„გულს რად მიკლავ“
ანუ, ვარდები არ არიან…
რაკი ფარული თვალთვალი იმდენად ორგანული გახდა ჩვენი ცხოვრებისთვის, იმის პარალელურად, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრება გადაშლილი წიგნია დაინტერესებული სახელმწიფო მოხელეებისთვის, სავსებით ბუნებრივია, რომ გასულ კვირას „თბილისი მერიოტში“ ფარული თვალთვალისა და პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კონფერენციაც კი გაიმართა.
მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ქ-ნი გიგაური დარწმუნებულია, რომ შსს-ს კვლავაც აქვს საშუალება, მოისმინოს ჩვენი სატელეფონო საუბრები.
ხოლო, რადგან სატელეფონო საუბრების მოსმენის საშუალებას შესაბამის სტრუქტურებს მობილური ოპერატორები აძლევენ (მეორე მხრივ, არ მისცემენ და მათი აჯობებს), ბუნებრივია, მათი დახმარების გარეშე ეს საქმე ვერ იქნება.
თუმცა, გვაიმედებენ, რომ მობილური ოპერატორები პიონერულ მზადყოფნაში არიან, ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეს მანკიერი პრაქტიკა აღკვეთონ, ყოველ შემთხვევაში, კანონიერ ჩარჩოებში მაინც მოაქციონ.
ჩვენ არ ვიცით, გაუძლებს თუ არა ამ ცდუნებას სხვის პირად ცხოვრებაში თვალისა და ხელის ფათურს მიჩვეული სისტემა (იმის გათვალისწინებით, რომ სისტემაში კვლავ ძველი კადრები მუშაობენ), თუმცა, პირადად მე, ფრიად მომაკლდა ჩემი მოთვალთვალეების მიერ ავტომანქანის შუშის საწმენდში დატოვებული ვარდები (ასე დავიწყებაც არ შეიძლება, მოტივზე: „გულს რად მიკლავ, მე თვალთვალი ჯერ არ დამიმთავრებია“).