამიტომ ურჩევნიათ, ოთხ წელს გარანტირებულად ისხდნენ პარლამენტში.

– და გარანტირებული 560-ლარიანი პენსიაც ექნებათ.

– დიახ. მაგრამ ქართველ ხალხს ეს ნამდვილად არ აინტერესებს და ჩვენი ამოცანა ვერ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის გადარჩენა.

– რეალური გგონიათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?

– რატომაც, არა, თუ პოლიტიკური ნება არსებობს, შესაძლებელია კონსტიტუციური კრიზისის ხელოვნურად ინიცირება, რაც რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება.

– თქვენ შიგნიდან აკვირდებით მოვლენებს, მზად არის კოალიცია ამისთვის?

– რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება კოალიციის შიგნით, ეს აქამდეც შეიძლებოდა.

– გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, როგორც ამბობენ, უმრავლესობის წევრებიც არ არიან დაინტერესებულები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით, იმიტომ რომ კოალიციის სიაც გადაიხედება.

– არ გამოვრიცხავ, ასე იყოს. შეიძლება, მეც ვერ მოვხვედრილიყავი სიაში ჩემი ასეთი განცხადებების გამო, მაგრამ საქმეს წაადგებოდა გადახალისება.

– თუ ისევ „ოცნებამ“ წაიღო ხმების აბსოლუტური უმრავლესობა და ისევ იგივე სურათი მივიღოთ, რასაც ბოლო 9 წელს ვუყურებდით?

– თუ ხალხი ამას მხარს დაუჭერს, რატომ არ უნდა აისახოს ეს არჩევნების შედეგებზე?!

– ხალხი სააკაშვილსაც უჭერდა მხარს და ჩვენ ისიც ვნახეთ, როგორ გარყვნა ამან ხელისუფალი?

– გასაგებია, მაგრამ ძალაუფლებამ გარყვნა სააკაშვილი, როდესაც იმაზე მეტი მიიტაცა, რაც ხალხმა მისცა. ამასთან, ის სისტემატურად აყალბებდა არჩევნებს. ბოლო შედეგებიც გაყალბებულია, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეალურად ბევრად ნაკლები ხმა მიიღო.

– ესეც ერთგვარი კრიტიკის საგანია, თუ რატომ აღიარა ეს შედეგი „ოცნებამ“ და დათანხმდა „ნაცმოძრაობის“ 40-პროცენტიან წარმომადგენლობას?

– ეს მოგება იყი, ბერკეტი, რომელიც უნდა განვითარებულიყო. ბუნებრივია, დათანხმდა და შევიდა პარლამენტში, მაგრამ შემდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელებულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით და დაჯდებოდა ის ციფრი, რაც რეალურია.

– არ ფიქრობთ, რომ ამდენმა არჩევნებმა შეიძლება, დაღალოს ხალხი და ის უბრალოდ აღარ მივიდეს არჩევნებზე?

– არ მგონია, ხალხს ვატყობ დაღლილობას უმოქმედობითა და „ნაციონალების“ დაუსჯელობით. სხვათა შორის, ფართო გაგებით სამართლიანობის აღდგენაში ვგულისხმობ იმ ვითარებას, რაც შეიქმნა სახელმწიფო აპარატში. სახელმწიფო აპარატში ჩვენთან კვლავ „ნაციონალების“ მოძალებაა. მათთვის არაფერი შეცვლილა, ბევრი მათგანი დაწინაურდა კიდეც. პრემიერი ღიად აცხადებს, რომ მათ ბევრი პროფესიონალი ჰყავდათ თავიანთ გუნდში და საკუთარი გუნდის პროფესიონალიზმით უკმაყოფილოა. ეს შემთხვევითი არ არის და ძალიან სამწუხაროა.

– შემთხვევითი რატომ არ არის?

– როდესაც პოლიტიკური ძალა ოპოზიციაშია, მას გარშემო ახვევია ნონკომფორმისტები, რომლებიც შეეგუვნენ რეჟიმს და ხმას იმაღლებდნენ. შემდეგ ეს ოპოზიციური ძალა მოდის ხელისუფლებაში და უცბად აღმოაჩენს, რომ ის ნონკომფორმისტი ძალიან უხიაგია, შეიძლება, რაღაცაში არ დაგეთანხმოს. ამ დროს მას სამსახურში ხვდება უკვე გამოცდილი კომფორმისტი, რომელიც იმ ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, სამსახურში მიმიღეთ, ბატონო, ეგ კადრების საკითხია და ყველაფერს ვიკადრებო. როდესაც ამას ხედავს, გულის სიღრმეში აღმოაჩენს, რომ ისევ ამ ხალხთან ჯობია ურთიერთობა, რასაც ეტყვი, უსიტყვოდ შეასრულებენ, თუ ცოტას ფეხს გააფაჩუნებს, თავში წამოარტყამ.

– მაგრამ ეს ბეცი გათვლაა: თუ სხვა ძლიერი ძალა გამოჩნდება, ასეთი კომფორმისტი იქ გადაბარგდება.

– მაგრამ ჩვენთან ხომ არავინ ფიქრობს დროებით მოსვლას, ყველა ფიქრობს, რომ მოვედით და მოვედითო.

– კოალიციაც ასე ფიქრობს?

– არის ამის ნიშნები და ეს საზოგადოების პრობლემაა და არა –  კოალიციის. ჩვენთან საზოგადოება ირჩევს არა პოლიტიკურ ძალას გარკვეული ვადით, არამედ, აბსოლუტურ მონარქს.

– მე ვიტყოდი, პატრონს.

– დიახ. რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს მათ ნაცვლად: იშრომოს, იფიქროს, დაგეგმოს, განახორციელოს, სახლში მიუტანოს და დაუწყოს კართან. ეს არის ქართული ოცნება და, აქედან გამომდინარე, შემდეგ ყველა უკმაყოფილოა, არადა, ეს ოცნება ვერასდროს ახდება. საოცნებოა, რომ გქონდეს შრომის ნორმალური პირობები და შენი შრომით მოიპოვო შენი მდგომარეობა ქვეყანაში.

– მკადრებელ კადრებზე ამბობდით…

– ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ქუჩაში იმიტომ, რომ არ შეეგუა უსამართლობას, ახლა ისინი სამართლიანად ითხოვენ თავიანთი უფლებების აღდგენას. მათ ეუბნებიან, ჩვენ დემოკრატები ვართ, სახელმწიფო აპარატს არ ვცვლით და ამიტომ ვერ გავუშვებთ ძველ კადრებს, რომ თქვენ დაგაბრუნოთ. ჩვენ რის მორჩილი სახელმწიფო აპარატი გვინდა: უფროსის  თუ კანონის? თუ უფროსის, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცდილ კადრებზე უკეთესს ვერავის ვნახავთ, ყველაფერს იკადრებენ და თვალს არ დაახამხამებენ. თუ კანონის მორჩილი, მაშინ ის ნონკომფორმისტი გვირჩევნია. მიმაჩნია, რომ საკონკურსო სისტემა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, უპირატესობა მიენიჭოთ მათ, ვინც პრინციპების გამო თქვა უარი თავის პოსტზე. ჩვენთან კვალიფიკაციას, ძირითადად, იმაღლებდნენ უფროსის მლიქვნელობისთვის. გამოცდილი მლიქვნელები კი ჩვენ არ გვჭირდება, ისედაც ბევრი გვყავს. ამ კინოს უკვე მესამე სერიას ვუყურებ და მწყინს. ასე, ვნახეთ გადაბარგება ჯერ „მოქალაქეთა კავშირში“, შემდეგ –  „ნაციონალურ მოძრაობაში“, ახლა –  „ოცნებაში“ და გამოდის, რომ სულ ერთი და იგივე ხალხია ხელისუფლებასა და ოპოზიციაში.

– თბილისში ერთი და იგივე ქალები თხოვდებიან, ქართულ პოლიტიკაშიც ასეა: სულ ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ სხვადასხვა პარტიაში.

– კარგი შედარებაა. ამიტომ ეს თავიდანვე უნდა გავაკრიტიკოთ, სანამ ხელისუფლება ჯერ ისე არ არის წელმომაგრებული, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს კრიტიკა. მიმაჩნია, საკრიტიკოა იმის მხრიდან, ვისაც აქვს კრიტიკის მორალური უფლება და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომლის კრიტიკა უკვე ქებაა. ამდენად, მე მინდა, შევასრულო ეს როლი. თუმცა პასუხად მითხრეს, კრიტიკა იოლია, აბა, პასუხისმგებლობა აიღეო, მეც მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა და ვაჩვენო, როგორ წარმომიდგენია სამინისტროს მოწყობა.

– არ განვრცობილა ეს თემა?

– ეს უფრო ჰიპოთეტური საუბარი იყო. მითხრეს საყვედური, რომ პასუხისმგებლობის ეშინიაო. მე ვუპასუხე, აბა, მომეცით და ნახეთ, მეშინია თუ არა-მეთქი. ბოლოს თქვეს, გვჯერა, რომ არ შეგეშინდებაო.

– ანუ დაგიჯერეს.

– დამიჯერეს, რომ არ შემეშინდება. პირველი, რასაც გავაკეთებ, დავნიშნავ კონკურსს და ჩავდებ პირობას, რომ ყველა, ვინც არ შეეგუა უსამართლობას, იმსახურებს მეტ ქულას, ვიდრე ის, ვინც დარჩა, შეეგუა და კვალიფიკაცია აიმაღლა.

– კოალიციის შიგნით გყავთ თანამოაზრეები კრიტიკაში?

– არიან, მაგრამ მე მხარდაჭერა საჯარო მირჩევნია და არა ფარული.

– ამბობთ, რომ უკვე მესამე სერიას უყურებთ, მაგრამ თქვენც, ასევე, მესამედ იქცევით ასე, ანუ მაშინვე იწყებს იმ პარტიის კრიტიკას, ვისთან ერთადაც მოდიხართ ხელისუფლებაში. თქვენი მოსაწონი პარტია არ არის?

– მე არ ვერიდები იმის კრიტიკას,  რაც არ მომწონს. ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო დაპირებების თემა. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს „ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებზე, ეს პოლიტიკური ნონსენსია. მე, როგორც კოალიციის მონაწილეს, სრული იურიდიული და მორალური უფლება მაქვს, გავაკრიტიკო „ოცნება“, როდესაც ის გადაუხვევს საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებას, ამდენად, სწორედ უმრავლესობის მხრიდან უნდა ისმოდეს მთავრობის კრიტიკა, თუ წინასაარჩევნო დაპირებები არ სრულდება და არა –  ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიცია უნდა ცდილობდეს თავისი პროგრამის უპირატესობის დამტკიცებას და, თუ ხედავს, რომ მთავრობა მის ჭკუაზე გადადის, პირიქით, ტაშს უნდა უკრავდეს. მიწევს ხოლმე ასეთი საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, რომლებიც ძალიან დაჩლუნგდნენ ამ 9 წლის განმავლობაში და დაავიწყდათ, რას ნიშნავს პოლიტიკა და ოპონირება.

скачать dle 11.3