კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიყვანეს 43-კაციანი კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც მოსკოვში ქართველი გენერალი მეთაურობდა

ისტორია, რომელსაც დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ, პრესაში პირველად იბეჭდება და იმდენად უჩვეულოა, რომ ერთი შეხედვით, დაუჯერებელიც კი ჩანს. თუმცა, მასში ასახული ფაქტები და მოვლენები ნამდვილად მოხდა, გამოგონილი არაფერია და მხოლოდ ზოგიერთი მონაწილის ვინაობაა შეცვლილი. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

მასალის გადაბეჭდვა რედაქციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია...

მეტსახელად „ურო“

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდა არასოდეს აღიარებდა, საბჭოთა კავშირში კარგად ორგანიზებული კრიმინალური სამყარო არსებობდა. ეგრეთ წოდებულმა პერესტროიკამ კი ეს ფენომენი, ფაქტობრივად, უსაზღვრო გახადა და იმდენად შეუზღუდავი შესაძლებლობები მისცა მას, რომ კრიმინალური სამყარო, ზესახელმწიფოებრივ წარმონაქმნად გადაიქცა და ეგრეთ წოდებულ ბოსებს დიდი ძალაუფლება მიეცათ. თუკი საყოველთაო ქაოსის დაწყებამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, კრიმინალთან ბრძოლა მაღალპროფესიულ დონეზე ხორციელდებოდა, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ეს პროცესი სრულიად ჩავარდა და სრული ძალაუფლება შავი სამყაროს მესვეურებმა აიღეს ხელში.

1989 წლის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ საიდუმლო სტრუქტურაში უნიკალური ზესაიდუმლო ოპერაცია შეიმუშავეს, კოდური სახელწოდებით „საცერი“. ამ ოპერაციის მიზანი იყო ახალგაზრდა ოპერმუშაკის ჩანერგვა ვინმე „ხელკეტას“ ორგანიზებულ ბანდაში. ხელკეტა, იგივე მერაბ კოდუა, კანონიერი ქურდი იყო და ძლიერი დაჯგუფება ჰყავდა, რომელიც მრავალფეროვან, კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა. ოპერაცია „საცერი“ პოდპოლკოვნიკმა ივანე რაზმაძემ შეიმუშავა და შეირჩა ჩასანერგი ობიექტი – 23 წლის, მილიციის უმცროსი ლეიტენანტი თემურ გოგოლაძე. ის მილიციის სპეცსკოლის კურსდამთავრებული გახლდათ, ინდივიდუალური პროგრამით მოამზადეს და მისი პირადი დოსიე ვანო რაზმაძის სეიფში ინახებოდა. სპეციალური აგენტის არსებობის შესახებ იცოდნენ – თავად რაზმაძემ, მაიორმა პავლე გიორგაძემ, ვინც აგენტი შეარჩია და ინსტრუქტორმა, პოდპოლკოვნიკმა სერგო კანდელაკმა, რომელმაც გოგოლაძე მოამზადა.

გეგმის მიხედვით, აგენტი გოგოლაძე მძიმე დანაშაულისთვის უნდა გაესამართლებინათ, ციხეში ჩაესვათ, შემდეგ კი რუსეთში ეტაპით გაეგზავნათ და იმ ციხეში მოეთავსებინათ, სადაც მერაბ კოდუა, იგივე ხელკეტა იხდიდა სასჯელს. იქ მას ხელკეტა უნდა გაეცნო, მისი ნდობა მოეპოვებინა, დაჯგუფებაში გაწევრიანებულიყო და ხელკეტას მარჯვენა ხელი გამხდარიყო, რაც მილიციას საშუალებას მისცემდა, ეს უმძლავრესი ბანდა ეკონტროლებინა და საბოლოო ჯამში, თუკი საჭირო გახდებოდა, აეყვანათ კიდეც ისინი.

1989 წლის 18 მარტს, თბილისის ერთ-ერთ შემნახველ სალაროს ნიღბიანი ბოროტმოქმედი დაესხა. მან ფული მოითხოვა და მორიგე მილიციელს ფეხში ესროლა, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არც კი უფიქრია. სერჟანტი კალატოზიშვილი ძირს დაეცა. თავდამსხმელმა კი გაქცევით უშველა თავს. თუმცა, ფულის გატაცება ვერ მოასწრო. 20 მარტს, თბილისის მილიციის სამმართველოში ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ შემნახველ სალაროს ვინმე ომარ გიგაური დაესხა თავს, რომელიც გლდანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და არსად მუშაობდა. ოპერჯგუფმა გიგაური მისივე ბინაში აიყვანა. იქვე იპოვეს „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი და ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ სწორედ ამ იარაღით იყო ფეხში დაჭრილი შემნახველი სალაროს მორიგე მილიციელი, სერჟანტი გოგი კალატოზიშვილი, რომელსაც მარცხენა ფეხი მოკვეთეს. უმაღლესმა სასამართლომ ომარ გიგაურს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 1989 წლის 24 მაისს ეტაპით ის რუსეთში, მორდოვოს ¹9 შრომა-გასწორების კოლონიაში გაუშვეს. ხელკეტაც იქ იჯდა და გათავისუფლებამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. გიგაური, სინამდვილეში, უმცროსი ლეიტენანტი თემურ გოგოლაძე იყო, რომელსაც ივანე რაზმაძემ ოპერატიულ ფსევდონიმად „ურო“ შეურჩია. ეტაპირების წინ რაზმაძე საიდუმლოდ შეხვდა უროს თბილისის ციხეში და უთხრა:

– აბა, შენ იცი, თემურ. ჩვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნები და არაფერი გაგიჭირდება.  2 წლის მერე კი როცა ხელკეტა ციხიდან გამოვა, შენც გამოგიყვანთ და ამ ოპერაციას უკვე შემდეგ ფაზაში გადაიყვან.

დაბრუნება

2002 წლის 18 იანვარს, თადარიგის პოლკოვნიკი, 55 წლის პავლე გიორგაძე, საბურთალოზე მდებარე ბინაში ეკლესიიდან დაბრუნდა. იქ პოლკოვნიკი მარტო ცხოვრობდა. შევიდა თუ არა სახლში, ყოფილმა მილიციელმა მაშინვე შეამჩნია, რომ სასტუმრო ოთახის კარი ღია იყო, მან კი წასვლის წინ მიხურული დატოვა. გოგოლაძე შეშფოთდა და ფეხაკრეფით სცადა გადაადგილება, მაგრამ ზურგიდან მოესმა:

– ნუ ღელავთ, ამხანაგო მაიორო, თქვენ მოკვლას ჯერჯერობით არ ვაპირებ...

პოლკოვნიკი გიორგაძე შეტრიალდა და ათლეტური აღნაგობის, პისტოლეტმომარჯვებული კაცი შერჩა ხელში, რომელიც კოპებშეკრული მისჩერებოდა.

– ღმერთო ჩემო, შენ ურო არ ხარ? – აღმოხდა გიორგაძეს.

– მძარცველი ომარ გიგაური, ოპერმუშაკი ურო, სინამდვილეში კი თემურ გოგოლაძე. ამოირჩიეთ, ამხანაგო მაიორო, – ირონიით უთხრა დაუპატიჟებელმა სტუმარმა გიორგაძეს და დაამატა, – როგორ მიმდინარეობს ოპერაცია „საცერი“, სად გაქრა თქვენი აგენტი, რომელიც ორ წელიწადში უნდა გამოგეყვანათ ციხიდან?

– შენ კარგად იცი, თემურ, რომ „საცერს“ ვანო რაზმაძე კურირებდა. მე კი შენი ეტაპირებიდან, სულ რაღაც ორ თვეში, ლენინგრადში გადამიყვანეს სამუშაოდ და იქიდან სამი წლის მერე დავბრუნდი. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.

– რაზმაძე სადაა?

– მოსკოვში. ის ახლა გენერალია და კერძო საქმიანობას, მე მგონი, შაქრის ბიზნესს ეწევა.

– შენ, მაიორო, რის ბიზნესს ეწევი?

– მე მარტო ვცხოვრობ. ეკლესიაში დავდივარ და წინამძღოლს ვეხმარები. თანაც, მაიორი კი არა, თადარიგის პოლკოვნიკი ვარ.

– აი, მე კი ის კაცი ვარ, ვინც თქვენ თორმეტი წლით სულ ტყუილად ჩასვით ციხეში. მით უმეტეს, რომ არც შემნახველ სალაროში შევვარდნილვარ ნიღბით და არც მილიციელი დამიჭრია ფეხში, რომელსაც მერე მარცხენა კიდური მოჰკვეთეს. რა ვქნა, ვის მივმართო, ვინ ვარ ახლა? ჩანერგილი აგენტი თუ კრიმინალური ავტორიტეტი, რომელმაც თორმეტი წელი ციხეში გაატარა, ავტორიტეტული პიროვნება გახდა და გათავისუფლების შემდეგ, არ იცის, რა გზას დაადგეს. რას მირჩევთ, თადარიგის პოლკოვნიკო, ამჟამად კი ეკლესიის წინამძღოლის დამხმარევ?

გიორგაძეს უროს ირონია არ სწყენია და მიუგო:

– შემნახველ სალაროში, რაზმაძის დავალებით, ლეიტენანტი კოტე გოროზია შევარდა ნიღბით. მილიციელიც სწორედ მან დაჭრა ფეხში. გოროზია, თუ არ ვცდები, რაზმაძეს მოსკოვში ჰყავს და ბიზნესშიც ჩართო. რაც შეეხება ოპერაცია „საცრის“ ყველა საბუთს, ის რაზმაძის სეიფში იდო და ვანომ ან გაანადგურა,  ან თან წაიღო.

– ესე იგი, ჩემს პიროვნებას, თუკი საბუთები განადგურებულია, მხოლოდ რაზმაძე, თქვენ და ინსტრუქტორი კანდელაკი დაადასტურებთ?

– სერგო ივანოვიჩ კანდელაკი გარდაიცვალა, – თქვა გიორგაძემ, – რა აზრი აქვს წარსულში ქექვას? ძველი ქვეყანა აღარ არსებობს. შეიცვალა სტრუქტურები და შენთვის თავს არავინ შეიწუხებს არც საქართველოში, არც რუსეთში. პირიქით, შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეგექმნას და გირჩევ, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო.

თემურ გოგოლაძემ არაფერი უპასუხა თადარიგის პოლკოვნიკს და სახლი უხმოდ დატოვა. ორი დღის შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრა, რომ თადარიგის გენერალი ივანე რაზმაძე მოეძებნა და შემდეგ მისთვის მოეთხოვა პასუხი იმ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, რაც იკისრა და თავისი სპეციალური აგენტი ბედის ანაბარა მიატოვა – არც კი მოუკითხავს, თუ სად და როგორ იყო.

– ჰმ, ვნახოთ, რას იტყვის ის ძუკნა, – ჩაილაპარაკა თემურ გოგოლაძემ, როდესაც თბილისიდან ის მოსკოვში ჩაფრინდა და ჯიბეში ომარ გიგაურის სახელზე გაცემული რუსული პასპორტი და ვლადიმირის ციხიდან გათავისუფლების ფურცელი ედო....

პოდპოლკოვნიკი გოგოლაძე

ომარ გიგაურის სახელით ცნობილი სპეცაგენტი ურო, რუსულ კრიმინალურ სამყაროში მნიშვნელოვანი ავტორიტეტით სარგებლობდა. მან სახელი რუსეთის სხვადასხვა ცნობილ საპყრობილეში მოიხვეჭა და ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი გაიცნო. გიგაურს რუსმა ავტორიტეტებმა მეტსახელად „მუშტი“ შეარქვეს და სწორედ ამ სახელით ჩავიდა ის რუსეთის დედაქალაქში, რომ გენერალ ივანე რაზმაძესთან გაერკვია ურთიერთობები. რაზმაძე კი სინამდვილეში, ყოფილი მილიციელებისგან შემდგარ კრიმინალურ დაჯგუფებას ედგა სათავეში და ნარკოტიკებით ვაჭრობდა. კოტე გოროზია,  რომელიც მისი დავალებით ნიღბით შეიჭრა შემნახველ სალაროში, მისი მარჯვენა ხელი იყო და ეგრეთ წოდებულ სველ საქმეებს აგვარებდა. ანუ, იმ ადამიანებს კლავდა, ვინც ნარკომოვაჭრე რაზმაძეს გადაუდგებოდა წინ.

ოპერაცია „საცერი“, რომელიც რაზმაძის შემუშავებული იყო, იმიტომ აღარ გაგრძელდა, რომ ხელკეტა, იგივე მერაბ კოდუა,  ციხეში ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. მისი დაჯგუფება კი სხვადასხვა ბანდაში გადანაწილდა. გარდა ამისა, დაიშალა საბჭოთა კავშირი და რომ იტყვიან, რაზმაძემ ფეხებზე დაიკიდა ყოფილი აგენტი. მთელი არსებით ჩაერთო ქონების გადანაწილების იმ პროცესში, ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე რომ მიმდინარეობდა. რაზმაძემ კიდევ სამიოდე წელი იმუშავა საქართველოში, გენერალი გახდა. შემდეგ მოსკოვში წავიდა და თავისი ქონება იქ გადაიტანა. მოსკოვში ის კრიმინალურ საქმიანობას შეუდგა, რომელსაც უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა. რაზმაძეს რუსეთის მთელი რიგი კორუმპირებული მაღალჩინოსნები ჰყავდა მოსყიდული და ხელუხლებელი იყო. თუმცა, უროს მოსკოვში გამოჩენას დაემთხვა რუსეთის ახალი მთავრობის ახალი კურსი და შინაგან საქმეთა სამინისტროში მექრთამეებისგან გაწმენდის პროცესი დაიწყო. რაზმაძის რამდენიმე მფარველი დააპატიმრეს და თადარიგის გენერალი ნარკომოვაჭრის თავზე დამოკლეს მახვილი დაეკიდა...

2002 წლის 18 დეკემბერს, ანუ უროს ციხიდან გათავისუფლების ერთი წლის თავზე, მოსკოვის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ აგარაკზე 57 წლის თადარიგის გენერალი, ივანე რაზმაძე რუსეთის უშიშროებამ („ეფესბე“) დააპატიმრა. მოსკოვში კი, რაზმაძის ერთ-ერთ კუთვნილ საწყობიდან, 2 ტონა ჰეროინი ამოიღეს. ამ სპეცოპერაციის დროს მოკლეს კოტე გოროზია, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია სპეცრაზმს. ავტომატიდან ცეცხლი გახსნა და ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. ამ სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს რაზმაძის მთელი კრიმინალური დაჯგუფება, სულ 43 ადამიანი და ყველანი პასუხისგებაში მისცეს. გრანდიოზულ სასამართლო მოსმენაზე კი, მთავარ მოწმედ თემურ გოგოლაძე გამოვიდა, რომელიც რაზმაძის დაჯგუფებაში გადამზიდავის როლს ასრულებდა და ყველა გარიგების საქმის კურსში იყო. გოგოლაძე რაზმაძესთან თბილისიდან ჩამოფრენის შემდეგ მივიდა, გამოეცნაურა და დაკარგული 12 წლის სანაცვლოდ, კომპენსაცია მოსთხოვა. რაზმაძემ მას თანამშრომლობა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო და მათი ათთვიანი თანამშრომლობა კრიმინალური ნარკოდაჯგუფების დაპატიმრებით დასრულდა.

თემურ გოგოლაძე რაზმაძესთან მისვლამდე „ეფესბეში“ მივიდა, თავისი ისტორია მოყვა და სწორედ იქ შემუშავდა ნარკომოვაჭრეების აყვანის ოპერაცია. სანაცვლოდ, თემურ გოგოლაძემ პოდპოლკოვნიკის წოდება, ბინა და მნიშვნელოვანი ფინანსური კომპენსაცია მიიღო.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, თემურ გოგოლაძე, მისივე თხოვნით, რაზმაძეს შეახვედრეს. ურომ ყოფილ შეფს უთხრა:

– ოპერაცია „საცერი“ დასრულდა და ბადეში მსხვილი თევზები მოხვდით. ასე რომ, ჩემმა თორმეტწლიანმა ციხემ ფუჭად არ ჩაიარა.

P. S. 46 წლის თემურ გოგოლაძე დღეს პოლკოვნიკია და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურაში მუშაობს.  

скачать dle 11.3