შემოსევა
მოთელვა – კალიებზე
ჯერ იყო და, ამერიკულ პეპელას ვებრძოდით, რომელმაც დასავლეთ საქართველოს ლამის კაპიტულაცია გამოაცხადებინა, ახლა კი აღმოსავლეთ საქართველოს კალიებიც დაერივნენ (თან, იმპორტული წარმოშობის).
როგორც გაირკვა, კახეთის ხუთ რაიონს (დედოფლისწყაროს, სიღნაღს, ახმეტას, გურჯაანსა და საგარეჯოს) იტალიური და მაროკოული კალიები შეესივნენ. თუმცა, გვაიმედებენ (სურსათის ეროვნული სააგენტო), რომ კალიების წინააღმდეგ წამლობა დედოფლისწყაროსა და სიღნაღში უკვე მიმდინარეობს, ხოლო, წესით, ახლა უკვე დანარჩენ სამ რაიონშიც შეებნენ ამ მავნებელ მხტუნავებს.
საერთო ჯამში, კახეთში 13 100 ჰექტარის შეწამვლაა დაგეგმილი და ამ ტერიტორიას სრულად მას შემდეგ აითვისებენ, რაც საძოვრებიდან პირუტყვს გაიყვანენ.
მართალია, კალია არცთუ მცირეწონიანი მავნებელია (მიუხედავად რეალური მცირეწონიანობისა), მაგრამ, იმედია, მას მაინც დავამარცხებთ. მით უფრო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსვე ცნობით, ბრძოლაში ავიაციაც ჩაერთვება, რაც ორმხრივ სასარგებლო შეიძლება, გახდეს: კალიებზე მოთელვა, იქნებ, ოკუპანტებზე გამოგვადგეს?!